ამ უცნაურ, საინტერესო ხელოვან გოგონას ივანე გოლიაძის დახმარებით დავუკავშირდით. ნატალია თავის სამყაროში ცხოვრობს. 30 წლის ასაკში ჯერ კიდევ ვერ უპოვია საკუთარი თავი და დანიშნულება, რატომ დაიბადა. ვფიქრობთ, მისი ინტერვიუ მკითხველს დააინტერებს.
- თბილისში დავიბადე, დედასთან ერთად ვცხოვრობ. მყავს ძაღლი, რომელიც ხშირად კატა ჰგონიათ (იღიმის). მეგობრებიც მყავს, მაგრამ მაინც მარტო ვარ. ხანდახან დედა მეუბნება, ძა-ლიან თავისუფალი ხარ, მე ასეთი არ გამიზრდიხარო, მაგრამ შინაგანად მოდის. დედა ბავშვობიდან ბაიყუშს მეძახდა, არ მომწონდა, სტუმრები რომ მოდიოდნენ სახლში, ჩუმად ვიპარებოდი. სკოლაში ცუდი მოსწავლე ვიყავი. რამდენიმე სკოლა გამოვიცვალე. სიმართლე გითხრათ, კლასელებიდან ბევრის სახელიც არ მახსოვს. საერთოდ სხვაგან, სხვა სამყაროში ვცხოვრობდი. მქონდა პერიოდი, როდესაც ყველაფერზე ვწერდი, მზეზე, სამყაროზე, საკუთარ მისიაზე დედამიწაზე, მაგრამ ამ მისიის დანიშნულებას დღემდე ვეძებ, ვერ ამოვხსენი. ვხატავდი, მაგრამ ამანაც გაიარა. არ მომწონდა ჩემი ნახატები, უბრალოდ, ნერვებს ვიწყნარებდი.
- ბავშვობაში რა პროფესიაზე ოცნებობდი?
- მოდელობაზე ვფიქრობდი, მაგრამ არა ისე, რომ აწყობილი ვყოფილიყავი ფოტოშოპით
ან იდეალურად მქონოდა მაკიაჟი, ამიტომ არ მიყვარს ყოველდღიური გადაღებები. თითოეულ ფოტოსესიაში იმდენ ემოციას ვდებ, რომ შემდეგ გარკვეული პერიოდი განტვირთვა მჭირდება. პაუზას ვიღებ.
- შეგიძლია, შენი პირველი სერიოზული ნაბიჯი გაიხსენო?
- რეალურად ცხოვრებაში არაფერს ვაკეთებდი, ოცნებებში ვცხოვრობდი. დედა ერთ-ერთ ტელევიზიაში მუშაობდა და შემდეგ მეც ჩამსვა შტატში, მაგრამ სამსახურში მეძინებოდა. როგორც კი საქმეს ყოველდღიური სახე ეძლეოდა, ვალდებულება ხდებოდა და აღარ მინდოდა.
- ვინ არიან შენი მეგობრები?
- მეგობრები მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ. თავიდან ძალიან საყვარელი ვარ, მაგრამ შემდეგ ძალიან მძიმე ვხდები. პირველი მე მივდივარ, როდესაც ვხვდები, რომ ვიღაცას ჩემი არ ესმის ან დაიღალა.
- ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებოდა...
- დიახ, იყვნენ, თუმცა მე მარტივად ქუჩაში არავინ მომწონებია. ამ დროს ადამიანს უნდა ვიცნობდე და პირადად მოდიოდეს მისგან რაღაც, თორემ მას საერთოდ ვერ აღვიქვამ. მაგარი ''ფლირტისტი'' ვარ. საოცრებას ვატარებდი ხოლმე და როდესაც ვხვდებოდი, რომ ის ადამიანი საინტერესო არ იყო, ვემშვიდობებოდი.
- როგორია შენი იდეალური მამაკაცი?
- დღემდე ვფიქრობ, როგორ მამაკაცთან ვიცხოვრებდი – ალბათ, ფსიქოლოგთან, ოღონდ ძალიან ძლიერ სპეციალისტთან. დედა ჩემზე ნაკითხია, მაგრამ ცხოვრებისეულად უფრო მეტი ვიცი მასზე. ყოველთვის მეუბნება, რომ მე ყველას ვენდობი, მაგრამ რეალურად - არავის.
- ნატალია, შენი ნუდი ფოტოები პირველად ფოტოგრაფ ივანე გოლიაძის არქივში აღმოვაჩინე და ძალიან გამიკვირდა, რადგან იშვიათია ქართველი გოგონა, რომელიც მსგავს ფოტოსესიაში სახეს არ მალავს.
- პირველი ვიყავი ამ სფეროში, რომელმაც სახე გამოვაჩინე, მერე სხვებმაც დაიწყეს. სხვათა შორის, მაშინ ჩემზეც იკითხეს, ქართველი თუ ვიყავი. ჩემი აზრით, მთავარია, საზოგადოება არ გააღიზიანო. არც ერთი ცუდი კომენტარი არ მინახავს ჩემს ფოტოებზე და არავის აღუქვამს პორნოგრაფიად. დედა ჩვეულებრივად შეხვდა ამ ამბავს, რადგან კარგად მიცნობს. ჟურნალში დაბეჭდილიც რომ ნახა, მითხრა, რა აზრი აქვს, რომ გელაპარაკო, მაინც იმას გააკეთებ, რაც გინდაო.
- თუმცა წლების წინ ქართულ ''პლეიბოიში'' გახდაზე უარი თქვი.
- დიახ, იმიტომ, რომ დაკვეთილ პოზებს ვერასოდეს მივიღებ. კლუბში ვიყავი, ''ჰელოუინის'' საღამო იყო და იქ გამესაუბრა ''პლეიბოის'' წარმომადგენელი, თქვენი ფოტოები ვნახეო და 500 ლარი შემომთავაზა მათთან გადაღებაში. ვუთხარი, 500 ლარი კი არა, მილიონი რომ გადამიხადოთ, არ მინდა-მეთქი. – რატომ, ისინი ხომ შენი ფოტოებია, სადაც გაიხადეო? – ჩემია, მაგრამ მე როცა ''მისწორდება'', მაშინ ვიღებ-მეთქი.
- ქუჩაში სიარულისას რამდენად თამამია შენი ჩაცმულობა, იმიჯი?
- ერთი პერიოდი ცოტა სხვანაირად ჩაცმული დავდიოდი და ვხვდებოდი, რომ ხალხს ვაღიზიანებდი. ოღონდ ეს არ იყო ვულგარული. ერთი შემთხვევა მახსენდება, სახლში დავაგვიანე და დედამ კარი არ გამიღო, მოკლე შორტი მეცვა, რომელსაც უკან ეწერა Fრეე შეხ. მაშინ 19 წლის ვიქნებოდი, ჯიბეში მხოლოდ 50 თეთრი მქონდა და გადავწყვიტე, სამარშრუტო ტაქსით მეგობართან წავსულიყავი. ძალიან დაძაბული გარემო შეიქმნა, ქალები მძიმედ მიყურებდნენ, მაგრამ ვერაფერს მეუბნებოდნენ. საერთოდ, შეიძლება, შიშველი ვიდგე და ისეთი სახე მქონდეს, რომ ვერავინ ვერაფერი გამიბედოს, რადგან შინაგანად არ ვარ შიშველი. ამ დროს არასოდეს მეშინია ჩემი სხეულის სიშიშვლის. ამიტომ არ ვეუბნები ფოტოგრაფებს, რომ თავი მომაჭრან და მხოლოდ ჩემი შიშველი მკერდი გადაიღონ. ეს ისეთივე რამ არის, რომ მთელი ცხოვრება ქმარი გყავდეს და ოცნებებში სხვასთან ღალატობდე. ჩემთვის ეს უფრო ღალატია. მაგას სჯობია, წახვიდე, გააკეთო და შემდეგ ინანო, ან მოგეწონოს და ქმარს დაშორდე.
- შენი სასიყვარულო ურთიერთობა გათხოვებამდე არასოდეს მისულა?
- არა, რადგან იმ მამაკაცებს ვგავარ, დაოჯახებას რომ გაურბიან. არასოდეს არ მინდოდა გათხოვება. შვილის გაჩენის შიში მქონდა და თან ვიცოდი, როგორი იქნებოდა ოჯახური ურთიერთობა შემდეგ.
- შვილის გაჩენის შიში რატომ გაგიჩნდა, ეს გრძნობა დღემდე მოგყვება?
- საერთოდ დამავიწყდა, რომ შეიძლება, შვილი მყავდეს, იმდენად შევეჩვიე მარტოობას. მე ჯერ საკუთარი თავი ვერ ვიპოვე და ამ ცხოვრებაში არ ვარ დამკვიდრებული.
- მოდელობა არასოდეს გიცდია?
- დიახ, ჭავჭავაძეზე ერთ-ერთ სტუდიაში დავდიოდი, რაღაც კონკურსზეც გამოვედი, მაგრამ ვერ მწურავდნენ და ეს მკლავდა. არ შემიძლია, როცა ვერ მხედავენ.
- სხვა ქვეყანაში რომ წასულიყავი კარიერის გასაკეთებლად?
- დედას მარტო ვერასოდეს დავტოვებ. გერმანიაში ვიყავი და შემეძლო გამერისკა და დავრჩენილიყავი, მაგრამ დედა თბილისში მელოდება. მარტო რომ ვიყო, შეიძლება, იმ დონეზე გავრისკო, რომ ვიცოდე მოვკვდები, მაგრამ თუ ერთი პროცენტი მაინც არის, რომ მიზანს მივაღწევ, გავრისკავ.
- ნატალია, ბოლო დროს ძალიან მოდაშია ინტერვიუები, სადაც ცნობილი ადამიანები სტერეოტიპებს ანგრევენ. ისინი ღიად ლაპარაკობენ სექსის თემაზე, შემდეგ ამას სოციალურ ქსელში აქტიური განხილვა მოსდევს.
- ჩემი აზრით, სექსი დახურული თემაა და ყველა იმას აკეთებს, რაც უნდა. სექსი იქადაგო, ეს სისულელეა. მე შემიძლია მოვყვე ემოციების, გრძნობების შესახებ ადამიანზე, რომელიც მომწონს, მაგრამ იმასთან რას ვაკეთებ, ეს არავისთვის არ უნდა იყოს საინტერესო, რეალურად ამით საზოგადოება უფრო კომპლექსდება და უარესს ვიღებთ. ეს თავისუფლება არ არის.
- მეორე აქტუალური თემაა მარიხუანის დეკრიმინალიზაცია.
- მარიხუანა ჩემთვის ბალახია, უფრო საშიშია ალკოჰოლი. მთვრალ ადამიანს უამრავი დანაშაული ჩაუდენია, მაგრამ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ რომ ვინმეს კაცი მოეკლას, არასოდეს გამიგია.
- ნატალია, კლუბებში თუ დადიხარ?
- იყო პერიოდი, რომ ხშირად დავდიოდი, მაგრამ მერე ამოვწურე. მე ზუსტად ვიცოდი, რომ იქ ცეკვისთვის მივდიოდი. ერთხელ მეგობარმა გოგონამ მითხრა, კლუბში ბიჭებთან წასვლა არ მინდა, არადა, მარტო ვერ მივდივარ, ყველა მეკიდებაო. საცურაო კოსტიუმის ლიფით მიცეკვია თბილისურ კლუბში, მაგრამ ახლოს არავინ მოსულა და ზედმეტი არ უთქვამს.
- ნატალია, მარტოობასაც ხომ აქვს თავისი მინუსები, ხანდახან მაინც არ გინდა, რომ ვინმე ზრუნავდეს შენზე?
- კი, თუმცა ეს ხანდახან მინდა და ვიღებ ხოლმე.
- გულს სტკენ მამაკაცებს, როდესაც ტოვებ?
- არ მჯერა, რომ მათ ამის გამო სტკივათ. რაღაც არ მახსოვს ასეთი ადამიანი.
- შენი შიშველი ფოტოების სერიიდან ოთახში თუ გაქვს რომელიმე გაკრული?
- დიახ, ერთი პერიოდი ძალიან მომენატრა გადაღებები და მქონდა პერიოდი, როდესაც ვუყურებდი ფოტოებს და იმ განცდებს ვიხსენებდი, რასაც გადაღების დროს ვგრძნობდი.
- მამაკაცთანაც გაქვს პიკანტური ფოტოსესია.
- ამ სერიას ჰქვია ''ერთად, მაგრამ ცალ-ცალკე''. ეს სერია იკა პირველს ეკუთვნის, ქალი და მამაკაცი სხეულით ერთად არიან, მაგრამ რეალურად ორივე სხვაზე ფიქრობს. დედა მეუბნება, რომ 30 წლის ვარ და აქამდე არაფერი გამიკეთებია. რეალურად ასე არ ვფიქრობ, რადგან იმედი მაქვს, რომ ჩემს ფოტოებს ოდესმე ვინმე, როგორც ფილმს, ისე დაინახავს. ერთხელ იტალიაში შემომთავაზეს ფილმში მონაწილეობა, მაგრამ ენის ბარიერის გამო ვერ წავედი. ახლა რომ დამირეკოს რეჟისორმა, რას ვიზამ? - არ ვიცი, როლს გააჩნია. თუ შევასრულებდი, ძალიან კარგად, ბოლომდე, ასი პროცენტით დავიხარჯებოდი.
- რამეს ნანობ წარსულიდან?
- არა, არაფერს. არ მიყვარს ჩემი შეცდომები. ჩემი სიძლიერე ისაა, რომ რაც არ მინდა, რეალურად არ აღვიქვამ. როდესაც საყვარელი ადამიანი გარდაიცვლება, არ ვაცნობიერებ, არ ვი-ჯერებ, რომ ასე მოხდა.
- დასასრულ, მითხარი, რაზე ოცნებობ?
- ახლა არ მინდა რაღაცის კეთება, რაც გავაკეთე, ის დამიფასდეს და რაც მთავარია, სწორად დაინახონ.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''