07 მარტი, 2014
გოგოლა კალანდაძე ტელეეთერს უბრუნდება - ''გადავწყვიტე, ამბიციური გავხდე!..''
ძალიან კარგი სერიალი იყო და კარგი კოლექტივი შეიკრიბა, მაგრამ მოხდა ისე, რომ იმედები არ გაამართლა მსახიობმა გოგოლა კალანდაძემ პირველად წლების წინ ''მწვანე ოთახთან'' ერთად იმღერა, მეორედ კი ნოდიკო ტატიშვილთან ერთად ''პროფილში'' შეასრულა სიმღერა. მეტი გამოცდილება ამ სფეროში არ აქვს, მაგრამ მაინც დათანხმდა ''იმედის'' პროექტ ''ორ ვარსკვლავში'' მონაწილეობაზე, სადაც მისი პარტნიორი ნოდიკო ტატიშვილი იქნება. გადაცემა ათ მარტს დაიწყება, მანამდე კი ''ორ ვარსკვლავში'' მონაწილე თორმეტივე წყვილი მთელი დღეების განმავლობაში მეცადინეობს, რომ სასურველ შედეგს, გამარჯვებას მიაღწიოს. ერთ-ერთ რეპეტიციაზე
გოგოლა კალანდაძეს ვესაუბრეთ.

- გოგოლა, ''ორ ვარსკვლავში'' მონაწილეობაზე რომ დათანხმდი, არ შეგშინებია, არ გიფიქრია, შეიძლება, კარგად ვერ ვიმღეროო?
- როდესაც ასეთ პროექტში მონაწილეობაზე თანხმდები, არაფრის არ უნდა გეშინოდეს. მთავარია, ბევრი რამ ისწავლო. ვცდილობ, პროექტში მონაწილე დანარჩენ მომღერლებში ბევრი კარგი და საინტერესო რამ დავიჭირო და ვისწავლო. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ამიტომ ვერ ვიტყოდი, რომ მეშინია. თუ რამე არ გამომივა, მაყურებელმა უნდა მაპატიოს. არ ვარ პროფესიონალი მომღერალი. თუმცა შეიძლება, პროფესიონალ მომღერალსაც შეეშალოს სცენაზე სიმღერა.
- მუსიკალური განათლება გაქვს?
- მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე და ამით დასრულდა ჩემი მუსიკალური განათლება.
- ''ორ ვარსკვლავში'' როგორ აფასებენ შენს სასიმღერო მონაცემებს? პროექტის შემდეგ შეიძლება, მუსიკალური კარიერა გააგრძელო?
- ასე შეფასებებით არავინ მათამამებს. ესაა პროექტი, სადაც ყველა მონაწილე კარგად მღერის. სხვების ნამღერი რომ მოვისმინე, ყველა ძალიან მომეწონა. თორმეტ კონკურსანტს შორის არ იგრძნობა, რომ ერთმანეთის კონკურენტები ვართ. სულ ვამბობ, შეკრული ჯგუფია-მეთქი და მგონი, ასეთი ურთიერთგაგება მსგავს პროექტში არასდროს ყოფილა. არ გვაქვს ისეთი განწყობა, რომ ერთმანეთის მოწინააღმდეგეები ვართ.
- როგორ ფიქრობ, გამარჯვების შანსი ყველაზე მეტად რომელს გაქვთ?
- გამარჯვება ყველას გვინდა და თუ მე გავიმარჯვებ, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება. ვინც პროექტში ვართ, ყველას ფინალში გასვლა და გამარჯვება გვინდა. მიყვარს სიურპრიზები და საჩუქრები და რა ვქნა. ყველა ამისთვის მოვედით პროექტში. მერწმუნეთ, თორმეტივე ძლიერი მონაწილეა, ვისაც უნდა მოუსმინო, ყველა ძალიან კარგია. ყველა მომწონს და ყველას ვგულშემატკივრობ. ბევრი მეუბნება, ახლა შეიძლება, კონკურენციის მომენტი არ იგრძნობა, მაგრამ პროექტი რომ დაიწყება და წყვილები გავარდებიან, მაშინ დაიძაბება სიტუაციაო. იმედია, ''ორ ვარსკვლავში'' ასეთი რამ არ მოხდება და რომც მოხდეს, მზად ვარ. ასეთ პროექტში რომ მიდიხარ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.
- როგორც მახსოვს, ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეორე სეზონშიც აპირებდი მონაწილეობას.
- დიდი სურვილი მქონდა, ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ვერ მოვახერხე.
- იმ პერიოდში მესამე ბავშვი ახალი გაჩენილი გყავდა და ალბათ, მიზეზი ეს იყო.
- არა, ბავშვი არ ყოფილა მიზეზი. უბრალოდ, ასე მოხდა.
- ფიქრობ, რომ უფრო კარგად მღერი, ვიდრე ცეკვავ?
- დაგეგმილი მაქვს და ძალიან მინდა, რომ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მომდევნო სეზონში მივიღო მონაწილეობა. თუ შემომთავაზებენ, უარს არ ვიტყვი. სიმღერაც და ცეკვაც ძალიან მაგრად გამომდის (იცინის). ძალიან მაგარი გოგო ვარ.
- როგორც ვხვდები, გადაწყვიტე, საკუთარი შესაძლებლობები ამბიციურად შეაფასო.
- ამბიციური გავხდი. ამბიციური თუ არ ხარ, არც საინტერესო ხარ და დღეიდან გადავწყვიტე, შევიცვალო და საკუთარ თავზე მხოლოდ კარგი ვილაპარაკო. კარგად ვმღერი, კარგად ვცეკვავ, კარგად ვუკრავ, კარგი დედა ვარ და კარგი მეგობარი, მეტი რა ვთქვა (იცინის).
- როგორი იყო ახლობლების რეაქცია, როდესაც გაიგეს, რომ ''ორ ვარსკვლავში'' მიიღებდი მონაწილეობას და შენი პარტნიორი ნოდიკო ტატიშვილი იქნებოდა?
- ვფიქრობ, მეწყვილეში ძალიან გამიმართლა. ყველა ძალიან კარგია, ყველა პროფესიონალია, მაგრამ ჩემი ნოდიკო თან მყვება და ბევრ რამეს მასწავლის. ახლობლებმა ჩვეულებრივად მიიღეს ჩემი პროექტში მონაწილეობა. არავინ არ აღფრთოვანებულა და არავის არ დაუშლია. ცხოვრებაში გადაწყვეტილებებს ყოველთვის თვითონ ვიღებ.
- მეუღლე დაგპირდა, რომ დაგიმესიჯებს?
- მეუღლეს მგონი გაუხარდა, ამ პროექტში რომ ვიღებ მონაწილეობას. ყოველ შემთხვევაში, არ გაუპროტესტებია. დამესიჯებას არ დამპირებია. დამესიჯების თხოვნა არ მიყვარს. პროექტში უნდა გაკეთდეს სიუჟეტები, სადაც უნდა ვთქვა, თუ მოგეწონათ ჩემი ნამღერი, დამიმესიჯეთ-მეთქი. მგონია, რომ ეს თხოვნა ძალიან ცუდად გამომივა, რადგან ასეთი რამის თხოვნა მეუხერხულება. მაყურებელს თქვენი ჟურნალის საშუალებით ვთხოვ, - რომ დაიწერება, ძალიან არ მომერიდება - მოვეწონები თუ არ მოვეწონები, დამიმესიჯონ.
- სამი შვილის დედა ხარ. როგორ ფიქრობ, აქტიურ ცხოვრებას რომ დაუბრუნდები, ბავშვებს ყურადღება არ მოაკლდებათ?
- შეუძლებელი არაფერია. თუ სწორად დაგეგმავ, ყველაფერს მოასწრებ. უფროსი, ელენე, თორმეტი წლისაა. დათუკა - ოთხის და ანა-მარია წლინახევრისაა. დათუკასა და ელენეს ძალიან გაუხარდათ, ''ორ ვარსკვლავში'' რომ ვიქნები. ელენე ძალიან კრიტიკულია. თუ არ მოვეწონები, არ დამიმესიჯებს. სულ ვამბობ, რომ ჩემი ოპოზიციაა, ჩემი დედამთილია-მეთქი.
- სამსახიობო კარიერაში დიდი ხანი პაუზა გქონდა. ბოლო დროს ამ მხრივ რამე შეიცვალა?
- ამ მხრივ კარიერაში არაფერი ხდება და მართალი რომ გითხრათ, ახალ პროექტში მონაწილეობას იმიტომ დავთანხმდი, რომ ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს. დიდი ხანი გამომივიდა პაუზა. არანაირი შემოთავაზება არ მაქვს, ამან გადამაწყვეტინა ''ორ ვარსკვლავში'' მონაწილეობა. აქტიურ ცხოვრებას მონატრებული ვარ.
- ალბათ, მსახიობის ხვედრია ასეთი. რაღაც პერიოდი ყველა რეჟისორს უნდა მისი ფილმში გადაღება და მერე ივიწყებენ.
- ამ მხრივ მსახიობობა რთული პროფესიაა. რეჟისორს ავიწყდები. მსახიობი ყოველთვის ვიღაცაზეა დამოკიდებული და იმ ვიღაცას თუ არ გაახსენდი, დაიკარგები. ამიტომ გადავწყვიტე, აქტიური ვიყო და ყველა პროექტში მივიღო მონაწილეობა. ეს ჩემი მხრიდან რამდენად სწორი ნაბიჯია, არ ვიცი.
- ბოლოს გამოჩნდი სერიალში ''ნათია და ნათია''.
- ძალიან კარგი სერიალი იყო და კარგი კოლექტივი შეიკრიბა, მაგრამ მოხდა ისე, რომ იმედები არ გაამართლა. ისეთი რეიტინგი ვერ დადო, როგორიც უნდა ყოფილიყო და სერიალი დაიხურა.
- სერიალებში მონაწილეობის ნოსტალგია გაქვს?
- იმ სერიალების ნოსტალგია მაქვს, რომლითაც პოპულარული გავხდი. ავთო ვარსიმაშვილის ''სახლი ძველ უბანში'', ლაშა ცერიაშვილის ''ძილის წინ'' და ''ასსა'' მენატრება. მენატრება ის ატმოსფერო, რომელიც გადაღებებზე იყო. ძალიან შეკრული ჯგუფი ვიყავით, ერთი ოჯახის წევრებივით. ''ასსას'' გადაღებები ხუთი წელი გრძელდებოდა.
- მახსოვს ის პერიოდი. მალხაზ ქვრივიშვილთან ბევრჯერ დაგაწყვილეს. ამბობდნენ, ისეთ საყვარელ ცოლ-ქმარს თამაშობენ, რომ მათ შორის მართლა რაღაც ხდებაო... პოპულარულ ადამიანზე რომ ბევრს ჭორაობენ, ეს კარგად იცი. ალბათ, იმ პოპულარობიდან ეს ჭორები ყველაზე ნაკლებად გენატრება.
- რომ ჭორაობენ, ე.ი. ვიღაც ხარ. მთავარია, ბოროტი ჭორი არ გაავრცელონ.
- ამბობდნენ, რომ ფიქტიურად ''პირველი არხის'' თანამშრომელი იყავი, პირდაპირი ჩართვის მძღოლად გაგაფორმეს და 3000-ლარიან ხელფასს იღებდი. ბევრჯერ გითქვამს, რომ ეს მხოლოდ ჭორი იყო. ამ ყველაფერმა შენს ცხოვრებაზე იმოქმედა?
- ასეთი ჭორები ჩემზე არ მოქმედებს. არ ვიცი, ასეთი რამის მოფიქრება რაში დასჭირდათ. ამ ყველაფერზე არც გავბრაზებულვარ, არც მინერვიულია და არც გამხარებია. ვგიჟდები ჭორაობაზე. გააგრძელონ ჩემი გაჭორვა, ოღონდ ბოროტული ნუ იქნება. ზოგჯერ ისეთ საშინელებას ამბობენ ხოლმე, შეიძლება, გარეკო.
- ხელფასს მართლა არ იღებდი?
- რომ გითხრათ, არ ამიღია-მეთქი, თუ არ გინდათ, რომ დაიჯეროთ, არ დაიჯერებთ ჩემს ნათქვამს. ამიტომ რაც უნდათ, ის თქვან. აზრი არ აქვს თავის მართლებას. ვისაც როგორ უნდა, მაინც იმას იფიქრებს.
- ბევრს ლაპარაკობენ იმაზეც, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შენს ოჯახთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. მახსოვს, როდესაც წელიწად-ნახევრის წინ შენი ძმა, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი კალანდაძე დააკავეს, ყოფილი პრეზიდენტი თქვენს სახლში მოვიდა.
- იმ დროს პრეზიდენტი ვინც უნდა ყოფილიყო, ყველა მოვიდოდა. პოლიტიკაში ვერ ვერკვევი და არც მაინტერესებს. ყველას ჩვენი საქმე გვაქვს. ყოფილი პრეზიდენტის მიმართ კარგად ვარ განწყობილი, ძალიან მიყვარს. იმის იქით რა ხდება, ეს არ მაინტერესებს და არც ჩემი საქმე არაა.
- ოჯახებით მეგობრობთ?
- ჩვენ ოჯახური მეგობრობა არ გვქონია.
- ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებზე რას იტყვი?
- ახალ მთავრობაში ძალიან ბევრი მეგობარი და ახლობელი მყავს.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გიო
ლამაზო
12:19 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS