04 მარტი, 2014
ქეთი ხატიაშვილის ახალი საქმე - ''ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ ამპლუაში აღმოვჩნდებოდი...''
ყოველდღიურ რეჟიმში არა, მაგრამ სულ ვცდილობთ, ერთმანეთს ვასიამოვნოთ ქეთი ხატიაშვილისთვის 2013 წელი იღბლიანი აღმოჩნდა, ჯერ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მეცამეტე მონაწილედ აირჩიეს, შემდეგ კი სამთვიანი დაუღალავი შრომის ფასად, ცნობილ სახეებს ღირსეული მეტოქეობა გაუწია და პროექტის გამარჯვებულიც გახდა.
სულ ცოტა ხნის წინ კი გამოჩნდა ''იმედის დილაში'', საიდანაც ქართულ სპორტზე გვაწვდის ინფორმაციას და ღია ეთერშიც ერთვება.
ქეთის მეუღლე ყოფილი ჩოგბურთელია, რომელმაც ტრავმის გამო სპორტს თავი ადრე დაანება და ახლა კერძო ბიზნესი აქვს. წყვილს 2 წლის ანასტასია ჰყავს.

- ''ცეკვავენ
ვარსკვლავების'' დროს ძალიან დიდი სტრესი მივიღე, ეტყობა, ამან ჯანმრთელობაზეც იმოქმედა და პრობლემები შემექმნა, თუმცა მოკლე დროში ფეხზე დავდექი და ახალი შემართებით შევუდექი ცხოვრებას. პროექტის მიმდინარეობისას სულ ვამბობდი, არ დავღლილვარ, კარგად ვარ-მეთქი, მაგრამ ლიკა ლაბაძე მეუბნებოდა, ჯერ სად ხარ, მეც მასე ვიყავი, მაგრამ შოუს Gდასრულების შემდეგ ერთი თვე დამჭირდა მდგომარეობიდან გამოსასვლელადო. მე კიდევ 10 სექტემბრიდან რომ ჩავერთე ამ მარათონში, 31 დეკემბრის ჩათვლით ამ საქმეზე ვიყავი ორიენტირებული. დამეთანხმებით, ასეთი დაძაბული გრაფიკისთვის ოთხი თვე ცოტა დრო არაა, მით უმეტეს, რომ არ ვიყავი მიჩვეული ასეთ რეჟიმს... თუმცა ძალები უკვე აღვიდგინე. პროექტის შემდეგ ჩემ მიმართ შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება, სადაც უნდა მივიდე - მცნობენ, ეს გარკვეულწილად პასუხისმგებლობას მაკისრებს, რომ ვიყო ფორმაში და კარგად გამოვიყურებოდე.
- რას გვეტყვი ამჟამინდელ საქმიანობაზე, ფიტნესინსტრუქტორად მუშაობას აგრძელებ?
- მელოდებოდნენ, მაგრამ, ბუნებრივია, არჩევანი იმ შემოთავაზებაზე გავაკეთე, რომელიც მეტად შემოსავლიანი იყო.ალბათ, ყველა ასე მოიქცეოდა, ჩემთვის რაც უკეთესი იყო, მას მივანიჭე უპირატესობა და ამით ნაწყენი არავინ დარჩენილა.
- პროექტის დასაწყისში სხვადასხვა ტელევიზია გთავაზობდა თანამშრომლობას, შოუს დასრულების შემდეგ აღარ მიგიღია წინადადება მათგან?
- არა. ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ბანკეტზე ნოე სულაბერიძემ მითხრა, რომ ჩემს დასაქმებას ''იმედის დილაში'' აპირებდნენ, რამაც მართლა ძალიან გამახარა და სხვა სამსახურზე აღარც მიფიქრია. არც ერთ არხზე არაა ჩართვები ქართული სპორტის თემაზე, მე კი სწორედ ამ განხრით ვმუშაობ, მით უმეტეს, რომ ეს ჩემი სფეროა. სწორედ ამიტომ პირველი ჩართვა სპორტული ტანვარჯიშიდან მქონდა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, ამ ამპლუაში თუ აღმოვჩნდებოდი. როცა გავიგე, რომ ''იმედის დილაში'' ჩართვებზე უნდა მემუშავა, იმ დღიდან, როგორც კი პატარა თავისუფალ დროს ვპოულობდი, ვიჭერდი რაღაც ნივთს მიკროფონის ნაცვლად და ვვარჯიშობდი. პირველი ეთერის დროს ძალიან ვინერვიულე, ხელები სულ სველი მქონდა, მაგრამ ჩანაწერი რომ ვნახე, მივხვდი, ძალიან ცუდი ჩართვა არ მქონია. რასაკვირველია, ხარვეზები იყო, რომელთაც დროთა განმავლობაში გამოვასწორებ.
- პირველი ეთერის შემდეგ როგორი შეფასება მიიღე?
- ყველა მგულშემატკივრობდა და ბევრმა ადამიანმა დამირეკა დილას, თუმცა პირველი კრიტიკა ოჯახის წევრებისგან მივიღე. სულ ქება კარგი არ არის, ამიტომაც ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანები შენიშვნებსაც მაძლევენ, რომ უფრო უკეთესი ვიყო.
- როგორ ეგუება შენი მეუღლე დილით ადრე სახლიდან გასულ ცოლს?
- სიმართლე გითხრა, დილით ადრე ადგომა საერთოდ არ მიჭირს, პირიქით, მსიამოვნებს. რაც შეეხება მეუღლის საკითხს, იმ დროს, როცა მე სახლიდან გავდივარ, სძინავს. თან კვირაში მხოლოდ ორჯერ მექნება ჩართვა და ეს პრობლემას არ შეგვიქმნის. მეტიც, შინ რომ ვბრუნდები, ოჯახის წევრები ისევ სახლში მხვდებიან და მერე მიდიან საქმეებზე.
- რაც შეეხება შენს შვილს, ანასტასიას...
- ანასტასია ძალიან პოპულარული გახდა ბაღში, სამწუხაროდ, ახლა ბრონქიტი აქვს და ვერ დადის. ერთ-ერთ გადაცემაში რომ ვიყავით, ანასტასიამ კრუასანი მოითხოვა. ეს თემა იმდენად აიტაცა ხალხმა, რომ ჩვენ რაზე ვლაპარაკობდით, არავის ახსოვდა. მას შემდეგ სადაც მიდის, ან თუ ვინმე მოდის ჩვენთან, ყველას კრუასანი მოაქვს და ამავე ნამცხვარს ახვედრებენ ყველგან. ამის გამო უკვე კრუასანს ეძახიან, ასე რომ, ეს მისი მეორე სახელია. ტელევიზორში რომ მხედავს, მცნობს, აქვს რეაქციები. ოლიმპიადის გახსნას რომ ვუყურებდით, მკითხა - დედა, შენც უნდა გამოხვიდეო? როგორც ჩანს, ხვდება, რომ დედა სპორტსმენია და ოლიმპიადაზე სწორედ ამ საქმით დაკავებული ხალხი გადის. ადრე არ მოსწონდა, როცა ტელევიზორში მხედავდა, ამბობდა, გამოვიდეს იქიდანო, მაგრამ ახლა ეტყობა, შეეცვალა აზრი. დანახვისთანავე ამბობს, უი, დედიკო, გადაახვიეთო.
- შვილს მარტო ზრდი?
- მეხმარებიან ბებიები და ბაბუა, თან ანასტასია ბაღში დადის და საღამომდე ვაგვარებ იმ საქმეებს, რაც გასაკეთებელი მაქვს.
- ვინაიდან საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექეცი, შენს მეუღლეს ალბათ ქეთი ხატიაშვილის ქმრად მოიხსენიებენ და ეს ხომ არ აღიზიანებს?
- არა, ისეთი რეაქცია აქვს, როგორიც საღად მოაზროვნე ადამიანს შეეფერება. სითბოსა და სიყვარულის გამოხატვა არ ხდება ზღვარგადასული მეთოდებით, ამიტომ ეს ფაქტი ჩემს მეუღლეზე ცუდად არ მოქმედებს.
- როგორია ქეთი სახლში, თუ ერთვები საოჯახო საქმეებში, სამზარეულოში თუ ფუსფუსებ?
- კი, როგორ არა, მიყვარს საჭმელების კეთება, ყოველთვის ვცდილობ, რაღაც განსხვავებული მოვამზადო. მოგეხსენებათ, დედა უკრაინელი მყავს, იქ კი უყვართ ბოსტნეულის სალათა ''შუბა'', რომელიც, როგორც ამბობენ, ძალიან გემრიელი გამომდის. გოგონები რომ მოდიან ჩემთან, ხშირად მთხოვენ მის მომზადებას.
- მეუღლეს თუ ანებივრებ რომანტიკული ვახშმებით?
- ყოველდღიურ რეჟიმში არა, მაგრამ სულ ვცდილობთ, ერთმანეთს ვასიამოვნოთ.
- რომელია თემა, რომელიც კამათის საგანი ხდება თქვენთვის?
- კონკრეტულად არ მახსენდება, მაგრამ როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, ჩვენც ვკამათობთ, ვმსჯელობთ, განვიხილავთ და ა.შ. მგონია, ბუტია არ ვარ, თუმცა ლევანი ამბობს, ხარო. შერიგებისას ორივე თანაბრად ვაქტიურობთ, მეც დამთმობი ვარ და ისიც.
- დასასრულ, მინდა გკითხო მოგებულ ბინაზე...
- ბინას მალე გადმოვიფორმებ და დაგპატიჟებთ, ერთად ვნახოთ, როგორია (იღიმის)...

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნინა
ქეთი ძალიან საყვარელი გოგო ხარ, ნუ აყვები ბომონდუშკებს თორემ ხალხის სიყვარულს დაგაკარგვინებენ.წარმატებებს გისურვებ
19:06 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
კაკო
ქეთი შენ ხალხის არჩეული ხარ და ნუ წაართმევ ხალხს თავის ადგილებს შენ ქმარი გყავს ბიზმესმენი სხვას კი კაპიკი ფული არ აქვს მაგრამ ნიჭიერია
06:59 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
კარგი გოგო ხარ
17:06 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS