21 აპრილი, 2014
როდის ''ჩააფსმევინა'' ანრი ჯოხაძეს დალი ჩიტალაძემ
ვმუშაობდი რუსულ რესტორანში საღამოობით, მაგრამ ჩემი მუსიკით იქ ვერავის გავაკვირვებდი ''ორი ვარსკვლავის'' ქართული ტური ყველა მონაწილისთვის იღბლიანი აღმოჩნდა. მიშა ხუჯაძისა და გოგოლა კალანდაძის აუტსაიდერობა ვეტოს უფლებით გაბათილდა და ორივე მათგანი პროექტში დარჩა.
ქართული ტურით კმაყოფილი ჩანდა ჟიური. ანრი ჯოხაძემ სიმღერის ბოლოს ასეთი რამ თქვა - დალიც კი ამღერდაო. მოდის კრიტიკოსისა და კომპოზიტორ დალი ჩიტალაძის ''ბესამე მუჩო'' მაყურებელმა განსაკუთრებით გააკრიტიკა. როგორ რეაგირებს კრიტიკაზე და რაზე სწყდება გული, ჩვენი რესპონდენტი თავად გიამბობთ.

- ცოცხლად არასდროს მიმღერია. თუ
ოდესმე მიმღერია, ეს იყო ფონოგრამით. მაშინ ერთი სატელევიზიო არხი არსებობდა - ''პირველი არხი'' და საახალწლო გადაცემებს ვაკეთებდით. მაშინაც მხოლოდ ჩემი სიმღერების შესრულებას ვბედავდი. არ მქონია ისეთი ვოკალური მონაცემები, რომ მომღერლობაზე თავი დამედო. ფონოგრამა ყველა ხარვეზს ასწორებს, ძალიან იოლია. ამიტომაც ვბედავდი სიმღერას. მაშინ კონსერვატორიაში ვსწავლობდი.
- რატომ გადაწყვიტეთ კონსერვატორიაში ჩაბარება?
- მუსიკა ბავშვობიდან მიყვარდა. დღემდე ასე ვარ. უბრალოდ, ეს პროფესიად ვეღარ გავიხადე. ჩემს ცხოვრებაში იმ პერიოდის ქართულმა ყოფამ ბევრი რამ შეცვალა. კონსერვატორია დავამთავრე თუ არა, მოხდა 9 აპრილი და ამდენი უბედურება ერთად, ვის სჭირდებოდა შენი მუსიკა. წავედი ამერიკის შეერთებულ შტატებში და პროფესიის შეცვლაც მომიხდა. იქაც კი ვმუშაობდი რუსულ რესტორანში საღამოობით, მაგრამ ჩემი მუსიკით იქ ვერავის გავაკვირვებდი.
- რესტორანში მღეროდით?
- ვუკრავდი ფორტეპიანოზე რუსულ რომანსებს და თან ვმღეროდი. კლუბური სიტუაცია იყო, პატარა დეტონაციებს ვაპარებდი. ამერიკაში მოდის ბიზნესში გადავედი, ვმუშაობდი ვერსაჩესთან, გავხდი საერთაშორისო ბიზნესის კონსულტანტი, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი. ერთი სიტყვით, ისე აეწყო, რომ დიდი ხანი მუსიკასთან შეხება აღარ მქონია.
- რამდენ ხანს იცხოვრეთ ამერიკაში?
- ცხრა წელი. მერე, მეორედ რომ გავთხოვდი, მივდიოდი და მოვდიოდი ხოლმე.
- რა ასაკში გათხოვდით მეორედ?
- 39 წლის ასაკში. ასე რომ, 12 წელიწადია მეუღლე ვარ და ამ პერიოდში ჩემი მთავარი პროფესია მეუღლეობა იყო. იმდენად დავიღალე ამ აქტიური ცხოვრებით, კაცივით ვცხოვრობდი, მომინდა, სუსტი ქალი ვყოფილიყავი. ყველა ქალს უნდა ასეთი ცხოვრება. ისეთი კარგი მეუღლე მყავს და ისეთი ბედნიერი ვარ,… ყოველთვის მინდოდა, დავბრუნებოდი მუსიკას, ალბათ, დავუბრუნდები კიდეც. აუცილებლად კიდევ დავწერ მუსიკას და ჩემს პატარა სიტყვას ვიტყვი ამ სფეროში.
- შეიძლება, პირველი ოჯახის დანგრევის მიზეზი გკითხოთ?
- 16 წლის ასაკში გავთხოვდი და ეს იყო მთავარი მიზეზი, ასაკობრივი სხვაობა, ხასიათის შეუთავსებლობა, ვერ შევეგუეთ ერთმანეთს. 4 წელი ვიცხოვრეთ ერთად. მასთან მყავს ერთადერთი შვილი, მწერალი ვახტანგ სუთიძე. ძალიან კარგი შვილი მყავს, ძალიან კარგი მეუღლე, ბედნიერი ვარ.
- როგორ უყურებენ თქვენს ახალ ამპლუას თქვენი ოჯახის წევრები?
- ეს შემოთავაზება, პირველ რიგში, მეუღლესთან შევათანხმე. თუ შენ გინდა, აუცილებლად უნდა წახვიდეო, მითხრა. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია და ყველაზე დიდი კრიტიკაც მისგან მოდის.
- ქალაქში ამბობენ, რომ ეჭვიანი ქმარი გყავთ...…
- ვისაც უყვარს, ის ეჭვიანია. გინახავთ ისეთი ქმარი, რომელსაც ცოლი უყვარს და არ ეჭვიანობს? ვგიჟდები, როცა ეჭვიანობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთი დღემდე გვიყვარს. თქვენ გგონიათ, მე არ ვარ ეჭვიანი? მეც ვეჭვიანობ (იღიმება), ავადმყოფური ეჭვიანობისგან ორივე ღმერთმა დაგვიფაროს.…
- როზმანი მღერის?
- არ მღერის, მაგრამ ამ მხრივ კარგი ყური და გემოვნება აქვს. ზუსტად იცის, როდის დამემართა დეტონაცია და როდის ავიღე სწორად ნოტი.
- განსაკუთრებული კრიტიკა რომელ ტურს მოჰყვა?
- უფ, ''ბესამე მუჩოს'' (იცინის). არ იყო ეს ჩემი სიმღერა, ჩემთვის სამღერად რთული იყო, თან ესპანურ ენაზე…, ინგლისური მაინც ახლოსაა ჩემთან. ვერც მოვასწარი სწავლა.
- როგორ ახერხებთ, რომ ყველაფრის მიუხედავად, სცენაზე თავდაჯერებული დგახართ?
- სამსახიობო ოსტატობა მეხმარება. თავდაჯერებულობაც მაქვს, იმიტომ, რომ ვიცი, რა შემიძლია. უბრალოდ, ძალიან ცოტა დრო გვაქვს სწავლისთვის. ყოველთვის მიკვირდა, როგორ სწავლობდნენ ერთ კვირაში ცეკვებს ''ცეკვავენ ვარსკვლავებში''. ძალიან ვაფასებ ამ შრომას, რომ ადამიანს ერთ კვირაში სცენაზე, ლაივში გამოაქვს ის, რაც არ იცის. თან როგორ გვლანძღავენ.
- როგორ ხვდებით კრიტიკას?
- ყურადღებას არ ვაქცევ. ვისაც ესმის, რას ნიშნავს ცოცხლად სიმღერა, ის გაგვიგებს და ვისაც არ ესმის, მის კრიტიკას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ ის ადამიანები მლანძღავენ საჯაროდ, რომლებიც მეგობრებად მიმაჩნდა, თან ბავშვობის. მე ''ფეისბუქი'' არ მაქვს, მეგობარმა მითხრა და ამიტომ ვნახე. ასეთ რამეებზე რომ ვინერვიულო, ისეთი ემოციური ადამიანი ვარ, შეიძლება, ფეხზე ვეღარ დავდგე.
- თქვენს მეწყვილეზე, ანრიზე რას მეტყვით?
- სასწაული ენერგეტიკის ადამიანია. იუმორის აპოთეოზი აქვს. მასთან მშვიდად ჯდომა, საუბარი და რეპეტიცია წარმოუდგენელია.
- თავად შეარჩიეთ მეწყვილე?
- არა, ნოემ დამირეკა და ასეთი რამ მითხრა, დაგვთანხმდი პროექტში მონაწილეობაზე და ანრი ჯოხაძე იქნება შენი მეწყვილეო. დიდი როლი ითამაშა რუსა მორჩილაძემ. რუსა ძალიან მიყვარს და მარტო იმიტომ ღირდა ამ პროექტში მონაწილეობა, მას რომ დავახლოებოდი.
- ქართულ ტურზე ჟიურიმ შეგაქოთ. სიმღერის დასასრულ ანრიმაც იყვირა, დალი ამღერდაო…...
- (იცინის) რა არის იცით, რეპეტიციებზე კარგად ვმღერი ხოლმე. სცენაზე ემოციებს ვერ ვაკონტროლებ, ნერვიულობა ვერ დავძლიე. ამას წლების გამოცდილება სჭირდება.
- რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლს სვამენ ხოლმე მომღერლები სითამამისთვის.
- არა, მე ისედაც არ მიყვარს ალკოჰოლი, ათასში ერთხელ 1-2 ბოკალი ღვინო თუ დავლიე, ისიც ბევრია. სცენაზე გასვლის წინ ვერ გავრისკავ, რა ვიცი, რა დამემართება, უარესი რომ დამემართოს, ტექსტი რომ დამავიწყდეს?… ნერვიულობისგან ტექსტი დამავიწყდა, თან ბექების მიკროფონები შუა სიმღერაში გამოირთო.
რაც შეეხება ქართულ ტურს, ისე მიყვარს ცაბაძე და განსაკუთრებით ეს სიმღერა, ''გზები მაინც გამინათე, მთვარეო'', რომ ვერ მემღერა, გავგიჟდებოდი. პროფაილში ვთქვი კიდეც, თუ ეს სიმღერა ვერ ვიმღერე, საერთოდ აღარ ვიმღერებ ცხოვრებაში-მეთქი. ყველამ იცის, პირველი ნოტი თუ დავსვი, კარგად მივდივარ (იცინის). ანრიმ მითხრა, პირველი ნოტი სწორად რომ აიღე, სიხარულისგან კინაღამ ჩავიფსიო (იცინის). დუტამ მითხრა, რომ გამოაცხადეს, დალიმ ''გზები მაინც გამინათე, მთვარეო'' უნდა იმღეროსო, თვალებზე ავიფარე ხელი, ძალიან რთულ სიმღერას ასრულებს, როგორ გარისკა-მეთქი. და მერე ნელ-ნელა ამოვისუნთქეო.
- რა არის თქვენი პროგრამა მინიმუმი ამ პროექტში?
- მე მყავს ჩემი ფავორიტები ამ პროექტში, მინდა, მათ გაიმარჯვონ. ვიყოთ სამართლიანები, მომწონს ირინა ონაშვილი, ლევან ჯავახიშვილი, მიშა ხუჯაძე, ნამდვილად იმსახურებენ ფინალს. გოგოლასა და ნოდიკოს შოუებიც მომწონს, ყველა წყვილზე ვგიჟდები, მაგრამ ეს ხომ სიმღერის კონკურსია. ვოკალური მონაცემები ამ სამეულს აქვს. მე ხომ ვიცი, რომ ჯაზ-როკს ვერ ვიმღერებ, რატომ უნდა შევუშალო ხელი მათ, ვისაც ყველაფერი გამოსდის?
- გულშემატკივარი კი გყავთ, ჯერ აუტსაიდერებში არ მდგარხართ.
- ჰო, ნამდვილად, რომ მოვინდომოთ, ფინალშიც თავისუფლად ვიქნებით.

პ.ს. მადლობას ვუხდით ფოტოგრაფ გიორგი ცაავას, რომელმაც მასალაში გამოყენებული ფოტოები მოგვაწოდა.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
OOO
ყველა თავის ჭიას ახარებს, წარმატებებს უსურვებ ამ გახარებაში.
19:53 / 22-04-2014
გამოხმაურება / 0 /
გიო
ქალბატონო დალი თქვენი რომ ვიყო საერთოდ არ ვიტყოდი კონსერვატორია რომ დაამთავრეთ, სირცხვილია ისე უსუფთაოდ მღერიხართ ყოველ ტურში თითქოს მუსიკასთან არანაირი შეხება არ გქონია არასოდეს.
20:59 / 21-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ოპაა
შენ რომ კიდევ დაწერ მუსიკას, ხალხს რას ერჩი. ასე როგორ გძულს საქართველოს მოსახლეობა შენი მუსიკა ასმენინო. მეც ვწერ ლექსებს გამოვიდე და ვთქვა პოეტი ვარ, ხომ სირცხვილია. ვფიქრობ ანრი ჯოხაძის ჯიბრი აქვს ვიღაცას ეს ქალბატონი მეწყვილედ, რომ დაუყენა გვერდით. პატარა გოგო, რომ იყოს კიდევ გაუგებდი. ამხელა ქალი თავის შესაძლებლობებში , რომ ვერ გარკვეულა სირცხვილია. თქვენ, რომ კონსერვატორიაში ჩაირიცხეთ მაშინ ყველგან განუკითხაობა იყო.
18:29 / 21-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS