28 თებერვალი, 2020
თანამდებობიდან წასული ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვოდ გამდიდრების ქრონოლოგია
შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ 2017 წლის ბოლოს საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ დიდი რაოდენობით უძრავი ქონება საეჭვო გარემოებებში დააგროვა.

ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, იმ პირობებში, როდესაც თანამდებობის დატოვების მომენტისთვის ალექსანდრე ჭიკაიძეს არ ჰქონდა დანაზოგი ან თანხა საბანკო ანგარიშზე და ბანკის სოლიდური ვალი გააჩნდა, მან და მისმა მეუღლემ ორ წელზე ნაკლებ დროში შეძლეს 5 უძრავი ქონების – 224.72 კვ.მ. საცხოვრებელი ფართისა და 216.778 კვ.მ. მიწის – საეჭვოდ დაბალ ფასში
შეძენა.

ცნობისთვის, ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე ხელმძღვანელობდა; შემდეგ იგი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა, თუმცა, საბჭო 2017 წლის ნოემბერში გაუქმდა; 2018 წლის იანვრიდან ჭიკაიძე ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, ყოფილი თანამდებობის პირის სწრაფი გამდიდრება თავისთავად აღძრავს ეჭვებს ამ პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის დროს, ალექსანდრე ჭიკაიძე არაკეთილსინდისიერად ავსებდა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს.

გამდიდრების ქრონოლოგია

2018 წლის იანვარში, საჯარო სამსახურის დატოვების მომენტისთვის ალექსანდრე ჭიკაიძის სახელზე 4 უძრავი ქონება ფიქსირდებოდა, რომელთაგან მან მხოლოდ 2 დაადეკლარირა:

100.1 კვ.მ. ბინა თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგო; 2013 წლის 29 ნოემბერს 169,000 დოლარად შეძენილი 293 კვ.მ. ბინა თბილისში, ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩებს შორის, რისთვისაც მან 140,000 დოლარის ოდენობის სესხი აიღო საქართველოს ბანკიდან; 2016 წლის 6 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტში მემკვიდრეობით მიღებული 15.000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული ორი საცხოვრებელი სახლით. ეს ინფორმაცია მან არც 2017 და არც 2018 წლის დეკლარაციაში არ ასახა.

მის საკუთრებაში იყო ასევე: 2017 წლის 11 სექტემბერს, მცხეთაში, სოფელ მუხრანში 3,500 ლარად შეძენილი 2.300 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელიც კანონის მოთხოვნის მიუხედავად, 2018 წლის დეკლარაციაში არ ჩაწერა.

საჯარო სამსახურში თანამდებობის დატოვების შემდეგ, 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ნოემბრამდე ორ წელზე ნაკლებ დროში ალექსანდრე ჭიკაიძემ და მისმა მეუღლემ შეიძინეს 278,766 ლარის ღირებულების უძრავი ქონება – 224.72 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და 216.778 კვ.მ. მიწა. კერძოდ:

2018 წლის 25 მაისს მან 59,266 ლარად შეიძინა 139.62 კვ.მ. მშენებარე ბინა და ტერასა ბათუმში, ფიროსმანის ქ. N18-ში. 2018 წლის 17 სექტემბერს 60,000 ლარად შეიძინა 142.865 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწა წინანდალში.

იმავე დღეს 30,000 ლარად შეიძინა 72.113 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწა ასევე წინანდალში. 2019 წლის 7 მარტს 40,000 ლარად შეიძინა 1.800 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწა საგურამოში.

2019 წლის 20 ნოემბერს ალექსანდრე ჭიკაიძის მეუღლემ, ნათია ოკრიბელაშვილმა ბაკურიანში 10,000 დოლარად 85.1 კვ.მ. კოტეჯი შეიძინა. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS