კომპანიების Pfizer-ისა და BioNTech-ის განცხადებით, მათ მიერ შექმნილ ვაქცინაზე მიმდინარე კვლევის წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინა კოვიდ-19-ით დაინფიცირებისგან ვაქცინირებული ადამიანების 90% -ზე მეტს იცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.
Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინა
კომპანიები აცხადებენ, რომ ვაქცინა ექვს ქვეყანაში 43 500 ადამიანზე გამოსცადეს და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილა.
ვაქცინაზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდ 19-სგან დასაცავად საჭიროა ორი დოზა, სამი კვირის ინტერვალით. 90%-იანი დაცვა კი მეორე დოზის მიღებიდან 7 დღეში მიიღწევა. საცდელი კვლევები აშშ – ში, გერმანიაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, სამხრეთ აფრიკასა და თურქეთში ჩატარდა.
Pfizer-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვაქცინის 50 მილიონი დოზის მიწოდება, 2021 წლის ბოლოსთვის კი ამ რაოდენობის 1.3 მილიარდამდე გაზრდა იქნება შესაძლებელი.
ამასთან, არსებობს ლოჯისტიკასთან დაკავშირებული გამოწვევები, რადგან ვაქცინის შენახვა ულტრა ცივ საცავში, - 80 ჩ- ზე დაბალ ტემპერატურაზე უნდა მოხდეს.
კომპანიები გეგმავენ, რომ თავიანთი ვაქცინის გამოყენებისთვის საჭირო საგანგებო ნებართვის მოპოვების თხოვნით შესაბამის ორგანოებს უახლოეს მომავალში მიმართონ.