- ნინი, ჟიური ყოველთვის მეტს ითხოვს თქვენი წყვილისგან. ეს გაღიზიანებთ თუ გსიამოვნებთ?
- გვსიამოვნებს. ლევანს აქვს იმის უნარი, რომ ვოკალური მონაცემებით იყოს ლიდერი. არაპროფესიონალებს
- ჟიურის რომელიმე წევრის შეფასება მწარედ თუ გახსოვს?
- არაფრის გულში ჩადება არ ვიცი, თან მართლა არ მახსენდება. ერთადერთი მახსოვს ''აეროსმიტის'' სიმღერა ''არმაგედონიდან''. რეპეტიციაზევე ვთქვი, რომ ფრენა ამ ნომერზე ცუდი იდეა იყო. ეს იმდენად რთული სიმღერაა, მიწაზე მყარად დგომა სჭირდება. ჰაერში ჩამოკიდებული სიმღერა ძალიან რთული ყოფილა. თან ტექნიკური პრობლემა იყო, არასწორად აგვიყვანეს ჰაერში, ერთი მაღლა ვიყავით, მეორე - დაბლა, თან ცერად ვეკიდეთ. ვოკალური თვალსაზრისით კარგი გამოვიდა. რამდენიმეჯერ მოვისმინე და ერთი ხარვეზიც კი ვერ ვიპოვე, უბრალოდ, სანახაობრივად არ გამოვიდა კარგი. ეს აღნიშნა ჟიურიმაც და მეც მთლიანად ვეთანხმები... სიმაღლის მეშინია, თუ დამიჯერებთ, პირველი სართულიდანაც არ გადმომიხედავს არასდროს. გავრისკე, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ნერვიულობად არ ღირდა.
- კონკურსის პროფესიონალ მომღერლებს არ მოსწონთ, როცა ჟიურის წევრები მათაც აფასებენ.
- ეგ არც მე მომწონს. ეს არ არის ჩვენი კონკურსი, ჩვენ არაფერს ვიგებთ, ჩვენ ვართ უბრალოდ დამხმარეები არაპროფესიონალებისთვის და ჟიური არ უნდა მაკრიტიკებდეს. ჩემთვის არაფერი ისეთი არ უთქვამთ, მაგრამ ვეთანხმები იმ პროფესიონალ მომღერლებს, რომლებიც ამას აპროტესტებენ.
- მიუხედავად იმისა, რომ ლევანი მართლაც ერთ-ერთი ლიდერია, ნერვიულობა ვერ დაძლია, როგორ ამხნევებ სცენაზე გასვლის წინ?
- სულ ვეუბნები, გაატარე, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, მაგრამ შინაგანად მაინც ღელავს. მისთვის ეს პირველი კონკურსია. ზოგადად კონკურსი ყველაზე რთული ეტაპია მომღერლისთვის. არ იცი, ჟიურის რომელი წევრი რა ხასიათზე იქნება, რა ყურით მოგისმენს.
- ჟიურის ცუდი ხასიათი თქვენ შეგხებიათ?
- არა, აქ ნამდვილად არა. ჩვენ მაინც ვძვრებით. ჟიურის ახსოვს ჩვენი საუკეთესო გამოსვლა და ეს ბექგრაუნდი მაინც გვშველის.
- ლევანმა ჩვენთან ინტერვიუში ძალიან თბილად მოგიხსენია, სცენაზე მზესავით ანათებსო...
- (იღიმება) ჰო, მზეს მეძახის. მეც შემიძლია, ლევანზე დაუსრულებლად ვილაპარაკო. მისი სახით უახლოესი მეგობარი შევიძინე. ამ პროექტს მარტო ამისთვის უნდა ვუთხრა მადლობა, რომ ლევანი მაჩუქა. იმდენად დადებითი პიროვნებაა, ერთხელ ვკითხე, ვინმეზე ოდესმე ცუდი გითქვამს-მეთქი. ყველაში კარგს ხედავს, მგონი, ვარდისფერი სათვალე უკეთია (იცინის).
- თვითონ აღიარებს, რომ მძიმე ხასიათი აქვს, ეს შენთან არ გამოუხატავს?
- არც მე ვარ კანფეტი (იცინის). ბოლოს და ბოლოს წიკლაური ვარ, ჩემი გვარი ზოგჯერ ხელს მიშლის. ადვილად ვბრაზდები, ისეთი რაღაცები მწყინს, რაც ყურადღების გამახვილებადაც არ ღირს. ზოგჯერ ვკამათობთ მე და ლევანი, ოღონდ მხოლოდ სიმღერასთან დაკავშირებით.
- ახლა მახსენდება ფლეშმობი, რომელიც ლევანმა მოგიწყო. ასეთ სიურპრიზებს შეყვარებულები აკეთებენ ხოლმე. რამე ხდება თქვენ შორის?
- (იცინის) არა, არაფერი, ლევანს სამი არაჩვეულებრივი ქალიშვილი ჰყავს.
- მაგრამ მეუღლესთან განქორწინებულია.
- ლევანის პირადი ცხოვრებით არ ვინტერესდები, ზოგჯერ ჩემი პირადიც კი არ მაინტერესებს.
- ზოგადად ლევანისნაირი ბიჭები მოგწონს?
- მე მომწონს ისეთი ბიჭები, როგორი შეყვარებულიც მყავს. რაც შეეხება ლევანს, წმინდა წყლის მეგობარია. ეს ფლეშმობიც ჩვენ დასახმარებლად იყო დადგმული.
- ჩემი პირადიც არ მაინტერესებს რას ნიშნავს, რომანტიკული არ ხარ?
- ვარ. უბრალოდ, ჩემი დღის რეჟიმიდან გამომდინარე გამუდმებით სიყვარულით ვერ ვცხოვრობ, ხომ არიან გოგონები, რომლებიც სულ თავიანთ შეყვარებულზე ლაპარაკობენ მეგობრებთან, ასეთი არ ვარ მე. თუმცა შემიძლია, ყველაფერი დავთმო სიყვარულისთვის, სიმღერაც, კარიერაც, თუ ეს დამჭირდება. სხვა დანარჩენი ჩემთვის მეორეხარისხოვანია.
- როგორია შენი შეყვარებული, იმედია, კარიერის მიტოვებას არ გთხოვს?
- არა (იღიმება). კარგი ბიჭია, ბედნიერი ვარ. ის არის, ვინც ჩემს ამ რეჟიმს უძლებს.
- მღერის?
- არა. ჩემი მეორე ნახევარი არასდროს იქნება მომღერალი. ამით მომღე რალ ბიჭებს არ ვაკნი-ნებ, უამრავი მომღერალი ბიჭი მეგობარი მყავს.
- მახსოვს, დედასთან კარგი ურთიერთობა არ გქონდა, დღეს როგორი ურთერთობა გაქვთ?
- კარგი. 10-წლიანი განშორების შემდეგ ჩამოვიდა და დღემდე ერთად ვცხოვრობთ.
- მახსოვს, როგორ იტირე სცენაზე, როცა გაქებდნენ, იტირე ლევანის სიურპრიზზეც. ეს ემოციურობა ხელს ხომ არ გიშლის?
- ნამდვილად მიშლის. არ მინდა, მტირალა გოგოს იმიჯი მქონდეს, მაგრამ ძალიან ემოციური ვარ. ზოგჯერ შეიძლება, იმის გამო მომერიოს ცრემლი, რომ რაღაც ვერ ვთქვა.
- მერე, ცრემლების სჯერა თბილისს?
- (იცინის) არ ვიცი.
- მგონი არა, რას ეტყვი მათ, ვისაც შენი ცრემლები ყალბი ჰგონია?
- ჩემ წინ იჯდა ია ნინიძე, ზურა ყიფშიძე, რომელიც ანალოგიურად ტიროდა. მაშინ ყველანი ყალბები ვყოფილვართ. სიამოვნებით გავიმეორებდი მაგ ნომერს. ეგ ადამიანები ჩემთან ერთად დადგნენ სცენაზე და თუ იმ ემოციას უცრემლოდ გაუმკლავდებიან, სიმღერას საერთოდ თავს დავანებებ (იღიმება).
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''