- თეატრით ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული. როცა წამოვიზარდე, თეა-ტრალურ სკოლა „ბერიკებში“ ბატონ გოგი თოდაძესთან დავიწყე სიარული. ვფიქრობ, ყველაზე
ოჯახს მაინცდამაინც არ მოსწონდა ჩემი გატაცება მსახიობობით და დედა ძალიან მთხოვდა, დავრჩენილიყავი მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე. თან, გრანტი მქონდა მოპოვებული. საკმაოდ კარგი შედეგებით დავხურე პირველი კურსი, მაგრამ მეორე წელს მაინც ვცადე და თეატრალურში გამოცდაზე გავედი. სხვა სფეროში თავს ვერ ვხედავდი და დარწმუნებული ვიყავი, ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ბედნიერი ვერ ვიქნებოდი. გამიმართლა და უფასოზე მოვხვდი. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ახლა უკვე შემეძლო შინ თქმა, რომ სწავლის გადასახადი არ მქონდა გადასახდელი და მომეცა საშუალება, ჩემი საყვარელი საქმისთვის მიმეხედა. ბატონი გოგი თოდაძის ჯგუფში აღმოვჩნდი. 4 წელი შევუბერე და რასაც ჰქვია, თავი შევწირე. ძალიან მადლიერი ვარ ბატონი გოგი თოდაძის.
- როგორ მოხვდი მუსიკისა და დრამის თეატრში და გაიხსენე პირველი როლიც...
- თეატრალურში ჩვენი ჯგუფი სოხუმის მიზნობრივი ჯგუფი იყო. ასე ხდება, დასის გადასახალისებლად რომელიმე თეატრს ერთი ჯგუფიდან მსახიობები თავისთან მიჰყავს, მაგრამ ჩვენი ჯგუფიდან სოხუმის თეატრში არავინ მოხვდა. ჯერ კიდევ მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა ქორეოგრაფმა, ბატონმა კოტე ფურცელაძემ დათო დოიაშვილის „ქეთო და კოტეში“ ქორეოგრაფიული ნომრების შესასრულებლად მიმიწვია. პირველად მაშინ მოვხვდი მუსიკისა და დრამის თეატრის წრეში. შემდეგ იყო „კარმენი“, სადაც ბატონ კოტესთან ვიმუშავე. როცა დოიმ „(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარის“ დადგმა დაიწყო, ერთ-ერთ როლზე მიმიწვია და შტატიც მაშინ გამიფორმა. ამ თეატრში შემდეგი როლი „ანტოგონეში“ მქონდა.
- „(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარში“ უნარშეზღუდული ადამიანის განსახიერება მოგიხდა, ეტლით გადაადგილდები. როლზე მუშაობის დროს რაიმე სახის დაკვირვება აწარმოე ასეთ ადამიანებზე?
- არა. დოიმ ერთ-ერთ რეპეტიციაზე შემომთავაზა, რომ ეს პერსონაჟი ამ სახით წარმოგვედგინა. საერთოდ, ძალიან მიყვარს ეს გმირი, ტომ დრუნჩა. დოის მადლობა, რომ საშუალება მომცა, ამ პერსონაჟის შინაგანი სამყარო გადმომეცა. გადავწყვიტე, რომ მას თავის სიზმარში გაევლო და სპექტაკლში ეს სცენა ჩავსვით. ცხადში კი ის თავის ეტლს უბრუნდება. ვფიქრობ, მოძრაობის უნარი თუ სხვა თვისებები არ არის განმსაზღვრელი, ზოგჯერ შეიძლება, მისი ცხოვრება, ვინც ეტლით გადაადგილდება, მეტად ნაყოფიერი იყოს და უფრო სიცოცხლით სავსე, ვიდრე ჩვენი.
ასეთი ადამიანები ყველგან არიან და ჩვენ გვერდით ცხოვრობენ. ამ პრობლემაზე თვალის დახუჭვა, ჯანმრთელი ადამიანის მხრიდან მათთვის თავის არიდება ან შეცოდება ძალიან მაღიზიანებს. ამას წინათ ერთი ვიდეო ვნახე, კაცი, რომელსაც ყველა კიდური მოკვეთილი აქვს, ლექციებს კითხულობს. სამწუხაროდ, მისი სახელი და გვარი არ მახსოვს, მაგრამ ჰყავს მეუღლე, ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი და ინტელექტუალური პიროვნებაა. მეც მყავს გარშემო რამდენიმე ადამიანი, ყველაფერი აქვთ იმისათვის, რომ ნაყოფიერები იყვნენ, მაგრამ არაფერს აკეთებენ არც თავისთვის და არც საზოგადოებისთვის. ვიცნობ ისე-თებსაც, ვინც ფიზიკურად შეზღუდულია და ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობა-რია, მან ჩემს ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. დღეს 50 წლისაა და 18 წლიდან ეტლში ზის. პატარა ვიყავი, როცა მითხრა, შენს ცხოვრებაში შეიძლება მილიონი რამ მოხდეს, როგორც კარგი, ისე ცუდი, მაგრამ იცოდე, მთავარია, არ დაიბოღმოო. ის ამას საუკეთესოდ ასრულებს, მისი მოწყენილი სახე არასოდეს მინახავს. ეს სიტყვები სულ მახსოვს და ჩემი ცხოვრების კრედოა.
- კიდევ რომელ თეატრებში მუშაობ?
- ილიაუნში „ჟლეტის ღმერთში“ ვთამაშობ. რეჟისორმა დათო ჭაბაშვილმა „მინის სამხეცეში“ მნახა და „ჟლეტის ღმერთში“ ერთ-ერთ როლზე მიმიწვია. ხოლო თავისუფალ თეატრში უკვე მეორე სეზონია, ყოველ ოთხშაბათს წარმოვადგენთ ჩვენს სადიპლომო ნამუშევარს, ბატონი გოგი თოდაძის სპექტაკლს „მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი“, რომელშიც მე გიოს როლს ვთამაშობ.
- რუსთაველის თეატრის დადგმაში დათო დარჩია ასრულებდა ამ როლს. სპექტაკლები სულ ანშლაგებით მიდიოდა. ის დადგმა თუ გინახავს?
- არა, არ მოვსწრებივარ და სამწუხაროდ, არ მინახავს, თუმცა ვიცი, რომ ამ სპექტაკლმა იმ დროს ის სეგმენტი მიიყვანა თეატრში, რომელიც იქ ალბათ არასოდეს წავიდოდა. ჩემი აზრით, დასაფასებელია ამ თვალსაზრისითაც და როგორც ამბობენ, შე
მოქმედებითად ძალიან მაგარი სპექტაკლი იყო.
- ანუ ამ ეტაპზე სამი თეატრია შენი მოქმედების არეალი...
- დიახ, სამი თეატრი. საერთოდ, თავიდანვე ის კურსი მქონდა აღებული, რომ არ მინდოდა ერთგან გაჩერება. თეატრალურში მიღებული ცოდნის მერე ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილების შეძენა და რამდენიმე რეჟისორთან მუშაობაა.
- სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ პოლიტიკოსის როლში გამოჩნდი. მანამდე იყო ფილმი, სადაც მირიან ბარათეონი თავისი პოემის მიხედვით ფილმს იღებს, იქ მემონტაჟეს თამაშობდი. ერთ პროექტში მემონტაჟიდან პოლიტიკოსის როლზე როგორ აღმოჩნდი, ეს როგორ მოხდა?
- რამდენჯერმე ვარ ეკა მჟავანაძესთან კასტინგებზე ნამყოფი. პროექტისთვის „ჩემი ცოლის დაქალები კინოში“ მსახიობების შერჩევისას ქალბატონმა ეკამ დამირეკა, მივედი და მემონტაჟის როლზე დამამტკიცეს. რამდენიმე დღის წინ, ჩემთვის მოულოდნელად, სისტემატური თანამშრომლობა დავიწყე „ფორმულა კრეატივთან“ და სერიალში „ჩამსვეს“. როგორ მოხდა და ასე (იღიმის). ჩემი აზრით, სხედან პარლამენტში ასეთი ტიპები, ვის როლსაც მე ვთამაშობ. გადაღებები მიმდინარეობს და ალბათ, ჩემი პერსონაჟი მთელი სეზონის განმავლობაში დარჩება.
- შენს პარტიას „ურა პატრიოტები“ ჰქვია, კიდევ რა ინფორმაცია მოგაწოდეს სცენარისტებმა ამ პერსონაჟის შესახებ?
- ჩემს პერსონაჟს ჰყავს ცოლი და 4 წლის ქალიშვილი. საკმაოდ ბობოქარი პოლიტიკური ცხოვრება აქვს. არის ინტრიგები და ტყუილები, ნუ, ზოგადად როგორიც არის ეს სფერო. ჩემი მეუღლის როლს ძალიან კარგი მსახიობი ვერიკო კალანდია განასახიერებს. ჩემს პერსონაჟს მოსწონს თინა მახარაძის გმირი ანკა. როგორ განვითარდება მოვლენები, ვნახავთ. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ეს როლი. პოლიტიკოსებს ყოველდღიურად ვხედავთ, რომც არ გაინტერესებდეს, ძალაუნებურად გიტევს ეს სფერო, ვერ დაისვენებ. გინდა-არ გინდა, ჩართული ხარ პოლიტიკაში, მაგრამ იმასაც არ უარვყოფ, რომ ამ ყველაფრისადმი გულგრილობა სწორად არ მიმაჩნია. მით უმეტეს, რაც მე გავჩნდი, სულ ომი და არჩევნებია (იღიმის).
პოლიტიკოსები და საერთოდ ჩინოვნიკები სხვანაირი ტიპები არიან, ისევე როგორც ყველა პროფესიის წარმომადგენელს, მათაც აქვთ დამახასიათებელი თვისებები. ჩემი აზრით, ვინც პოლიტიკაში მიდის, ლიდერობაზე დიდი განაცხადი აქვს. ქარიზმატულები არიან, თავდაჯერებულები, დებატებს იგებენ, აგებენ და საღამოს შინ სავარძელში ჩასხდებიან და რა, რა ხდება მერე?! სულ მაინტერესებდა, რა ხდება დღის ბოლოს და თუ რა იქნება, ამას შაბათ-კვირას ვნახავთ ხოლმე. ვფიქრობ, ნელ-ნელა შევთხზავ ჩემს გმირს. იმედია, მაყურებლისთვის საინტერესო იქნება.
- კარგი და კიდევ ერთი შეკითხვა მექნება, მუსიკისა და დრამის თეატრში რამე ახალ როლზე ხომ არ მუშაობ?
- ნინო ჩაკვეტაძე „დორიან გრეის პორტრეტს“ დგამს. რეპეტიციები ახლახან და-ვიწყეთ და ამ თემაზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ.
ანა კალანდაძე
ჟურნალი „რეიტინგი“