24 იანვარი, 2019
"დათუნაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ფედერაციაში განხეთქილება შეეტანა" - რა მოხდა რეალურად
ჭიდაობის ფედერაციის გარშემო ვნებათაღელვა ამ დრომდე არ წყდება. 22 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ფიზიკურ შეურაცხყოფაში მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ადანაშაულებს. აშკარაა, რომ ჭიდაობის ფედერაციაში საქმე რიგზე არ არის.

ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადეობაში, ძალადობას ყველა გმობს, თუმცა, მოჭიდავეთა უმრავლესობა გეგეშიძის დაკავებას აპროტესტებს. სოციალურ ქსელში ამ ამბავს პოეტი გიორგი საჯაიაც გამოეხმაურა:

"გეგეშიძის
დაჭერასთან დაკავშირებით მინდა"ორი სიტყვა" ვთქვა და საერთოდ - ჭიდაობის გარშემო ატეხილ ამბებთან დაკავშირებით. ათასჯერ ვუთხარი ჩემს მეგობრებს, ფედერაციაში, პრესცენტრი და ზოგადად პაირის მიმართულება გააძლიერეთ მეთქი, მაგრამ ვერ ქნეს და მოკალი თუ გინდა, სპორტით იყვნენ დაკავებულები და მესმის. ამიტომ მე მიწევს ახლა ამ თემაზე ლაპარაკი.

თანამედროვე ქართულ სპორტში, ყველაზე დაბალი ბიუჯეტის პირობებში, ყველაზე მაღალ შედეგებს რომ თავი დავანებოთ, რის შესახებაც საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის, არის საკითხები, რომლებიც ნათელის მოფენას საჭიროებს.

გეგა ჩემი მეგობარია და რაც არ უნდა დაეშავებინა, თავს ვალდებულად ვთვლი მის გვერდით ვიდგე, მით უმეტეს ახლა, როცა ამ, ძალით თავს მოხვეული შარის გამოა დაკავებული სამართალდამცავების მიერ. ერთადერთი, რაშიც შეიძლება ვერ გავამართლო, ის არის, რომ დათუნაშვილს „ჯაჭვი“ გადაარტყა სახეზე, - რომელიც, სინამდვილეში, ჯაჭვი კი არა, კრიალოსანია, რომალსაც სულ ხელში ათამაშებს, მაგრამ "რუსთავი2" რისი "რუსთავი2"-ია, სიტუაცია რომ არ დაემძიმებინა, - მაგრამ შემთხვევითობისგან არავინაა დაზღვეული...

პრინციპში, მუშტი მოიქნია, უბრალოდ კრიალოსანი ეჭირა და მოხდა, რაც მოხდა და კამერებშიც ის დაფიქსირდა, რაც დაფიქსირდა. ერთი რამ უნდა გაიგოს ყველამ, ჭიდაობა არ არის ბალეტი, რომ ხან ჩხუბი არ მოხდეს და ხან აყალ-მაყალი, მაინც ძალისმიერი სპორტია და ასეთი რაღაცეები ხშირად ხდება და არა მარტო საქართველოში. ტელევიზორში ყველაფერი სხვანაირად ჩანს, მერე ვიღაც ჩაგრულის პოზიციიდან გამოდის და თავი ფრთიან ანგელოზად მოაქვს, სინამდვილეში კი, ყველაფერს აქვს თავის ობიექტური მიზეზი

გასაგებია, რომ არსებობს თმენის ვალდებულება ფედერაციის პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ ყველაფერს აქვს თავის საზღვარი. მე პირადად დანამდვილებით ვიცი, რომ ამ ინცინდენტამდე რამდენჯერმე სცადა გეგამ სიტუაციის განმუხტვა, მაგრამ დათუნაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ფედერაციაში განხეთქილება შეეტანა (თუმცა ეს განხეთქილებაც მოჩვენებითია, სინამდვილეში მარტოა მთელი ფედერაციის წინააღმდეგ).

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ევროპის ჩემპიონატის მოგების მერე, საქართველოში დაბრუნებულმა დათუნაშვილმა, ერთ-ერთ ღამის კლუბში იჩხუბა, ჩხუბს დანების ტრიალიც მოჰყვა და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ზურა დაჭრეს. ამის მერე, საკმაოდ დიდი ხნით გაეთიშა დიდ სპორტს, წელიწადზე მეტი გადიოდა რეაბილიტაციას. ამ ხნის განმავლობაში ფედერაცია იძულებული იყო, ამ წონით კატეგორიაში, პირველ ნომრად სხვა დაეყენებინა, რომელმაც, თავის მხრივ, შესანიშნავი შედეგები აჩვენა. ახლა დათუნაშვილი ბრუნდება სპორტში და პრეტენზიას აცხადებს დამაბრუნეთ პირველ ნომრადო. გეგეშიძის პასუხი იყო, დიდ ჩემპიონატებამდე, პატარ-პატარა ასპარეზობებია, იჭიდავეთ ორივემ და შედეგებმა გადაწყვიტოს ყველაფერიო. ფაქტია, რომ დღეს კობლიაშვილი უკეთეს შედეგებს დებს და უკეთეს ფორმაშია, ვიდრე დათუნაშვილი და ეს მათმა ბოლო „სხვატკამაც“ (შეჭიდებამ) ანახა, რომელსაც ეს აურზაური მოჰყვა.

ფედერაციამ სპეციალურად გაიღო ხარჯები იმისთვის, რომ სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მოეწვიათ რეფერები, ვინმეს რომ სუბიექტურობაში არ დაედო ბრალი, მაგრამ დათუნაშვილმა ესეც გააპროტესტა და ფიზიკურად რომ ვერ აჯობა კობლიაშვილს, რეფერებს მიადგა და პრეტენზიები წაუყენა და ფაქტობრივად ჩაშალა ორთაბრძოლა, რაც კადრებშიც კარგად ჩანს. შემდგომ ამისა, ხდება ის, რომ ტრიბუნებზე დათუნაშვილის ქომაგები ტეხენ ალიაქოთს, ჩაშლის ბოლომდე გასაფორმებლად და უკვე მთელ ფედერაციას აყენებენ შეურაცხყოფას, იმიტომ რომ ფაქტობრივად არავინ არ ამართლებს დათუნაშვილის ამ არასპორტულ საქციელს და საქმე იქამდე მიჰყავთ, რომ ეს ყველაფერი ხელჩართულ ორთაბრჯოლაში გადადის. ერთია, თმენის ვალდებულება და მეორეა, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას რომ გაყენებენ და იძულებულს გხდიან, ხელი მოიქნიო და აქ ერთვება გეგეშიძეც.

კადრებში ჩანს, რომ როცა გეგა ზურას უახლოვდება, რაღაცას ეუბნება, ცდილობს, რომ როგორმე სიტუაცია განმუხტოს და საპასუხოდ იღებს შეურაცხყოფას, რაზეც ინსტინქტურად რეაგირებს. მის ადგილას, ალბათ მეც ზუსტად ასე მოვიქცეოდი, ამიტომ, არ შემიძლია, აქ და ახლა ეს ყველაფერი არ ვთქვა. ერთი მხარის ინტრიგნობასაც აქვს საზღვარი და მეორე მხარის მოთმინებასაც! ხელისუფლებას კი მინდა შეგახსენოთ, რომ როდესაც "ნაცების" მიტინგებზე მოჭიდავეების ზურგსუკან ჩასვრილები იმალებოდით, მაშინ არავის გაგხსენებიათ არც კანონი და არც სპორტული ეთიკის კოდექსი, რადგან ყველა ხერხი მისაღები იყო თქვენი გულისამრევი მიზნების მისაღწევად. ეს ისე, მცირე ისტორიული ექსკურსია, თორემ არაფრის თქმა არ მინდა, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა აიღოს ვალდებულება საკუთარ არასპორტულ თუ არაკანონიერ საქციელზე და არც ზურა და გეგა არიან გამონაკლისი (თუ ძალისმიერ სპორტში ჩხუბი კანონის დარღვევაა - ესეც საკითხავია), მაგრამ გარდა კოდექსებისა, არსებობს მორალი... მოჭიდავეები ყოველთვის იქ და ისე იდგებიან, სად და როგორც სინდისი უკარნახებთ, აი, თქვენ კი რა გეშველებათ, ეგ აღარ ვიცი. მოვრჩი.

P.S. რაღაც უაზრო სტატუსებს რომ ანიუსებთ (ჩემგანაც ბევრჯერ წაგიღიათ) გაიტანეთ ახლა ეს პოსტი საინფორმაციო პორტალებმა და წააკითხეთ ხალხს, რაც მეტი გაიგებს სიმართლეს, მით უკეთესი".
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
პოლიცმაისტერი
კარგით რა ხალხო, ეს გეგა რომ პოლიციის "ძველი" კადრია ყველამ კარგად ვიცით და როგორ "მოხვდა" ჭიდაობის ფედერაციაშიც ეგეც ადვილი მისახვედრია. ანგელოზად ნუ გამოგყავთ ყველა მთავრობის წინასაარჩევნოდ "საჭირო" "კუნთიანი მასების" წარმომადგენელი. ელემენტარული სინდისის ძარღვის ქონაა საჭირო, რომ არ იცრუო. რა ფედერაცია და ქვეყანა ჩამოიშლება, რა სისულელეებს ბოდიალობს ეგ ტიპი? ვის დაკარგვია და საერთოდ რას წარმოადგენს იცის ვინმემ??? თუ ერთი ადგილი არ გაქვს, ნუ იბრიქები მეგობარო და თუ არა და ციხეშიც ვაჟკაცურად შედი!!! მაგრამ, შენნაირები ხომ ციხის კარბთან იწყებენ ტირილს და მოთქმას..... ფუ თქვენი.....
15:32 / 25-01-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS