გარდა იმისა, რომ მამულიჩა ლელას პროდიუსერია, ასევე მუშაობს მაკა ზამბახიძესთან და ბენდთან "ნონსტოპი", რომლის სოლისტი მაკას შვილი, სალომე ჩიტაძეა. კორონავირუსმა ყველას არაერთი საქმე, თუ პროექტი შეუჩერა.
როგორ გაატარეს დრო იზოლაციაში ლელა წურწუმიამ და მამულიჩამ და რა გეგმები ჩაუშალათ კორონავირუსმა - AMBEBI.GE
- ამ პერიოდს ყველა თავისებურად შეხვდა და თავისებური დასკვნა გამოიტანა. ამბობდნენ, - ბუნებამ დაისვენა, ხალხმა პირად ჰიგიენას მიხედა, მსოფლიოში ომები შეწყდა, ოზონის ხვრელი ფაქტობრივად, გაქრა და დედამიწა "გაჩერდაო". პანდემიაში კი კარგი არაფერია, უდიდესი საფრთხეები და კრიზისები შეიქმნა, ადამიანები დაიხოცნენ, ეს კი ძალიან სამწუხაროა...
ადამიანებმა, ოჯახებმა შემოსავლები დაკარგეს და ულუკმაპუროდ დარჩნენ. ჩვენს ქვეყანაში ისედაც ეკონომიკური პრობლემა ბევრს ჰქონდა, გაჭირვებული ადამიანები საკმაოდ გვყავდა, მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, მთავარი მაინც ჯანმრთელობაა! როგორც ვუყურებ, ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობიდან, ღმერთის წყალობით, ადვილად გამოდის ალბათ იმიტომ, რომ ამდენი პრობლემის ფონზე, კარგი იმუნიტეტიც გამოგვიმუშავდა. რამდენი რამ გამოვიარეთ - ვირუსები, ომები, უშუქობა, უგაზობა, რა აღარ... ახლა უკვე "ოქროს ხანა" გვინდა.
- უნდა დავიმსახუროთ...
- ალბათ და ამისთვის ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, ბევრი ვიმუშავოთ. მე მაგალითად, სახლში უსაქმოდ ჯდომა არ შემიძლია. აქამდე სულ მუშაობით მოვედი. ვირუსის პერიოდში, როგორც ბევრმა ბიზნესმა, შოუბიზნესმაც დიდი დარტყმა მიიღო. ჩვენი ბიზნესი არც დოტაციაზეა, სახელმწიფო არ ეხმარება, თვითგადარჩენაზე ვართ. დღეს ადამიანებს პანდემიამ პრობლემები გაუჩინა და სულ არ უნდათ გართობა, სიმღერა...
როცა არ ხარ სახელმწიფოზე დამოკიდებული, თვითონ გიწევს განვითარება და სიტუაციიდან გამომდინარე წინსვლა, ძალიან რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსმა თითქოს ჩაიარა, სამუშაო განწყობებიც ჩნდება, ჯერ მაინც არ ვიცით, რა და როგორ იქნება, ეს დისტანციური ამბები, ფაქტია, ხელისშემშლელია კონცერტების ჩასატარებლად, მაგრამ მაინც ამ ყველაფრის ფონზე ვგრძნობ, რომ საქმე კარგად იქნება. ივლისიდან ნელ-ნელა "მოვიქოქებით".
- კარანტინის პერიოდი როგორ გადაიტანეთ?
- ამოჩემებული მქონდა რამდენიმე კლასტერი იმისთვის, რომ არ გავგიჟებულიყავით - ეს იყო ჩემი ოჯახი, ლელას ოჯახი და სამეზობლოში რამდენიმე, მათ შორის, დოის ოჯახი.
- ლელა კარანტინის პერიოდში დროს რას უთმობდა?
- პირველად რომ მოგვცეს მანქანებით გარეთ გასვლის ნებართვა, იმ დღეს როგორც კონცერტზე ისე გამოეწყო, გამოვიდა და მეუბნება: მანქანა გასარეცხად უნდა წავიყვანოო. ასე გამოწყობილმა-მეთქი? რა მოხდა, მომენატრა საკონცერტოდ გამოწყობაო... ხომ ვამბობ, ვცდილობდით, ეს დღეები იუმორით გადაგვეტანა.
სულ ვარჯიშობდა, ფორმაში რომ ყოფილიყო, კერძების კეთება დაიწყო და გასაგიჟებელ კერძებს ამზადებდა. მოკლედ, თუ სიტუაცია ძალიან გართულდა და შოუბიზნესში პერსპექტივა ვეღარ დავინახეთ, ძალებს კულინარიაში მოვსინჯავთ - ლელა სადილებს გააკეთებს, მე მოტოციკლით დავარიგებ და მცირე ბიზნესს ასე ავაწყობთ. ეს ხუმრობით და ისე, ყველაფერს მონდომება უნდა და ყოველთვის იპოვი გამოსავალს.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ