25 აპრილი, 2014
გიორგი გაბუნია დაოჯახებას საერთოდ არ აპირებს
არც პირველი ვიქნები და არც უკანასკნელი, ვისაც კვერცხი მოხვედრია. ზოგს კვერცხი ხვდება, ზოგს - მანჩო გიორგობიანი გიორგი გაბუნია თინეიჯერობის პერიოდში ჩემმა თაობამ ''მაესტროს'' ეთერიდან გაიცნო, როგორც მუსიკალური არხის ერთ-ერთი წამყვანი, გამორჩეული ჩაცმულობით და აქსესუარებით, მაგალითად, საყურით მაშინ, როდესაც საყურიანი მამაკაცები არცთუ ხშირი იყო.
2008 წელს გიორგიმ ''რუსთავი 2''-ში კადრს მიღმა გადაინაცვლა. ბოლო წლებში კი საინფორმაციო გადაცემისა და პოლიტიკური თოქშოუს წამყვანი გახდა. ამჟამად მას ახალი ამპლუა აქვს - ''X ფაქტორის'' ჟიურის ერთ-ერთი წევრია, ყველაზე ენამწარე, პროვოკატორი,
როგორც თავად უწოდებს საკუთარ თავს. მას საზოგადოების აზრი აინტერესებს, მაგრამ თავად წყვეტს, გაითვალისწინოს თუ არა ესა თუ ის მოსაზრება. იცის, რომ მის სარკაზმით გაჯერებულ გამონათქვამებს უარყოფითი გამოხმაურებებიც მოჰყვება, თუმცა დიდად არ ნაღვლობს. ეს ხომ მისი ''X ფაქტორული'' იმიჯის ნაწილია, თუმცა ყველაფერი არა - იმიჯი მაინც მის ხასიათს შეესაბამება. მას ერთ-ერთი მონაწილე უკვე დაემუქრა პირადი ანგარიშსწორებით, გიორგი ამ ყველაფერს ღიმილით ხვდება, თუმცა, რასაკვირველია, ''მე- 12''-ში ჩასვლას არ გეგმავს. გიორგის არა მხოლოდ ახლად დაწყებულ შოუზე ვესაუბრეთ...

- აქამდე მიჩვეული იყავი ძირითადად დადებით პოპულარობას, ახლა კი, ენამწარობიდან გამომდინარე, აგრესიაც წამოვიდა. რასაც ფიქრობ, იმას ამბობ, თუ ეს ჟიურის წევრის იმიჯის ნაწილია?
- ვერ ვიტყოდი, რომ აქამდე ექსკლუზიურად დადებით დამოკიდებულებას ვიყავი მიჩვეული და კრიტიკა ჩემთვის რაღაც ახალია. იმ პერიოდიდან დაწყებული, როდესაც სულ სხვა მიმართულების, მუსიკალურ ტელევიზიაში ვმუშაობდი, საყურე მეკეთა თუ თმა მქონდა უცნაურად შეჭრილი ან შარვალი მეცვა უკუღმა, მაშინაც იყო უარყოფითი გამოხმაურებები, მაგრამ არ გემახსოვრება, რადგან სოციალური ქსელები არ იყო. ამას ქუჩაში ვხედავდი, მაგრამ რეალურად ხალხს ამის გამოხატვის საშუალება ასე მასშტაბურად და საჯაროდ არ ჰქონდა.
როდესაც ''რუსთავი 2''-ში მუშაობა დავიწყე, გავხდი შაბათის 9-საათიანი ''კურიერის'' წამყვანი, რომელიც, ფაქტობრივად, საავტორო გადაცემაა, დამიფიქსირებია ჩემი პირადი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხზე.
- მაგალითად, ''ისრიალეთ, მაგრამ არ მოსრიალდეთ'', ''სხვა ნაციონალებს ცოცხები და კვერცხები მოხვდათ, ნიკა მელიას - მანჩო გიორგობიანი''...
- თუნდაც ეს გამონათქვამები რომ გავიხსენოთ (იღიმის). ამასაც მოჰყვა ბევრი უარყოფითი და დადებითი გამოხმაურებაც. უბრალოდ, ''კურიერი'' საინფორმაციო გადაცემაა, ''არჩევანი'' - პოლიტიკური თოქშოუ და აქ მუდმივად გამოხატვის ამგვარი თავისუფლება ვერ გექნება. მუსიკალური კონკურსი ამ მხრივ უფრო მეტ საშუალებას იძლევა, ასე რომ, არ მიკვირს კრიტიკა, მაყურებლის უკმაყოფილება... არ გამკვირვებია, უი, საიდან გაჩნდა ეს დამოკიდებულება-მეთქი. მეორე საკითხია, როგორ უყურებს მაყურებელი ამ კონკურსს. ეს კონსერვატორიაში მისაღები გამოცდები რომ იყოს, მართლაც არ იქნებოდა მისაღები, კომისიის წევრებმა რომ დაიწყონ კონკურსანტებთან ხუმრობა. ეს ხომ არ არის არც დახურული კონკურსი, სადაც მონაწილეებს მხოლოდ მუსიკალურობით აფასებენ, მაგალითად, ''ევროვიზიის'' შესარჩევი ტური, სადაც ასევე გაუგებარი იქნებოდა, ჟიურის წევრებს ენამწარობა რომ დაეწყოთ მონაწილეთა მიმართ. ეს შოუა და ჟიურის წევრებს თავიანთი როლები აქვთ. მე რომ მსახიობი ვიყო და მკვლელს განვასახიერებდე, მაყურებელმა ხომ არ უნდა ჩათვალოს, რომ რეალურ ცხოვრებაშიც მკვლელი ვარ?!.
- თუმცა ეს იმიჯი მაინც შენს ხასიათს არის მორგებული.
- რა თქმა უნდა, ეს რეალური შოუს სტილია და იმიჯიც ადამიანის რეალური ბუნებიდან გამომდინარეობს, თუმცა უტრირებულია.
- ახალი მარინა ბერიძეო, ხალხი ხუმრობს.
- აი, ჩემი სათვალიანი სურათი გამოგადგება (იცინის). შეიძლება, ეს არის ჩემი მხრიდან შავი იუმორი, ძალიან შავი, შეიძლება ითქვას, მაგრამ მაინც იუმორია. შესაბამისად, ველოდები ხოლმე, რომ კონკურსანტმაც უნდა გაიცინოს. მე თვითონ თუ ვიწვევ ვიღაცის იუმორნარევ კომენტარს, თავად რატომ არ უნდა გამეცინოს?
- იუმორი კარგია, მაგრამ ხომ არ ფიქრობ, რომ ზოგიერთი შენი ნათქვამი შეურაცხყოფას შეიცავს. მაგალითად, შარვალი გიჭერსო, ერთ მონაწილეს ხომ უთხარი...
- გეთანხმები, ეს იუმორი არ არის, უფრო სარკაზმია, სარკაზმი კი ყოველთვის ასეთია. არის ალბათ ზღვარი, რომელიც, ბევრისთვის, გადავლახე და ფიქრობენ, რომ იმ მომენტში იუმორი დასრულდა და დაიწყო სარკაზმი. ამ ხუმრობებში ყოველთვის არის სიმართლის ნაწილი, ასე უბრალოდ არაფერს ვამბობ. მე რომ ვყოფილიყავი მის ადგილას, აუცილებლად გავიცინებდი. შეიძლება, მეთქვა, მართალია-მეთქი, მომეშვა ქამარი და თავიდან მემღერა (იღიმის), თუმცა კონკურსანტმა ეს საერთოდ ვერ მიიღო ხუმრობად.
- და იყო მუქარა შენი მისამართით, ''მე-12''-ში ჩვენთან ჩამოვიდესო... ასეთი კომენტარების შემდეგ გაგიკვირდება, ქუჩაში ვინმემ კვერცხი ან პომიდორი რომ დაგიშინოს?
- ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არც პირველი ვიქნები და არც უკანასკნელი, ვისაც კვერცხი მოხვედრია. ზოგს კვერცხი ხვდება, ზოგს - მანჩო გიორგობიანი (იცინის).
- ჟიურის წევრებთან დამოკიდებულებაზე გკითხავ - შენ და სტეფანე ძალიან წაეკიდეთ ერთმანეთს.
- ასეა, მაგრამ ესეც შოუს ნაწილია, თუმცა რეალური შოუს ნაწილი. მაყურებელმა არ უნდა წარმოიდგინოს, რომ ყოველდღიურად ასეთი ურთიერთობა გვაქვს. ეს უფრო შემოქმედებითი მტრობაა.
- ერთ-ერთ კონკურსანტზე სტეფანემ თქვა, სიმღერა არა, მაგრამ წამყვანობა შეიძლება გამოუვიდესო და ამაზე შეეკამათე.
- სტეფანეს ეს ჩემი მისამართით არ უთქვამს, მე თვითონ ჩავერთე საუბარში და ასე ვთქვათ, გამოვიწვიე. აქაც პროვოკატორი მე ვიყავი. კონკურსანტები არ მყოფნის და ჟიურის წევრებზე გადავინაცვლე (იღიმის).
- მუსიკალურ კონკურსში აშკარად თავს ისე გრძნობ, როგორც თევზი წყალში. შენი იმიჯიდან, შინაგანი თავისუფლებიდან გამომდინარე, ხომ არ ფიქრობ, რომ უფრო მეტად შოუბიზნესია შენი საქმე, ვიდრე პოლიტიკა?
- ამ ეტაპზე ორივეს ვეკუთვნი, ვერ გამოვყოფ. ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული სფეროებია და ვერ შევადარებ. ზოგ ეტაპზე შესაძლოა, ერთი მხარე უფრო საინტერესო იყოს. არჩევნების პერიოდში პოლიტიკა ძალიან საინტერესოა, უფრო მდორე პერიოდში - ნაკლებად. ორივე სფეროს აქვს თავისთვის დამახასიათებელი ადრენალინი. ახლა არჩევნები გვიახლოვდება და დავხტი იქით-აქეთ პოლიტიკასა და მუსიკას შორის. ამჟამად მოდუნების საშუალება არც ერთ სფეროში არ მაქვს.
- მაინტერესებს, თუ გაქვს რაიმე გატაცება იმის გარდა, რაც ვიცით, შენი დამალული მხარეები გაგვიმხილე, ერთი მაინც.
- ბევრი მაქვს, მაგრამ დამალული იმიტომ ჰქვია, რომ არ უნდა თქვა. ერთ-ერთი შემიძლია გავამხილო, ახლა შეხება არ მაქვს, თორემ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სფეროა სახვითი ხელოვნება. სამწუხაროდ, საქართველოში დიდად პოპულარული არ არის. თავად არ ვხატავ, უბრალოდ, ძალიან მაინტერესებს ეს სფერო. ჩემი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი არ არის და გამოდის, რომ ჰობია, მაგრამ არქიტექტორი გახლავართ, უნივერსიტეტში ვმუშაობდი არქიტექტურის თეორიისა და ხელოვნების ისტორიის კათედრაზე, უცხოეთშიც ამ კუთხით ვსწავლობდი, მაგრამ დღესდღეობით ამ მიმართულებით აღარ ვსაქმიანობ. თუმცა სახლში რომ მესტუმრო, მიხვდები, რომ ამით ვარ გატაცებული – ჩემი სახლი სავსეა უზარმაზარი წიგნებით ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის შესახებ.
- თავისუფალი დრო გრჩება?
- ვაიძულებ საკუთარ თავს, რომ დამრჩეს თავისუფალი დრო. თუკი პირადი ცხოვრება არ მექნება, ნამდვილად არ შემიძლია. როდესაც სამსახურში ვარ, თავიდან ბოლომდე საქმეზე ვარ ორიენტირებული, შრომისმოყვარე ადამიანი ვარ, მაგრამ ბევრზე ''შრომაჰოლიკის" შთაბეჭდილებას ვტოვებ. ჰგონიათ, რომ 24 საათი სამსახურში ვარ, მაგრამ როგორც კი საქმე დამთავრდება, აქ აღარ ვჩერდები. საქმეს ინტენსიურად ვაკეთებ და როგორც კი მოვრჩები, სამსახურზე აღარ ვფიქრობ. მაქვს ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი, რომელთანაც საქმეს არანაირი შეხება არ აქვს. შიმშილის გრძნობასავით არის, ამას ვერავინ უმკლავდება და მე ასე ვარ თავისუფალ დროსთან დაკავშირებით, აუცილებლად მჭირდება.
- შენი ასაკი მუდამ განხილვის თემაა. ძალიან პატარის შეხედულება გაქვს, არადა, ვიცი, რომ არ ხარ პატარა.
- 38 წლის ვარ. მეკითხებიან ხოლმე, რას აკეთებ ასეთს, ასე რომ გამოიყურებიო. რა უნდა ვაკეთო, უბრალოდ, ასეთი ვარ. სხვათა შორის, ამ შეკითხვას ბევრი მისვამს. ხშირად ვგონივარ, მაქსიმუმ, 25 წლის ან უფრო პატარაც. როცა ასაკს ვამბობ ხოლმე, უკვირთ.
- პირადულზე მინდა გკითხო.
- რომელიც ასევე ერთ-ერთი დახურული თემაა.
- მე სხვა კუთხით დაგისვამ შეკითხვას. ახლა, როცა ეკრანზე განსხვავებულ ამპლუაში გამოჩნდი, გარკვეულ აგრესიასთან ერთად, გოგონების სიმპათიაც დაიმ-სახურე და სასურველი მამაკაცი გახდი.
- ამას ძალიან დადებითად ვუყურებ.
- შენთვის როგორი ქალია მისაღები, ინტელექტუალი და მაინცდამაინც სახვით ხელოვნებაში რომ ერკვევა?
- არა, რა თქმა უნდა, საერთოდ არ მაქვს ასეთი მოთხოვნები. მიყვარს თავისუფალი, მაგრამ გონიერი ქალები, ზოგადად, ჭკვიანი ადამიანები მიყვარს. ჭკვიანში მაინცდამაინც ინტელექტუალს არ ვგულისხმობ. ბევრ ქალს ძალიან ხშირად ახასიათებს ზედმეტად ემოციებზე დაყრდნობით მოქმედება. ასეთ ქალებს ვიცნობ და მათთან მეგობრული ურთიერთობაც არ მიჭირს, მაგრამ ეს იმდენად საინტერესო არაა, რამდენადაც იმ ქალებთან, რომლებიც ცხოვრებისგან უფრო სხვანაირ გამოცდილებას იღებენ არა მხოლოდ ემოციებზე, არამედ უფრო ცივი გონებით ანალიზზე დაყრდნობითაც. ჩემი დაკვირვებით, ემოციურ ქალებთან ურთიერთობა ძალიან ზედაპირული რჩება ხოლმე ჩემს შემთხვევაში.
- ქალებზე იმიტომაც გკითხე, რომ დავაფიქსირეთ შენი მზერა ზოგიერთი სუსტი სქესის კონკურსანტის მიმართ.
- ეს იმის ნაწილია, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ. რა თქმა უნდა, მაყურებელმა არ უნდა გაიგოს ისე, თითქოს ქუჩაში რომ დავდივარ, თავზე ხელები მაქვს შემოწყობილი და ქალებს ზუსტად ისეთი გამოხედვით ვუყურებ, როგორც შოუში (იცინის). ეს ჩემი რეალური პიროვნების ნაწილია, მაგრამ შოუში ყველაფერი უფრო მეტად ხაზგასმულია (იღიმის).
- მეჩვენება, რომ ძალიან კატეგორიული ადამიანი ხარ, ან ძალიან მოგწონს რაღაც, ან - არა. შუალედური არ გახასიათებს.
- მართლაც ასეა. მაქსიმალისტი ვარ. შუალედური არ მიყვარს. ერთ-ერთ კონკურსანტსაც ვუთხარი, ჯობს, ან ცუდი იყო ან კარგი, ნელ-თბილი არ ვარგა-მეთქი. ჩემთვის ეს უინტერესოა.
- აქედან გამომდინარე, ზუსტად ვიცი, რომ კონკურსანტებს შორის ფავორიტები გეყოლება.
- რასაკვირველია, მყავს, მაგრამ ახლა ვერ გავამჟღავნებ. ეს თავისთავად გამოჩნდება მას მერე, რაც, კონკურსის წესების თანახმად, ჟიურის წევრებს შორის გუნდები გადანაწილდება და უნდა გადავწყვიტოთ, ვის დავტოვებთ ჩვენ-ჩვენს ჯგუფში. თითოეულს ათი წევრიდან მხოლოდ ოთხის დატოვება მოგვიწევს. შემდეგ მათ ეყოლებათ მუსიკალური ხელმძღვანელები, მაგრამ საერთო მიმართულებას ჩვენ განვსაზღვრავთ და ამაში აუცილებლად ჩავერთვები.
- ეს ამპლუა მაინც სიახლეა შენთვის. მაინტერესებს, ვინმეს თუ დაურეკე პირვე-ლი გადაცემის შემდეგ და ჰკითხე აზრი.
- არავის (იცინის)!.. მარტო ჩემს აზრზე არ ვარ დამოკიდებული, სინამდვილეში ყველას აზრს ვისმენ, მაგრამ რას გავითვალისწინებ და რას - არა, ამას მე ვწყვეტ. ამასთანავე, არ ვექცევი არავის გავლენის ქვეშ. ზოგზე კრიტიკა დამანგრევლად მოქმედებს, ყველას აზრს უსმენენ და საერთოდ იღებენ ხელს ყველაფერზე. მე ვისმენ კრიტიკას და პატივსაც ვცემ. დემოკრატი ვარ ამ თვალსაზრისითაც და მივიჩნევ, რომ ადამიანებს აქვთ აზრის გამოხატვის უფლება და თანაც, ყველანაირი ფორმით. მე არ ვაქცევ ჩარჩოებში აზრს, ასე თქმა შეიძლება და ისე არა-მეთქი. არც გამკრიტიკებელთათვის პასუხის სურვილი მიჩნდება - ნახე, მაგათ რა უნდა გავუკეთო-მეთქი. სიმპათიებიც კი შეიძლება მქონდეს მათ მიმართ.
- შესაძლოა ითქვას, რომ შენთვის საზოგადოების აზრი მეორეხარისხოვანია?
- არ მინდა, ისე გამოვიდეს, რომ საზოგადოებას ზემოდან ვუყურებ, ასე არ არის. ''X ფაქტორი" ხომ არ არის ამ ტიპის შოუ, რომელიც პირველად გაკეთდა. აღმოჩენა, მგონი, არავისთვისაა, რომ ჟიურიში შესაძლოა, იჯდეს ერთი ასეთი გველი (იცინის). როცა ასეთ კონკურსზე გამოდიხარ, ყველაფრისთვის უნდა იყო მზად, არა მხოლოდ კი-ს და არა-ს მოსასმენად, არამედ გაცილებით მეტი კრიტიკისთვის. როცა გამოვდივარ, გააზრებული მაქვს, რასაც ვაკეთებ და არ მიკვირს საპასუხო რეაქცია. წინასწარ ვუკეთებ საზოგადოებას პროვოკაციას, რომ მსგავსი განცხადებები გაკეთდეს.
- გიორგი, რუსული სიმღერების ასეთი მომძლავრება რით არის განპირობებული?
- თუ ზუსტად მახსოვს, მხოლოდ სამმა თუ ოთხმა მონაწილემ შეასრულა ქართული სიმღერა, მათ შორის ერთი რუსეთიდან იყო ჩამოსული. ვფიქრობ, ჰგონიათ, რომ რუსულის შესრულებით უცხოურ სიმღერას ასრულებენ, ეს რეალურად ასეც არის, მაგრამ მე სხვანაირად ვყოფ - ჩემთვის არსებობს უცხოური, ანუ ძირითადად, ამერიკული და ინგლისური მუსიკა, რუ-სული და ქართული ესტრადა. სუფთა გერმანული, სუფთა იტალიური ან ფრანგული სიმღერებიც არ მომწონს. ერთი-ორი ასეთი სიმღერა შეიძლება მომეწონოს, რომელიც აუცილებლად ბრიტანულ ან ამერიკულ სტილში იქნება გადაწყვეტილი. რუსულ ესტრადასთან დაკავშირებით პრობლემა ისაა, რომ მათი მუსიკა უმდაბლესი ხარისხისაა. მასობრივად საქართველოში ამ მუსი-კას უსმენენ. როცა ამას ხარ მიჩვეული, ამერიკულ და ინგლისურ მუსიკას ვერც გაიგებ. კონკურსანტისთვის რაც ახლოა, იმას ასრულებს. თუმცა აპრიორი არ ვუყურებ მიკერძოებულად, უბრალოდ, აქამდე რუსული სიმღერის არც ერთი შესრულება არ მომწონებია.
- ეს, ფაქტობრივად, ჩვენი მენტალიტეტის ნაწილი გახდა. კიდევ რა დაინახე ''X ფაქტორის'' შესარჩევ ტურებზე, რაც ჩვენი ნაციონალური სახასიათო ნიშნებია?
- კომპლექსია ძალიან ბევრი. ამ შოუში ვნახე ბევრი ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც კომპლექსი ხელს უშლის. შესაძლოა, ნიჭიერმა ადამიანმა თავისი კომპლექსი დიდ შემოქმედებად აქციოს, მაგრამ ჩვენთან ბევრს ზუსტად ის კომპლექსები აქვს, რაც შემოქმედებით გახსნას უშლის ხელს. მაგალითად, ეშინიათ საზოგადოების და სცენაზე ზედმეტ დისკომფორტს გრძნობენ. წინასწარ ეშინიათ კრიტიკის, ცდილობენ, ზედმეტი არ გააკეთონ, ან პირიქით, ხაზი გაუსვან დადებითს, ამ დროს, მაგალითად, ყვირიან, რომ თითქოსდა უფრო კარგად დაანახვონ ჟიურის წევრს თავიანთი ხმა. მეორე მხრივ, ფიქრობენ, რომ მათი მოძრაობები არ იყოს ზედმეტად სექსუალური, რომ შემდეგ განხილვის საგანი არ გახდეს. ''მინდა ვიყო ბიონსე, მაგრამ მასავით უკანალს ვერ გავაქნევ..." ეს ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია.
ვფიქრობ, ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ საკუთარი თავის გამოხატვის. შესაძლოა, შენი შავი მხარე შემოქმედებაში ბევრად უფრო საინტერესო იყოს, ვიდრე დადებითი, რომელიც ისეთი ძლიერი არ არის ზოგიერთ ადამიანში. იმის შიშით, რას იტყვის შემდეგ საზოგადოება, იკეტება და იკარგება ნიჭი. ამ კონკურსში ეს კარგად ჩანს. ბევრი ნიჭიერი ადამიანი ამდენ თვით-შეზღუდვაშია ჩაკარგული, რაც ძალიან სამწუხაროა.
- შენ როგორ გამოხატავ თავისუფლებას და როგორ განიტვირთები?
- მიყვარს სრული სიმარტოვე. ძალიან თვითკმარი ადამიანი ვარ, ყველაზე მეტ სიამოვნებას ამით ვიღებ.
- რადგან თვითკმარი ხარ, ამიტომაც არ იქნები ალბათ დაოჯახებული.
- კი, ეს ერთ-ერთი ძალიან დიდი მიზეზია. სიმართლე გითხრა, ჩემთვის ოჯახი, როგორც ფენომენი, მიუღებელია და არც მინდა, რომ ვიღაცასთან, მით უმეტეს, ჩემი ნებით, გადავწყვიტო ცხოვრების ბოლომდე გატარება. მეორე ადამიანთან ვალდებულებებით გადაბმა არ მინდა.
- და არასდროს აპირებ დაოჯახებას?
- არა, ზოგადად არ ვგეგმავ დაოჯახებას.
- შენს თვითკმარობას ვერც ერთი გოგონა ვერ დაარღვევს?
- ჩვენ ოჯახზე ვლაპარაკობდით... თორემ ისე, რასაკვირველია, ურთიერთობები მაქვს, მაგრამ მხოლოდ ისეთ დონეზე, რომელიც შეიძლება, ნებისმიერ მომენტში დავასრულო. ჩემს პირად ურთიერთობებში ხანგრძლივვადიანი ვალდებულებები ნულს უტოლდება.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
3
უსაყვარლესი ადამიანია
17:39 / 23-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ტგტ
ქქქ - გვითხარი ბარემ რას გვიმალავ ჩვენც გვაინტერესებს,ძალიანაც კარგი თუ არ მოყავს არავინ,ამდენ სლექალაში ძნელია ნორმალურის პოვნა
22:35 / 21-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ქქქ
დედაშენს მშვიდად ძინავს ღამით? არაფერს არ ნანობს? როგორ მინდა ყველაფერი გულახდილად გითხრა "ბერბიჭავ" და თავს ვიკავებ.
20:42 / 14-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ვინც ქილიკობთ,ნეტავი რით ხართ გიორგიზე უკეთესები? ძალიან კარგი ოჯახის კარგი შვილია- განათლებული, გემოვნებიანი,თავდაჯერებული,ზუსტად იცის რა უნდა,რაც ზოგადად,რეალისტ ადამიანებს ახსიათებთ.რაც შეეხება მის დაოჯახებას,ვერც იმაში ვხედავ ტრაგედიას,რომ არ უნდა ოჯახი ჰყავდეს.მოსწონს ადამიანს თავისუფალი ცხოვრება და ცხოვრობს,ვისი რა საქმეა მარტო დარჩება თუ ვინმესთან ერთად,ეს მისი ცხოვრებაა და სრული უფლება აქვს თავად მართოს,ყველას ჩაურევლად! წარმატებებს ვუსურვებ,ჩემთვის ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ადამიანია და ვისაც არ მოგწონთ ცივი წყალი დალიეთ!
20:00 / 28-04-2015
გამოხმაურება / 0 /
თვითკმაყოფილი!!!
როგორ არ მიყვარს ასეთი თვითკმაყოფილი ხალხი!!!! არ დაოჯახდება და ნუ დაოჯახდება! რაც უნდა, ის უქნია! არც ისეთი ნიჭიერი, წარმოსადეგი და ჭკვიანია, როგორც იბღინძება! მშობლები არ ყოლოდა ტელევიზიასი, ნეტა ვინ იქნებოდა????
17:54 / 25-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS