მიუხედავად იმისა, რომ რეგიონებისთვის მერის ინსტიტუტი ჯერ ახალია, საზოგადოება მაინც განსაკუთრებულად აკვირდება, ვინ გახდება დედაქალაქში მერი. წარსულს თუ გადავავლებთ თვალს, გიგი უგულავას პირადი და საჯარო ცხოვრება მუდმივად განხილვის საგანი იყო, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ თბილისის მოსახლეობა ახალი მერის არჩევისას კანდიდატებს ბევრ პრეტენზიას უყენებს.
მოგეხსენებათ, პოლიტიკოსის
პოლიტიკური პარტიებიდან ''ქართულმა ოცნებამ'' საკუთარი გუნდიდან მერობის კანდიდატი პირველმა დაასახელა. ეს მისია თავის თავზე ჯერ კიდევ პოლიტიკაში მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა აიღო. დავით ნარმანია მაშინ ინფრასტრუქტურის მინისტრი გახლდათ და ამ პოსტიდან მხოლოდ მაშინ წავიდა, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაება.
35 წლის ნარმანია პროფესიით ეკონომისტი გახლავთ. მეუღლე, თინათინ თინიკაშვილი, მისი სტუდენტი იყო. ერთმანეთი 2007 წელს გაიცნეს და ერთ წელიწადში დაქორწინდნენ. წყვილს ორი შვილი - 4 წლის კოკო და 8 თვის ილია ჰყავთ. ლამაზი, ჭკვიანი და განათლებული - ასე ახასიათებენ ბატონი დავითის მეუღლეს.
სოციალურ ქსელში წყვილის ფოტოები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. წყვილის ინტერვიუებს თვალი რომ გადავავლოთ, მათი ოჯახი იდეალურია, მერობის კანდიდატი კარგი მამა და მეოჯახეა.
თინათინი განსაკუთრებული საზოგადოებრივი აქტიურობით არ გამოირჩევა. არ ტრიალებს ქართულ ბომონდში და წვეულებებზეც მხოლოდ ოფიციალურ რანგში მეუღლის გვერდით ჩნდება. მიუხედავად ამისა, ერთხელ მაინც მოექცა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში, იანვარში ''მაესტროში'' გაკეთებული ამ განცხადების შემდეგ:
''ჯერჯერობით თბილისის პირველი ლედობისთვის განსაკუთრებული მზადება არ დაგვიწყია. ამაყი ვარ, რომ დათოსთვის ეს თანამდებობა გაიმეტეს. გაიმეტეს ცოტა ცუდი სიტყვაა, უფრო სწორად რომ ვთქვა, ამ პოსტის ღირსად მიიჩნიეს. ძალიან ამაყი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ის თავს ამ თანამდებობას ღირსეულად გაართმევს. რაც შეეხება მის თბილისელობას, ჩემთვის მოულოდნელი იყო ამ თემის გააქტიურება. თავიდან მეგონა, ხუმრობა იყო, შემდეგ უკვე სერიოზულად დაიწყეს ამ საკითხის განხილვა, გადაცემებიც კი ჩაიწერა. მგონია, რომ საქართველოში ცოტა უხერხულია ამ საკითხის ასე განხილვა. ბოლოს და ბოლოს, ამერიკას ჰყავს კენიელი პრეზიდენტი და საქართველოს რომ ჰყავდეს არათბილისელი მერი, ამაში საოცარი არაფერი იქნება".
35 წლის ნიკა მელია სამართალმცოდნეობის მაგისტრი გახლავთ. ახალგაზრდა პოლიტიკოსი საზოგადოებამ რამდენიმე თვის წინ სკანდალურად გაიცნო. მელია ერთ-ერთ ბარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდა და მანჩო გიორგობიანის ''მსხვერპლი'' გახდა. დღეს ''ნაციონალური მოძრაობის'' მხრიდან მერობის კანდიდატია. დაოჯახებული არ გახლავთ, თუმცა მისი სასიყვარულო გამოცდილების შესახებ ინტერნეტსივრცეში საინტერესო ამბები ამოვიკითხეთ.
ინგლისში სასწავლებლად გახლდათ ჩასული, რომ სამ წელიწადში ქალბატონის გამო თბილისში დაბრუნდა. ქართველი გოგონა გელა ჩარკვიანის მიერ გამართულ მიღებაზე ნახა და სა-ქართველოში გამოჰყვა. სამშობლოში მათი რომანი არ განვითარდა და მელია განხიბლული და იმედგაცრუებული დარჩა. მანამდე იყო სამწლიანი რომანი ინგლისში ირანელ გაზელთან. ოჯახი წინააღმდეგი არ წასულა, გაზელიც მზად იყო, ქრისტიანობა მიეღო, მაგრამ ქორწინება მაშინაც არ შედგა. მერად არჩევის შემთხვევაში მისი, როგორც სასიძოს შანსები, ალბათ ერთიორად გაიზრდება, თუმცა, როგორც ამბობენ, ახლაც ძალიან პოპულარულია ქალბატონებში და მელიას შეყვარებულობას არაერთი იბრალებს.
დიმიტრი ლორთქიფანიძე რამდენიმე თვის წინ 45 წლის ასაკში მერვე შვილის მამა გახდა. მისი კანდიდატურა მერობაზე ''ბურჯანაძე-დემოკრატებმა'' წამოაყენეს. რვა შვილიდან ხუთი ვაჟი და სამი გოგონაა. მათ გარდა ჰყავს ორი შვილიშვილი - 4 წლის დიმიტრი და 1 წლის ანა. მისი მეუღლე 43 წლის ხათუნა კერესელიძეა. პირველი შვილი 19 წლის ასაკში შეეძინა და დღეს უკვე გმირი დედაა.
მშვიდი და იდილიური ოჯახის მიუხედავად, ბატონი დიმიტრი ბოლო წლებში არაერთხელ გაეხვია სკანდალში. მიზეზი კი სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები გახლდათ. პოლიტიკური აქტიურობის ფონზე მას ყოველთვის ახსენებენ ამ თემას და სოციალურ ქსელში ახლაც წერენ, რომ 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე ერთგვარი გამოცდა იქნება მისთვის, რადგან შარშან მომხდარი დაპირისპირებიდან გამომდინარე, მერობის კანდიდატებს ჟურნალისტები ამ თემაზე კითხვებს დაუსვამენ.
ორი პარტია - ''თავისუფალი საქართველო'' და ''ახალი მემარჯვენეები'', გაერთიანდა, მათი მერობის კანდიდატი კი კახა კუკავა გახლავთ. კუკავა ბევრი წელია, რაც ამ სფეროშია და ერთ-ერთი სტაჟიანი პოლიტიკოსია. კუკავას მეუღლე, თეა ოქროპირიძე, პროფესიით ფრანგული ენის სპეციალისტია. ერთი წელი სკოლაში მუშაობდა, მაგრამ ბოლოს სამსახურს თავი დაანება და სამ შვილს - ნინოს, ნიკოლოზსა და ელენეს ზრდის. ოჯახში პოლიტიკაზე არ საუბრობენ, თუმცა მიმდინარე მოვლენებისთვის თვალის დევნებას თეა ტელევიზიით მაინც ახერხებს. კახას მეორე ნახევარი იშვიათად ჩნდება ტელეეკრანზე და არასოდეს აქტიურობს თუნდაც წინასაარჩევნოდ.
ასმათ ტყაბლაძე მერის არჩევნებზე ''ლეიბორისტულ პარტიას'' წარადგენს. მსახიობი წლებია, რაც ამ პარტიის ერთგულია და საპარლამენტო არჩევნებზე დუშეთის რაიონში იყრიდა კენჭს. ცნობილი მსახიობის პოპულარობის მეორე ტალღა სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' აგორდა. მიუხედავად მრისხანე დედამთილის და ბაბულიკას დედობისა, მსახიობი მაყურებელს ძალიან უყვარს, მაგრამ საინტერესოა, დაეხმარება თუ არა ეს სიყვარული ქალბატონ ასმათს თანამდებობის მოპოვებაში.
მერობის კანდიდატი დაოჯახებული არ გახლავთ. მისი ქალიშვილი თამუნა დედის გვარზეა და როგორც მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, მისმა შვილმაც არ იცის, ვინ არის მამა.
ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''