28 თებერვალი, 2020
მამა პეტრე გვირჩევს, რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ კორონავირუსისგან თავის დასაცავად
საქართველოში კორონა ვირუსის უკვე ორი ფაქტი დაფიქსირდა, ამას კი საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „რეიტინგი“ მამა პეტრე კვარაცხელიას დაუკავშირდა და შეეცადა, მისგან შეეტყო, რომელი ლოცვაა რეკომენდირებული კორონავირუსისგან თავის დასაცავად.

- პირველ რიგში, არ უნდა აჰყვეთ პანიკას, ასევე, აუცილებელია პირველადი ნიშნებისთანავე დროულად მიხვიდეთ ექიმთან. ნებისმიერი ვირუსი, რომელიც ჩვენს გარშემო ტრიალებს, დაძლევადია, თუ ვილოცებთ, არ გვექნება შური და ბოროტება. ამ ტიპის დაავადებები უფლისგან არის დაშვებული და უნდა გვახსოვდეს, რომ რწმენით თუ ვიცხოვრებთ, ვერაფერი მოგვერევა. როდესაც კორონავირუსის პირველი ფაქტი
დაფიქსირდა, ჩვენ ვნახეთ, როგორ მოიქცა მოსახლეობა, მათ საკუთარ სტომაქზე ზრუნვა დაიწყეს. სუპერმარკეტები პრაქტიკულად დაცარიელდა, ეს შიში მესმის, მაგრამ ეს ვირუსისგან თავის დაზღვევა არ არის. ვფიქრობ ამ ტიპის მიდგომები, ცხადყოფს იმას, რომ პრობლემების მიმართ არაადეკვატური მიდგომები გაგვაჩნია. კორონავირუსი ისეთ პერიოდს დაემთხვა ჩვენს ქვეყანაში, როცა კარს მოგვადგა აღდგომის მარხვა. ახლა განსაკუთრებით უნდა ვეცადოთ ღვთისთვის სათნოდ ვიცხოვროთ, ერთმანეთის ლანძღვას, დაცინვას და ქილიკს თუ მოვერევით, უკეთესად ვიქნებით. ყველაზე მომაკვდინებელი ვირუსია სიძულვილი და აგრესია. ამას თუ მოვერევით, ვერანაირი ვირუსი ვერ დაგვამარცხებს.

- რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ ამ დროს?
- ლოცვა სნეულთათვის. წმინდა მამათა ცხოვრებას თუ გადავხედავთ, ისინი ამბობენ, რომ ნებისმიერი ფიზიკური სნეულება, სულიერი მდგომარეობის დეგრადირების შედეგად არის გამოწვეული. ჩვენს სულს თუ არ დავიმძიმებთ და ადამიანის სულში ღმერთია, ეს ზეიმია, შესაბამისად, ნებისმიერი განსაცდელი ადვილად გვარდება. ღმერთის გარეშე დარჩენილ ადამიანზე დიდი ვირუსი არ არსებობს.

ლოცვა სნეულთათვის
შენ მხოლო ხარ ქრისტე მსწრაფლ შემწე, მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მონასა შენსა ზედა და იხსენ სნეულებათაგან ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან და აღადგინენ მაქებელად შენდა, და სადიდებელად სამარადისოდ, მეოხებითა ღვთისმშობელისათა მხოლოო კაცთმოყვარე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სალმობისა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკვდინოთა წყლულებითა მოწყლულსა ვითარცა ოდესმე აღ ადგინე მაცხოვარ სიდედრი იგი პეტრესი და განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული, ეგრეთვე აწცა მოწყალეო ვნებულსა ამას მოჰხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა აღჰმხმელი და ყოველივე ძალ-გიძს, ვითაცა მრავალ-მოწყალე ხარ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ყოველსა სნეულებასა ზედა

მეუფეო ყოვლისა მპყრობელო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩუენთაო, რომელი დაამდაბლებ და აღამაღლებ, რომელი სწყლავ და კვალად განკურნებ, ძმათა ამათ ჩუენთა ზედა სნეულთა მოჰხედე მოწყალებითა შენითა, მოჰყავ მარჯვენა შენი უხილავი, სავსე ლხინებითა და კურნებითა. განჰკურნენ მონანი ესე შენნი (სახელები) და აღადგინე იგინი ცხედრისაგან სნეულებისა მათისა და შეჰრისხენ სულსა ამას უძლურებისასა და განაშორე ამათგან ყოველივე წყლულება და ყოველივე სალმობა და ყოველივე გვემა და ყოველივე მხურვალება, გინა ცხრო და რაოდენი რა არს ამათ თანა ბრალი, გინა უსჯულოება მოუტევე, ულხინე, შეუნდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის. ჰე უფალო, შეიწყალე დაბადებულნი ესე შენნი ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება თანა ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS