მარიამმა გავლილი ურთულესი დღეების შესახებ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში:
"ერთი რამე უნდა მოგიყვეთ. იყო ჩემს ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც შემეძლო კარადის კარი გამეღო და შიგნით ფერების მიხედვით დალაგებული და საკიდებზე განაწილებული ტანსაცმელისთვის საათობით მეცქირა. არ ვამეტებ,
ვიჯექი და საათობით ვუყურებდი
ვიღვიძებდი შუაღამისას და ვუყურებდი ქალების ფოტოებს, იმ ქალების ფოტოებს როგორიც მინდოდა ვყოფილიყავი. ლამაზი, გამხდარი, გრძელი თმით, მოვლილი, სასურველი, სექსუალური. არ ვოცნებობდი საკუთარი თავის დაბრუნებაზე, მინდოდა სხვანაირი ვყოფილიყავი, აი ამ ქალების მსგავსი, რომლების სახეების ცქერაშიც მეძინებოდა.
ვიღვიძებდი დილით, ვიღებდი შხაპს, ვხარშავდი ყავას, ვიწებებდი წამწამებს ,ვიხატავდი წარბებს, ვიკეთებდი მაკიაჟს, ვირგებდი პარიკს, მივდიოდი სამსახურში, ექიმთან, თერაპიაზე და ასე გრძელდებოდა სრული შვიდი
თვე. შვიდი საზიზღარი თვე და ზოგჯერ მართლა არ მქონდა იმედი, რომ ოდესმე რამე შეიცვლებოდა. უბრალოდ არ მინდოდა ასეთი მოვმკვდარიყავი, მოსულიყო ხალხი და ვერ ვეცვნე, არ მინდოდა სხვა ადამიანი დაემარხათ, თუ სიკვდილი გარდაუვალი იქნებოდა.
ჩემი ყველა ფოტო იყო ახლოდან გადაღებული, სადაც კარგი მაკიაჟი მქონდა, პარიკი მეკეთა და ოდნავ მაინც ვგავდი იმ ადამიანს, რომელიც ოდესღაც ვიყავი. ყველა ფოტო იყო იმის მტკიცებულება, ყველა ჩემნაირი პაციენტისთვის, რომ არ უნდა დავმალულიყავით სახლებში, ოთახებში, საწოლებში, სადაც მხოლოდ სიკვდილის სუნი იდგა.
ქიმიოთერაპია გასულ 24 დეკემბერს დავასრულე და 27 დეკემბერს საქართველოში ჩამოვედი. დავდიოდი ქუჩებში და ადამიანები ვერ მცნობდნენ, მეზობლები ვერ მცნობდნენ, კლასელები, მეგობრებიც კი. ეს ძალიან მტკივნეულია, იმდენად მტკივნეული, რომ გინდა გაქრე, ისე გაქრე თითქოს არც არასდროს გიარსებია. მიყურებდნენ ჩემი შვილები, თავზე ხელს მისმევდნენ და მეკითხებოდნენ - დედა, რა დაგემართა?
არ ვიცი, რამდენად ვიყავი დაღლილი სიცოცხლისთვის ბრძოლაში, რამდენად ვიყავი კონცენტრირებული საკუთარი თავი გადამერჩინა და რაც ყველაზე მთავარია ისეთად არ დავრჩენილიყავი, როგორიც კიბომ შემქმნა, მისნაირი უსიცოცხლო, ულამაზო, უფერო, უარაფრო. ვერც ერთი სუნამო ვერ აქრობდა წამლების სუნს, რომელიც ჩემს კანს ასდიოდა და ეს სუნი, პაკლიტაქსელის მწარე და უშნო სუნი იდგა ყველგან, სადაც მე ვიყავი. და მე ვგრძნობდი ამას, ვგრძნობდი საკუთარი კანის სუნს, საავადმყოფოს სუნს, რომელსაც მთელი ჩემი სხეულით დავატარებდი და არ არსებობდა სამყაროში არც ერთი კრემი, არც ერთი ზეთი, არც ერთი სუნამო, რომელიც ამ სუნს გააქრობდა. გაგრძელება