19 აპრილი, 2014
გეგა და ია ერთად თავს კომფორტულად გრძნობენ
გაფრთხილებულები ვართ, რომ კონკურსანტებთან ზომიერი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ''X ფაქტორი'' სტარტს 14 აპრილს იღებს. ჩაწერილი მასალა ტელემაყურებლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება, მანამდე კი მხოლოდ ფილარმონიაში მისულ საზოგადოებას შეეძლო დასწრებოდა შესარჩევ ტურებს და ენახა, ჟიურის ოთხკაციანი შემადგენლობა - სტეფანე, სოფო ტოროშელიძე, გიორგი გაბუნია და თამთა გოდუაძე, რომელი მონაწილის ვოკალური მონაცემებით აღფრთოვანდებოდა და რომლით შეშფოთდებოდა.
ტელეპროექტის წამყვანებად ''რუსთავი 2''-მა ''ნიჭიერის'' ჟიურის წევრი და არხის მარკეტინგის სამსახურის უფროსი გეგა ფალავანდიშვილი
და მსახიობი ია სუხიტაშვილი შეარჩია. ''რეიტინგი'' კულისებში შეიჭრა და გეგასა და იას სამზადისს მათთან ერთად გადაავლო თვალი.

- ია, როგორც მახსოვს, ასეთი ტელეპროექტი არასდროს წაგიყვანია. შემოთავაზების მიღების შემდეგ დიდხანს იფიქრე?
- ვინერვიულე, დღემდე ვუმტკიცებ ყველას, რომ ტელეპროექტის წაყვანას ცალკე ნიჭი სჭირდება. წამიყვანია საღამოები, სადაც დიდი თაბახის ფურცლები გიკავია და სანერვიულოც ნაკლებად გაქვს, იქიდან კითხულობ შიგადაშიგ, რა თქვა. არავინ გთხოვს, რომ ტექსტი დაიზეპირო, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში ესეც არ იქნებოდა პრობლემა. უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ''X ფაქტორშიც'' არავინ მთხოვს ტექსტის დაზეპირებას, აქ კომენტარებია გასაკეთებელი, შესაბამისად, გარკვეული წილი იმპროვიზაციაზე მოდის. თუკი გინდა, ნორმალურად აკეთო ეს საქმე, ამას მარტივად არ უნდა შეხედო.
- მალევე დათანხმდი?
- მალევე, რადგან ფიქრის დრო აღარ მომცეს (იღიმის).
- გეგა, შენც პირველად მიგყავს შოუ...
- პირველად და უკანასკნელად (იცინის). სანამ დავთანხმდებოდი, მაშინაც ვიცოდი, რომ მეტჯერ არასდროს გადავდგამდი ამ ნაბიჯს. არ მინდა და არ მომწონს.
- მსხვერპლშეწირვა მოხდა?
- არა (იღიმის). არანაირი მსხვერპლშეწირვა არ მომხდარა, უბრალოდ, ''რუსთავი 2''-ია, გადავწყვიტეთ და რადგან ძალიან გვჭირდება, ვაკეთებთ. საინტერესოა, ახალია და გამოწვევაც არის. შესაძლოა, ხანდახან რაღაცის გაკეთება გულზე მაინცდამაინც არ გვეხატებოდეს, მაგრამ ვაკეთებთ. გასაოცარია ალბათ, მაგრამ მე ტელევიზიით გამოჩენაც კი არ მომწონს. არ არის წამყვანობა ჩემი საქმე. თუკი გამოვა, კარგი იქნება და შოუს წაადგება. იმედია, რამეს არ გავაფუჭებ.
- როგორია ერთმანეთთან წყვილში მუშაობა?
- გადასარევია.
ია:
- თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.
გეგა:
- ერთნაირად ვაზროვნებთ, ვფიქრობთ. ჩვენ გვიწევს კონკურსანტების დახვედრა, სცენაზე გაცილება, შემდეგ ისევ მათთან ურთიერთობა, მხარდაჭერა. ძირითადად, მე და იას ერთნაირი შეფასებები გვაქვს, კარგია, თუ არ არის კარგი. ვაფასებთ გამოსვლას, ხანდახან ჟიურის ''სისულელეებსაც''...
ია:
- როცა სცენაზე პარტნიორი გყავს, ძალიან მალევე გრძნობ მის ენერგეტიკას, შენთვის მისაღებია თუ არა. არ მინდა, ვარდისფრად შევფუთო რაღაცები, მაგრამ გეგასთან წყვილში მუშაობა ძალიან კარგია.
- არც გიკამათიათ?
- რა უნდა გვქონდეს საკამათო? რა გვაქვს გასაყოფი?! გაფრთხილებულები ვართ, რომ კონკურსანტებთან ზომიერი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, მაგრამ ზოგიერთი ისეთი მონაწილე მოდის, რომ თვალის დახუჭვა არ შემიძლია.
- და აკეთებთ მწარე კომენტარებს? გეგასგან, მაგალითად, ვერ წარმომიდგენია, რომ ზედმეტად ტკბილი იყოს მონაწილეების მიმართ.
გეგა:

- აი, სწორედ ეს არის ტელევიზიის ერთი დიდი უბედურება, რომ ხალხს ჰგონია, ძალიან ბოროტი ვარ. არადა, საერთოდ არ ვარ ბოროტი, უმეტესად კი ინდიფერენტული გახლავართ. განსაკუთრებული აღფრთოვანება და აღშფოთება არ მჩვევია.
- მაგრამ შოუს უხდება ზედმეტი ემოციები...
- ჩვენ ეს არ გვჭირდება, წამყვანებს ეს არ ევალებათ. თიკასა და ვანიკოს დუეტი ხომ გინახავთ და ისინიც არასდროს გამოხატავენ ზედმეტ ემოციებს.
ია:
- ჟიური იმდენად აღშფოთებულია ხოლმე და ისეთ დამოკიდებულებას გა 
მოხატავს, რომ წამყვანებისგან ზედმეტი იქნებოდა.
- გეგამ აღნიშნა ჟიურის სისულელეები და...
გეგა:

- ეს უფრო თვითირონია იყო. მე რომ ''ნიჭიერის'' ჟიურიში ვიჯექი და სისულელეებს ვლაპარაკობდი, ახლა შემიძლია, ახალი პროექტის ჟიურის წევრებს მივუტრიალდე და მათ სისულელეებს დავცინო.
- ანუ ახლა, როცა წამყვანი ხარ, ხვდები, რომ შეიძლება, ჟიური სისულელეს ამბობდეს.
- ამას მაშინაც ვხვდებოდი, როცა თავად ვიჯექი ჟიურიში (იცინის). ტელევიზიაა, ეს შოუა და ბევრი გაუთვალისწინებელი რამ ხდება. კარგია საყურებლად, გასართობად. შეიძლება, რაღაც შეფასება თქვა და ეს შოუზე იყოს გათვლილი.
- რატომ უნდა უყურონ ამ შოუს?
ია:

- მგონი, ამ პროექტით კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი იმას, რომ მომღერლობა მხოლოდ კარგ ვოკალს არ ნიშნავს. გასაგები და ნათელია, რომ მომღერალს ხმასა და სმენასთან პრობლემები არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ მხოლოდ სცენაზე გამოსვლა და სიმღერა არ არის საკმარისი. მე რაც ჩვენი შემდგარი მომღერლებისგან მაკლია, სწორედ ეს არის. ხშირად ვკითხულობთ პროექტის ფარგლებში, რა არის ''X ფაქტორი'' და ვის აქვს ის. ჩვენს გამოკითხვებში არის ხოლმე ჩამო-ნათვალი, იქს-ფაქტორი არის, რაც ჰქონდა ჯეკსონს, რაც მადონას, ლედი გაგას და სხვა ვარსკვლავებს აქვთ. ქართულ შოუბიზნესში მაკლია სანახაობა. ქართულ კონცერტს დიდხანს ვერ ვუყურებ ხოლმე. არტისტიზმიც საჭიროა, პლასტიკაც, განსხვავებული დგომა სცენაზე, ჩაცმულობა... რატომ ვერ ვრისკავთ და ვერ ვბედავთ, არ მესმის.
გეგა:
- თუნდაც მაყურებელთან ურთიერთობა. საშუალოდან ზევით ვინც არიან უცხოელი ვარსკვლავები, მათ კონცერტებზე ჯდომა სიამოვნებაა. მთელი დარბაზი, ხანდახან ათიათასობით ადამიანი გრძნობს, რომ მომღერალი პირადად მასთან ურთიერთობს. მან სწორედ ამიტომ გადაიხადა ბილეთში ფული. დამოკიდებულებაზეა საუბარი.
ია:
- სტამბოლში სამი წლის წინ ''U2''-ს კონცერტზე გახლდით. თვითონ ბონოც ხომ დაიღალა, მაგრამ ჩვენც ძალიან სასიამოვნოდ დავიღალეთ. ჩვენც ვიყავით ემოციების ქვეშ და თავადაც დიდ ემოციას წაიღებდა იმ კონცერტიდან. ჩვენებზე ცუდის თქმა კი არ მინდა, მაგრამ აქაურ კონ-ცერტებზე ვიღლები ერთფეროვნებით და სხვა რაღაცებზე ვიწყებ ფიქრს.
- მოკლედ, თქვენი შოუ ეძებს ადამიანებს, რომლებიც არ დაგვღლიან. გეგა, ამ ჩაწერების დროს თუ ნახე ისეთი შემსრულებლები, რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ?
- ასეთი შემსრულებელი საქართველოში ბევრია, მონაცემებს ვგულისხმობ. მე ასე ვფიქრობ, უბრალოდ, დიდი მოთხოვნა არ არის მაყურებლის მხრიდან და ასევე არ არის კომპანიები, მხარდამჭერები, რომლებიც შოუბიზნესში ფულს ჩადებენ. ''რუსთავი 2''-საც ბევრი პროექტი გაუკეთებია, სადაც მონაწილეობა მართლაც კარგ მომღერლებს მიუღიათ. მათ, ხელის შეწყობის შემთხვევაში, კარგი შოუს გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ ამას ფული და მუშაობა სჭირდება. თუმცა მაყურებელს ურჩევნია, რომ 5-ლარიან ან უფასო კონცერტზე წავიდეს, ვიდრე 50 ლარი გადაიხადოს, ეკონომიკურადაც ვერ ქაჩავს ბევრი ამის გადახდას. დიდი სისტემაა ასაწყობი. ჩვენ ამ შოუთი, იმედია, გამოვაჩენთ ასეთ ადამიანებს და იქნებ, ვისაც ბევრი ფული აქვს და სისულელეებში თხლიშავს ხოლმე, შეხედოს მათ და გაუჩნდეს გართობის ინდუსტრიის დაფინან-სების სურვილიც. გასაგებია, რომ ჩვენთან პოლიტიკურად კარგი სანახაობები გვაქვს, მაგრამ ნა-მდვილი გასართობი რაც არის, იმისგან კარგი ემოცია გრჩება და პოლიტიკური სანახაობიდან - არა. კარგი იქნება, რომ ამ ქვეყანას საკუთარი ვარსკვლავები და გმირები ჰყავდეს და არა სხვებისგან წამოღებული.
რაც შეეხება ჩვენს შოუს, არის ბევრი კარგი მონაწილე და ჟიურიმაც გამოხატა აღფრთო-ვანება. არიან განსხვავებული კონკურსანტები, რომელთაც შეუძლიათ სანახაობის დადგმა.
- ჩვენთან ბევრი მუსიკალური კონკურსი ტარდება და არსებობს მოსაზრება, რომ ყოველ წელს აღარ არის ისეთი კარგი ნაკადი, მაინც პატარა ქვეყანაა.
- მე ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. ყოველ წელს ახალი ემატება, ვიღაც უფრო თავდაჯე-რებული ხდება და მოდის კონკურსზე. თუნდაც ფინალისტების რაოდენობა რომ იყოს კარგი, ამისი პოტენციალი ყოველ წელს იქნება. არ ველოდებით, რომ 400 კარგი კონკურსანტი მოვა, ის 20, ვინც რჩება, უნდა იყოს კარგი და ეს შესაძლებელია.
- ალბათ, თიკასა და ვანო თარხნიშვილს შეადარებენ თქვენს წყვილს.
- თიკა და ვანო გადარეულები არიან.
ია:
- შეიძლება, შეგვადარონ და მაგას ვერ ავცდეთ, მაგრამ ცოტა სხვა ფორმატია, არ ვგავართ მათ, თანაც, სიმღლეშიც არ არის ასეთი განსხვავება (იცინის).
- 14 აპრილს გადიხართ ეთერში. ამ დროს კიდევ ერთი მუსიკალური პროექტი გადის კონკურენტ არხზე.
გეგა:

- მუსიკალური? ააა, ხო, მუსიკალური (იცინიან).
- ''ორ ვარსკვლავს'' ვგულისხმობ. მისი პროდიუსერი ნოე სულაბერიძე, როგორც თავად აღნიშნა, არ ერიდება თქვენთან კონკურენციას და სურვილიც კი ჰქონდა, რომ გადაცემები ერთდროულად დაწყებულიყო.
- მე, როგორც ტელევიზიის მარკეტინგის დირექტორს, ეს ნამდვილად არ მაშინებს.
ია:
- ნოემ ძალიან გადააჭარბა მოლოდინს. ''ორი ვარსკვლავი'' მე სხვა ქვეყნებში ნანახი მაქვს და ვიცი, რომ ასეთი პროექტები ორ კვირაში არ იქმნება და გაცილებით მეტი მოსამზადებელი პერიოდი სჭირდება. სწორედ აქ მოტყუვდა ძალიან ნოე.
გეგა:
- პირველი გადაცემა ვნახე და ნოეს მივწერე კიდეც, ძალიან ვიხალისე-მეთქი.
ია:
- სახალისო ნამდვილად არის. ნოეს უნდა ვკითხოთ, თუ ეს გათვლა ჰქონდა, მაშინ ზუსტად ის გაუკეთებია, რაც უნდოდა. კონკურენციას რაც შეეხება, სრულიად სხვა შოუა ''X ფაქტორი''.
გეგა:
- 133 კვირა ტყუილად არ ვიგებთ და ვიგებთ მართლა. არასდროს არავისი არ შეგვშინებია!.. მიუხედავად იმისა, რომ ''ორი ვარსკვლავი'' ჩვენამდე გავიდა ეთერში, მაინც ვიგებთ (იცინის).
- დაბოლოს, მინდა გკითხოთ, წამყვანობის შესახებ ვის შეფასებებს ელით ყველაზე მეტად?
ია:

- ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი ჩემი მეუღლეა. მიხარია, რომ ცხოვრებაში ერთი ადამიანი მყავს, მიშა, რომელიც ყველანაირი მორიდების გარეშე გეტყვის, კარგია თუ არა.
გეგა:
- მე კრიტიკოსი ბევრი მყავს, ცოლი, ბავშვები, რომლებიც არ მომერიდებიან და მეგობრები, რომლებიც აუცილებლად ბევრს დამცინებენ. კარგი თუ იქნება, იმასაც აღნიშნავენ, მაგრამ ვიცი, რომ მაინც უფრო მეტად დასაცინს იპოვიან.
- კულისებს მიღმა ალბათ ბევრი სახალისო რამ ხდება.
- ჩვენ ძალიან ბევრს ვხალისობთ. ჟიურის ერთი-ორჯერ გავუვარდით, დროზე გადაწყვიტეთ-თქო.
ია:
- ძალიან მიჭირს მთელი დღე ქუსლებზე დგომა. ამ შემთხვევაში მაღალი ქუსლები ჩემი სისუსტეა, როცა დილის ათი საათიდან საღამომდე სცენაზე ვდგავარ.
გეგა:
- მერე ვანო თარხნიშვილსაც მოვუხადე ბოდიში, ჟიურიში ყოფნისას თუ ბევრს ვლაპარაკობდი, ახლა მაინც მაპატიე-მეთქი. წარმოვიდგინე, ისინი რომ კულისებში იდგნენ და ჟიური რომ ''კომპეტენტურ'' აზრს აღარ ასრულებდა. მაგალითად, მაშინ, კონკურსანტი რომ არ გადაგვყავდა შემდეგ ტურში და დაუსრულებლად ვაძლევდით რჩევებს, სხვა გზით როგორ უნდა მიეღწია წარმატებისთვის და გრძელდებოდა ეს ბოდვები.
- მოკლედ, შენი ეს ინტერვიუ არის ''გალობანი სინანულისანი''...
- (იცინის) ალბათ...

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
კარკ
სუხიტაშვილს წინ თმები გაცვენი,ლი აქვს..მელოტია
10:11 / 25-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS