06 სექტემბერი, 2019
ირაკლი იმნაიშვილი: ,,სულ მეშინოდა, ცოლისთვის ცე ჰეპატიტი არ გადამედო”
,,სულ მეშინოდა, ცოლისთვის ცე ჰეპატიტი არ გადამედო”, – ამბობდა რამდენიმე წლის წინ ჟურნალ ,,სარკესთან” ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი, რომელიც გუშინ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა.

ის 14 წლის წინ ბრიტანეთში, მეუღლესთან, ჟურნალისტ ნათია აბრამიასთან ერთად გაემგზავრა. ცოლ-ქმარს ურთულესი პერიოდის გადალახვა მოუხდა, სანამ მკურნალობა შედეგს გამოიღებდა და საბოლოოდ განიკურნებოდა.

ირაკლი იმნაიშვილმა და ნათია აბრამიამ მაშინ სხვების დასახმარებლად ბლოგი შექმნეს, სადაც ცე ფეპატიტით დაავადებულ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ, რჩევებს აძლევდნენ.

გთავაზობთ ამონარიდებს მათი
ისტორიებიდან, იმ რთულ ეპიზოდებს, რომელთა გადალახვაც წყვილმა ერთად შეძლო.

ირაკლი იმნაიშვილი:

,,უკვე სამ თვეზე მეტია, ჩემი ელექტრონული ფოსტის draft-ებში (გასაგზავნად გამზადებულ წერილებში) შენახულია წერილი,რომელიც ამ წინადადებით იწყება: Dear Lorna, hope this finds you well (ძვირფასო ლორნა, იმედია კარგად ხარ). ლორნა ჩემი მკურნალი ექთანია, რომელსაც სისხლის ანალიზის შესამოწმებლად დღე უნდა შევუთანხმო. მარტივად აგიხსნით, რატომ ვითრევ ფეხს:

როდესაც პაციენტი ინტერფერონ მკურნალობას ამთავრებს, მთელი წლის მანძილზე 3-ჯერ იკეთებს ანალიზს და ამოწმებს, განიკურნა თუ არა.
2007-ში, პირველი ინტერფერონ მკურნალობის დასრულების შემდეგ პირველმა ორმა ანალიზმა აჩვენა, რომ განვიკურნე – ანუ სისხლში C ჰეპატიტის ვირუსი არ აღმომაჩნდა. მესამე და ბოლო ანალიზის პასუხი ძალიან მოულოდნელი იყო – ვირუსების რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა, ვიდრე მკურნალობის დაწყებამდე.

ეს, რბილად რომ ვთქვათ, უსიამოვნო გამოცდილება, როგორც ვატყობ, შიშში გადამეზარდა და აგერ უკვე სამი თვეა, არ ვნიშნავ მესამე და საბოლოო ანალიზს.

შიში, სინამდვილეში, ემოციურია და სიცოცხლესთან დაკავშირებულ რაიმე რეალურ (ან თუნდაც თეორიულ) საფრთხეს არ ეფუძნება…

ნათია აბრამია:

,,ირაკლიმ მკურნალობა დაასრულა, თუმცა საბოლოო პასუხი, განიკურნა თუ არა C ჰეპატიტისგან, ზამთრის ბოლომდე არ გვექნება. მკურნალობას რომ დაემორჩილა მისი ვირუსი, ეს ვიცით, ღვიძლი რომ უკეთ მუშაობს, ესეც გამოჩნდა… რამდენიმე თვეში ისიც დადგინდება, კიდევ არის თუ არა ‘ცე’-ს მატარებელი.

განწყობა პოზიტიური აქვს! ამტკიცებს, რომ მზადაა ნებისმიერი შედეგისთვის.
თუმცა მე კი ვიცი, რომ ამას უბრალოდ საკუთარი თავის გასამხნევებლად ამბობს. პირადად მე არ ვფიქრობ ამ თემაზე, ვცდილობ, წინ არ გავიხედო, არაფერი ვიწინასწარმეტყველო და არც არაფრისთვის მოვემზადო.

ალბათ ისიც უნდა ავხსნა, რატომ შევწყვიტე ბლოგების წერა:
მკურნალობის ბოლო ფაზაში იმდენი სირთულე იყო და ყველაფერი ისე აირია, რომ წერა კი არა, ფიქრიც კი მიჭირდა.თანაც დავიბენი! ამ ბლოგს გამოცდილების გაზიარებისთვის ვწერდი და უცებ
აღმოჩნდა, რომ თავად არ ვიყავი საკმარისად მომზადებული სირთულეებისთვის. ამიტომ ჩავთვალე, რომ გასაზიარებელი არაფერი მაქვს. იმ ადამიანების მრცხვენოდა,ვინც ჩემგან ინფორმაციას, ახალ ბლოგს, პოზიტიურ ენერგიას, რჩევას ან უბრალოდ მათთვის საინტერესო ამბავს ელის. მაგრამ რა მექნა, ვერ ვწერდი… მიხარია, რომ თბილისში, ჩვენს ბინაში, მუშაობს ორგანიზაცია, რომელიც C ჰეპატიტის მატარებლებს ეხმარება. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ სპეციალურად დატრენინგებული ოპერატორები ყველას იმუპასუხებენ…

საავადმყოფოდან რომ მოვიდა და სტივენ ჯოუნსი დაგუგლა, პირველად მაშინ შეეშინდა! ოღონდ ჯოჯოხეთური ფხანა შეწყვეტილიყო, ირაკლი მზად იყო, ექიმის ყველა მითითება შეესრულებინა. დილა-საღამოს მშვიდად ველაპარაკებოდი და სტეროიდებით ვუზილავდი მთელს ტანს. ვეცადე, ძალიან ფრთხილად ამეხსნა, რომ საკუთარ სხეულს უფრო მეტად უნდა გაუფრთხილდეს ხოლმე. მომეჩვენა, რომ დამეთანხმა.

ძლიერი წამალი, დასვენება, წყნარი გარემო და მომადუნებელი მასაჟები ძალიან მოუხდა. სამი დღის შემდეგ ქავილი შეწყდა და ენერგია მოემატა.
ეგრევე გამოაცხადა, დღეს ბევრი საქმე მაქვს და ღამე უნდა გავათენოო!!!
ერთდროულად საშინელი იმედგაცრუება, ბრაზი და წყენა მომერია… როგორღაც მოვახერხე, კომენტარის გარეშე წავსულიყავი დასაძინებლად.

შემდეგი დღე, შუადღე:

– ირაკლი, ექიმმა ხომ თქვა, ბევრი წყალი მიიღოს, რომ ინტოქსიკაციას მოერიოსო. დალიე რა, გთხოვ.

– უკვე დავლიე.

– როგორ დალიე, ბოთლი ხელუხლებელი გიდევს დილიდან.

– ეს მეორეა, ერთი უკვე დავცალე და გადავაგდე…

,,როდის დაცალე? სად გადააგდე? არც ამდგარხარ მთელი დღე!!! რატომ მიცილებ თავიდან, მე ხომ შენთვის ვლაპარაკობ”, – რა აზრი აქვს ახლა ამის თქმას?! ამიტომ ვჩუმდები და უბრალოდ გავდივარ ოთახიდან. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS