11 მარტი, 2014
როდის დასრულდება ''ჩემი ცოლის დაქალები'' - ''ისევ ორ ოჯახს შუა ვიხლიჩები''
ბავშვების გამო ხშირად გვიწევდა ერთმანეთთან შეხვედრა. მთლად გაუცხოებულები არ ვყოფილვართ დიდი შვებულების შემდეგ ''ჩემი ცოლის დაქალები'' ეკრანზე დაბრუნდა და მონატრებული მაყურებელიც ახალ სერიებს ჩაუჯდა. ახალ სეზონზე გამოჩნდნენ ახალი პერსონაჟები, დაბრუნდნენ რეჟისორზე განაწყენებული ძველი მსახიობები, მაგალითად, ზუზუ ბეჟაშვილი, წინასწარ გაკეთებული განცხადებებიც, რომ ''ბაბულიკები'' სერიალში აღარ იქნებიან, ჯერ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. უცვლელია სერიალის მთავარი გმირი, უკვე 5 შვილის მამა დათო. ლევან ყოჩიაშვილთან ინტერვიუ შვებულებაზე საუბრით დავიწყეთ.

- ლევან, საკმაოდ დიდი დასვენება გამოგივიდა, როგორ გაატარე ზამთრის
შვებულება?
- 4 დღე ბაკურიანში ვიყავი. დანარჩენი დრო თითქმის მთლიანად კახეთში, ჩემთან, დედოფლისწყაროში გავატარე.
- დედოფლისწყაროდან არის ჩვენი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც. ხომ არ იცნობ მას, მის ოჯახს?
- ირაკლი ჩემზე პატარაა. ერთ სკოლაში დავდიოდით. ჩემი უმცროსი ძმის ხელაა ზუსტად. პატარა რაიონია და იქ ყველა ერთმანეთს იცნობს. ვიცნობ მასაც და მის ოჯახსაც.
- მას მერე, რაც პრემიერ-მინისტრი გახდა, თუ შეხვედრიხართ ერთმანეთს?
- არა, მას მერე არ შევხვედრივარ. რაიონში თუ ვხედავდი ისე, შორიდან.
- ნადირობა გიყვარს, ვიცი...
- ჰო, დედოფლისწყაროს გარშემო ველი აკრავს და ბევრი სანადირო ადგილია. უბრალოდ, ახლა უამრავი აკრძალვაა და ნადირობა ისეთი სასიამოვნო აღარ არის. მხოლოდ იხვის მონადირება შეგიძლია. მეგობრებთან ერთად დავდივარ ხოლმე, ჩემი რაიონის ბიჭებთან, მონადირეებთან ერთად.
- რა მოინადირეთ?
- დიდი შეზღუდვებია. მხოლოდ გადამფრენ ფრინველზე შეიძლება ნადირობა და ეს ძალიან რთულია. სპეციალური მომზადება სჭირდება.
- ძაღლი გყავს?
- კი, ლაბრადორი მყავს, მაგრამ ჩვენი ძაღლი არ ნადირობს.
- რატომ?
- გაწვრთნის ასაკი გადაუცდა, ვერ გავზარდეთ. ბასტი უკვე სამი წლისაა, დაგვიანებულია, მისგან არაფერი გამოვა.
- აღარც სანადიროდ დაგყავთ?
- არა, ეზარება (იცინის). მოვუკალით ნადირობის ინსტინქტი. 5-6 თვიდან უნდა დაიწყო ძაღლის გაწვრთნა ამ მხრივ.
- ძაღლს სანადიროდ წასვლა ეზარებოდეს, პირველად გავიგე. ვიცი, რომ ლაბრადორები კარგი მონადირეები არიან.
- ჰო, 300-ზე მეტ სუნს არჩევს ერთმანეთისგან. სამართალდამცველები საზღვრებზე ამ ჯიშს იყენებენ.
- ბასტი ოჯახში ახლა რა ფუნქციას ასრულებს?
- რა ვიცი, მშვიდია, ვუყვარვართ, გვცნობს, ერთგულია.
- ლევან, ერთხელ გადაცემა ''პროფილში'' აღნიშნე, რომ შენი ცხოვრება სერიალის გმირის, დათოს ცხოვრებას დაემსგავსა. ვიცი, რომ შენ და მარინა გარკვეული პერიოდი ცალ-ცალკე ცხოვრობდით. რას გულისხმობდი მაშინ, ქალმა გააფუჭა თქვენი ურთიერთობა?
- არა. მესამე და მეოთხე ჩვენს ურთიერთობაში არ ჩარეულა. დაემსგავსა იმ კუთხით, რომ ოჯახში უთანხმოება გვქონდა. ეს ამბავი ოთხ თვეს გაგრძელდა. მარინა მშობლებთან იყო წასული. ცოლ-ქმარი ხომ ჩხუბობს ხოლმე. ეს იყო სულ, მეტი არაფერი.

Rating

- შეიძლება, უთანხმოების მიზეზი გკითხო?
- ცხოვრებისეული წვრილმანები იყო, დიდი არაფერი. ახლა რომ ვფიქრობ, შეიძლება, არ იყო ამხელა ამბის ატეხა საჭირო, მაგრამ ვისაც ოჯახი აქვს, ის გამიგებს. ჩავთვალეთ, რომ დროებით ცალ-ცალკე უნდა გვეცხოვრა.
- გაამართლა?
- კი (იღიმება).
- როგორ დაალაგეთ ხელახლა ურთიერთობა?
- დიდი ხანია, ერთად ვართ, 16 წელი. ამდენ ხანს წყვილი ერთ ჭერქვეშ ვერ იცხოვრებს, თუ რაღაც არ აკავშირებთ, ერთმანეთი არ უყვართ. ორი შვილი გვყავს. უფროსი, კესუნა, 15 წლის არის, ვასიკო - 6-ის.
- თქვენს უთანხმოებას განიცდიდნენ?
- კესო უფრო განიცდიდა, ორივეს შერიგებისკენ მოგვიწოდებდა. ვასიკოს ნაკლებად ესმოდა, რა ხდებოდა.
- ვინ გადადგა პირველმა ნაბიჯი შესარიგებლად?
- ერთდროულად გამოგვივიდა. ჩვენ ხომ ბავშვების გამო ხშირად გვიწევდა ერთმანეთთან შეხვედრა. მთლად გაუცხოებულები არ ვყოფილვართ. მივხვდით, რომ დადგა დრო, თავიდან გვეცადა და...
- რთულად ასატანი ხარ ოჯახში?
- არა ვარ რთული, საკმაოდ უპრეტენზიო კაცი ვარ.
- კარგი, თემა შევცვალოთ. ფილმის ''ჩემი ცოლის დაქალი კინოში'' ფინალს არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა მაყურებლის მხრიდან. თავად თუ მოგეწონა ეს დასასრული და რეჟისორების გადაწყვეტილება, ბაბულიკების ''მოტეხვა'' ახალი სეზონიდან?
- ასე გადაჭრით ვერ იტყვი. პირველივე სერიაში ბიჭებს მაშველები ეძებენ. ღიად არის ფანჯარა დატოვებული. არავინ იცის, დაიღუპნენ თუ გამოჩნდებიან.
- მაგრამ კოტე თოლორდავას მეუღლემ, განომ, დაადასტურა, რომ დიტო აღარ ითამაშებს სერიალში, რომ რეჟისორმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.
- პროდიუსერები ასე გადაჭრით არ ამბობენ, რომ სერიალი ''ბაბულიკების'' გარეშე გაგრძელდება. არ ვიცი, მსახიობები წინასწარ რატომ ღელავენ.
- ცოლის ახალ დაქალს როგორ შეეგუეთ?
- ჯერ ერთობლივი სცენა არ გვქონია, გაცნობის სცენა იყო. თინა მახარაძე კარგი მსახიობია. სხვა კარგი მსახიობებიც შემოგვემატნენ, სერიალში ახალი პერსონაჟები გამოჩნდნენ.
- ბოლო სეზონიაო, ამბობენ. უცნაურია, ბოლო სეზონზე ასეთი გადახალისება.
- არც ესაა მართალი. უნდოდათ დამთავრება, მაგრამ ისეთი ამბავი ატყდა... ამიტომაც დატოვეს ღიად ამ პერსონაჟების წყალში დახრჩობის ამბავი. ჩემი ინფორმაციით, სერიალი, თუ კიდევ არაფერი შეიცვალა, მომავალი ზამთრის სეზონზე დამთავრდება.
- ძალიან პოპულარულია შენი და ნინო მუმლაძის დუეტი სერიალში, როგორ განვითარდება მოვლენები თქვენ შორის?
- ჯერჯერობით ისევ ორ ოჯახს შუა ვიხლიჩები. როგორც ამბობენ, საინტერესო სეზონი გვექნება მეც და ნათიასაც. საინტერესო თავგადასავალი ელის ნათიას, იმდენად, რომ დათოს ეჭვიანობაც მოუწევს.
- ლევან, რეალურ ცხოვრებაში მსგავსი პრობლემის წინაშე რომ აღმოჩენილიყავი, ვის სასარგებლოდ მიიღებდი გადაწყვეტილებას?
- ვაიმე, არ ვიცი. ჩემი გმირი ძალიან რთულ სიტუაციაშია. არც ვიცი, როგორ ახერხებენ კაცები ორ ოჯახზე ზრუნვას, ფიქრს, ნერვიულობას. 5 შვილი და 2 ქალი ნამეტანია ერთი კაცისთვის. ცხოვრებაშიც ასევე მოვიქცეოდი, როგორც დათო მოიქცა. თანაგრძნობა შემიძლია, ქალი ასეთ დროს მეცოდება. ვერ გავწირავდი. თან, როცა საქმე შენი გაფუჭებულია, პასუხისმგებლობა უნდა აიღო.
- გარდა სერიალისა, კიდევ რას საქმიანობ?
- მას მერე, რაც ტელეკომპანია ''საქართველო'' დაიხურა, ფილმი აღარ გამიხმოვანებია. ახლა ''რუსთავი 2''-მა შემომთავაზა ფილმების გახმოვანება. გამიხარდა, ძალიან მომენატრა ეს საქმე. თან, ორივე სამსახური ერთ შენობაში მაქვს.
- იყო დრო, როცა ''სამეფო უბნის თეატრში'' თამაშობდი. მას მერე, რაც სერიალში გამოჩნდი, რომელიმე თეატრის რეჟისორს თუ შემოუთავაზებია თანამშრომლობა?
- არა, თეატრს სხვა ერთგულება და დრო სჭირდება. ასე გადარბენაზე ვერ იმუშავებ.
- რისი თქმა გინდა, სერიალს ნაკლები პროფესიონალიზმი და ერთგულება სჭირდება?
- არა, ნაკლები არ უნდა, მაგრამ ახლა რომც დამიძახონ, ვერაფერს ვიზამ. ძნელია ამის მოხერხება.
- დრო რომ დადგება და სეზონი დამთავრდება...
- გული დამწყდება. ამ სერიალმა ჩემი ცხოვრების დიდი დრო წაიღო. ფაქტობრივად, სერიალის პავილიონში ვცხოვრობ.
- იმიჯი გაქვს შეცვლილი...
- ჰო, ჩემი წვერი რეჟისორსა და პროდიუსერებს მოეწონათ. გადავწყვიტეთ, ასე გამოვჩნდე სერიალშიც. ამდენმა შვილმა ჩემს გმირს სანერვიულო გაუჩინა და თავის მოსავლელად ვეღარ იცლის (იცინის). შეიძლება, რეჟისორმა გახდომაც მომთხოვოს.
- ცხოვრებაში თუ აპირებ მრავალშვილიან მამობას?
- არა. საკმარისია. მეც და მარინაც ორ შვილს დავჯერდით, ერთობლივად გადავწყვიტეთ.
- როგორი მამა ხარ?
- კარგი, ალბათ.
- სკოლაში მშობელთა კრებაზე ყოფილხარ?
- კი, ერთხელ ვიყავი, პატარა იყო მაშინ კესო. მთლად უმცირესობაში არ ვყოფილვარ, ჩემ გარდა კიდევ ორი მამა აღმოჩნდა კრებაზე. დღესაც წავალ, თუ საქმე მოითხოვს. ისე, კონკრეტულად მამებს რომ იბარებენ ხოლმე, ასეთი დღე არ მინდა გამითენდეს. ჩემს დროს მამების დაბარება ცუდად მთავრდებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რაღაც ძალიან ცუდი დავაშავეთ. ერთხელ კლასმა კარი ჩავკეტეთ და მასწავლებლებს შიგნით არ ვუშვებდით. ბოლოს ჩამოიღეს კარი და ისე შემოვიდნენ. დაიბარეს მამა.
- რაო მამამ?
- არ მოვიდა (იცინის). დედაჩემი მოვიდა კრებაზე. ამ ამბიდან გამოვძვერი.
- ლევან, 15 წლის ქალიშვილი გყავს, თუ ადარებ ამ თაობას შენს თაობასთან?
- კი, ესენი კარგები არიან, თავისუფლები, ლაღები, ინფორმირებულები. ამდენი სილაღეE ჩვენს დროს არ იყო. ეს არავის ბრალი არ გახლავთ, დრო იყო ასეთი. არც მაღიზიანებს ეს თავისუფლება, მთავარი ღირებულებები არ იცვლება, კულტურა, უფროსის პატივისცემა, ზრდილობა არ ეშლებათ. ეს მთავარია. ერთადერთი, რაც არ მომწონს ისაა, რომ მოსმენა არ იციან. კესუნას ძირითადად მაგას ვსაყვედურობ, რასაც წლების წინ და დღესაც მამაჩემი მე მსაყვედურობდა. დღესაც იმას მეუბნება, ყრუ ხარო (იცინის). არადა, დღეს ნამდვილად ვუსმენ.
- მეუღლესთან დაშორებული რომ იყავი, ჩაერივნენ შენი მშობლები?
- არა. ორივე ნერვიულობდა, მაგრამ არ ჩარეულან, ნათელი იყო, რომ ეს დროებითი გახლდათ და მაინც ''ჰეფი ენდით'' დამთავრდებოდა.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნატა
ძალიან კარგი მსახიობი ხართ ლევან..... სერიალიც ძალიან მაგარია.........
00:57 / 12-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ჯინა
წარმატებები ლევან! მაგრამ იქნებ დაამთავროთ სერიალი მოსაწყენი და უინტერესო გახდა
15:46 / 11-03-2014
გამოხმაურება / 0 /
mari
ლევან ძალიან გვიყვარხარ და გულშემატკივრობთ ყველაფერში. ისეთი დედისა და მამის გაზრდილი ხარ , რომ სხვაგვარად შეუძლებელია. ამდენი წლის ვარ და მარინასა და ვასიკოსნაირი ადამიანები მეორე არ მინახავს. ბედნიერებასა და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას.
09:37 / 11-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS