გენიალური გია ყანჩელის შემოქმედებას განეკუთვნება უკვდავი კინომუსიკა: "არ დაიდარდო", "ქვევრი", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "მიმინო", "შერეკილები", "როცა აყვავდა ნუში" და სხვა.
ასევე - ოპერა "და არს მუსიკა" (1983წ.), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); "სევდა ნათელი" - ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის: "ხანუმა", "კავკასიური ცარცის წრე", "რიჩარდ III"; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები)...
"მე გამოვიარე საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრება. თუ მივაღწიე, წელს 84 წელი შემისრულდება... ჯერ მინდა მოგიყვეთ იმაზე, თუ რას მოვესწარი. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემი კოლეგა ინატრებდა ასეთ ბედ-იღბალს. მე ურთიერთობა მქონდა მსოფლიოში სახელგანთქმულ დირიჟორებთან, შემსრულებლებთან, მოვიარე თითქმის მთელი მსოფლიო და მოსმენილი მაქვს ჩემი მუსიკა საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში.
რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ამ ყველაფრის ჩამოთვლას, რადგან ეს დიდ დროს წაგვართმევს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი შეიძლება შეფასდეს, როგორც ბედნიერი ცხოვრება.
ჟურნალისტები ძალიან ხშირად მეკითხებიან - თუ ასე ბედნიერი ბრძანდებით, რატომ წერთ ასეთ ტრაგიკულ მუსიკას? მე ვპასუხობ: თქვენ გნებავთ, რომ უბედური ვიყო და დავწერო ხალისიანი მუსიკა? ტრაგიკულ მუსიკას იმიტომ ვწერ, რომ მიუხედავად ჩემი ასეთი ბედნიერი ცხოვრებისა, გარშემო რაც ხდება, ჩემს სამშობლოში, მსოფლიოში, არასოდეს მაძლევდა უფლებას, დამეწერა სხვანაირი მუსიკა. ამიტომ ის ძირითადად სევდიანი და ტრაგიკულია.
მე მოგიყევით, რას მოვესწარი. ახლა კი მოგიყვებით იმას, რასაც ვერ მოვესწრები.
სამწუხაროდ, ვერ მოვესწრები ჩემს ქალაქში ტრადიციული, ფილარმონიული ცხოვრების დაფუძნებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მუსიკის მოყვარულებმა წინასწარ იცოდნენ, როდის შესრულდება მოცარტი, ბრამსი, ბახი, სტრავინსკი და ასე შემდეგ.
იგივეს ნატრობდა ჩემთან ერთად ჯანსუღ კახიძე, მაგრამ ამას ვერ მოესწრო ის და ვერ მოვესწრები მეც. ქვეყანა და ერი, სადაც ეს კლასიკოსები ან თანამედროვე მუსიკის ბრწყინვალე წარმომადგენლები არ სრულდება, არ შეიძლება, ჩაითვალოს მაღალი კულტურის მატარებელ ერად. გაგრძელება