10 მარტი, 2014
ნინო იოსელიანი მეუღლეს გაშორდა და საცხოვრებლად თბილისში დაბრუნდა
კარგი სამეგობრო ადამიანები არიან და ვინ რას იფიქრებს, არ ვიცი. ჭორები ყოველთვის იყო, არის და იქნება. არასდროს მაღელვებდა ნინო იოსელიანი 9 წლის წინ ბარსელონაში მცხოვრებ გიორგი ქისტაურს გაჰყვა ცოლად და საცხოვრებლად ბარსელონაში გადავიდა. ორი შვილი, ბიჭები, ალექსანდრე და ლუკა გააჩინა და თბილისში პერიოდულად ჩამოდიოდა ხოლმე. აქ დატოვა საყვარელი საქმე და საოცნებო პროექტი, ქართული ბრენდის შექმნა. დღეს ნინო თბილისში ცხოვრობს შვილებთან ერთად - რომელთა მოვლაში დედა ეხმარება, გიორგისა და ნინოს ქორწინება კი უკვე ქაღალდზეც აღარ არსებობს.
წყვილმა ერთი წელია ერთობლივად გადაწყვიტა დაშორება და ოფიციალურადაც გააფორმეს. ახლა გიორგი ხშირად ჩამოდის თბილისში შვილების სანახავად, ყოფილი წყვილი კი ცივილიზებულ ურთიერთობას ინარჩუნებს.
ნინო მოდის მარკეტინგში ლექციებს კითხულობს, მოდის კვირეულისთვისაც ემზადება, რომელიც მაისში გაიმართება და ქართული ბრენდის ჩამოყალიბებასაც აპირებს, რომლისთვისაც კარგი გეგმები აქვს. ნინოს ამ ყველაფერზე ვესაუბრეთ.

- ნინო, მახსოვს, თბილისის მოდის კვირეულს წინა სეზონზე პრობლემები შეექმნა და არ გაიმართა. მაშინ ამბობდი, რომ დაუფინანსებლობამ გამოიწვია მისი ჩავარდნა. ახლა როგორი ვითარებაა ამ მხრივ?
- მოდის კვირეული მაისში გაიმართება. წინა ჩავარდა იმის გამო, რომ ფინანსები ვერ მოვიძიეთ. მაშინ დიზაინერებს უნდა წარედგინათ ზაფხულის კოლექციები. მაისის მოდის კვირეულზე კი 2014-15 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციების ჩვენება გაიმართება.
- ფინანსები სრულად მოიძიეთ?
- ისევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა კერძო სექტორი დაგვიდგება გვერდით. გარდა ამისა, კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიასთან გვაქვს მოლაპარაკება, ისინი აპირებენ, ვორქ-შოფების ჩატარების კუთხით დაგვეხმარონ, რათა ჩვენი დიზაინერები დაესწრონ და მეტი ინფორმაცია მიიღონ მოდის სფეროს შესახებ.
- უკვე გაქვთ დიზაინერთა სია, რომლებიც მოდის კვირეულში მიიღებენ მონაწილეობას?
- ისევ ის დიზაინერები იქნებიან, რომლებიც წლებია, მონაწილეობენ. ახლა მათთანაც შეხვედრები გვაქვს, ვნახულობთ, ვის აქვს მზად კოლექცია.
- მახსოვს, ქართველი დიზაინერების მუდმივი პრობლემა ის იყო, რომ წინასწარ მომდევნო წლის კოლექციებს ვერ ამზადებდნენ.
- მოდის კვირეულის ფორმატი ასეთია. შემდეგი წლის კოლექცია უნდა აჩვენო, რადგან კვირეულს სტუმრობენ კრიტიკოსები და ბაიერები. დიზაინერს უნდა ჰქონდეს დრო, რომ თუკი შეკვეთას მიიღებს, ამ შეკვეთის შესრულება მოასწროს. თანდათან ქართველმა დიზაინერებმა ისწავლეს, რომ კოლექციები წინასწარ უნდა ჰქონდეთ მზად და ამ მხრივ პრობლემები ნაკლებად არის. თანაც, ამის ერთ-ერთი მიზეზი კლიმატური პირობების ცვლილებაა. ზამთარი, ძირითადად, აღარ არის ძალიან მკაცრი, ამიტომაც კოლექციები გარდამავალი სეზონებისთვის მზადდება და ვთქვათ, კაბა ახალი კოლექციიდან ისეთია, რომ შეგიძლია ჩაიცვა პალტოზე, ბეწვზე ან ამ ყველაფრის გარეშე. ქართველი დიზაინერები ძირითად შემთხვევაში გამოსასვლელ სამოსს კერავენ. მათზეა დამოკიდებული, როგორი კოლექციები მომზადდება.
- მახსოვს, ადრე ქართველი დიზაინერები მწარედ გააკრიტიკე მათი კოლექციების გამო. დღეს რას ფიქრობ?
- ზოგადად, ქართულ მოდის სფეროში სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა. დიდი კონკურენციაა, ბევრი მაღაზია და მოდის სახლია. თუ დროს ფეხი არ აუწყვე, რაიმე არ შეცვალე და სიახლეები არ შეიტანე, ამ სფეროში დარჩენა და საკუთარი ნამუშევრების გაყიდვა გაგიჭირდება. ყველას ამოცანაა, რომ ეს იყოს ბიზნესი და მათი ნამუშევრები გაიყიდოს. თუმცა ამ სფეროს განვითარება კიდევ უფრო მეტად არის შესაძლებელი.
სწორედ ამისთვის დავიწყე მოდის მარკეტინგში ლექციების კითხვა. როგორც იცი, სულ მინდოდა ქართული ბრენდის ჩამოყალიბება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამ სფეროში პროფესიონალები, განათლებული და ინფორმირებული ადამიანები ნაკლებად გვყავს. ამიტომაც დავიწყეთ მოდის მარკეტინგის კურსი, რათა ქართული ბრენდის ჩამოყალიბებას მომზადებული შევხვდეთ კადრების თვალსაზრისით. ადრე არ იყო შესაბამისი ფაბრიკები. ახლა კი არის, ლაურა ღაჭავას აქვს თავისი ფაბრიკა, სადაც „მონკლერის“, ძალიან ხარისხიანი ბრენდის ქურთუკები იკერება და პირდაპირ იტალიაში იგზავნება. იტალიელები იყვნენ ჩამოსულები თავად, დაატრენინგეს ფაბრიკის თანამშრომლები და არსებობს სტანდარტი, რომელსაც მკაცრად იცავენ. ქარხანას იტალიელებთან ათწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველს ეს ყველაფერი შეუძლია, მაგრამ მარტო დიზაინერი ამას ვერ გააკეთებს. მან კოლექციაზე უნდა იფიქროს და არა იმაზე, ვინ არის მისი მომხმარებელი, როგორი ნაჭერი უნდა გამოიყენოს კოლექციაში, უკეთ რომ გაიყიდოს. ეს მარკეტინგის საკითხებია, რომელზეც სხვა ჯგუფმა უნდა იფიქროს, ჩაატაროს კვლევები და ამ კვლევებზე დაყრდნობით შესთავაზოს დიზაინერს, რისი გაკეთება აჯობებს ამა თუ იმ სეზონზე.
- შენს ბრენდს რა ერქმევა?
- „ჯიმანია“. მე ამ პროექტის იდეა ადრეც მქონდა. 2007 წელს ავთო ცქვიტი-ნიძესთან ერთად გავაკეთეთ კიდეც ერთი კოლექცია, საზღვაო, რომელიც ქართულ სანაპიროებზე მოწყობილ პატარა მაღაზიებში იყიდებოდა, თუმცა იმ დროს არ იყო პირობები და არც კარგი სტანდარტის ქარხანა, როგორიც დღეს არის. დღეს ამ საქმის კეთება უკვე შესაძლებელია. ბრენდს ეყოლება არა ერთი დიზაინერი, არამედ ჯგუფი, სადაც იქნებიან წამყვანი, დამხმარე, ახალგაზრდა დიზაინერები. როგორც ეს სხვა ბრენდების შემთხვევაშია, მაგალითად, „შანელში“ მთავარი სიტყვა ეთქმის კარლ ლაგერფელდს, მის გარეშე არაფერი წყდება, მაგრამ კოლექციაზე სხვადასხვა დიზაინერი მუშაობს. ასევეა სხვა ცნობილ ბრენდებში.
- როდისთვის გეგმავ ამ ბრენდის ამუშავებას?
- მინდა, მინიკოლექცია უკვე ზაფხულისთვის გავაკეთოთ. მერე შემოდგომა-ზამთრისთვის უფრო დიდი კოლექცია მომზადდება. ნელ-ნელა დავხვეწთ, განვავითარებთ და გავზრდით წარმოებას. შემდეგ ეტაპზე საზღვარგარეთ გატანაზე ვიზრუნებთ, აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთსა თუ უკრაინაში. უფრო გვიანი გეგმები კი ევროპას უკავშირდება.
გვინდა, ეს ბრენდი იყოს მაღალი ხარისხის და გემოვნებიანი, რადგან უგემოვნო და მომაბეზრებელი ტანსაცმლით ქართული ბაზარი ისედაც გაჯერებულია. ჩვენი მთავარი მიზანია, ვისაც ეს ბრენდი 16
ეცმევა, თავს ამაყად გრძნობდეს და მოსწონდეს.
- ქართველებს რომ ქართული ბრენდი ჩააცვა, არცთუ ადვილია.
- ვიცი, მაგრამ ეს მსოფლმხედველობა უნდა შეიცვალოს. ქართულიც შეიძლება იყოს ხარისხიანი და მოდური. ეს მიზანი შეიძლება განხორციელდეს, თუკი სწორად დაგეგმავ.
- ნინო, ამ გეგმების განხორციელებას როგორ აპირებ, ბარსელონიდან, თუ თბილისში იქნები?
- უკვე რვა თვეა, თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად. ძალიან მინდოდა ამ პროექტის დაწყება. ჩემი შვილები ჩამოვიყვანე, 8 წლის ალექსანდრე და 7 წლის ლუკა ქისტაურები.
- მეუღლე სად არის?
- გიორგი ბარსელონაშია. მეუღლეს დავშორდი.
- მიზეზის დასახელება შეგიძლია?
- როცა ქორწინდები, ძალიან ბედნიერი ხარ. მერე შეიძლება ისე მოხდეს, რომ რაღაც არ გამოვიდეს. რომ არ გამოდის, ჯობია, გადადგა ნაბიჯი და დაშორდე. საქართველოში წამოსვლა ისედაც მინდოდა. 8 თვის წინ გადავდგი ეს ნაბიჯი და დავბრუნდი თბილისში. პირადი პრობლემების გამო გადავწყვიტეთ დაშორება, მაგრამ ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.
- ოფიციალურადაც დაშორდით?
- ეგ ყველაზე იოლი საქმეა (იღიმის). მიხვალ რეესტრში და სამ დღეში მიიღებ განქორწინების ცნობას. დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი. ასე ჯობდა, ორივეს შეთანხმება იყო.
- მანამდე არ გიცდიათ ურთიერთობის გამოსწორება?
- ვცადეთ, მაგრამ არ გამოვიდა. დაძაბულ ურთიერთობას დაშორება ვამჯობი-ნეთ. ერთმანეთს ზაფხულში დავშორდით. ერთად 9 წელი ვიყავით...
- ახლა როგორ გრძნობ თავს?
- საქმეში ვარ ჩართული. დედაჩემი ძალიან მეხმარება ბავშვების მოვლაში. ასევე - გიორგის მშობლებიც, რომლებიც აქ ცხოვრობენ. ბავშვები მათთან ხშირად მიდიან. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მე სხვადასხვა პროექტში ვარ დაკავებული, კვირაში სამჯერ სამ-სამი საათი ლექციები მაქვს, მოდის კვირეულზე ვფიქრობ. საკმაოდ დაკავებული ვარ იმისთვის, რომ პირად ცხოვრებაზე ვიფიქრო.
- მეორედ დაოჯახება შორეული პერსპექტივაა?
- რა დროს მეორედ დაოჯახებაზე ლაპარაკია! ჯერ ამაზე არ ვფიქრობ. შვილები მყავს და მათზე ვფიქრობ.
- ბავშვებმა როგორ მიიღეს თქვენი დაშორება?
- ნორმალურად. გიორგი ძალიან ხშირად ჩამოდის თბილისში მათ სანახავად. ბარსელონიდან თბილისში გადმოსვლა მოეწონათ.
- ნინო, მინდოდა იმ ფოტოზე მეკითხა, რომელიც „ფეისბუქზე“ დადე. უგო და დავით ბაგრატიონებს დიდი ხანია იცნობ?
- ესპანეთში გავიცანი ჩემს ბარში, რომელიც იქ გავაკეთე. ახლა იმ ბარს ჩემი ყოფილი მეუღლე პატრონობს. უგო და დავითი ძალიან მიყვარს. ჩვენ მეგობრები ვართ. საქართველოშიც ხშირად ჩამოდიოდნენ. ახლა აქეთ გადმოვიდნენ საცხოვრებლად.
- უგო რომ სასურველ სასიძოდ მიიჩნევა, ამაზე რას ფიქრობ?
- სასაცილოდ არ გვყოფნის და სახუმარო თემაა. უგო ჩვეულებრივი, ევროპელი ადამიანია და ასეთ რაღაცებს სერიოზულად არ აღიქვამს. სხვათა შორის, ქართულსაც სწავლობს. ინტერესი მის მიმართ არის აქაც და საქართველოს ფარგლებს გარეთაც და ეს ბუნებრივია. რაც შეეხება ფოტოს, „ელ ცენტროში“ გადავიღეთ. უგოს დაბადების დღე ვიწრო წრეში აღვნიშნეთ. ფოტოს რომ გვიღებდნენ, ძმებმა ხელში ამიტაცეს და ასეთი ფოტო გამოვიდა.
- დავითი როგორია ურთიერთობისას?
- მეგობრული და მხიარული ადამიანია. უგოც და დავითიც განათლებულები არიან და ნებისმიერ თემაზე დაელაპარაკები.
- ამ ფოტოს გარკვეული ჭორები რომ მოჰყვება, ეს არ გაგიკვირდება. რას უპასუხებ მათ?
- ვუპასუხებ იმას, რაც რელობაა, რომ ჩვენ მეგობრები ვართ. კარგი სამეგობრო ადამიანები არიან და ვინ რას იფიქრებს, არ ვიცი. ჭორები ყოველთვის იყო, არის და იქნება. არასდროს მაღელვებდა. კარგია, როცა ჭორაობენ, რადგან ე.ი. რაღაცას წარმოადგენ და აინტერესებთ შენ შესახებ ინფორმაცია. ხალხის გადასაწყვეტია, რას როგორ დაინახავენ და აღიქვამენ, რას იტყვიან. ლაპარაკს ვერავის ავუკრძალავ (იღიმის).

ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ეკას
კურიერს უყურებთ ტუ მოამბეს? ძალიან ინფორმირებული ხართ სხვისი პირადი ცხოვრებით.
04:07 / 16-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ვაშას
გულდაწყვეტილი ხართ? არ ჯობია გაგეხარდეთ რომ საქართველოშიც შეიძლება იყო ბედნიერი?
04:03 / 16-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ვაშა
ნეტავ ამ გოგოს, აწყობილი ცხოვრება ჰქონდა აქვს და ექნება, გინდ ქმართან ერთად , გინდ ქმრის გარეშე. საქართველოს მშიერმა მოსახლეობამ იკითხოს, თორემ ამას თავი ქუდში აქვს.
19:17 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
და რატომ დაშორდა მეუღლეს იცით?სხასთან შეუსწრო
17:27 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
თითქოს ეპიდემიასავით მოედო დედამიწას განქორწინება-დაშორება, ეს აღარავის უკვირს,ისედაც ურთულესია ამ ეპოქაში ცხოვრება და დაძაბულ-დაჭიმულ ურთიერთობას ნამდვილად მარტო ყოფნა სჯობს... მაგრამ ლიზა ბაგრატიონს უკვე ნამეტანი მოსდის! ასეთ არაჩვეულებრივ მეუღლეს როგორ შეელია არ მესმის,თან ესე მალე :(
16:59 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS