- ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში და საიდუმლო არ გამიმხელია, მაგრამ ეს საკითხი უახლოეს მეგობართან რომ იყოს დაკავშირებული, ალბათ, ჩუმად ვერ ვიჯდებოდი, ჯერ მის ქმარს დაველაპარაკებოდი, გავაფრთხილებდი, მაგრამ თუ არაფერი
- თავს ძლიერ ადამიანად მიიჩნევ?
- ყოველ შემთხვევაში, სუსტიც არ ვარ. ბევრის, ძალიან ბევრის მოთმენა შემიძლია, მაგრამ როდესაც ზღვარს გადავა ადამიანი, ტვინიდან ვშლი, ქრება ჩემი მეხსიერებიდან, ეს კარგი თვისებაა თუ ცუდი, არ ვიცი, მაგრამ ასეა, ქუჩაში რომ შემხვდეს, მივესალმები, მაგრამ იმის იქით მის მიმართ არანაირი გრძნობა არ მრჩება, როგორი ახლობელიც უნდა იყოს. მე არ მახასიათებს საქმის გარჩევა, ადამიანებთან კონფლიქტს თავს ვარიდებ, მაქსიმალურად ვცდილობ მოთმენას, ველოდები, როდის მიხვდება ის ადამიანი შეცდომას და გამოასწორებს, თუ ვერ ხვდება და უარესად მტკენს გულს, მაშინ ჩემი გონებიდან და გულიდან უჩინარდება.
- მეგობარი დაგიკარგავს?
- მართალია, 27 წლის ვარ, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი და არასასიამოვნო გამოცდილება მაქვს, შეიძლება, ძალიან ახლობლად მიგაჩნდეს პიროვნება, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდე, რომ გიყენებს, ასეთი მეგობრის ყოლას კი დაკარგვა სჯობს. უახლოესმა ადამიანებმა მატკინეს გული, მაგრამ ამაზე საჯაროდ ლაპარაკი არ ღირს, უბრალოდ, ადამიანმა ისე უნდა იცხოვრო, რომ უკან მოხედვის არ შეგრცხვეს, სწორედ ესაა ჩემი ცხოვრების დევიზი, ადამიანებს ისე უნდა მოექცე, როგორც გინდა, შენ მოგექცნენ. ყველას რომ დაქალს ეძახიან, ასეთი არ ვარ. ამასთან, ადამიანებს მოკლე დროში არ ვუახლოვდები, ბავშვობიდან ბევრი ადამიანი მომყვებოდა, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მივხვდი, ვინ იყო ჩემი ნამდვილი მეგობარი. ისე, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ყველაზე დიდი მეგობარი ჩემი მეუღლეა, როცა რაღაც მიჭირს, უპირველესად მას ვატყობინებ, ერთმანეთისთვის ყველაფერი ვართ, ნებისმიერ საკითხში გვერდით დავუდგები, გარდა ერთისა - ღალატი. ეს რომ გავიგო, მშვიდად, ყოველგვარი წივილ-კივილის გარეშე დავამთავრებ ყველაფერს, ეს ჩემთვის უპატიებელია. არც მისი ფინანსები მაინტერესებს, არც საჩუქრები, მირჩევნია, არაფერი ებადოს, მაგრამ იყოს ერთგული.
- სერიალში შენი გმირის ქმარს - ზაზას, ზერელე და არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს ცოლის მიმართ...
- ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ზაზას საერთოდ არ უყვარს ქეთი და მეტად აგდებულად ეპყრობა, შეიძლება, გარიგებითაც კი ჰყავს მოყვანილი (იცინის). რეალურად ეგეთ ქმარს ვერ ავიტანდი, თუმცა უნდა ვთქვა, რომ მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი ძალიან კარგი ქმარია, მაგრამ მისი გმირი აუტანელია.
- ადვილია შენი ატირება?
- არა, ძალიან იშვიათად ვტირი. სამსახურში მეუბნებიან, სულ კარგ ხასიათზე ხარო. ყოფით თემებზე არ ვნერვიულობ და ჩემს პრობლემებს სხვებს თავს არ ვახვევ. ვერ ვიტან წუწუნა ხალხს.
- დეპრესიაში თუ ყოფილხარ?
- დღეს დეპრესიაში ყოფნა და ფსიქოლოგთან სიარული რატომღაც მოდაში შემოვიდა. მე ასეთ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ, შეიძლება, ზედმეტი წონა მქონდეს და სადმე არ წავიდე, რადგან ცუდ ხასიათზე ვიყო, მაგრამ ამას დეპრესია არ ჰქვია. ვცდილობ, ყველაფერს ძალიან მსუბუქად შევხედო, არანაირი პრობლემა არ ღირს ჩემს ნერვიულობად.
- რას გამოჰყავხარ მდგომარეობიდან?
- მართას ჩაცმას (იღიმის). ყოველი დღე იწყება ტირილით, ამას არ ჩავიცვამ, კაბა არ მინდა, ის მინდა, ეს ამას არ უხდება, ამაში ეს ფერი არ ურევია და ა.შ. მაგიჟებს, მაგრამ, საბედნიეროდ, ძალიან კარგი მასწავლებელი ჰყავს, რომელიც დილით ურეკავს და ეუბნება, ჩაიცვას ის, რაც მე მინდა, მაგალითად ასე, დღეს ცივა, ყველას შარვლები აცვიაო და ისიც უჯერებს.
- ვისგან იღებ კრიტიკას?
- ახლობლებისგან, ოჯახის წევრებისგან. ხან ისეთი ''კეთილისმსურველი'' გაგაკრიტიკებს, რომ გაგეცინება, ასეთი შენიშვნის გათვალისწინება კი არ ღირს.
- პირდაპირობით თუ გამოირჩევი?
- აქამდე არ ვიყავი პირდაპირი, მაგრამ ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ ეს კარგი თვისებაა და გავხდი პირდაპირი, ოღონდ ეს უზრდელობასა და უტაქტობაში არ უნდა გადავიდეს.
- ყველაზე მეტად რომელი თვისება გაღიზიანებს ადამიანებში?
- შური, ქვეშქვეშობა, ზურგს უკან მოქმედება, ურთიერთობების დახლართვა და დაუნახავობა.
- სალომე, შენი ცხოვრებიდან რას მიიჩნევ შეცდომად, რას შეცვლიდი?
- არის რაღაცები, რომლის დაწერაც არ ღირს. ალბათ შევცვლიდი იმას, რომ ნაკლებად გავითვალისწინებდი საზოგადოების აზრს, შეიძლებოდა, მეტად თამამად მიმეღო გადაწყვეტილებები, თუნდაც კარიერული თვალსაზრისით, მეთამაშა უფრო თამამი როლები, ოღონდ ამაში გაშიშვლებას და მსგავს რაღაცებს არ ვგულისხმობ.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''