მირანდა (მიმი) შელია სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ მიმი ძალიან ჰგავს ირინა შეიკს. ''რეიტინგში'' ხშირად გაცნობთ უცხოელი ვარსკვლავების ქართველ ორეულებს. თავდაპირველად სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მირანდა თქვენთვის ახლოს გაგვეცნო. გოგონას სოციალური ქსელის საშუალებით დავუკავშირდით და გავარკვიეთ, რომ ამჟამად რუმინეთში ცხოვრობს. მისი მეუღლე კი ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, სპორტის ამომავალი ვარსკვლავი, როგორც მას ხშირად იხსენიებენ, 20 წლის გიორგი ჭანტურიაა. მირანდამ და გიორგიმ ზაფხულში
- მიმი, პირველ რიგში, შენზე მოგვიყევი. როგორც მითხარი, მოსკოვში დაიბადე?
- დიახ, მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე. დედა პროფესიით ჟურნალისტია, მაგრამ არ მუშაობს. მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა და ჩემს სწავლა-განათლებას. მამა პროფესიით ტექნოლოგია, მაგრამ სხვა სფეროში საქმიანობს. სამწუხაროდ, დედმამიშვილები არ მყავს, დედისერთა ვარ. ყველა ამბობს, რომ ფიზიკურად ძალიან ვგავარ ბებიას, მამის დედას.
- სად სწავლობდი, როგორ გაატარე ბავშვობა?
- ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, შვიდი წელი ვცეკვავდი შოუბალეტ TODES-ში. სკოლის პერიოდში ჩემს კლასში ერთადერთი ქართველი ვიყავი და ჩემმა კლასელებმა საქართველოზე ძალიან ბევრი რამ იცოდნენ. რა თქმა უნდა, მე ვუყვებოდი და ქართულ სიტყვებს ვასწავლიდი. საქართველო იმდენად შევაყვარე, რომ არდადეგებზე ყველას მხოლოდ მანდ ჩამოსვლა უნდოდა. საქართველოში ძალიან ბევრი ნათესავი მყავს და მეც ხშირად მიწევს ჩამოსვლა. ყველაზე ბედნიერად თავს საქართველოში ვგრძნობ.
- რა პროფესიის ხარ, მოდელობაზე არასოდეს გიფიქრია?
- იურისტი ვარ, რუსეთის მართლმსაჯულების აკადემია დავამთავრე. სიმართლე რომ გითხრათ, მოდელობაზე მართლა არასოდეს მიფიქრია.
- როგორ ცხოვრობდი მოსკოვში, ალბათ უამრავი თაყვანისმცემელი გეყოლებოდა.
- მოსკოვი დიდი მეგაპოლისია, საცობების გამო ყოველი წუთი უნდა გქონდეს გათვლილი, რომ რაღაც მოასწრო, ამიტომ სტუდენტობის წლები ძალიან დატვირთული მქონდა, ვფიქრობდი, დრო ტყუილად არაფერზე დამეკარგა. რაც შეეხება თაყვანისმცემლებს, მათთვის არასოდეს მეცალა, რადგან მთავარი პრიორიტეტი ჩემთვის მუდმივად სწავლა იყო.
- თუმცა მათ შორის ალბათ შემაწუხებლებიც იქნებოდნენ, როგორ ახერხებდი მათ თავიდან მოცილებას?
- ახლა რომ ვიხსენებ, ძალიან მეცინება, ერთხელ ჩემთვის უცნობმა თაყვანისმცემელმა, ნოდარ დუმბაძის პერსონაჟის – მურტალოს ყვავილების ისტორია გააცოცხლა და ჩემი ფანჯრების ქვეშ ფეიერვერკი მოაწყო. რაც შეეხება შემაწუხებელ თაყვანისმცემლებს, ყურადღებას არ ვაქცევდი და თავს მანებებდნენ.
- როგორც მითხარი, დაოჯახებული ხარ, მეუღლეზე მოგვიყევი.
- დიახ, დაოჯახებული გახლავართ. ჩემი მეუღლე, გიორგი ჭანტურია, ფეხბურთელია. გიორგი არაჩვეულებრივი ადამიანია, კეთილი, ტკბილი, მოსიყვარულე, იუმორით სავსე, რაც მე ძალიან მომწონს.
- როგორ მოიგო შენი გული, ალბათ ბრძოლა დასჭირდა.
- გიორგიში, პირველ რიგში, გულწრფელობა მომეწონა, პირველივე შეხვედრაზე მივხვდი, რომ ჩემი ადამიანია. ძალიან კარგი მანერები აქვს.
- სად შეხვდით პირველად ერთმანეთს შენ და გიორგი?
- პირველად მოსკოვში შევხვდით, მანამდე სოციალური ქსელის საშუალებით მომწერა, ქართველი ხარო? არ სჯეროდა, რომ ქართველი ვიყავი (იღიმის). იმ პერიოდში ვლადიკავკაზში თამაშობდა, კვირაში ორი დღე ჰქონდა თავისუფალი და მაშინვე მოსკოვში მოფრინავდა.
- რა სირთულე ახლავს ფეხბურთელის ცოლობას?
- სირთულე? - როდესაც ადამიანი მთელი არსებით გიყვარს, ამაზე არც ფიქრობ.
- მეუღლის თამაშებს თუ ესწრები, როგორი გულშემატკივარი ხარ?
- რა თქმა უნდა, ვესწრები, ძალიან ემოციური გულშემატკივარი ვარ.
- ქართველი და უცხოელი ფეხბურთელების ცოლებს თუ იცნობ?
- როდესაც გიო ''ვიტესში'' თამაშობდა, მის გარდა გუნდში კიდევ ორი ქართველი ბიჭი იყო, გურამ კაშია და ვაკო ქაზაიშვილი. მაშინ ძალიან დავმეგობრდით, ერთი დიდი ოჯახი გვქონდა. მათი მეუღლეები თამთუკა და გვანცა ძალიან კარგი ადამიანები არიან.
- ქორწილი თუ გადაიხადეთ?
- დიახ, თბილისში, 2013 წლის 16 ივნისს, ჯვარი სამებაში დავიწერეთ.
- ახლა რუმინეთში რატომ ცხოვრობთ?
- ჩემი მეუღლე რუმინულ კლუბ ''კლუჟში'' თამაშობს, ორი თვის შემდეგ იტალიურ კლუბ ''ვერონაში'' გადადის სათამაშოდ და წავალთ.
- ''ინსტაგრამზე'' შენი ფოტოები ვნახე ქართველ ვარსკვლავებთან, როგორც ვხვდები, ქეთა თოფურიასთან მეგობრობ.
- ქეთა ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, მიყვარს და ვაფასებ. პირდაპირი და უკეთილშობილესი ადამიანია. როდესაც მოსკოვში ვარ, ერთმანეთს ხშირად ვხვდებით.
- შენი ფოტოები ვნახე ასევე თაკო გაჩეჩილაძესთან ერთად, კიდევ რომელ ქართველ ვარსკვლავებს იცნობ?
- ძალიან ბევრს, არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. სხვათა შორის რუსულ ბომონდთანაც მქონდა შეხება, ოღონდ მაშინ, როდესაც ვცეკვავდი.
- სოციალურ ქსელში ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ძალიან ჰგავხარ ცნობილ მოდელ ირინა შეიკს, პირველად ეს მსგავსება ვინ აღმოაჩინა?
- ინსტიტუტში სწავლისას ჩემი მეგობრები ხშირად ხუმრობდნენ, ჩვენი ირინა შეიკი გვყავსო. მე ამაზე აქცენტი არასოდეს გამიკეთებია. ამას რუსეთში ცხოვრებისას ხშირად მიმეორებდნენ, მაგრამ უფრო საზღვარგარეთ მამსგავსებენ. განსაკუთრებით პასპორტის კონტროლის გავლის დროს.
- ირინას პირადად გაცნობის სურვილი არასოდეს გქონია?
- დიდი სიამოვნებით გავიცნობდი. გადმოცემით ვიცი, რომ ძალიან მოკრძალებული და თბილი ადამიანია. უყვარს ქართველები და ქართული სამზარეულო.
- როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი, რა სფეროში აპირებ კარიერის გაგრძელებას?
- ძალიან მინდა, რომ ჩემი საქმე მქონდეს და საქმიანი ქალი ვიყო. კონკრეტულად რომელ სფეროში, ეს ჩემი პატარა საიდუმლოა.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''