25 მარტი, 2014
''ჩემი მეუღლე სიმპათიურია, მაგრამ მირჩევნია, ჩემი შვილი ზუსტად ჩემნაირი იყოს''...
ორსულობის პირველი 6 თვე ვიყავი იმაზე მეტად გამხდარი, ვიდრე ჩემი ბუნებრივი წონაა გასულ ორშაბათს ''იმედის'' არხზე ახალი მუსიკალური შოუ ''ორი ვარსკვლავი'' დაიწყო, რომლის წამყვანადაც დუტა სხირტლაძესა და ლელა წურწუმიასთან ერთად ''რუსთავი 2-ის'' უკვე ყოფილი სახე ანი ქორქია მოგვევლინა. მიუხედავად ტოქსიკური ორსულობისა, ტელეწმაყვანი თითქმის 9 თვე ეკრანზე ჩანდა, სამი თვის წინ კი ბიჭის დედა გახდა, რომელსაც სახელი მამამთილის პატივსაცემად დაარქვა. ძალიან გვინდოდა ანი შვილთან ერთად გადაგვეღო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ბავშვის ფოტოს გამოქვეყნებისგან თავს იკავებს. შეგახსენებთ,
რომ ანის მეუღლე მარკეტინგის სპეციალისტი კახა ჩიქოვანია.

- მოგეხსენებათ, დიდი ხნის განმავლობაში ''რუსთავი 2''-ში ვმუშაობდი, თუმცა ამ ეტაპზე ''იმედის'' მიერ შემოთავაზებული წინადადება უფრო მისაღები იყო ჩემთვის. ბოლო პერიოდში ლოტოს წამყვანი ვიყავი და ამას იმდენად ცოტა დრო მიჰქონდა, რომ პრაქტიკულად არც მიიჩნეოდა, რომ სამსახური მქონდა. დღეს კი, როცა გავაჩინე შვილი, ბავშვი წამოიზარდა და მეც ფორმაში ჩავდექი, გამიჩნდა სურვილი, უფრო მნიშვნელოვანი რამ გამეკეთებინა, ''ორი ვარსკვლავის'' წამყვანობა კი ნამდვილად მომხიბვლელი წინადადება იყო ჩემთვის, ამიტომ მივიღე ''იმედზე'' გადასვლის გადაწყვეტილება, მით უმეტეს, რომ ერთჯერადი პროექტით არ შემოვიფარგლებით. ''რუსთავი 2''-ში ძალიან მეგობრული გარემოა, რომ წამოვედი, მეც დამწყდა გული და მათაც - ჩემზე, მაგრამ რა ვქნათ?! აუცილებლად შევინარჩუნებ მათთან კარგ ურთიერთობას. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ''იმედშიც'' ძალიან კარგი შემოქმედებითი ჯგუფი დამხვდა და გამიადვილდა მათთან მუშაობა. იმედია, ისე კარგად მოვერგები სიტუაციას, რომ მტკივნეული არ იქნება მეორე ოჯახთან დაკავშირებული ცვლილება.
- არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა ''ორი ვარსკვლავის'' პირველ გადაცემას, შენ, როგორც წამყვანი, რას იტყვი ამაზე?
- პირველი გადაცემის შემდეგ შემიძლია გითხრათ, რომ შოუ იმაზე მეტად ყურებადი აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდით, რა მოეწონა ხალხს და რა - არა, ეს ცალკე თემაა, მაგრამ აშკარად მაღალი რეიტინგი აჩვენა. ღია ეთერს ყოველთვის ახლავს ლაფსუსები, ვიმედოვნებ, ნელ-ნელა უფრო დავიხვეწებით და უკეთეს შოუს შემოგთავაზებთ.
- შეიძლება ითქვას, რომ მონაწილეებს სცენისკენ გზას ულოცავ, როგორია მათი რეაქციები კადრს მიღმა.
- ყველა ღელავს, განსაკუთრებით კი პროფესიონალი მომღერლების პარტნიორები, მიუხედავად ამისა, ერთმანეთს ამხნევებდნენ, კომპლიმენტებს ეუბნებოდნენ და ა.შ.
- ახლა გადავიდეთ პირადად შენს ცხოვრებაში მომხდარ სიახლეზე, შვილზე..
- მყავს პატარა, 3 თვის გიორგი ჩიქოვანი, რომელმაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, ოღონდ კარგი გაგებით, ეს ყოფილა ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება, მადლობა უფალს, რომ ასეთი სიხარული განმაცდევინა.
- ვის ჰგავს პატარა?
- მამასაც ძალიან ჰგავს, თუმცა ბევრი ამბობს, რაღაც მომენტში ზედგამოჭრილი დედააო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე სიმპათიურია, მაინც მირჩევნია, გიორგი ზუსტად ჩემნაირი იყოს, ეს დედობრივი მომენტი მაინც მაქვს (იღიმის). მოგეხსენებათ, ამ ასაკში ბავშვები ხშირად იცვლებიან, ამიტომ ვნახოთ, საბოლოოდ ვის დაემსგავსება ჩვენი პატარა. გიორგი თავიდან ცოტა პრეტენზიული ბიჭი გვეგონა, მაგრამ მისი ასაკის ბავშვებს ახასიათებთ მუცლის ტკივილი, რეჟიმის არევა, ახლა კი ნელ-ნელა უწესრიგდება ყველაფერი და აღმოჩნდა, რომ სულაც არ აქვს ცუდი ხასიათი, არის მხიარული, კონტაქტური და ძალიან უყვარს ხალხმრავლობა.
- ბავშვის სახელზე ვინ იზრუნა?
- მე და ჩემმა მეუღლემ ერთად შევარჩიეთ. ჩემი მამამთილი გახლავთ უფროსი გიორგი ჩიქოვანი და მის პატივსაცემად დავარქვით ეს სახელი, ასე რომ, ჩვენი შვილი ჯუნიორ გიორგი ჩიქოვანია. მყავს ისეთი მამამთილი, რომლისთვისაც ნამდვილად მინდოდა მესიამოვნებინა და ვფიქრობ, ამით ჩემი პატივისცემა გამოვხატე. გარდა ამისა, არ მინდოდა, ჩემი შვილი ნათლობის სახელისგან განსხვავებული სახელით მოეხსენიებინათ საერო ცხოვრებაში და ეს ფაქტორიც გავითვალისწინეთ.
- ბავშვმა რა შეცვალა შენი და შენი მეუღლის ურთიერთობაში?
- გიორგიმ უფრო მჭიდრო გახადა ჩვენი კავშირი, უფრო გაგვაბედნიერა და მეტი აზრი მისცა ჩვენს ცხოვრებას.

Rating

- დღესდღეობით ვინ გეხმარებათ ბავშვის გაზრდაში?
- მიუხედავად იმისა, რომ ''ორი ვარსკვლავი'' მასშტაბური პროექტია, ჩემგან დიდი დრო არ მიაქვს, კვირაში მაქსიმუმ ორი დღე ვარ დაკავებული, მხოლოდ ორშაბათს, შუადღის შემდეგ მთელ დროს გადაცემას ვუთმობ. ასეთ დღეებში კი გიორგისთან რჩება ჩემი დამხმარე, ძალიან სანდო და კარგი ადამიანი, იმავდროულად ბებიები არ აკლებენ ყურადღებას ჩვენს პატარას. ასე რომ, გიორგი მაქსიმალურად სანდო ხელშია.
- ანი, შენს დაზე, ლიკაზე მინდა გკითხო, ალბათ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს შენი შვილის მიმართ.
- უნდა ვთქვა, რომ გადასარევი დეიდაა, ძალიან უყვარს გიორგი და ამ მომენტისთვის სხვა სალაპარაკო თემა არც აქვს, ვერ აცნობიერებს, რომ მისი შვილი არ არის, ალბათ, ეს მოსალოდნელიც იყო ჩვენი დობიდან გამომდინარე. რაც შეეხება დახმარებას მოვლაში, რომ არ მოგატყუოთ, დიდად ვერ მეხმარება, რადგან ეშინია პასუხისმგებლობის აღების, ბუნებრივია, ასეირნებს და ხელშიც იჭერს, მაგრამ კვებას, გამოცვლას და ასეთ რაღაცებს ერიდება, ამბობს, არ მინდა, მაინცდამაინც ამ პატარაზე ვატარო ექსპერიმენტიო.
- რაც შეეხება საოჯახო საქმეებს, რამდენად ჩართული ხარ ამ საკითხში?
- საოჯახო საქმეების კეთება არ მიწევს, მიუხედავად ამისა, როცა საშუალება მაქვს, ცხელ კერძს დიდი სიამოვნებით ვახვედრებ სამსახურიდან დაბრუნებულ მეუღლეს.
- ბავშვის გაჩენის შემდეგ მეუღლესთან ერთად გასართობად წასვლას თუ ახერხებ?
- გიორგის დაბადების შემდეგ ჩემი მეუღლე ყველანაირ თავისუფალ დროს მასთან ატარებს, ნახევარი დღე სამსახურის გამო დაკავებულია, ამიტომ დარჩენილი დროის შვილთან გატარება ურჩევნია. ჯერჯერობით ასეა, მერე და მერე ამინდებიც გამოვა, გიორგიც წამოიზრდება და უკვე ერთად ვივლით სასეირნოდ.
- ანი, მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩადგომის საქმე როგორაა?
- ორსულობის პირველი 6 თვე ვიყავი იმაზე მეტად გამხდარი, ვიდრე ჩემი ბუნებრივი წონაა, რადგან ძლიერი ტოქსიკოზი მქონდა, 6 თვის შემდეგ კი ტოქსიკოზის სხვა სახეობა დამეწყო, დავიწყე ჭამა, სულ უნდა ვყოფილიყავი კარგად დანაყრებული, რომ თავი კარგად მეგრძნო, შესაბამისად, წონაშიც მოვიმატე. ბოლო სამ თვეში მომატებული კილოგრამების დაკლება კი ცოტა გამიჭირდა, რადგან დიეტას ვერ მივმართავდი იმის გამო, რომ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, ამიტომ ვცდილობდი, არ მიმეღო ცომეული, ტკბილეული და საღამოს არ მეჭამა, ორ თვეში ცოტა დავიკელი, სადღაც 4-5 კილოგრამი დამრჩა მოსაკლები და ფორმაში ჩავდგები.
- შენს საეთერო ჩაცმულობაზე ვინ ზრუნავს?
- პირველი გადაცემის ჩამულობაზე დიზაინერებმა იზრუნეს, შემდეგაც ასე იქნება, მაგრამ, ალბათ, მერე ჩემს იდეებსაც გავუზიარებ მათ და ერთმანეთის აზრის გათვალისწინებით შეიქმნება კოსტიუმი.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
მაია ცინცაძე
ძალიან სასიამოვნო გოგოა,ოჯახი,ქმარი,შვილი,სამსახური,ქართველებო რატომ ცდილობთ ცუდი კომენტარებით დაიხარჯოთ...საქართველოში ბევრი ლამაზი და ცოტა უშნო ქალია...მრჩება შთაბეჭდილება,რომ ლამაზები ცხოვრებით ტკბებიან,უშნოები-კომენტარების წერით
15:15 / 31-03-2014
გამოხმაურება / 0 /
Incubus
ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი ქალი, თან რაღაც არ ეტყობა პლასტიკური ქირურგია, მომწონს ეს გოგო ძაან, თუმც არ ვიცნობ, ვიზუალურად ვამბობ რა
13:23 / 31-03-2014
გამოხმაურება / 0 /
სულმკიდიხართყველა-ს
თუ ასე არ მოგწონთ ეს გოგო, რას კითხულობთ მის ინტერვიუს:) სხვა რამით დაკავდით :) ანდა თუ კითხულობთ, რას ილანძღებით? ამ ხახლმა ცუდი, რომ არ თქვას ყველაზე და ყველაფერზე მოკვდება :)
16:36 / 28-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
ძალიან ლამაზი და კარგი გოგოა,წარმატებებიიიიიიიიიიიიიიიი
14:51 / 26-03-2014
გამოხმაურება / 0 /
სულმკიდიხართყველა
უჰ, შენ ხომ ხარ შეუდარებელი გარეგნობის რა?! ერთი უტვინო გოგო ხარ, ორ სიტყვას ნორმალურად ვერ აბამ ერთმანეთს და შენმა ხელების შლამ პირდაპირ ეთერში ხომ საერთოდ ... ყავა ვერანდაზე მოგართვან, ხომ?! ვაი შენს პატრონს, ერთი კილო მაკიაჟით ყველა შენსავით ბლატაობს :D
12:52 / 26-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS