ვინ არის პროფესიით, როგორ უვლის თავს, რა გეგმები აქვს და რა მოთხოვნები გოგონას, რომელმაც პარლამენტის წინ კარავში ღამე გაათენა, ამას 27 წლის ლიკა გამრეკელის ინტერვიუდან შეიტყობთ.
- ლიკა, ვინ ხართ პროფესიით?
-
- ამბობენ, რომ ამ აქციების მოწყობის სანაცვლოდ დიდი თანხა შემოგთავაზეს, რა დაინტერესება გაქვთ?
- ეს არის სასაცილო ბრალდებები, მწირი შესაძლებლობები გვაქვს, რაზეც ჩვენი კარავიც კი მეტყველებს. ოპონენტების ბრალდებები სასაცილოა, მით უფრო მაშინ, როცა მათ აქვთ დიდი ფული, აქვთ ყველაფერი, აქტიურები არიან, ბევრი კარვები აქვთ და ა.შ, რასაც დიდი თანხები სჭირდება. მე უბრალოდ ვაფიქსირებ ჩემს გულწრფელ პროტესტს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში.
- რას გვეტყვით თქვენს მეწყვილეზე - შაკო კუჭაშვილზე?
- შაკო ჩემზე ათი წლით პატარაა და ვუყურებ, როგორც პატარა მეგობარს. მას აქვს ჯანსაღი აზროვნება, რაც მისი ასაკის თაობაში იშვიათია. ის არის აქტიური ადამიანი, რომელსაც არანაირი პროტესტის გამოხატვის არ ეშინია.
- რატომ გაშალეთ კარავი პარლამენტთან, რას ითხოვთ?
- პარლამენტის წინ კარვის გაშლა იმიტომ გადავწყვიტეთ, გვინდა, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ნაცმოძრაობის და მისი ანასხლეტების გარდა არსებობს სხვა აზრიც. ჩვენს ლეგიტიმურ უფლებას ვიყენებთ, რის საშუალებასაც არ გვაძლევდა „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულში, მშვიდობიანი პროტესტი გვაქვს. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ებრძვის „ქართულ ოცნებას“, ისინი ებრძვიან ხალხს, რომელმაც თავის დროზე ისინი მოაშორეს მთავრობას და აუცილებლად მოაშორებენ ქუჩებიდანაც.
- თქვენი ოჯახის წევრებს რა რეაქცია აქვთ თქვენს აქტიურობაზე?
- ოჯახს აქვს მწვავე რეაქცია. 17 წლიდან ვაქტიურობ და დედაჩემი სულ სტრესშია, თუმცა, ეს პერიოდი იმ პერიოდს ვერ შეედრება, რადგან ნაცები მიჭერდნენ, მცემდნენ, ოთხჯერ წინასწარი დაკავების იზოლატორშიც ვიყავი. ახლანდელ მდგომარეობას რაც შეეხება, ცუდია, როცა შვილმკვდარი მამა - მალხაზ მაჩალიკაშვილი გვაყენებს შეურაცხყოფას ახალგაზრდებს. ნაცები იგივე ენით გველაპარაკებიან, ტრაგედიაა, როცა ნაცები ისევ არსებობენ ამ ქვეყანაში და იგივე ენით განაგრძობენ ჩვენთან საუბარს.
- სოციალურ ქსელში, შეიძლება ითქვას, შეურაცხყოფასაც გაყენებენ, ზოგი ტონალურის შეცვლას გირჩევთ, ზოგი ბოტოქსას გიწოდებთ, როგორ უვლით თავს და საერთოდ თუ გაქვს ბოტოქსი გაკეთებული?
- ძალიან სასაცილოა ამას რომ ამბობენ, მინდა ვთქვა, ტონალურს საერთოდ არ ვიყენებ. არანაირი პლასტიკური ოპერაცია არ მაქვს გაკეთებული და არც ბოტოქსი გამიკეთებია ჯერჯერობით - არ მჭირდება. მგონია, ამას იმიტომ წერენ, რომ ჩემს ნერვებს ცდიან. იცოდნენ, მაგარი თმენის უნარი და რკინის ნერვები მაქვს. ეს ნერვები კი ნაციონალურმა მოძრაობამ და მაშინდელმა რეჟიმმა გამომიმუშავა.
- სამომავლო გეგმები როგორია?
- ვეცდები, შევასრულო ის, რასაც ვაკეთებ. ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალური გავაკეთო და მთლიანად ჩავდო საკუთარი ენერგია საქმეში, რომელსაც ვაკეთებ. სხვა გეგმებზე ამჯერად არ ვისაუბრებ.
- პოლიტიკაში მოსვლა გამორიცხულია?
- ამბობენ, არასდროს თქვა არასდროსო. რადგან ბევრი წელია პოლიტიკაში ვარ ჩართული და რეჟიმის მსხვერპლი ვარ, არ გამოვრიცხავ პოლიტიკაში მოსვლას. შეიძლება არც მოვიდე ხელისუფლებაში, მაგრამ მუდმივად ვიდგები მშვიდობის და ხალხის დასაცავად. თუ საჭირო გახდა ჩემი პოლიტიკაში მოსვლა, ალბათ მოვალ კიდეც.