24 აპრილი, 2014
ვინ დაემუქრა რუსკა მაყაშვილს ''ერთი ერთშის'' ლაივის შემდეგ თითების მოჭრით
ვფიქრობ, რომ მაყურებელი არ უნდა გადაღალო და არ უნდა თქვას, კიდევ რუსკააო მსახიობი რუსკა მაყაშვილი კახა კინწურაშვილთან ერთად ''ერთი ერთშის'' წამყვანია. რუსკა ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' წამყვანობის შემდეგ ფიქრობდა, რომ ამ საქმეს ხელს აღარასდროს მოჰკიდებდა, რადგან არ გამოსდიოდა. თუმცა ამჯერად გადაწყვიტა, თავისივე შეხედულება დაერღვია და შოუს წამყვანობას დათანხმდა.

- სანამ პროექტში ''ერთში ერთში'' შემომთავაზებდნენ წამყვანობას, სხვა ტელევიზიიდანაც მქონდა შემოთავაზება, რომ შოუ წამეყვანა. მოდი, არ დავასახელებ
ამ ტელევიზიას.
- სავარაუდოდ, ეს ტელევიზია ''იმედი'' იყო.
- ''იმედს'' არ შემოუთავაზებია. ამ არხიდან წამოვედი.
- განაწყენებული ხარ ''იმედზე''?
- განაწყენებული არ ვარ. უბრალოდ, მათ არ იციან პროდუქტის სწორად გამოყენება. არხზე ძალიან დიდი ხანი ვმუშაობდი. ის, რასაც ბოლოს ვაკეთებდი, არ მომწონდა. არ მომწონდა სერიალი, რომელშიც ვთამაშობდი, რომ მერე ვითომ სცენარისტებმა ვეღარ გააგრძელეს ჩემი გმირისთვის სცენარის დაწერა. არ მომწონდა ის როლი, რაც ოთარ ტატიშვილის შოუში მქონდა. ამიტომ ავდექი და ექვსი წლის მუშაობის მერე წამოვედი. შეიძლება ითქვას, რომ სწორად მოვიქეცი. ცოტა ხანი ტელევიზიისგან დავისვენე. ვფიქრობ, რომ მაყურებელი არ უნდა გადაღალო და არ უნდა თქვას, კიდევ რუსკააო. მერე, როგორც გითხარი, ''ჯიდიესმა'' და კიდევ ერთმა ტელევიზიამ შემომთავაზეს თანამშრომლობა, ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ ''ჯიდიესი'' ვარჩიე და სწორადაც მოვიქეცი.
- შევეცდები გამოვიცნო, ''X ფაქტორის'' წამყვანობა შემოგთავაზეს?
- არა.
- ბერა ივანიშვილს იცნობ?
- მხოლოდ რამდენჯერმე შევხვდი და ერთმანეთს მივესალმეთ.
- როდესაც რამდენიმე წლის წინ ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' მიგყავდა, თავადვე ამბობდი ინტერვიუებში, რომ წამყვანობა არ გინდოდა, რადგან კარგად არ გამოგდიოდა. ახლა წამყვანობას რატომ დათანხმდი?
- მე და კახა აბუაშვილი ორივე გამოუცდელები ვიყავით და წამყვანობით ძალიან დავიტანჯე. იმისგან, რასაც ვაკეთებდი, სიამოვნებას ვერ ვიღებდი. საბავშვო ''ახალი ხმის'' კარგად წაყვანა მგონი შევძელი. ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' წამყვანობის მუღამი ვერ დავიჭირე. პირდაპირ ეთერში პირველად ვიდექი და საშინლად ვნერვიულობდი. ახლა მინდოდა, ხალხის აზრი ჩემს წამყვანობასთან დაკავშირებით შემეცვალა და შევცვალე კიდეც.
- ''ერთი ერთში'' მონაწილეობის სურვილი არ გაგიჩნდა?
- პირველ სეზონში შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი. ამ შოუში მონაწილეობის მეშინია. როგორც მსახიობი, ძალიან ბევრ რამეს ვისწავლი და გავაკეთებ, მაგრამ სიმღერაც აუცილებელია, რაც ძალიან მიჭირს. ჩემთვის კი ვღიღინებ, მაგრამ სახალხოდ ვერ გავრისკავ სიმღერას, ამიტომ მონაწილეობისგან თავი შევიკავე.
- პირველი ლაივის შემდეგ როგორი შთაბეჭდილებები გაქვს?
- არაჩვეულებრივი კონცერტი გამოვიდა და თამამად ვიტყვი, რომ ქართულ ტელევიზიებში ახლა რა შოუებიც გადის, ყველაზე ხარისხიანი და ყველაზე სანახაობრივი, ყველაზე დალაგებული და საინტე-რესო შოუ არის ''ერთი ერთში''.
- გყავს ფავორიტი?
- რა თქმა უნდა. ერთი არა, რამდენიმე. ვერ დავასახელებ, ჩამქოლავენ. რეპეტიციები ნანახი არ მქონდა. მონაწილეების ნომრები გუშინ პირველად ვნახე. გადავირიე, ძალიან მაგრები არიან. დარწმუნებული ვარ, შემდეგ ტურებში უფრო კარგები იქნებიან და უფრო კარგი ნომრები იქნება.
- თქვი, ძალიან მინდა, მაგრამ ვერ ვმღერიო. სიმღერა ცოტა უფრო კარგად რომ შეგეძლოს, როგორ ფიქრობ, რომელ მომღერლად გარდაისახებოდი?
- ''ორ ვარსკვლავშიც'' შემომთავაზეს მონაწილეობა, მაგრამ უარი ვთქვი და კარგადაც მოვიქეცი. ''ერთი ერთში'' მონაწილეობა უფრო ახლოსაა ჩემთან, რადგან მსახიობის ოსტატობაც გჭირდება, მაგრამ ''ორ ვარსკვლავში'', სადაც მარტო უნდა იდგე და იმღერო, თავს ვერ შევირცხვენდი. თუ დადგება დრო, როცა თავში რაღაც გადამიტრიალდება და შოუში მონაწილეობაზე დავთანხმდები, ''ერთი ერთშის'' ვარჩევ. დიდი სიამოვნებით დავემსგავსებოდი ლაიზა მინელის. სამწუხაროდ, ხმა არ მიწყობს ხელს და ამიტომ ჩემს ამ სურვილს ოცნების დონეზე ვტოვებ.
- როგორ გაუგეთ შენ და კახა კინწურაშვილმა ერთმანეთს?
- მე და კახა ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ბევრ ფილმში მიგვიღია მონაწილეობა. პარტნიორები ვიყავით ''ცეკვავენ ვარს 
კვლავებში'', ცხოვრებაშიც და სცენაზეც ძალიან მაგრად ვუგებთ ერთმანეთს.
- შენ ხარ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' გამარჯვებული.…
- კი და რატომღაც დაივიწყეს ეს ამბავი.
- რას გულისხმობ, ვის დაავიწყდა? გინდოდა, რომ ''ერთი ერთშის'' სცენაზე გეცეკვა?
- არა, ეს რა შუაშია, ძალიან შორს წახვედი. თუნდაც იმავე ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' სიუჟეტებში შევამჩნიე, რომ გამომტოვებენ ხოლმე, როგორც გამარჯვებულს. გადაცემებში იწვევენ პირველი და მეორე სეზონის მონაწილეებს და არ ახსენებენ, რომ მეორე სეზონში გავიმარჯვე. მართალია, მიჩვეულები არიან, რომ მე აღარA დავდივარ სხვადასხვა გადაცემაში და ჟურნალებში აღარ ვითქვიფები, მაგრამ მაინც... მე ვარ ამ პროექტის გამარჯვებული, რაც ძალიან მეამაყება.
- მთავარი პრიზი იყო ბინა ბათუმში. ბინის მშენებლობა უკვე დასრულდა?
- ჯერ არ დამთავრებულა.
- ''ერთი ერთშის'' წაყვანის გარდა კიდევ რას საქმიანობ?
- ეთერში რომ გავედით, ზუსტად იმ დღეს სპექტაკლი მქონდა. პანიკაში ვიყავი, ძალიან ვნერვიულობდი, სპექტაკლი ''სულიერი არსებები'' რუსთაველის თეატრში ათის წუთებზე დამთავრდა და ათის ნახევარზე ჯერ კიდევ არ ვიყავი ''ჯიდიესში''. არც ვიცი, როგორ მოვახერხე, რომ არ დამაგვიანდა. საგრიმიოროში წამებში ჩაატარეს ჯადოქრობა და დაიწყო კიდეც პირდაპირი ეთერი. სულ ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში ვმუშაობ. ან არაფერი არ უნდა ვაკეთო, ან ყველაფერი ერთად უნდა დამეყაროს თავზე. ძალიან მალე დაიწყება ''ცელქი ბავშვები 2''-ის გადაღებები.
- გარდა იმისა, რომ ასეთი დაკავებული ხარ შემოქმედებითად, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
- პირად ცხოვრებაზე აღარ ვლაპარაკობ. არ მივიჩნევ საჭიროდ, რომ ხალხმა უნდა იცოდეს, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში. იარონ სპექტაკლებზე, უყურონ შოუს ''ერთი ერთში'' და დანარჩენს ჩემთვის დავიტოვებ.
- ვიცი, რომ დედა, თამარ მაყაშვილი, ყველაზე კრიტიკულია. პირველი გადაცემის შემდეგ რა შენიშვნები ჰქონდა?
- დედა მართლა ყოველთვის ძალიან კრიტიკულია. გადაცემის მერე მითხრა, თითებს მოგაჭრიო. ძალიან აღიზიანებს, როცა საუბრისას რამეზე საჩვენებელი თითით მივუთითებ. რა ვქნა, ამ თითში ვპოულობ ხოლმე ხსნას, როცა ვიჭედები. მგონი, დედა ერთხელაც მართლა მომაჭრის ამ თითს.
- გადაცემაში შენი იმიჯი ვის ეკუთვნის?
- თავად მინდოდა, რომ იმიჯი შემეცვალა. მაყურებელს ყველანაირი ვუნახავვარ, მოკლე და გრძელი კაბებით. ახლა გადავწყვიტე, რომ პიჯაკით ვიყო და ვფიქრობ, გემოვნებიანი და განსხვავებულია შოუს ასე წაყვანა.
- გრძელ თმას როდისმე შეელევი?
- ოდესმე ალბათ შეველევი, მაგრამ როდის, არ ვიცი. ახლა ცოტა შევიჭერი. ძალიან გრძელი თმა აღარ მაქვს.
- ძალიან კარგ პროექტში რომ შემოგთავაზონ მონაწილეობა და ვიზუალურად შეცვლა მოგთხოვონ, დათანხმდები?
- რა თქმა უნდა, შევიცვლებოდი. პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას თუ მომთხოვდნენ, უარს ვიტყოდი, მაგრამ თმას შევიჭრიდი, გავსუქდებოდი და უფრო მეტად გავხდებოდი. ასეთი შემოთავაზება ჯერჯერობით არ მქონია. საქართველოში ასეთი რამ არ ხდება. თუ სჭირდებათ მოკლეთმიანი გოგო, იპოვიან. უცხოეთში ამოგიჩემებენ და იტყვიან, მინდა, ამან ითამაშოს ჩემს ფილმში და გახდეს ან გასუქდესო. საქართველოში თუ ლამაზი გოგო უნდათ, იპოვიან და თუ მახინჯი უნდათ, არც მისი პოვნა გაუჭირდებათ. ეზარებათ რეჟისორებს, განსაკუთრებით კინორეჟისორებს, მსახიობთან ამ მხრივ მუშაობა და როლის გამოძერწვა.
- ''ცელქი ბავშვების'' გადაღება და პროექტში მონაწილეობა ხელს არ შეუშლის ერთმანეთს?
- არ შემიშლის. ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' რომ ვიყავი, მთელი ღამის განმავლობაში მქონდა ''ცელქი ბავშვების'' გადაღება და დილის თერთმეტ საათზე თეატრში რეპეტიციები მეწყებოდა. შუალედში რეკლამის გადაღებები მქონდა, ამასთან ერთად ცეკვებში ვრეპეტიციობდი. გარდა ამისა, ხუთდღიანი გასტროლი მქონდა. Aახლა მარტო ''ერთი ერთში'' ვიქნები, ფილმში დავკავდები, ერთდროულად ორი საქმის კეთება კი პრობლემას არ შემიქმნის.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS