ამბობს, რომ მონაწილეების კოსტიუმებზე სამუშაოდ სულ 3-4 დღე აქვს. დიზაინერი AMBEBI.GE-ს შოუზე, კონკურსანტებსა და თავის საქმეზე ესაუბრა. მას პროექტში უდიდესი როლი აქვს:
"ეს შოუ თავისთავად უნიკალურია იმ კუთხით, რომ საქართველოში ერთადერთი საერთაშორისო პროექტია, რომელიც „ნოვა პროდაქშენის“ და „პირველი არხის“ მიერ კეთდება... ჩემი მოვალეობაა,
- კოსტიუმებზე მუშაობისას თქვენთვის ამოსავალი რა არის?
- ამოსავალი, პირველ რიგში, სიმღერაა - ყოველთვის სიმღერიდან ამოვდივარ. შემდეგ კონკურსანტზე იმ იდეის მორგება, რომელიც სამუშაოს შესრულების მიზეზს მაძლევს - ინსპირაცია უპირველესად სიმღერაა.
თითოეულის მუსიკალური ნომერი, ვინ რას შეასრულებს, რამდენიმე დღით ადრე ვიცი ხოლმე და კოსტიუმებს 3-4 დღეში ვქმნი.
- კრიტიკულად განწყობილი ინტერნეტმომხმარებელი კომენტარებში წერს ამა თუ იმ კონკურსანტის სამოსზე. ცოტა ხნის წინ ბარბარა სამხარაძის სასცენო კოსტიუმი არ მოეწონათ - "საღამურით იყო სცენაზე და ვინ ქმნის მისთვის ამ ტანსაცმელსო". რას ეტყოდით ასეთ ადამიანებს?
- ვეტყოდი, რომ ცოტა უფრო თავისუფლები იყვნენ შეხედულებებში და თავს ნუ შეიბოჭავენ... მიმაჩნია, რომ ყველას უხდება ის, რასაც ვურჩევ. ყანჩელის ტურზე რაც ეცვა, სიმღერას და ბარბარასაც მშვენივრად მოუხდა.
- რაიმე გამორჩეული ფერი ხომ არ გაქვთ, რომელსაც მუდმივად ყველა ნამუშევარში იყენებთ?
- არა, ასეთი დამოკიდებულება არ მაქვს. ყველა ფერი მიყვარს და მით უფრო, ბავშვების შემთხვევაში, ამ ყველაფერს სიმღერიდან გამომდინარე ვირჩევ.
- ყანჩელის მუსიკამ კოსტუმების შესაქმნელად რა შთაგონება მოგცათ?
- ინსპირაციულად საინტერესო სამუშაოა, მოგეხსენებათ, ის იყო კომპოზიტორი, რომელიც ქმნიდა დრამატურგიულ მუსიკას - მუსიკას კინოსა და თეატრისთვის. მის თითოეულ ნამუშევარში, თუნდაც სპექტაკლებიდან გამომდინარე, არის დრამატურგია. ასე რომ, ძალიან საინტერესოა, იმიტომ, რომ მე თეატრის მხატვარიც ვარ. ამდენად, ყანჩელის მუსიკაზე მუშაობა ჩემთვის უფრო მარტივია, ვიდრე სხვა თემაზე.
გაცილებით რთულია, როდესაც საქმე თანამედროვე ესტრადას ეხება, ხალხმა იცის ორიგინალურ ვერსიაში, რა აცვია შემსრულებელს და იმის გადახვევა ცოტა ჭირს ხოლმე.
- მუშაობისას კონკურსანტების პრეტენზიებს არ ითვალისწინებთ?
- ჩემი მიზანია, რომ ადამიანი იყოს ლამაზი და ამიტომ, ეს პრეტენზიები არ მიიღება - არ ვითვალისწინებ.
- ცაიტნოტის გამო რაიმე რთული სიტუაცია ხომ არ შეგქმნიათ, მაგალითად, ვინმეს სამოსი ვერ მოესწრო.
- ასეთი არასდროს მომხდარა. თუმცა, ყოფილა, რომ დილით, ლაივის დღეს მომიტანია, არ მორგებია და შემდეგ მისი გადაკეთება, ან ახლის შეთხზვა დამჭირვებია. ისინი კოსტიუმებს ხომ კონცერტის დღეს ირგებენ და სწორედ იმ დღეს ხდება საბოლოოდ გადაკეთება, რისთვისაც მთელი ერთი დღე გვაქვს. წარმოიდგინეთ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მკერავი მუშაობს.
- "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტებზე რას გვეტყვით... თქვენი ფავორიტი ვინ არის?
- ფავორიტის დასახელება არაკორექტული იქნება. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ძალიან ძლიერი კონკურსანტები არიან. წარმატებები ყველას და ვინც კი წავა „ევროვიზიაზე“, ყველა წარმატებული იქნება...