31 მარტი, 2014
„მის საქართველო 2013“ ანა ზუბაშვილი მშობლიური ცხინვალის ნახვაზე ოცნებობს
„მის საქართველოს“ ტიტული დიდ პასუხისმგებლობას მანიჭებს, პირველ რიგში, ქვეყნის წინაშე, რადგან საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო მე უნდა წარვადგინო „მის საქართველოს 2013“-ის გარეგნობაში ყველა, პირველ რიგში, მის თმის ფერს აქცევს ყურადღებას. ბევრი აღნიშნავს, რომ წელს განსხვავებული და საინტერესო გარეგნობის „მის საქართველო“ გვყავს. ბავშვობაში კი ანას „რიჟას“ რომ ეძახდნენ, ძალიან არ მოსწონდა. უნდოდა, მეგობრების მსგავსად მასაც შავი თმა ჰქონოდა. გაიზარდა და მიხვდა, რომ მისი გარეგნობის ერთ-ერთი პლუსი სწორედ თმის ფერია. ანას თავის ცხოვრებაზე ვესაუბრეთ. „მის საქართველო“ წარმოშობით ცხინვალიდანაა,
თუმცა მშობლიური მხარე არასდროს უნახავს.

„ბავშვობაში „რიჟას“ რომ მეძახდნენ, მწყინდა“

- ფოტოზე ჩემი მშობლები არიან, რომლებიც წარმოშობით ცხინვალიდან გახლავან. 1991 წლის ომის შემდეგ მათ საკუთარი ტერიტორიის დატოვება მოუხდათ. ჯერ გორში, შემდეგ კი თბილისში დაიმკვიდრეს თავი. მშობელი ყველასთვის ძალიან საყვარელია. მეც ვფიქრობ, რომ საუკეთესო მშობლები მყავს. მიუხედავად რთული პერიოდისა, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ კარგ გარემოში აღვზრდილიყავით.

Rating

- გყავს ოსი ნათესავები?
- მამიდაჩემის ქმარი ოსია. მამიდაშვილები ოსები არიან.
- მათთან გაქვს ურთიერთობა?
- რა თქმა უნდა, მათთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. წლებია, მოსკოვში ცხოვრობენ. ზაფხულობით ჩვენთან სტუმრად ჩამოდიან ხოლმე.
- რამდენი დედმამიშვილი გყავს?
- უფროსი და მყავს, ლიკა, ძმა უმცროსია, მეათე კლასში სწავლობს.
- ცხინვალში ხარ დაბადებული?
- მე თბილისში დავიბადე. ჩემი და ათი თვის იყო, როდესაც მშობლებს ცხინვალის დატოვება მოუხდათ. მე და ჩემი ძმა თბილისში დავიბადეთ. სამწუხაროდ, მხოლოდ გადმოცემით ვიცი, ცხინვალი როგორი იყო. დიდი იმედი მაქვს, ოდესმე ჩემს მშობლიურ ქალაქს ვნახავ. ჩემი მშობლების ოცნებაც ესაა, უნდათ, როდისმე დაბრუნდნენ თავიანთ მშობლიურ მხარეში.

Rating

- ბავშვობაში წითელი თმისა და ჭორფლის გამო, ალბათ, პეპის გეძახდნენ.
- გარეგნობით ყოველთვის გამოვირჩეოდი სხვებისგან. მეგობრები და უფროსები პეპის და „რიჟას“ მეძახდნენ. „რიჟას“ რომ მეძახდნენ, ცოტათი მწყინდა. თან მხოლოდ მე და ჩემი და ვიყავით ასეთი ფერის თმით და გული მწყდებოდა. ბავშვობაში ჩემს დასთან ერთად ფოტო გორში მაქვს გადაღებული. რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ ჩემი თმა ჩემი პირველი პლუსია. თმა დამეხმარა ასეთი წარმატების მიღწევაში.
- ვის ჰგავხართ დები თმის ფერით?
- გადმოცემით ვიცი, რომ პაპაჩემის ძმას ჰქონდა წითელი ფერის თმა. ჩემი ძმაც შავგვრემანია.
- ბავშვობაში რა ფერის თმაზე ოცნებობდი?
- ჩემს მეგობრებს შავი თმა ჰქონდათ და ძალიან მინდოდა, მეც მათი მსგავსი ვყოფილიყავი.
- ახლაც იგივე სურვილი გაქვს?
- არასდროს შევიღებავ და არასდროს შეველევი წითელ თმას. ჩემი თმის ფერი მართლა ღვთის წყალობაა.
- მომდევნო ფოტო ბავშვობაში სად გაქვს გადაღებული?
- ქობულეთში. ეს ფოტო ძალიან მიყვარს. სახალისოა.
Rating

- რომელ სკოლაში სწავლობდი?
- თავიდან გორში ვსწავლობდი, მეთორმეტე საჯარო სკოლაში. მეექვსე კლასიდან თბილისში გადმოსვლამ მოგვიწია და სწავლა თბილისში გავაგრძელე.
- მომდევნო ფოტოზე ვისთან ერთად ხარ?
- ჩემს ბიძაშვილებთან ერთად. ფოტოს დავარქვით მა მები და შვილები. სამწუხაროდ, ასეთივე ფოტო დედები და შვილები არ გვაქვს.

Rating

- ბავშვობიდან მოდელობაზე ოცნებობდი?
- ყველაფერი სპონტანურად მოხდა. მივიღე მონაწილეობა „ელიტ მოდელ ლუქში“, მოვხვდი თხუთმეტ ულამაზეს გოგონას შორის. მას შემდეგ ამ სფეროში აქტიურად ჩავერთე და ძალიან შემიყვარდა.
- სკოლაში ბეჯითი მოსწავლე იყავი?
- საუკეთესო მოსწავლე არასდროს ვყოფილვარ, თუმცა არც ვზარმაცობდი. სწავლა ძალიან მიყვარდა. ახლაც ვცდილობ, რომ სწავლაში მოდელობამ ხელი არ შემიშალოს და მგონი, ვახერხებ.
- მომდევნო ფოტო სად გაქვს გადაღებული?
- სურათი ჩემს თბილისელ კლასელებთან ერთად ექსკურსიაზე მაქვს გადაღებული.

Rating

„ჩემი საბოლოო საქმიანობა ბიზნესს უკავშირდება“

- სად გააგრძელე სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა?
- ბიზნესის ფაკულტეტზე ვსწავლობ. მეორე კურსზე ვარ. ეს სფერო დიდ ნებისყოფასა და შრომას მოითხოვს. ძალ-ღონეს არ ვიშურებ იმისთვის, რომ ჩემს პროფესიაშიც დიდ წარმატებას მივაღწიო.
- როგორც ვხვდები, ბიზნესვუმენობა გინდა.
- ჩემი საბოლოო საქმიანობა ბიზნესს უკავშირდება, თუმცა ჯერ არ მაქვს ამორჩეული ბიზნესის რომელიმე კონკრეტული განხრა.
- შემდეგ ფოტოზე შენი თმის სილამაზე კარგად ჩანს.
- სურათი ფრანგი ფოტოგრაფის გადაღებულია. ეს მართლა კარგი ფოტოა და ძალიან მომწონს.

Rating

- ოჯახის წევრებმა რა თქვეს, როდესაც გაიგეს, რომ „მის საქართველოს“ კონკურსში აპირებდი მონაწილეობას?
- თხუთმეტი წლის ასაკში რომ დავაპირე „ელიტ მოდელ ლუქში“ მონაწილეობა, მაშინ ცოტა სკეპტიკურად შეხვდნენ ჩემს გადაწყვეტილებას. შემდეგ მიხვდნენ, რომ კონკურსში მონაწილეობაში ცუდი არაფერია და როდესაც „მის სა-ქართველოში“ დავაპირე მონაწილეობა, მხარში დამიდგნენ. ყოველთვის ვიცოდი, რომ „მის საქართველო“ წარმატებისა და მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების დიდი შანსია. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე კონკურსში მონაწილეობა. დამღლელია, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესოა ფოტოსესიები. მომდევნო ფოტო ერთ-ერთი ბოლო ფოტოსესიის დროს მაქვს გადაღებული და ძალიან მომწონს.
შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ
- ყოველთვის საინტერესოა „მის საქართველოს“ პირადი ცხოვრება. შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება. შეყვარებული არ მყავს.
- არასდროს ყოფილხარ შეყვარებული?
- არა. ახლა ჩემს ცხოვრებაში პრიორიტეტული სწავლაა და შემდეგ ალბათ შემიყვარდება, როცა დრო დადგება.
- სავარაუდოდ, როგორი ბიჭი მოეწონება „მის საქართველოს“?
- პირველ რიგში, რომელიც მომეწონება, ვაჟკაცური უნდა იყოს ბიჭი. დადებითი და პოზიტიური შინაგანი სამყარო უნდა ჰქონდეს და სიმპათიურიც თუ იქნება, ამას რა სჯობს.

Rating

- როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც „მის საქართველო“ გახდი?
- ჩემი ცხოვრება „მის საქართველომდეც“ დატვირთული იყო. ვსწავლობდი და მოდელი ვიყავი. „მის საქართველომ“ ჩემი ცხოვრება კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადა. ჩემგან ხშირად იღებენ ინტერვიუებს, მიწვევენ სხვადასხვა გადაცემაში. მომდევნო ფოტო ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას გადავიღეთ. ამ ყველაფერს დაემატა მანქანის მართვის შესწავლა, რასაც სიამოვნებით ვაკეთებ. ძალიან მინდა, მალე შევძლო კონკურსზე მთავარ პრიზად აღებული ავტომობილის მართვა.
რა თქმა უნდა, „მის საქართველოს“ ტიტული დიდ პასუხისმგებლობას მანიჭებს, პირველ რიგში, ქვეყნის წინაშე, რადგან საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო მე უნდა წარვადგინო. ასევე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ოჯახისა და სააგენტოს წინაშე. მინდა, მათი იმედები გავამართლო.
-  ალბათ, უამრავი თაყვანისმცემელი გამოჩნდა შენს ცხოვრებაში.
- თაყვანისმცემელთა რიცხვი ალბათ გაიზარდა, თუმცა არ მაწუხებენ.

Rating

- „მის მსოფლიოსთვის“ მომზადების პერიოდი სწავლაში ხელს ხომ არ გიშლის?
- სწავლა ძალიან მიყვარს. ვცდილობ, ორივე შევუთავსო ერთმანეთს და მგონია, რომ გამომდის. ვფიქრობ, კარგი სტუდენტი ვარ.
- მომდევნო ფოტო „მის საქართველო“ რომ გახდი, მაშინ გაქვს გადაღებული, გიფიქრია როდისმე, რომ ამ ტიტულის მფლობელი გახდებოდი?
- „მის საქართველოს“ ტიტული, როგორც ყველა გოგონასთვის, ჩემთვისაც ყოველთვის საოცნებო იყო. იმდენად მიუწვდომელი მეჩვენებოდა, რომ ამაზე ფიქრსაც ვერ ვბედავდი. თუმცა კონკურსში მონაწილეობა მაინც გადავწყვიტე. რადგან ყოველთვის მჯეროდა, რომ შრომით, მიზანდასახულობითა და რწმენით ყველაფრის მიღწევა შეიძლება.
- გაქვს რამე ჰობი?
- ბოლო ხანს თავისუფალი დრო თითქმის არ მრჩება, თუმცა როგორც კი სულ ცოტა თავისუფალი დრო გამომიჩნდება, ვცდილობ, მეგობრებთან ვიყო ან ვიკითხო. გარდა ამისა ვხატავ. მხატვრობაზე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ხატვის პროცესი ძალიან მომწონს.

Rating

- როდის მიემგზავრები „მის მსოფლიო 2014“-ის კონკურსზე?
- სავარაუდოდ, ნოემბერში გავემგზავრები ლონდონში, სადაც „მის მსოფლიო“ გაიმართება.
- „მის მსოფლიოს“ კონკურსზე „მის ტალანტში“ მიიღებ მონაწილეობას?
- ბავშვობაში ქართულ ცეკვაზე დავდიოდი, თუმცა მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და დღეს ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგად ვცეკვავ. „მის ტალანტში“ მონაწილეობა ძალიან მინდა, თუმცა არ ვიცი, ამ შემთხვევაში რით წარმოვაჩენ თავს.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ქრისტი
მაგარი გოგოა.. ოსებს მთელს კავკასიაში და არა მარტო ყველაზე ლამაზი ქალები ყავთ.
12:31 / 05-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მაგარი გოგოა,ეტყობა რომ დზალიან განათლებული და ლამზი როგორც ფიზიკურად ისე სულიერადაც, წარმატებები.
20:20 / 02-04-2014
გამოხმაურება / 0 /
eka111273@rambler.ru
თვითონ ხომ სუფთა სისხლიანი ქართველია?))) ზუბაშვილები გაქანებული ოსები არიან, თუმცა ეს არაა მთავარი მის საქართველოსთვის. უკეთესს ვისურვებდი მის მსოფლიოზე წარსადგენად(((
07:35 / 02-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
მომწონს კარგი გოგოა
17:35 / 30-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS