ქორწინებიდან რამდენიმე კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომეს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, ამბობდნენ, იმის საშიშროებაა, რომ ვეღარ იცეკვოსო. ჩვენ სალომეს ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდით და ამასთან ერთად, ოჯახური ცხოვრების ამბებიც გამოვკითხეთ.
- იცით, რომ ხერხემალთან დაკავშირებით პრობლემა შემექმნა, მაგრამ, საბედნიეროდ, მკურნალობამ
- სამკურნალოდ უცხოეთში აპირებდი გამგზავრებას და სხვადასხვა კლინიკაში გადაგ-ზავნილი გქონდა ინფორმაცია ჯანმრთელობის მგდომარეობის შესახებ.
- კი, ასე იყო, მაგრამ აქაური ექიმები დამეხმარნენ და გამგზავრება აღარ გახდა საჭირო, თითქმის გამოვჯანმრთელდი...
- ანუ აღარ არის იმის საშიშროება, რომ ვეღარ იცეკვებ?
- არა. ჩემი აზრით, ესეც გაზვიადებული იყო, ეს თემა მოხსნილია, ჩვეულებრივად ვცეკვავ და ვვარჯიშობ.
- მაშინ რატომ არ მიიღე მონაწილეობა ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეოთხე სეზონში? ეს შენი გადაწყვეტილება იყო თუ ორგანიზატორების?
- ჩემი გადაწყვეტილებით, ამ სეზონზე დასვენება ვარჩიე, მინდა, მაყურებელმა ჩემგან დაისვენოს, შემდეგ რა იქნება, წინასწარ არ ვიცი.
- დღესდღეობით შენი საქმიანობა მხოლოდ ბავშვებისთვის ცეკვის შესწავლით შემოიფარგლება?
- მანამდეც ასე ვიყავი და დღესაც ასე ვარ. ჩემსავე სტუდიაში ვასწავლი ბავშვებს და თავადაც ვვარჯიშობ. მკურნალობის გამო ორთვიანი პაუზა ავიღე, მაგრამ ახლა უკვე წყვილში ვარჯიშს ვიწყებ და ტურნირებში აქტიურად ჩავებმები.
- ოჯახურ ცხოვრებაზეც მინდა გკითხო...
- ურთიერთობაში დაქორწინების შემდეგ მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ერთად გადავედით საცხოვრებლად. რომ ამბობენ, დაოჯახების შემდეგ ასე და ისე იცვლება ყველაფერიო, ჩვენს შემთხვევაში ასე არ ყოფილა. გიორგიში უფრო მეტი კარგი თვისება დავინახე, უფრო ყურადღებიანია, მეტად ვაფასებთ ერთმანეთს და უფრო თბილები გავხდით.
- როგორ ვიცი, სახლის შეძენა და რემონტი დაქორწინებამდე მოასწარით, იყავი ჩართული ამ საქმიანობაში, თუნდაც ოთახებისთვის ფერების შერჩევაში?
- ერთდროულად კი ვაკეთებდით ყველაფერს, მაგრამ ასეთ საკითხებში უფრო გიორგი ერეოდა, ვენდობი მის გემოვნებას. მას უფრო უყვარს ასეთ დეტალებში ჩაძიება და ძირითადად მისი შერჩეულია ყველაფერი, თუმცა უნდა ვთქვა, რომ მეც მომწონს, ჩვენი სურვილები ერთმანეთს ემთხვევა, ამაზე კამათი არ მოგვსვლია.
- საოჯახო საქმეებს როგორ უმკლავდები თუ დამხმარე გყავს ამისთვის?
- მყავს დამხმარე, რადგან ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, დილით რომ გავდივარ სახლიდან, გვიან საღამომდე ვერ შევდივარ და რაღაცების გაკეთებას ვერ ვასწრებ. თუმცა, როცა თავისუფალი დრო მაქვს, მიყვარს ოჯახში ტრიალი. ჩემი საყვარელი საქმე და ჰობი კერძების მომზადებაა, ისევ უდროობის გამო გიორგი განებივრებული არ მყავს ჩემი მომზადებული კერძებით, მაგრამ როცა საშუალებაა, გემრიელ საჭმელს ვამზადებ. როგორც გიორგი ამბობს, ჩემი გაკეთებული სადილებიდან ყველაზე მეტად სპაგეტი და პიცა მოსწონს.
- ხომ ამბობენ, კაცები კარგი კულინარები არიანო, გიორგის თუ სჩვევია ამ მხრივ თავის გამოჩენა?
- არ ფიქრობს, რომ სამზარეულოში აუცილებლად ქალი უნდა ტრიალებდეს, მაგრამ კულინარობის რა გითხრა, იქვე ფუსფუსი უფრო მოსწონს. საოჯახო საქმეებშიც ძალიან აქტიურია, როცა რაღაც შესაკეთებელია, თქმაც არ მჭირდება, ისე აკეთებს. ხანდახან შეიძლება ისეთი რამ შეამჩნიოს, რაც მე გამომეპარებოდა.
- თანაცხოვრების დასაწყისში, როდესაც გააცნობიერეთ, რომ თუნდაც კომუნალური გადასახადები დროულად უნდა გადაგეხადათ, უხერხულ სიტუაციაში ხომ არ ჩავარდნილხართ?
- კი, იყო შემთხვევა, როცა დენის გადასახადის გადახდა დაგვავიწყდა და სიტუაციაში მაშინ გავერკვიეთ, როცა ირგვლივ ყველას შუქი ჰქონდა და ჩვენ – არა (იღიმის).
- შენი ოჯახი როგორ შეეგუა შენს გათხოვებას, დედას არ უჭირს უშენოდ?
- როცა მათთან ვცხოვრობდი, მაშინაც დილით გავდიოდი სახლიდან და გვიან ვბრუნდებოდი, ახლა კი, რომ არ მივდივარ შინ, ცოტა უჭირს, მაგრამ ეგუება.
- თქვენს ოჯახში სიძე-სიდედრისა და რძალ-დედამთილის ურთიერთობა როგორია?
- შესანიშნავი. დედაჩემს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს გიორგისთან, ისევე როგორც მე - მის მშობლებთან, რადგან არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. ჩვენთან ამ თემებთან დაკავშირებული სტერეოტიპები დამსხვრეულია. დღესასწაულებზე უფრო ვახერხებთ ერთმანეთის ნახვას, თუმცა ისედაც გვირეკავენ, მისვლას გვთხოვენ, მაგრამ ხან მე არ მცალია, ხან – გიორგის და ვერ ვახერხებთ.
- რამდენად მომთხოვნი ქმარია გიორგი, ხომ არ წუწუნებს, თუ, ვთქვათ, პერანგი არ დახვდა გაუთოებული?
- არა, საერთოდ არ არის მომთხოვნი. ზოგადად, ძალიან რბილია, თავადვე უყვარს საკუთარი თავის მოვლა და ცდილობს, მე არ დამავალოს, უპრობლემოა.
- ოჯახის მომარაგება საჭირო პროდუქტებით ვის მოვალეობაში შედის?
- ასე გადანაწილებული არ გვაქვს ფუნქცია-მოვალეობები. საღამოობით გვიან მივდივართ 24-საათიან მარკეტებში და ვყიდულობთ იმას, რაც გვჭირდება.
- დღის განმავლობაში ერთმანეთის ნახვას ახერხებთ?
- ვერა, ტელეფონით ვკონტაქტობთ, რადგან დღის განმავლობაში ორივე დაკავებული ვართ.
- რამდენად რომანტიკულები ხართ?
- ზომიერად რომანტიკულები. გვიყვარს სიურპრიზების კეთება. სხვათა შორის, ვალენტინობას გიორგის მოულოდნელად ვაჩუქე ''ჰასკის'' ლეკვი, რომელიც ძალიან უნდოდა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ყიდვას ვაპირებდი და ძალიან გაუხარდა.
- ანუ, ოჯახში ახალი წევრი და ახალი საზრუნავი გყავთ.
- კი და გამაგიჟა მისმა ბეწვმა, ცვივა და აღარ შემიძლია. ეგ ჯიში ცოტა რთული მოსავლელია, ისე გიორგის აქვს აღებული მისი მოვლა საკუთარ თავზე, დაჰყავს აცრებზე... თუმცა, მეც ვეხმარები.
- ერთად გართობას ახერხებთ?
- თავისუფალი დროის დეფიციტი გვაქვს, გიორგი ბევრ სამსახურშია დაკავებული, მაგრამ დრო მაინც ჩემზე მეტი აქვს. მე ყოველდღე დაკავებული ვარ, მათ შორის კვირასაც, ვცდილობ, ამ ერთ დღეს შუადღიდან მაინც ვიყო თავისუფალი, უფრო საღამოობით ვახერხებთ გასეირნებას და სადმე წასვლას. სხვათა შორის, მეგობრები ხშირად გვსტუმრობენ, ჩვენ ისეთ დროს ვთავისუფლდებით, სირცხვილია, ვინმეს ვესტუმროთ, ამიტომ ძირითადად მეგობრები მოდიან ჩვენთან. კარგი ისაა, რომ ივლისი-აგვისტო დასვენება მექნება და ამ დანაკლისს ავინაზღაურებ.
- როგორც ყველა წყვილი, ალბათ, თქვენც კინკლაობთ.
- კი, ხან ძალიან უაზრობებზე ვკამათობთ, მაგალითად, შეიძლება მითხრას, ასე შუაღამემდე ნუ გადაჰყვები ბავშვებსო... ძალიან წვრილმანებზე ვკინკლაობთ. მე ბუტიაობა არ მჩვევია, გიორგიმ უფრო იცის, შერიგებასაც ის ცდილობს, რომელიც დამნაშავეა (იცინის).
- სალომე, როგორ შეაფასებ ოჯახურ ცხოვრებას?
- ოჯახური ცხოვრება არც მარტივია და არც რთული, ძალიან მაგარია, ახლა ჩემი ცხოვრების საუკეთესო ეტაპზე ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ.
- შვილის საკითხი როგორ დგას თქვენს ოჯახში?
- ეგ თემა ჯერჯერობით დახურულია. მე ისეთი პროფესია მაქვს, ფორმაში ყოფნას მოითხოვს, წინ შორს მიმავალი გეგმები მაქვს, ამიტომ ჯერჯერობით კარიერას მინდა მივხედო, ავიმაღლო კვალიფიკაცია და ა.შ. გიორგიც ასე ფიქრობს, ამიტომ შვილზე ლაპარაკი ჯერ ადრეა.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''