- შალვა, რა ტიპის გადაცემას ამზადებთ?
- პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ გადაცემა იქნება კარგი.
- ეს არაა ამბიცია. გინახავთ ადამიანი, რომელიც საერთოდ არაა ამბიციური და ამბობს, რომ მისი გადაცემა იქნება ცუდი?!
- რა თემებზე იქნება თქვენი გადაცემა?
- შემიძლია ჩამოვთვალო თემები, რომელიც არ იქნება ამ გადაცემაში: გლობალური დათბობა, ვეშაპების რეწვის პრობლემები და ასტრონავტების აღმოჩენების საკითხები. დანარჩენი ყველა თემაზე ვისაუბრებთ მსუბუქად და იუმორით.
- მარგო ლუჩკო რატომ აირჩიეთ თანაწამყვანად?
- მარგოს აქვს დამთავრებული ''აიბისისთან'' არსებული Mჟურნალისტური კურსები. ძალიან კარგად ფლობს ინტერვიუს აღების ნეიროლინგვისტურ ტექნიკას. დამაბნეველად მოქმედებს რესპონდენტებზე. შეუძლია, რესპონდენტს ათქმევინოს ნებისმიერი დეტალი ინტიმური ცხოვრებიდან.
- მარგოს იცნობდით, თუ გადაცემის მზადების პროცესში გაიცანით?
- მარგოს შესახებ რამდენიმე წლის წინანდელ კალენდრის ფურცელზე წავიკითხე. პატარა მოსახევი კალენდრები რომაა, იმ ფურცელზე ეწერა მარგოს ამბები. ახლა გავიცანი და დავრწმუნდი, რომ რაც იმ კალენდრის ფურცელზე ეწერა, მართალია.
- წლების წინ წაკითხული ასე კარგად დაგამახსოვრდათ?
- მაშინ მარგომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, გამიხარდა, რომ ასეთი ქალბატონი არსებობდა და მაშინ დავგეგმე, რომ თუ შოუს გავაკეთებდი, ჩემთან ერთად იქნებოდა წამყვანი.
- რამდენი წლის წინანდელ ამბავს მიყვებით?
- ეს იყო 2006 წლის კალენდარი.
- 2006 წლის მერე ბევრი შოუ გქონდათ, მაგრამ მარგო არ ყოფილა თანაწამყვანი.
- კი, მაგრამ, მე ფაქტობრივად პოლიტიკურ შოუებს ვაკეთებდი, ვიბრძოდი მიშა სააკაშვილის წინააღმდეგ, რაც გარკვეულწილად პოლიტიკურ შეფერილობას აძლევდა შოუებს. ახლა მიხეილ სააკაშვილი დამარცხებულია და შესაბამისად, მარგოს გამოყენება ძალიან პროდუქტიულად შემიძლია.
- უკვე გადაწყვეტილი გაქვთ, პირველი გადაცემა რა თემაზე იქნება?
- რა თქმა უნდა. პირველი გადაცემა გადის ეთერში, როდესაც ჯორდანო ბრუნოს დაწვიდან სრულდება 450 წლისთავი და ჩვენ შევეცდებით, რომ გადაცემას იუმორისტულად და სკეტჩურად წითელ ხაზად გაჰყვეს ეს ღირსშესანიშნავი დღე. გადაცემაში გვექნება აუზი, გვეყოლება ცოცხალი დელფინი, რომელსაც აკვარიუმით მოვიყვანთ, გვეყოლება 35 ბალერინა, რომლებთანაც ჩვენ უკვე დადებული გვაქვს კონტრაქტი.
- ამას ხუმრობთ, თუ მართლა ამბობთ?
- ''ხუმრობთ'' რას ნიშნავს, არაფერს არ ვხუმრობ. ბალერინები დელფინთან ერთად შეასრულებენ თავ-ბრუდამხვევ ტანგოს.
- ძალიან საინტერესოა და ვერ ვხვდები, ჯორდანო ბრუნოსთან დელფინი რა კავშირშია.
- ზუსტად ამას იხილავს ძვირფასი ტელემაყურებელი. ჩვენ გვაქვს ეკლექტური შოუ, ეს ცოტა ექსპერიმენტული შოუ იქნება და ვეცდებით დაუკავშირებელი ელემენტების ერთმანეთთან შერწყმას.
- რა პერიოდულობით გავა ეთერში გადაცემა?
- გვინდოდა, კვირაში ორჯერ გაგვეკეთებინა. ღამის ვარიანტიც გვინდოდა ყოფილიყო, ეროტიკული მომენტებით, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე კვირაში ერთხელ, შაბათს ათ საათზე გავიდეთ ეთერში.
- შაბათს ათ საათზე კონკურენტ ტელევიზიაში გადის სერიალი ''ჩემი ცოლის დაქალები'', სავარაუდოდ, რეიტინგების ბრძოლა იქნება.
- რომელ არხზე ლაპარაკობთ?
- ''რუსთავი 2''-ზე.
- აა, მახსენდება ასეთი არხი, ''დარდუბალა'' გადიოდა თავის დროზე.
- გახსენდებათ და ახლა, როგორც ვხვდები, არ უყურებთ.
- ზუსტად არ მაგონდება, მაგრამ მე მგონი, ვუყურებ. მე ყველა არხს ვუყურებ. ვუყურებ სერიალებს, ზესტაფონის ტელევიზიას და ალბათ ''რუსთავი 2''- საც ვუყურებ.
- როგორც ვხვდები, რეიტინგებით ბრძოლას სერიოზულად არ აღიქვამთ.
- ჩვენ, პრაქტიკულად, ისეთ შოუს ვაკეთებთ, რომ რეიტინგის ზემოთ ვართ. ეს მეტაფიზიკური ხასიათის ბრძოლებია და რეიტინგზე ლაპარაკი მკრეხელობაც არის. თქვენ გინახავთ, 35 ბალერინა დელფინთან ერთად თავბრუდამხვევ ტანგოს ცეკვავდეს? რა რეიტინგების ბრძოლებზე უნდა ვილაპარაკო ამ შემთხვევაში. შესაძლებელია, სპილო შეეჭიდოს ჭიანჭველას? ეს ხომ შეუძლებელია.
- ისეთ გადაცემას აღწერთ, რომ უკვე მომინდა, ეს შოუ ნანახი მქონდეს.
- თქვენ გაქვთ ეს გადაცემა ნანახი. ორმოცი რომ გაქვთ სიცხე, ამ დროს სიზმარი ხომ გინახავთ, დაახლოებით იგივე ასოციაცია იქნება ამ გადაცემის ნახვისას.
- როდესაც გადაცემის პრომო დაიდო, ერთ-ერთი კრიტიკა იყო, რომ არც თქვენ და არც მარგოს არ გაწყენდათ ზედმეტი კილოგრამების დაკლება.
- ჩვენ ვიყიდეთ ისლანდიური ფირმის კომპიუტერული ეფექტები, რომლებიც ჩვეულებრივი წონის ადამიანებს გარკვეულ მოცულობას ანიჭებს. შესაბამისად, ჩვენ არ ვართ ისეთი წონის, რაც პრომოშია. ამ ეფექტით მოგვამატებინეს.
- მინდოდა მეკითხა, სანამ გადაცემა ეთერში გავიდოდა, წონის დაკლებაზე ხომ არ ფიქრობთ-მეთქი და თურმე ეს კომპიუტერული ტექნიკის დამსახურება ყოფილა...
- საქმე ისაა, რომ ამ ეფექტით შესაძლებელია როგორც მომატება, ასევე დაკლება. დაახლოებით ათ კილოს აკლებს. მარტო ჩვენ გვაქვს ამიერკავკასიაში ამ ეფექტის გამოყენების უფლება. არ მინდა მოვიტყუო, აზერბაიჯანის ტელევიზიებსაც აქვთ იგივე ეფექტი.
- რაღაც პერიოდი თქვენ არ იყავით ჟურნალისტიკაში.
- ციხეში რომ ვიყავი, იმ პერიოდს გულისხმობთ?
- იმას ვგულისხმობ, გიორგი მარგველაშვილის გვერდით რომ იყავით.
- გამახსენდა ეგ პერიოდი.
- პოლიტიკას საერთოდ ჩამოშორდებით?
- დაახლოებით ერთი წლის თავზე ვაპირებ, შევქმნა პარტია და საპარლამენტო არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. მინდა, პარტიაში მხოლოდ მამაკაცები იყვნენ.
- ქალებს რას გვერჩით?
- არაფერს არ გერჩით, უბრალოდ მიმაჩნია, რომ ეს ნიშა არის თავისუფალი, მხოლოდ კაცების პარტიას შევქმნი და პოლიტიკაში მოვალ.
- წლების განმავლობაში ებრძოდით მიხეილ სააკაშვილს. თქვენმა მეუღლე ხატია ეკიზაშვილმა ცოტა ხნის წინ ''ფეისბუქზე'' დაწერა, მიშისტობის გამო ერთმა მეგო-ბარმა სიიდან ამომშალაო. ამაზე რა კომენტარის გაკეთება შეგიძლიათ?
- ჩემი მეუღლე დამოუკიდებელი პიროვნებაა და არავისტი არაა. მე ვერავისთან, ვერც ბიძინისტთან და ვერც მიშისტთან ვერ ვიცხოვრებდი. მის აზრს ყოველთვის პატივს ვცემ და მიხარია, რომ ასეთი მეუღლე მყავს.
- თქვენს ერთ-ერთ პრომოში სუხიშვილები არიან, დელფინთან მოცეკვავე ბალერინების შემდეგ სუხიშვილებს ვიხილავთ თქვენს შოუში?
- სუხიშვილებმა გააკეთეს თავიანთი საქმე. ისინი არ იქნებიან შოუში. ჩვენს გადაცემაში ბევრი უცნაურობა მოხდება, რაც უფრო დიდი იქნება ცხოველი, მით უფრო საინტერესო იქნება მისი ეთერში გამოჩენა. ეს ხაზი გვინდა შენარჩუნდეს. ყველა შოუში გამოჩნდება რომელიმე დიდი ცხოველი.
- ვეშაპიც ხომ არ იქნება?
- მაშაყირებ?
- არა. რატომ?
- როგორ წარმოგიდგენიათ ვეშაპის მოყვანა სტუდიაში? ვეშაპი, იცით, რამხელაა?
- ხომ არიან პატარა ვეშაპებიც.
- მეკაიფებით ახლა. მე კი გეტყვით, რომ ვეშაპი არ გვეყოლება.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''