10 აპრილი, 2014
ტრაგედიების სერია - რა ვითარებაში მოკლეს თინა მახარაძის მამა
პაატა შვილებს ძალიან დამოუკიდებლად ზრდიდა. გოგონებს ეუბნებოდა, 16 წლამდე გაგზრდით და მერე თავად მიხედავთ საკუთარ თავსო მსახიობ თინა მახარაძის აქტუალურობამ ჯერ კიდევ მაშინ მიაღწია პიკს, სანამ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' გამოჩნდებოდა. ''რეიტინგთან'' მისი თამამი განცხადებები საზოგადოებამ არაერთგვაროვნად მიიღო. ამას მოჰყვა თინას სტუმრობა ''პროფილში'', ''მძიმე კაცთან''. ერთი სიტყვით, მის გარშემო ატეხილმა სკანდალმა ბევრი აქტუალური ამბავი გადაფარა.
ჩვენ თინას დედას, ქალბატონ ვიკა მახარაძეს ვესტუმრეთ. ლამაზი, საინტერესო, გულახდილი და ემოციური რესპონდენტი აღმოჩნდა.

- თინა ბავშვობიდან აქტიური და გონებაგახსნილი იყო.
სამი წლიდან კითხვა დაიწყო. ჩემი მეორე შვილი, თამარი, თინაზე წლითა და სამი თვით არის პატარა, მაგრამ ერთად დადიოდნენ ბაღშიც, სკოლაშიც. რუსთავში ვცხოვრობდით.
2003 წელს გადმოვედით თბილისში. 8 თვეში მეუღლე გარდამეცვალა. დავრჩი სამი შვილით. ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესი გადავიტანეთ. ჩემი მეუღლე გახლდათ პაატა მახარაძე, ექიმი, ექოსკოპისტი. უნიჭიერესი, ძალიან სიმპათიური, თუ რამ კრიტერიუმი არსებობს კაცის დადებითად დასახასიათებლად, ყველას აკმაყოფილებდა. ერთადერთი ნატვრა მქონდა ცხოვრებაში, რომ ჩემს შვილებს ჩემნაირი ქმარი შეხვედროდათ.
- მეუღლესთან რამდენი წელი გაატარეთ?
- 15 წელი ცოლ-ქმარი ვიყავით. შემთხვევით დაბადების დღეზე გავიცანით ერთმანეთი, სახლში გამომაცილა და ყველაფერი ასე დაიწყო. ძალიან ლამაზი შეყვარებულობის პერიოდი გვქონდა.
- თავად რა პროფესიის ხართ?
- პედაგოგი ვარ. საბავშვო ბაღის დირექტორი ვიყავი, 5 წლის წინ გამათავისუფლეს. სამი შვილის შენახვა უმამოდ საკმაოდ რთული იყო ამ პერიოდში, მაგრამ თიკო მეხმარებოდა. ყოველთვის აქტიური იყო, 16 წლიდან მუშაობდა. ''ზუმის'' სახე გახლდათ. იმ პერიოდისა და ასაკისთვის საკმაოდ მაღალი ხელფასი ჰქონდა. და-ძმას ბევრ რამეს ყიდულობდა. 16 წლის ასაკში მეორე ქალიშვილი გამითხოვდა. ამ ზაფხულს მასაც დაეღუპა ქმარი ავარიით. 10 წელი ხდება, რაც ქმარი გარდამეცვალა. ამ ათი წლის განმავლობაში ისეთი ფსიქოლოგიური სტრესი გადავიტანეთ, ჯერ მეუღლის გარდაცვალების გამო... მალევე გამზრდელი ბიძა გარდამეცვალა. ის ყველაფერი იყო ჩემთვის, მამასავით მპატრონობდა. ამას მოჰყვა თიკოს ერთი ბაბუის გარდაცვალება, მერე სიძის სიკვდილი და მეორე ბაბუის წასვლა ამ ქვეყნიდან. ვერც ავხსნი, რა გადავიტანეთ ამ წლების განმავლობაში.

Rating

- შეიძლება, მეუღლის გარდაცვალების მიზეზი გკითხოთ?
- არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი. ტრაგიკულად გარდაიცვალა.
- ქალაქში ამბობენ, რომ პაციენტის ახლობელმა მოკლა.
- გამორიცხულია. პაატა იყო ექოსკოპისტი, ის მხოლოდ დიაგნოზს სვამდა. მკურნალობა არ იყო მისი პრეროგატივა. თავიდან გამოძიება დაყაჩაღების მუხლით მიმდინარეობდა, მაგრამ საათი, მობილური და საფულე თან ჰქონდა. კონკურენციაზეც საუბრობდნენ, ესეც გამოირიცხა. 9 გამომძიებელი გამოიცვალა და ეს საქმე დღესაც გამოუძიებელია. კორპუსთან მოკლეს. სახლში წამოსვლის წინ დამირეკა, რა წამოვიღოო, მკითხა. ეს იყო 2004 წლის 28 ოქტომბერს. ყველაზე ბოლოს ჩავედი, ზღვა ხალხი იყო შეკრებილი. საავადმყოფოში გადავიყვანეთ, აპარატზე იყო შეერთებული. ოცდამეერთე დღეს გარდაიცვალა. 7 ტყვია ჰქონდა ნასროლი. დღემდე წარმოდგენა არ მაქვს, ვის შეეძლო ამის გაკეთება. ყველასთან მეგობრობდა, ყველას უყვარდა. რა მაგარი პროფესია მაქვსო, ამბობდა, ყველას ვჭირდები, ბევრი ადამიანის დახმარება შემიძლიაო.
- მამის გარდაცვალება ბავშვებმა როგორ გადაიტანეს?
- თინა 14 წლის იყო მაშინ, თამუნა - 13-ის და გიორგი - 4-ის. შვილიშვილიც 4 წლის დამრჩა მამის გარეშე. პაატა ხშირად დადიოდა მივლინებაში. გიორგის ვუთხარით, რომ მამა დანიაში წავიდა. მოგვიანებით გავუმხილეთ სიმართლე. მაშინ მითხრა, მე ვიცოდი, უბრალოდ, არ გეუბნებოდითო.
პაატა შვილებს ძალიან დამოუკიდებლად ზრდიდა. გოგონებს ეუბნებოდა, 16 წლამდე გაგზრდით და მერე თავად მიხედავთ საკუთარ თავსო.
- პაატა შვილების პროფესიის არჩევაში თუ ჩარეულა?
- ყოველთვის ეუბნებოდა თინას, არ შეიძლება, ასეთი განსხვავებული არ უნდა იყო, ცხოვრებაში შენნაირის პოვნა გაგიჭირდებაო. წიგნებს ვუმალავდით. სახლში იკეტებოდა და გამუდმებით კითხულობდა, ფილმებს უყურებდა. ბავშვობიდან მსახიობობა უნდოდა. პაატა ჟურნალისტიკას ურჩევდა, თუმცა მის მსახიობობასაც მხარს უჭერდა. თინა 16 წლის იყო, პაატას მეგობარმა სოფიკო ჭიაურელთან რომ მიიყვანა სტუმრად. სოფიკომ ასეთი რამ უთხრა, - დედაჩემს, ვერიკოს, როცა პატარა იყო, აკაკი წერეთელმა უთხრა, შენ ასახელებ საქართველოს, დიდი მსახიობი დადგება შენგანო, ეს სიტყვები ჯერ არავისთვის მითქვამს და შენ გეუბნებიო. სიხარულისგან დაფრინავდა თინა. მალევე ჩააბარა თეატრალურში.
- თუ გაღიზიანებთ, როცა მას თამამი განცხადებების გამო აკრიტიკებენ?…
- თინა ჩემი შვილია, ჩემზე უკეთ არავინ იცნობს. რომ გითხრათ, თითოეული მისი ინტერვიუს ქვეშ კომენტარებს ვკითხულობ-მეთქი, ტყუილი იქნება. იმაზე მეტ ინფორმაციას საკუთარ შვილზე ვერავინ მომაწვდის, ვიდრე მე მაქვს. თინა ყოველთვის გამორჩეული იყო. როცა სერიალში ''გოგონა გარეუბნიდან'' თამაშობდა, ფრიალა სარაფნით ველოსიპედით დადიოდა სამსახურში. იცით, რა ამბავი მოჰყვა ამას? როგორ შეიძლებაო, ამბობდნენ. რა მოხდა მერე... ასეთია, მთელი არსებით თავისუფალი. არასდროს არავის ჭორავს, არავის ცხოვრება არ აინტერესებს. ხალხმა მისი ნათქვამი არასწორად გაიგო, ალეგორია იყო ეს და მეტი არაფერი.
- ძალიან ბევრი თამამი განცხადება იყო მის ინტერვიუებში, რომელს გულისხმობთ?
- ზოგადად ვლაპარაკობ. თუნდაც მისი ინტერვიუ ''მძიმე კაცთან''.
- ქრისტე კაი ტიპიაო, რომ თქვა?
- ეს მისი ლექსიკონია, ზოგი ქალზე არ იტყვის, კაი ტიპიაო, თინა ამბობს. ეს ქებაა მისთვის. არც ვიცი, როგორ აგიხსნათ. მუნჯის ენა დედამ იცისო, ხომ ამბობენ. მე ვიცი, თინამ რა კონტექსტშიც თქვა ეს. ეს არ იყო არავის შეურაცხყოფა, პირიქით. ნაწილმა დადებითად შეაფასა მისი გამოსვლა, ეს მახარებს. თინა ცუდს არაფერს აკეთებს. ნეტავ ყველას ჰყავდეს თინასნაირი შვილი, და, შვილიშვილი, მეგობარი. ვამაყობ, რომ თინა მახარაძის დედა ვარ! ჩემი ქმარიც იამაყებდა, ცოცხალი რომ იყოს. თინა უზომოდ სუფთა ადამიანია, კეთილი.
- თქვენთან ცხოვრობს?
- რა თქმა უნდა.
- ზოგჯერ შეყვარებულთან ვრჩებიო, რომ თქვა...
- მერე რა არის ამაში განსაკუთრებული? ხშირად რჩება კიდეც.
- ბოიფრენდი მყავსო, ხაზი გაუსვა...
- ადრე ამას შეყვარებულს ეძახდნენ, დღეს ბოიფრენდი ჰქვია. რა არის ამაში ცუდი, რომ უყვარს? ხუთი წელია ერთად არიან.
- თქვენთვისაც მისაღებია ტაბუირებულ საკითხებზე ხმამაღლა საუბარი?
- მაგალითად?
- ორალურ სექსზე.
- თინა კონკრეტულად და მხოლოდ ორალურ სექსზე არ ლაპარაკობს, თქვენც ასე გაიგეთ? მან თქვა, რომ სანამ საზოგადოებაში იარსებებს ტაბუდადებული თემები, ხელოვნება და სოციუმი არ განვითარდებაო. ეს იყო მეტაფორული გამონათქვამი, კიდევ ვიმეორებ, ეს იყო ერთგვარი ალეგორია აზრის გასავრცობად და უფრო გასაგებად ჩამოსაყალიბებლად. ჩემზე დიდი კრიტიკოსი თინას არ ჰყავს.
- მაგრამ დედა ალბათ ყველაზე მეტად ნერვიულობს, როცა მისი შვილია პირველი.
- რაშია ჩემი შვილი პირველი?
- საუბრობს იმ თემებზე, რაზეც სხვები საჯაროდ არ ლაპარაკობენ.
- ნუ ეკითხებიან! ასეთ კითხვებს უსვამენ და ისიც ღიად და გულწრფელად პასუხობს თავის მოსაზრებებს. არ არის საინტერესო ეს სექსის თემა. ვისი რა საქმეა, ვის როგორი სექსი აქვს? მდაბიო თემაა. ეს იგივეა, ცოლ-ქმარი დადგეს და მოჰყვეს, როგორ ეფერებიან ერთმანეთს. გაინტერესებთ? მე ნამდვილად არა.
- თქვენ გესმით სიტყვა ბოზის მნიშვნელობა?
- ვის ეძახიან საქართველოში ბოზს, შეიძლება, მეორედ რომ შეგიყვარდეს, ბოზი დაგარქვან. შეიძლება, ოჯახი დაენგრეს ადამიანს, მეგობარი კაცი გაიჩინოს და მასაც ბოზი დაუძახონ, ჩვენთან სამჯერ განათხოვარსაც ბოზს ეძახიან. მე მათი ცხოვრება არ მაინტერესებს.
იმდენად დატვირთული პირადი ცხოვრება მაქვს, ისე ვარ ჩაფლული შვილების, შვილიშვილის ცხოვრებაში, სხვისით აღარ ვინტერესდები. მე დღეს ქმარი არ მყავს, როგორ შეიძლება, სხვა ქალი განვიკითხო? დღეს მარტო ვარ, ხვალ არ ვიცი ვინ შემხვდება, ვინ შემიყვარდება. თუმცა ჩემს ასაკში, 46 წლის ვარ, სიყვარული უკვე ნაკლებ მოსალოდნელად მეჩვენება, ეს გრძნობა უფრო ადრეულ ასაკში მოდის.
- ამ ათი წლის განმავლობაში არავინ შეგყვარებიათ?
- იცით, მე იმდენად კარგი ქმარი მყავდა, დღემდე შეყვარებული ვარ მასზე. სულ რომ არავინ შემხვდეს ამის შემდეგ, ის წლები მთელი ცხოვრება გამყვება მოსაგონებლად. მაგრამ თუ შემხვდება ადამიანი, რომელსაც ისევე ვეყვარები, ისევე გამიფრთხილდება, როგორც პაატა, რატომაც არა? ყოველ დილით ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი, ასეთი ადამიანი რომ მყავდა ცხოვრების თანამგზავრად. ცხოვრება თავიდან რომ დამეწყო და რომ მცოდნოდა, კვლავ ისეთივე ბედი მექნებოდა, ისევ პაატას გავყვებოდი, რომ ის 15 წელი კვლავ განმეორებულიყო. დღესაც რამეს რომ ვყიდულობ, ვფიქრობ, პაატას მოეწონებოდა თუ არა, დღემდე მას ვეპრანჭები. რომ გარდაიცვალა, 40 დღე მის თეთრეულში მეძინა, მის ბალიშზე მედო თავი, მისი სუნი მინდოდა მეგრძნო, მისი ტანისამოსი მეცვა. რომელ თავის მოვლაზე იყო ლაპარაკი. საწოლიდან აღარ ვდგებოდი. მეგონა, სუნთქვას ვერ შევძლებდი მის გარეშე. ყველაფერი დამთავრდა მაშინ ჩემთვის. მერე დამესიზმრა და მისაყვედურა, თავს მოუარეო. ჩავიხედე სარკეში და გავაცნობიერე, რომ ათი წლით დაბერებული ვიყავი. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა. ნელ-ნელა მოვიკრიბე ძალა და... ამიტომ მწყდება გული, გარშემო ამდენ შურსა და ბოღმას რომ ვხედავ. რომ მცოდნოდა, ასე ხანმოკლე იქნებოდა ჩემი ბედნიერება, ხომ უფრო მეტს მოვეფერებოდი, მეტს ჩავეხუტებოდი, მეტს ვიფიქრებდი იმაზე, რა ესიამოვნებოდა.
- თინას შეყვარებული მოგწონთ?
- ძალიან მიყვარს. კარგი ბიჭია, განათლებული. ერთნაირები არიან, ამიტომ უგებენ ერთმანეთს. ყველას აინტერესებს, რატომ არ თხოვდება ამდენხნიანი ურთიერთობის მერე თინა. ამას თავისი მიზეზი აქვს. თინა დამოუკიდებელია, ფიქრობს, რომ ჯერ მყარად უნდა დადგეს ფეხზე, ბევრი იშრომოს, იმუშაოს, განვითარდეს და საკუთარი შვილის გაზრდა თავად შეძლოს.
- სერიალში თინას გმირი მოგწონთ?
- კეთილი გოგო ჩანს. თინას მხოლოდ ამ სიკეთით ჰგავს. თინას ყველა ეცოდება, ყველა უყვარს, შეძლებისდაგვარად ყველას ეხმარება. ხელფასს რომ იღებს, ოჯახის წევრების საჩუქრებში ხარჯავს და ეს აბედნიერებს.
- სერიალში მის დედას ჰგავხართ?
- (იცინის) არა, მაგრამ ძალიან მიყვარს ნინო ბურდული, საინტერესო ტიპაჟი შექმნა.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 59 /
მამულა
დედა ნახე ...შვილი მერე გამონახე
00:35 / 16-05-2017
გამოხმაურება / 0 /
თეა
ყველანი ბოღმები და შურიანები ხართ , უზომოდ დიდი ცხვირები გაქვთ და იქექებით სხვების ცხოვრებაში,გგონიათ მარტლები ხართ და ამით იმშვიდებთ გულს.ვაი თქვენ პატრონს
04:46 / 02-12-2016
გამოხმაურება / 0 /
მედეა.
არ გამიკვირდა თინას ასეთი "თავისუფლება"? ამ ქალის გაზრდილი , სხვანაირი არ იქნებოდა.
23:07 / 01-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ბუსა
"ქართველობა" –ს მინდა მიოვმართო, თუ რასაც წერ მართალია და თავი სიმართლის მთქმელად მიგაჩნია, რატომ არ წერ შენს ნამდვილ სახელს, ფსევდონიმს რომ ამოფარებულხარ. ვიოლა სხვებისგან განსხვავებული ლაღი გოგონა იყო, რაც რუსთავში შენნაირი დედაკაცებისთვის, (ზუსტად ვიცი რომ ქალი ხარ) დაბოღმვის და განკითხვის მიზეზი იყო. პატარა ვიყავი ვიოლას რომ დავინახავდი მიხაროდა იმდენად ლამაზი და უცხო იყო იმ ბნელ გარემოში, ერთ სკოლაში ვსწავლობდით და მართლაც ყველასგან გამორჩეული იყო. ბავშვი ვიყავი და ვცდილობდი მიმებაძა ვარცხნილობაში, ჩაცმაში, ახლაც მეღიმება. შენ კი ნაგავი ხარ ვიღაცა ხარ
15:55 / 30-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ემიგრანტი
ა, რამდენი ბედნიერი ადამიანი დადის საქართველოში , აწყობილი ცხოვრება- მატერიალური, პირადი და რა ქნას მეტი გულს ირთობენ სხვისი ცხოვრების ქექვით.
20:03 / 28-11-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS