„რეიტინგი“ ქართველი „კანონიერი ქურდების“ შვილებით დაინტერესდა. ე.წ. ავტორიტეტების შვილები მამების გზას ნაკლებად მიჰყვებიან და ბევრ მათგანს წარმატებული კარიერა აქვს, როგორც სპორტში, ასევე შოუ-ბიზნესსა და მწერლობაში.
ქეთა თოფურია
მომღერალ ქეთა თოფურიას არასდროს დაუმალია, რომ მამამისი ანდრო თოფურია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი იყო. ქეთა მამის მიმართ ყოველთვის დიდ სიყვარულს გამოხატავს და დღემდე ამაყობს იმით, რომ ანდრო თოფურიას ქალიშვილია.
ქეთა თოფურიას წარმატებაში
ქეთა თოფურიას მამა 2010 წელს რუსეთში დააკავეს და რამდენიმე თვეში ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური მონაცემებით, ის ნარკოტიკების პერედოზირების შედეგად მოკვდა. თუმცა, ამბობენ, რომ მოკლეს.
ანდრო თოფურია თბილისში დაკრძალეს.
ნინი შუშანაშვილი
ნინი შუშანაშვილი ცნობილი „კანონიერი ქურდის“ ლაშა შუშანაშვილის ქალიშვილია. ნინი შუშანაშვილი წარსულში სიმღერით იყო გატაცებული და ბავშვობაში მღეროდა კიდეც, მაგრამ როცა წამოიზარდა, დიდ სცენაზე ყოფნა აღარ მოუნდა და ის არც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. უფრო მეტიც, არც ინსტაგრამი აქვს და არც „ფეისბუქის“ პირადი გვერდი.
57 წლის ლაშა შუშანაშვილი გასულ წელს საბერძნეთში დააკავეს. მისი სახელი საერთაშორისო ასპარეზზე პირველად 2005 წელს გაჩნდა, როცა საბერძნეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. სწორედ შუშანაშვილი იყო საბერძნეთში „ქართული მაფიის“ ერთ-ერთი „ბოსი“.
2010 წელს ლაშა შუშანაშვილი სამართალდამცავებს გარიგებით გაექცა, ამბობენ, რომ მან ბერძენ პოლიციელებს ამის სანაცვლოდ 800 000 ევრო გადაუხადა.
ლაშა შუშანაშვილის ადვოკატის განმარტება:
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, რედაქციას ლაშა შუშანაშვილის ადვოკატი დაუკავშირდა. ნანა ფრიდონაშვილის განმარტებას უცვლელად გთავაზობთ.
20 მარტს, „რეიტინგი“-სა და „ამბები.გე“-ს ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით, „ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი „კანონიერი ქურდების“ შვილები“.
აღნიშნულ სტატიაში, სხვებთან ერთად, საუბარია ლაშა შუშანაშვილსა და მის ქალიშვილ ნინიზე.
სტატიის ავტორი, ნინი შუშანაშვილს მოიხსენიებს, როგორც „ცნობილი „კანონიერი ქურდი“-ს ლაშა შუშანაშვილის შვილად.
ნინო შუშანაშვილი ნამდვილად ლაშა შუშანაშვილის ქალიშვილია. ლაშა შუშანაშვილს კიდევ ორი ქალიშვილი ჰყავს. ნინო და მისი შუათანა და წარმატებული სტუდენტები არიან, ხოლო უმცროსი და, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა.
„რეიტინგი“-სა და „ამბები.გე“-ს გამოცემამ, ლაშა შუშანაშვილზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, გარდა იმისა, რომ თავად ლაშა შუშანაშვილის მიმართ, თავისუფლებისა და უდანაშაულობის პრეზუმფციას დაარღვია, ნინო შუშანაშვილსა და მის დებს საკმაოდ მძიმე მორალურ ტრამვაც მიაყენა. სტატიის ავტორმა და გამომცემლობამ, როდესაც გადაუმოწმებელი ინფორმაცია ინტერენეტ-სივრცეში (რომელსაც ათასეულობით მკითხველი და მნახველი ჰყავს) გამოაქვეყნეს, ვფიქრობ, ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინებინათ.
ლაშა შუშანაშვილი საქართველოში, ქალაქი რუსთავში 1961 წლის 25 ივლისს დაიბადა. 1992 წლიდან საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 2002 წლიდან იგი რუსეთის მოქალაქეა. იმავე წელს, მან საქართველოს შესაბამის ორგანოს წერილობითი განცხადებით მიმართა (საქართველოს საელჩო რუსეთის ფედერაციაში) და საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა მოითხოვა. საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, 2006 წლის 4 აგვისტოს #465 ბრძანებულებით დააკმაყოფილა ლაშა შუშანაშვილის მოთხოვნა და ლაშა შუშანაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.
ლაშა შუშანაშვილს 2003 წლის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, თუნდაც, როგორც რუსეთის მოქალაქეს, არ გადმოუკვეთავს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებისათვის აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი იყო, 2006 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელ „სოდ“-ში, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ლაშა შუშანაშვილის, როგორც „საქართველოს მოქალაქის“ „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2006 წლიდან დღემდე, საერთაშორისო სხვადასხვა ორგანიზაციებს, მათ შორის, „ინტერპოლს“, „ევროპოლს“-ა და „ევროჯასტს“, ლაშა შუშანაშვილის შესახებ ინფორმაციას, გამიზნულად, მათი შეცდომაში შეყვანის მიზნით, როგორც „საქართველოს მოქალაქეზე“, ისე აწვდის.
სტატიაში ლაშა შუშანაშვილი „ცნობილ „კანონიერ ქურდად“ არის მოხსენიებული, რაც არასწორია.
განვმარტავ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, ლაშა შუშანაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის ოქტომბერში გადასცა. მას ბრალად ედება „კანონიერი ქურდობის“ ჩადენა და გამოძალვა.
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის განხილვა დღემდე მიმდინარეობს და თითქმის რვა წლის განმავლობაში, სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სახელით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია და ჯერ არ დაუდგენია, ჩაიდინა თუ არა ლაშა შუშანაშვილმა „კანონიერი ქურდობა“ და გამოძალვა. ამიტომ, ლაშა შუშანაშვილის, როგორც „კანონიერ ქურდად“ მოხსენიება, მისი თავისუფლებისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა.
ზემოთ მითითებულ სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ „57 წლის ლაშა შუშანაშვილი გასულ წელს საბერძნეთში დააკავეს“.
განვმარტავ, რომ 2018 წლის 18 აპრილს, ლაშა შუშანაშვილის საბერძნეთში დაკავების შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ იცრუა, როდესაც ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა და განმარტა, რომ „ევროპოლთან ეფექტური თანამშრომლობის შედეგად, ქართველმა, ბერძენმა და ფრანგმა სამართალდამცავებმა დააკავეს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ე.წ კანონიერი ქურდი, 1961 წელს დაბადებული ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად „ლაშა რუსთავსკი“.
საბერძნეთში, ლაშა შუშანაშვილის დაკავების დროს, საქართველოს მხარეს მონაწილეობა არ მიუღია და ვერც მიიღებდა.
ლაშა შუშანაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის. ლაშა შუშანაშვილი საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ თუ მოქმედებდა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამის თაობაზე ინფორმაცია ჰქონდა, მაშინ, საქართველოში ლაშა შუშანაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღეძრათ, რაც არ მომხდარა. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ლაშა შუშანაშვილი, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არ მოქმედებდა, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ინტერესში არანაირად არ უნდა მოხვედრილიყო და შესაბამისად, ორწლიანი გამოძიება (როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა) მასთან მიმართებაში, არ უნდა ეწარმოებინათ.
ლაშა შუშანაშვილის დაკავებაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რომ იცრუა, სამინისტროს მიერვე ჩემთვის გამოგზავნილის წერილით (MIA 9 18 01438180; 18.06.2018) ფაქტობრივად, დადასტურდა (ნებისმიერ დროს, ჩემი განცხადება და შსს-ს წერილი შემიძლია გადმოგცეთ).
გასულ წელს, ლაშა შუშანაშვილი საბერძნეთში ნამდვილად დააკავეს, მაგრამ საფრანგეთის მოთხოვნით _ ევროპოლის, ბუნდოვანი და გაუგებარი ორდერის საფუძველზე. იგი საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის მოთხოვნა ლაშა შუშანაშვილის გადაცემაზე, საბერძნეთის მხარემ სრულიად უკანონოდ დააკმაყოფილა, შემდგომში, თავად საფრანგეთის მხარემ დაკავების ორდერზე უარი განაცხადა (სავარაუდოდ, უამრავი დარღვევებისა და სამართალდამცავების მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გამო).
ზემოთ მითითებულ სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ „ლაშა შუშანაშვილის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე პირველად 2005 წელს გაჩნდა, როცა საბერძნეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. სწორედ შუშანაშვილი იყო საბერძნეთში „ქართული მაფიის“ ერთ-ერთი „ბოსი“. .
განვმარტავ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ლაშა შუშნაშვილის მოქალაქეობის შესახებ, რუსეთის ფედერაციას გამიზნულად არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, რუსეთის ფედერაციამ, ლაშა შუშანაშვილს რუსეთის მოქალაქეობა შეუჩერა და მას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დატოვება მოთხოვა. სწორედ ამიტომ, ლაშა შუშანაშვილი 2009 წლიდან, სრულიად ლეგალურად, საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
2012 წლის 23 იანვარს, საქართველოს მოთხოვნით, ათენის სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო პროკურორის 23.01.2012 წლის #8/12 ბრძანებით, საქართველოში შემდგომი ექსტრადიციის მიზნით, ლაშა შუშანაშვილი საბერძნეთში, კერძოდ, ათენში დააპატიმრეს. მას ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 2231 („კანონიერი ქურდობა“) და 181-ე (გამოძალვა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულიც ჩადენა. ათენის სააპელაციო საბჭოს #14-3-12 გადაწყვეტილებით, საბერძნეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის საფუძველზე, საქართველოს მოთხოვნა, შუშანაშვილის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ, არ დაკმაყოფილდა (ჩემგან მოწოდებული ზემოთ მითითებული ინფორმაცია დოკუმენტალურად დადსტურებულია და ნებისმიერ დროს, შემიძლია გადმოგცეთ).
რაც შეეხება 2005 წელს, რაც სტატიაშია მითითებილი, რომ თითქოს ლაშა შუშანაშვილი საბერძნეთში კრიმინალური ორგანიზაციის „ბოსი“ იყო, სიცრუეა. 2005 წელს ლაშა შუშანაშვილი რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ მოსკოვში ცხოვრობდა და საბერძნეთთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მის მიმართ, არც რუსეთის ფედერაციის და არც ევროპის სხვა ქვეყნის სამართალდამცავებს არანაიარი შეკითხვა და პრეტენზია არ გააჩნდათ.
ზემოთ მითითებულ სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ: „2010 წელს ლაშა შუშანაშვილი სამართალდამცავებს გარიგებით გაექცა, ამბობენ, რომ მან ბერძენ პოლიციელებს ამის სანაცვლოდ 800 000 ევრო გადაუხადა“.
განვმარტავ, რომ სალონიკის სასამართლოში ესპანელი პოლიციელი რუედა მოწმედ დაიკითხა. სწორედ მან განაცხადა, რომ საქართველოს სამართალდამცავებისგან მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ლაშა შუშანაშვილებმა ბერძენ პოლიციელებს 800 000 ევრო გადაუხადა. ეს ინფორმაცია, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ბერძნულ პრესამაც გაავრცელა. ლაშა შუშანაშვილის ბერძენმა ადვოკატმა, ცილისწამებისათვის, გამოცემას უჩივლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ გამოცემამ და ჟურნალისტმა ლაშა შუშანაშვილს ცილი დასწამეს.
ასევე მეც, როგორც ლაშა შუშანაშვილის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა და მისგან მინდობილმა პირმა, ესპანელი პოლიციელის მიერ სალონიკის სასამართლოში მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით, შეკითხვით მივმართე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. სამინისტროსგან მიღებული წერილის თანახმად, ქართველ სამართალდამცავებს, ასეთი ინფორმაცია ესპანელი კოლეგებისთვის არ მიუწოდებიათ (ჩემგან მოწოდებული ზემოთ მითითებული ინფორმაცია დოკუმენტალურად დადსტურებულია და ნებისმიერ დროს, შემიძლია გადმოგცეთ).
პატივისცემით,
ნანი ფრიდონაშვილი
ლაშა შუშანაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატი
კოკა კობალაძე
კოკა კობალაძე თინეიჯერებში და არა მხოლოდ, დიდი პოპულარობით სარგებლობს. მართალია, ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, მაგრამ წლებია, უკვე წარმატებული პოეტია და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. მის პოპულარობას ხელს მისი გარეგნობაც უწყობს.
კოკა კობალაძე 2018 წელს ხმაურიანი ინციდენტის მთავარი გმირი გახდა. მამის ალექსანდრე კობალაძის, ზედმეტსახელად „სიუს“, ადგილსამყოფელის გარკვევის მიზნით, პოლიციელები სახლში შეუვარდნენ და სცემეს.
სამართალდამცავების უკანონო ქმედებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ახალგაზრდა პოეტის მამა ერთი წლის წინ საფრანგეთში დააკავეს და ახლა სასჯელს იხდის.
გვანცა ონიანი
ტარიელ ონიანის 25 წლის ქალიშვილი, გვანცა, რუსული პრესის ყურადღების ცენტრში მუდმივად ხვდება. ჟურნალისტებმა მას „კრიმინალის პრინცესა“ უწოდეს. ტარიელ ონიანს ბიზნესმენის გატაცების გამო ათი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, თუმცა, მისი ქალიშვილი მდიდრულად ცხოვრობს და, როგორც იტყვიან, არაფერი აკლია.
ის ბიზნესმენების შვილების წვეულებების ხშირი სტუმარია, დადის ქორწილებში და არც ბომონდურ წვეულებებზე ამბობს უარს.
გოგონა მოსკოვში ცხოვრობს, თუმცა, ხშირად მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ის ხშირად სტუმრობს მამის მშობლიურ ქვეყანას - საქართველოს. განსაკუთრებით უყვარს ელიტურ კურორტებზე დასვენება, მას ხშირად შეხვდებით მონაკოში, მიკონოს კუნძულსა და სოჭში.
ბავშვობაში გვანცამ მძიმე სტრესი მიიღო. კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი 90-იან წლებში საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. იქ მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული, საფრანგეთიდან ონიანი ესპანეთში გადავიდა ოჯახთან ერთად.
2005 წელს რუსი მაფიოზების წინააღმდეგ, ესპანელმა სამართალდამცავებმა სპეც-ოპერაცია „კრაზანა“ ჩაატარეს.
რუსული მაფიის წინააღმდეგ, სპეცოპერაცია ესპანეთის პარალელურად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდა. ბი-ბი-სის ცნობით, ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთსა და იტალიაში 45 ადამიანი დააკავეს.
სპეცოპერაცია ბარსელონაში მდებარე ტარიელ ონიანის კუთვნილ ვილაშიც ჩატარდა. ოპერაციის მომენტში ბინაში ქართველი ავტორიტეტი და მისი მცირეწლოვანი შვილი გვანცა იმყოფებოდნენ. ონიანის მეუღლე და უფროსი შვილი უშბა იმ დროს ესპანეთის ფარგლებს გარეთ იყვნენ.
ოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ონიანი ვიღაცამ გააფრთხილა. ვილაში შევარდნილ სამართალდამცავებს ქართველი ავტორიტეტი ადგილზე აღარ დახვდათ. მან პოლიციას რამდენიმე წუთით გაასწრო.
სამაგიეროდ, სამართალდამცავებს ადგილზე დახვდათ ტარიელ ონიანის ქალიშვილი გვანცა ონიანი, რომელიც მაშინ 12 წლის იყო.
სპეც-ოპერაციის შედეგად გვანცა დააკავეს, ონიანმა ქვეყანა უპრობლემოდ დატოვა, ხოლო 12 წლის გვანცა პოლიციამ უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანა. ბავშვი რამდენიმე დღეში, საქართველოს კონსულის ჩარევის შემდეგ, გაათავისუფლეს.
ამის შემდეგ ტარიელ ონიანი რუსეთში დაბრუნდა და საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.
ტარიელ ონიანს პატიმრობას ვადა ერთ წელიწადში გასდის. რუსული პრესა წერს, რომ მისი გათავისუფლების შემდეგ ახალი ქურდული გარჩევები დაიწყება.
გურამ ხეცურიანი
ახალგაზრდა სპორტსმენმა, მოჭიდავე გურამ ხეცურიანმა რამდენიმე დღის წინ, საქართველოს კიდევ ერთი წარმატება მოუტანა. ის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა და გამარჯვება მამას, ავთანდილ ხეცურიანს მიუძღვნა.
გამარჯვების შემდეგ, ის მამის საფლავზე მივიდა, ფოტო გადაიღო და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ წარმატებას მამას დაპირდა და შეასრულა კიდეც.
ავთანდილ ხეცურიანი ცნობილი „კრიმინალური ავტორიტეტი“ იყო. მას კრიმინალურ სამყაროში „ბოქსიორას“ სახელით იცნობდნენ.
„ბოქსიორა“ გასული წლის ნოემბერში, იტალიაში დაიღუპა და ქუთაისში დაკრძალეს.