29 მარტი, 2014
რა პრობლემებს ეჯახება ცხოვრებაში, თავისი გმირის მსგავსად, გიორგი ბოჭორიშვილი
მე და ეკას კოცნის სცენა გვქონდა და უფრო თავისუფლად ვიყავით. ამ შემთხვევაში, როცა შენს ცოლს კოცნი, უფრო თავისუფლად ხარ, ნდობის მომენტია მსახიობ გიორგი ბოჭორიშვილსა და ეკა დემეტრაძეს ხუთი წლის შვილი თომა ჰყავთ. ერთად სერიალში ხშირად უთამაშიათ, მაგრამ მეუღლეები არასდროს ყოფილან. ცოტა ხნის წინ ''ტვ 11''-ზე გავიდა სერიალი, რომელშიც გიორგის ცოლი და რამდენიმე საყვარელი ჰყავს. ერთ-ერთი საყვარელი კი რეალურ ცხოვრებაში მისი მეუღლე ეკა დემეტრაძეა. გიორგის ხშირად მექალთანე კაცის როლები აქვს. თუმცა, როგორც ამბობს, ამის გამო მეუღლესთან
პრობლემა არასდროს შეჰქმნია.

- გიორგი, სერიალში ''ქალები'', შენ და შენი მეუღლე ეკა დემეტრაძე საყვარლებს თამაშობთ. რატომ გაუჩნდათ იდეა, რომ რეალურ ცხოვრებაში მეუღლეებს საყვარლების როლი გეთამაშათ?
- ვერ გეტყვით. სერიალი შარშან არის გადაღებული. ''გოგონა გარეუბნიდან მედიარში'' მე და ჩემი მეუღლე ბოლო ორი სეზონი ვთამაშობდით. ალბათ მაშინ გაუჩნდათ ჩვენი ერთად გადაღების იდეა.
- რთული იყო, რეალურად მეუღლეებმა საყვარლები რომ ითამაშეთ?
- რთული არ იყო. ამ სერიალში მე და ეკას კოცნის სცენა გვქონდა და უფრო თავისუფლად ვიყავით. ამ შემთხვევაში, როცა შენს ცოლს კოცნი, უფრო თავისუფლად ხარ, ნდობის მომენტია და ზედმეტი სანერვიულო აღარ გაქვს, რომ პარტნიორმა უხერხულად არ იგრძნოს თავი.
- ''ჩემი ცოლის დაქალებშიც'' გაგირბის თვალი სხვა გოგონებისკენ.
- ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ფსევდომეოჯახის როლი მაქვს. ბევრგან გამირბის თვალი, მარტო ქალებისკენ კი არა, სასმლისკენაც. ვფიქრობ, ეს არ არის სწორი საქციელი. ხანდახან სერიალზე კომენტარებს რომ ვკითხულობ, მიკვირს, ძალიან ბევრს საერთოდ არ აქვს განცდა, რომ ამ როლებს მსახიობები მხოლოდ თამაშობენ. ალბათ, სერიალის მსახიობების ხვედრი ასეთია. ჩემზე თავიდან ამ კომენტარებმა იმოქმედა. არ მომეწონა, რომ წერდნენ, ზაზა არ უყვართო. მერე მივხვდი, რომ კომენტარები არ ღირს ნერვიულობად. თუ მაყურებელში ემოციას იწვევ, ეს გარკვეულწილად კარგია. ჩვენი, მსახიობების მიზანიც ესაა.
- შენს გმირს ანკა მოეწონა. როგორ გინდა, რომ შენი გმირის ბედი გაგრძელდეს?
- ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ამ სეზონში სერიალში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც უნდა მოხდეს. ყველაფერი ისე მიდის, როგორც ცხოვრებაში. რეალურად ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ცხოვრება საკმაოდ დრამატულია.
- ზაზას მეუღლეში რა არ მოგწონს?
- მე მგონია, რომ მის მეუღლეში კი არა, პრობლემა თვითონ ზაზაშია. ზაზასნაირი საქართველოში ბევრია. მას ზუსტად ისეთი ცოლი ჰყავს, როგორიც უნდოდა და ისე ცხოვრობს, როგორც სურს ცხოვრება. ეს მგონი, არასწორი აღზრდისა და ცუდ გარემოში ჩამოყალიბებული ადამიანის ცნობიერებაა. მისთვის ღალატიც არაფერს ნიშნავს. რატომღაც ცოლის ღალატი ღალატად არ მიაჩნია. ისეთ შეუმდგარ ქვეყნებში, როგორიც მეტ-ნაკლებად ჩვენი ქვეყანაა, როცა ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული სახელმწიფოდ, ალბათ, კაცებს ახასიათებთ ღალატი. ზაზა ინფანტილურია, ნერვიულიც, დალევა და ჩხუბი უყვარს. ჩემი აზრით, ზაზა არასერიოზული კაცია.
- ზაზა რომ ასეთი ინფანტილურია, ეს ქვეყნის ბრალიაო, აღნიშნე და საკუთარ თავზე რას გვეტყოდი?
- რა თქმა უნდა, იმავე პრობლემებთან მეც მიწევს შეჯახება და ეს პრობლემები ჩემს ცხოვრებაში ბლომადაა.
- რას გულისხმობ?
- სკოლაში რომ დავდიოდი, არავინ სწავლობდა. ყოველ შემთხვევაში, მე არ ვსწავლობდი. არ მაინტერესებდა სკოლა. ქუჩაში სროლები იყო და ასეთ გარემოში გაზრდილი ადამიანი, ბუნებრივია, ვერ ახერხებს სრულფასოვან ცხოვრებას. ზაზას მამას საყვარელი ჰყავს, რომელსაც მანქანას ჩუქნის. ესეც ცუდად მოქმედებს ჩემს გმირზე. მე მსგავსი პრობლემა არ მქონია, რადგან პატარა ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. ჩემთვის ღალატი ღალატია. როდესაც ერთგულების პირობა გაქვს დადებული, არ უნდა უღალატო. სხვა თუ მოგეწონება, მეუღლეს უნდა დაშორდე. სიცრუეში ცხოვრება, პირველ რიგში, შვილს უმა-ხინჯებს ფსიქიკას.
- სერიალში ბევრი ახალი გმირი გამოჩნდა. მათ შორისაა თინა მახარაძე, რომელიც ბოლო დროს სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახდა. თინა სერიალის ''გოგონა გარეუბნიდან'' გადაღებებზე გაიცანი?
- როდესაც სერიალის ''გოგონა გარეუბნიდან'' გადაღებებზე მივედი, თინა იქ უკვე აღარ იყო. თინა ''ჩემი ცოლის დაქალების'' გადაღებებზე გავიცანი, დაახლოებით ერთი თვის წინ.
- რას ფიქრობ მის გარშემო ატეხილ სკანდალზე?
- არასასიამოვნოა, როდესაც საზოგადოების მხრიდან ამხელა აგრესია ჩნდება. საზოგადოება იმით ფასდება, როგორ რეაგირებს სხვადასხვა ადამიანის ნათქვამზე, მისაღები იქნება ეს მისთვის თუ - არა. თინას აზრს ორალურ სექსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვეთანხმები. ვინც ასე არ ფიქრობს, არც ეგაა პრობლემა. ამხელა აჟიოტაჟის ატეხა საჭირო არ იყო. შემდეგში, როცა ვინმე განსხვავებულ აზრს თამამად იტყვის, დიდი აგრესია აღარ იქნება საზოგადოების მხრიდან. თინამ მიიღო პირველი დიდი დარტყმა. ახალგაზრდა გოგოა და ადამიანური თვალსაზრისით ცოტა შემეცოდა კიდეც. ძნელია ამხელა აგრესიასთან გამკლავება. მგონია, ყველა ქვეყანაში ასე ხდება. რადიკალურად განსხვავებულ აზრზე ყველა ასე რეაგირებს. ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, უსაქმურობაა.
- ''ჩემი ცოლის დაქალებში'' მეუღლის გმირის ცხოვრების განვითარებას როგორ ხედავ?
- სცენარი იმეილებზე მოგვდის, მე და ეკა სულ განვიხილავთ ჩვენი გმირების ბედს. ნატაშკა ძალიან მეცოდება, გამოუვალ მდგომარეობაშია. რა ეშლება და რა არ ეშლება, ეს უკვე სხვა საკითხია. მგონია, რომ ნატაშკა ქალებში ყველაზე საწყალი გმირია. სერიალში პრობლემები არავის აკლია, მაგრამ ნატაშკა მაინც ყველაზე ცუდ სიტუაციაშია. ვფიქრობ, კარგი იქნება, ქმარს გაშორდეს და გათავისუფლდეს. სერიალში რა მოხდება, არ ვიცი. არც ის ვიცი, რეალურ ცხოვრებაში ასეთი ქალების ბედი როგორ ვითარდება ხოლმე.
- შენ და ეკას თქვენს გმირებზე გიეჭვიანიათ?
- არასდროს გვიეჭვიანია. ჩვენთან ისეთი ფილმებიც არაა, რომ ინტიმური სცენები იყოს, მაქსიმუმ კოცნაა ხოლმე. ქართული ფილმებში კოცნის სცენები ცოტა სასაცილოა. ბოლომდე ღიად და თავისუფლად, როგორც ცხოვრებაშია, არავინ კოცნის თავის გმირს. ამ შემთხვევაში ეჭვიანობა, მგონია, რომ არაა სწორი.
- სავარაუდოდ, ამ სცენების გამო გავრცელდა ჭორი, რომ მეუღლეს დაშორდი.
- სიმართლე გითხრათ, ასეთი ჭორი ჩემსა და ეკაზე არც გამიგია.
- ინტერვიუებს ორივე თავს არიდებდით და შესაძლოა, ესეც გახდა ჭორის გავრცელების მიზეზი.
- ინტერვიუებისთვის თავის არიდება ახლაც გადაწყვეტილი მაქვს. უბრალოდ, პირობა მოგეცი რამდენიმე კვირის წინ, რომ შეგხვდებოდი და პირობა არ დავარღვიე. ჭორი არარეალურია. სკანდალურ სათაურებს აკეთებენ ხოლმე და ამიტომ ვარიდებთ მე და ეკა ინტერვიუებს თავს.
- სერიალის გარდა, სხვა როლებში ხარ დაკავებული?
- ამჟამად მხოლოდ ერთ მოქმედ სპექტაკლში ვარ. ვაკის სარდაფში ''ჟლეტის ღმერთში'' ვთამაშობ. როგორც ყველა მსახიობი, მეც სულ ახლის მოლოდინში ვარ და საკუთარ თავზე ვმუშაობ.
- რა უფრო ადვილია, როდესაც საკუთარი ცოლის საყვარელს თამაშობ, თუ როცა სულ სხვა მსახიობი ასახიერებს შენს მეუღლეს?
- მგონია, რომ სხვა მსახიობთან ჯობია საყვარლის ან ქმრის თამაში. ყოველ შემთხვევაში, სერიალში. ეს რომ ფილმი იყოს, შეიძლება, საწინააღმდეგო აზრი გამჩენოდა. სერიალი ისეთი ღრმა არაა, როგორიც მხატვრული ფილმი. კინოს ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, სანამ გადაღებები დაიწყებოდა, მსახიობებს ერთად დაუწყიათ ცხოვრება, რომ ფილმი რეალური გამოსულიყო. სერიალში ყველაფერი სხვაგვარადაა. უცხოსთან თამაშისას განცდები უფრო მძაფრია.
- ხომ მითხარი, მეუღლესთან კოცნის სცენის დროს უფრო თავისუფლად ვიყავიო.
- ''ქალები'' შარშან გადავიღეთ. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. მეც რაღაცებზე აზრი შემეცვალა.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS