01 მარტი, 2014
''შეიძლება, ოდესმე გიამბოთ, რატომ არ შემიძლია მაიდანზე დგომა''
მოსკოვში მქონდა შემოთავაზება მუსიკალური არხიდან, მაგრამ ეს პროცესი ჯერ შევაჩერე, რადგან ტელევიზიას ბევრი დრო მიაქვს. მინდა, მთელი ყურადღება ჩემს ძირითად საქმიანობას დავუთმო ივანა მელაი ძალიან მალე თბილისს დატოვებს და საცხოვრებლად მოსკოვში გადავა. თბილისში გატარებულ წლებს ცრემლების გარეშე ვერ იხსენებს. ყოველთვის მხიარული და მოღიმარი იყო, მაგრამ ბოლო დროს სულ მოწყენილია და შავ სამოსს ატარებს. სხვანაირად არ შეუძლია, რადგან მის მშობლიურ უკრაინაში ხალხი იხოცება.

- თქვენი ნათესავები მომიტინგეებთან ერთად დგანან?
- რაც ახლა კიევში ხდება, ასეთი რამ
დამოუკიდებელ უკრაინას არ ახსოვს. ეს მხოლოდ სამწუხარო კი არა, შოკისმომგვრელი ამბავია. ქართველიც კი დაიღუპა. როგორ შეიძლება მშვიდობიანი ადამიანების დახოცვა, არ მესმის. ჩვენი ინტერვიუს დაწყებისთანავე შემიძლია ვთქვა, რომ აპოლიტიკური ადამიანი ვარ. ამ ყველაფერს ვამბობ როგორც უკრაინის მოქალაქე, ადამიანი, რომელიც იმ ქვეყანაში დაიბადა. ჩემი მეგობრების გამო ძალიან ვწუხვარ. ისინი მაიდანზე არიან, ნათესავები კი კიევში არ ცხოვრობენ. წარმოშობით კარპატებიდან ვარ. ჩემს მეგობრებს მომიტინგეებთან მიაქვთ საკვები და წამლები. ძალიან ვნერვიულობ, ნებისმიერ დროს შეიძლება, ცუდი რამ მოხდეს.
- მომიტინგეების გვერდით დგომის სურვილი გაგიჩნდათ?
- ამის სურვილი იმ წუთიდან გამიჩნდა, როცა ხალხი მაიდანზე გავიდა პროტესტის გამოსახატავად. შეიძლება, ოდესმე დაწვრილებით გიამბოთ, რატომ არ შემიძლია მათთან ერთად დგომა. დღეს ამის შესახებ რომ ვისაუბრო, მზად არ ვარ.
- რატომ?
- ძალიან სევდიანი ამბავია და დღეს ამ ამბის მოყოლა უსაფრთხო არაა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. უკრაინაში სხვა, კარგი ხელისუფლება მოვა, შესაძლოა, მაშინ ყველაფერს გულახდილად მოვყვე. დღეს მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ასე ჩემი და ჩემი ოჯახის მიზეზით არ მომხდარა. ამ ამბის გამო ცხოვრობენ ჩემი მშობლები თბილისში და ჩვენ ჯერჯერობით არ შეგვიძლია კიევში ჩასვლა. დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილებები აუცილებლად მოხდება და ჩვენ შევძლებთ სამშობლოში დაბრუნებას. შემიძლია გითხრათ, რომ ორი სამშობლო მაქვს, უკრაინა და საქართველო. მინდა, ორივე ქვეყანაში ადამიანები კარგად ცხოვრობდნენ. ერთხელ მოვდივართ ამქვეყნად და ამიტომ კარგად უნდა ვიცხოვროთ.
- მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თქვენი მეორე სამშობლოა, გადაწყვიტეთ, დატოვოთ და მოსკოვში გადახვიდეთ…...
- გაინტერესებთ რატომ? მეც მინდა, რომ კარგად ვიცხოვრო. და არა მარტო ფინანსური თვალსაზრისით, არამედ კარიერის განვითარებისთვისაც. ექვსი წლიდან სცენაზე ვარ. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში სულ წინ მივდიოდი. ბავშვობის წლებიდან დავდიოდი საზღვარგარეთ კონკურსებზე და სულ ვცდილობდი, შემოქმედებითად გავზრდილიყავი. დასამალი არაფერია, საქართველომ ყველა სფეროში პაუზა აიღო. ჩემი მშობლები თბილისში რჩებიან, ამიტომ თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ აუცილებლად ჩამოვალ. ჩემს კარიერას გაგრძელება სჭირდება. მე აუცილებლად წინ უნდა წავიდე. საქართველოში ამის შესაძლებლობები არ არის. ძალიან ბევრი შემოქმედი ადამიანი უკვე წავიდა საქართველოდან. ამის გამო ძალიან ვწუხვარ. დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი თბილისში, საქართველოდან ვივლიდი სხვადასხვა ქვეყანაში კონცერტებზე და თბილისიდან გადასვლაზე საერთოდ არ ვიფიქრებდი. ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისში ჩემს საქმეს ვაკეთებდი და მშვიდად დავდიოდი სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლებზე. ვხედავდი, რომ ქვეყანა ვითარდებოდა, საქართველოში მსოფლიო დონის მუსიკოსები ჩამოდიოდნენ, ჰოლივუდელი რეჟისორები აქ ფილმებს იღებდნენ. ყველაფერი ვითარდებოდა, ახლა ყველაფერი გაჩერდა. საქართველოდან რომ მივდივარ, იმას არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას დავივიწყებ. ადამიანები, რომლებსაც აქ შევხვდი, სულ ჩემს გულში იქნებიან.
- ყველამ იცის, რომ გურამ ლომიძე და თქვენ შეყვარებულები ხართ. როგორ გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა? გურამი მოსკოვში აპირებს წამოსვლას?
- გურამი ნამდვილი ქართველი მამაკაცია. ჩვენი ურთიერთობის დასაწყისში იტალიაში წავედი ერთი თვით და იქ ჩამოვიდა ჩემ სანახავად. ჩვენ კარგად გვესმის ერთმანეთის. ორივე ჩვენი გზით ვვითარდებით და გვესმის, რომ მოსკოვში გადასვლა ჩემს კარიერაში ახალი ნაბიჯია. გურამიც ცდილობს განვითარებას. ის ნიჭიერი ადამიანია და მას დიდი მომავალი აქვს. ვფიქრობ, რომ ჯგუფთან ერთადაც უნდა იმღეროს და სოლოკარიერაც აუცილებლად უნდა გააგრძელოს.
- ბევრის აზრით, გურამი ''ქუჩის ბიჭებში'' ყველაზე კარგად მღერის.
- ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჯგუფის ყველა წევრთან კარგად ვარ. ვფიქრობ, ''ქუჩის ბიჭებმა'' ქართულ ესტრადაში დიდი ცვლილება შეიტანეს. ჩემი აზრით, ყველა მათგანი ძალიან მაგარია და, რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს გურამი. ისიც აპირებს მოსკოვში ჩასვლას, მაგრამ ეს როდის მოხდება, არ ვიცი. ვფიქრობ, მან ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ბევრი კარგი რამ გააკეთა. უცხო ქვეყანაში წასვლა და იქ რამე ახლის გაკეთება ყველას არ შეუძლია. მან ეს შეძლო და მგონია, რომ მესამე და მეოთხე ქვეყანაშიც რომ წავიდეს, ყველგან შეძლებს ყველაფრის მიღწევას.
- აღნიშნეთ, რომ ის ნამდვილი ქართველი მამაკაცია, რას ფიქრობს თქვენ შესახებ გავრცელებულ ჭორებზე?
- ჭორები ძალიან არ მიყვარს. თქვენთან ერთად შემიძლია გავარჩიო წიგნი, რომელიც წავიკითხეთ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენზე ჭორაობენ, ის წაკითხული ექნებათ. არ მგონია, რომ ადამიანები, რომლებიც ჭორებს იგონებენ, ჩვენ კარგად გვიცნობდნენ. როცა ადამიანი სხვის ცხოვრებაზე ლაპარაკობს, ე.ი. მისი ცხოვრება საინტერესო არ არის.
- გურამს როგორი რეაქცია აქვს, როდესაც ლაპარაკობენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა სამკაულები გაჩუქათ. გურამს უთქვამს, ნივთები ქვეყნის პირველი პირისგან საჩუქრად რატომ მიიღეო?
- ჩემ შესახებ ყოველთვის ჭორაობენ. ეს ჩემი ბრალი არაა.
- ეს პოპულარობის ნაწილია.
- შეიძლება ითქვას, ჭორები პროფესიის ნაწილი გახდა, მაგრამ გურამი ძალიან ჭკვიანი ადამიანია. ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ მე შეიძლება ვყოფილიყავი არაჭკვიან ადამიანთან? ნუთუ ვგავარ ქალს, რომელიც ამოირჩევდა მამაკაცს, რომელიც ჭკვიანი არ არის?!. მხოლოდ უჭკუო მამაკაცს შეუძლია ჰკითხოს ქალს, იღებდა თუ არა საჩუქრებს. გურამის მსგავსი ჭკვიანი მამაკაცი არასდროს იკითხავს ამას. პირველ რიგში, იმიტომ არ იკითხავს, რომ ეს ჩემი წარსულია.
- არასდროს გისვამთ კითხვებს წარსულზე?
- ეს გულუბრყვილობა იქნებოდა. თუ მოვინდომებ, მას ჩემი წარსულის შესახებ თვითონვე მოვუყვები. თუ მოინდომებს, ის მომიყვება ყველაფერს თავის ცხოვრებაზე. უკეთესია მომავალზე ლაპარაკი. მე მომავალზე საუბარი მომწონს. მაქვს ჩემი ოცნებები. რაც შეეხება საჩუქრებს, ვფიქრობ, არავინ იტყოდა უარს მათ მიღებაზე კარგი ადამია ნისგან. მიყვარს საჩუქრების მიღება კარგი და ახლობელი ადამიანებისგან. მეც მიყვარს სხვების დასაჩუქრება, ამით ბედნიერი ვარ.
- ყოფილ პრეზიდენტთან მეგობრობდით. გიორგი მარგველაშვილს თუ იცნობთ?
- არ ვიცნობ. ახალი ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელს ვიცნობ, მაგრამ მათი ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რომ შემდეგ ჭორების მიზეზი არ გახდეს. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო, ჭორები ისევ რომ არ აგორდეს.
- თქვენმა მშობლებმა გურამ ლომიძე გაიცნეს?
- ისინი იცნობენ გურამს. ჩემი მშობლები ძალიან კეთილი და ინტელიგენტი ადამიანები არიან. მათ უყვართ ყველა ჩემი მეგობარი და ახლობელი. და ყველა ჩემი მეგობარი მათ თავიანთ მშობლებად მიიჩნევს, იმდენად თბილი და გახსნილი ადამიანები არიან.
- რას ფიქრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ გურამს უკვე ორი მეუღლე ჰყავდა?
- თქვენ კვლავ წარსულზე ლაპარაკობთ. წარსულზე საუბარი კი ლამაზი არაა, როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს ხვდება, არა თექვსმეტი წლის, არამედ ჩვენს ასაკში, მე 26-ის ვარ და გურამი 33 წლისაა. ჩვენ ხომ ამ ასაკამდე ვიცხოვრეთ. ნორმალური ადამიანები ვართ, გვქონდა მანამდე ურთიერთობები. წარსულს პატივი უნდა სცე, რასაც ვაკეთებთ კიდეც მე და გურამი. ყველას და ყველაფერს ვაფასებ, რაც იყო მის ცხოვრებაში და ისიც ყველას სცემს პატივს, ვინც ჩემს ცხოვრებაში იყო. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ასე აკეთებს ყველა ცივილიზებული და ინტელიგენტი ადამიანი.
- მის შვილებს იცნობთ?
- ვიცნობ შვილს, რომელიც თბილისში ცხოვრობს - ნიკას, რომელიც ძალიან კარგი ბავშვია.
- დედამისს, ხატია შამუგიას, იცნობთ?
- არა, დედამისს არ ვიცნობ, მაგრამ შვილი არაჩვეულებრივია და დარწმუნებული ვარ, რომ ის ცხოვრებაში ბევრ რამეს მიაღწევს.
- თქვით, რომ გაქვთ ოცნებები, რაც შეეხება თქვენს ოცნებას ქორწილთან დაკავშირებით, როგორ წარმოგიდგენიათ ეს დღე, თბილისში, კიევში თუ მოსკოვში?
- გულახდილად რომ გითხრათ, ისევე, როგორც ყველა გოგონას, მეც მაქვს ოცნება ქორწილთან დაკავშირებით. არ ვიცი, როგორი კაბა მეცმევა, ქართული თუ უკრაინული, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ბრწყინვალე კაბა იქნება. თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ისე იქნება ცხოვრებაში, როგორც ღმერთს უნდა. ქართველებს გაქვთ არაჩვეულებრივი გამოთქმა, ''კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო''. მღვდლის ოჯახში ვიზრდებოდი და მორწმუნე ადამიანი ვარ. ბაბუა მღვდელი იყო, ახლა ბიძაჩემი იმავე ტაძარში არის მღვდელი, სადაც ბაბუაჩემი იყო, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ღმერთმა ყველაზე უკეთ იცის, რა არის ჩემთვის კარგი. მაგრამ მეც, რასაკვირველია, ყველანაირად ვეცდები, რომ ეს დღე ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული იყოს.
- ეს დღე თქვენს ცხოვრებაში მალე დადგება?
- ახლა მხოლოდ ჩემს კარიერაზე ვფიქრობ და ამის გამო ჩემი პირადი ცხოვრება არ ზარალდება. ხვალ გათხოვება ნამდვილად არ მაქვს დაგეგმილი. გათხოვება ერთი კვირის, ერთი თვის ან ერთი წლის შემდეგ შესაძლებელია. არავინ იცის, როდის რა მოხდება. ცხოვრება ზღაპრული რამაა. მე მიყვარს სიურპრიზები, ის, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება და მიყვარს ჩემი ცხოვრება, მოულოდნელი გადახვევები. თუნდაც ის, რომ საქართველოში ჩამოვედი. მე ხომ არ ვოცნებობდი და არ ვგეგმავდი ამ ყველაფერს. უბრალოდ, ასე მოხდა. მადლობას ვუხდი ყველა ქართველს. თქვენ მე თქვენიანად მიმიღეთ. ვიცი, რომ ქართველები ყველას თავისიანად არ იღებენ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ფულით ვერ იყიდი.
- როდის გეგმავთ მოსკოვში გამგზავრებას?
- წესით, ერთი კვირის წინ უნდა წავსულიყავი, მაგრამ როდესაც სადმე გადადიხარ საცხოვრებლად, ბევრი რამ უნდა მოაგვარო. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, სად ვიცხოვრებ. ჩემი მეგობრები მოსკოვში ბევრ ვარიანტს მთავაზობენ. ჩემთვის ბინის აურას დიდი მნიშვნელობა აქვს. უახლოეს მომავალში გადავალ, მაგრამ ქართველები არ მიშვებენ. ყველა ცდილობს, პროექტებში მიმიწვიოს. გულწრფელად გეტყვით, რომ ამის გამო ძალიან გახარებული ვარ.
- სიმღერის გარდა, მოსკოვში ჟურნალისტობასაც გააგრძელებთ?
- ჟურნალისტად არ მივიჩნევ თავს, რადგან ჟურნალისტიკა არ მისწავლია. წამყვანი იმიტომ ვარ, რომ ვმღერი. მოსკოვში მქონდა შემოთავაზება მუსიკალური არხიდან, მაგრამ ეს პროცესი ჯერ შევაჩერე, რადგან ტელევიზიას ბევრი დრო მიაქვს. მინდა, მთელი ყურადღება ჩემს ძირითად საქმიანობას დავუთმო. ჩემმა მეგობარმა დიმა ბილანმაც მითხრა, გაერკვიე რა გინდა, როდემდე შეიძლება ტელევიზიაზე ფიქრი, იმღერეო.
- როგორ ფიქრობთ, რა მოგენატრებათ ყველაზე მეტად თბილისში გატარებული წლებიდან?
- ეს ყველაზე რთული კითხვაა. იტალიაში რომ ვიყავი, ხინკალიც კი მომენატრა და ვამბობდი, არ მინდა თქვენი პიცა, ხინკალი მენატრება-მეთქი. საქართველო თავიდანვე ძალიან შემიყვარდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა არავის არ ვიცნობდი. შემიყვარდა სამება. შემიყვარდა თქვენი პატრიარქი. ვოცნებობ, მას შევხვდე და მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ თქვენს ქვეყანას იცავს. მომენატრება თბილისის მზე, მომენატრება ბათუმის წვიმა. ლოპოტა და ყვარლის ტბა. გუდაური, ბაკურიანი, ბორჯომი, სიღნაღი. მომენატრება ყველა ის ადამიანი, რომლებმაც გულწრფელად შემიყვარეს.
თბილისში ერთი ადგილი მაქვს, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს და მომწონს. მეტეხს ვგულისხმობ. ტაძარი, რომელიც მთაზე დგას და ქვემოთ მიმავალი მტკვარი ულამაზესი სანახავია. ვფიქრობ, ასეთი ლამაზი ადგილი მსოფლიოში არსად არ არსებობს. როდესაც მეტეხს ჩავუვლი ხოლმე, ემოციებს ვერ ვიკავებ. ჩვენ ახლა ვართ ერთ-ერთ სასტუმროში. როდესაც პირველად ჩამოვედი, ვიჯექი ამავე სასტუმროს ნომერში, ნინო ქათამაძის მუსიკას ვუსმენდი, ვუყურებდი მთელ თბილისს. ჩემს თავს და ღამის ქალაქს ვეკითხებოდი, მიმიღებს? შევძლებ, რომ ამ ქალაქში გავხდე ყველასთვის საყვარელი მომღერალი? შემიყვარებ, თბილისო? იმ დროს მე არ მქონდა პასუხი. უბრალოდ, სიმშვიდის განცდა დამეუფლა. და დღეს, როდესაც აქ ვზივარ და იმავე ხედს ვუყურებ, ვამბობ, მადლობა ამ ქალაქს, რომელმაც მიმიღო და შემიყვარა. მადლობა ღმერთს, რომ მან მომცა შანსი, მეცხოვრა თბილისში. ყოველთვის ამაყი ვიქნები, რომ საქართველოში ვცხოვრობდი.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
elka
კარგია რომ ვუყვარვართ.მაგრამ განსაკუზთრებით პროტესტი მომეწონა, უკრაინაში სისხლისღვრა რუსეთის გამოა,ეხ კი რუსეთში კარიერისთვის და ფულისთვის მიდის,პარადოქსია, არ თქვათ ახლა ხელოვანია და პოლიტიკაში არ ერევაო.გამეცინებათქოოო
12:44 / 06-04-2014
გამოხმაურება / 0 /
კარგია რომ ვუყვარვართ, მაგრამ მხოლოდ საუბრით ყველანაირმა ადამიანმა შეიძლება მოგხიბლოს.მაგრამ ვერ გავიგე, უკრაინაზე ნერვიულობს, რუსეთში გარბის კარიერისთვის და ფულისთვის, პროტესტის გრძნობაც ამას ქვია, არ თქვათ ახლა ხელოვანიაო და პოლიტიკაში არ ერევაო,გამეცინება.
12:40 / 06-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ელგუჯა
მართლაც დასანანია რომ ჩამოსული ადამიანიც ამჩნევს უკან სვლას თუარა წინსვლა რომ არარის
21:04 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ზაზა- ავაზა
--ნაც(ჩ)მოელებმა უკრაინაში ვინც გაჟიმეს ყველა ცოლად წამოასხეს, ვითომ ჩვენი პუტანები არ კმაროდა საქართველოს!!!
14:22 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ლუზი
მართლაც ბოლო შეკითხვის პასუხმა ცრემლები მომგვარა.ივანა არ მეგონა ასეთი კარგი გოგო თუ იყავი.წარმატებები
10:32 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
სასწაული, მე რატომღაც მეგონა კარგად შენახული 40 წლის ქალი. ალბათ იმიტომ რომ საუბრის მანერა აქვს ძალიან ასე ვთქვათ 'დამა'. ამიტომ სულ ვფიქრობდი რაღა დროს ამისი წინსვლა და მომავალიათქო, არადა ყველაფერი წინ ჰქონია. წარმატებები
00:47 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
18ს კი არა მე რატომღაც უფრო დიდი მეგონა ასე 30 წლის
23:39 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ილონა
რატომაც გარბიხარ გასაგებია. ღმერტმა ხელი მოგიმარტოს ტუნდაც იმიტომ რომ საქარტველოს თბილად მოიხსენიებ.მაგრამ ცხოვრება არ ჩერდება გრძელდება ნებისმიერი მთავრობის ხელში.
02:46 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ტინა
ფარულავას მძიმე ამბის შემდეგ მეორე დარტყმა, კარგით რა. შეგვიცოდეთ,ამდენი დარდი.....
02:31 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
სარა
ივანა, ცრემლები მომგვარა შენმა სიტყვებმა, გაიხარე გურამიკოსთან ერთად, ბედნიერებას იმსახურებ, წარმატებებს გისურვებ კარიერაში და პირად ცხოვრებაში, ყვალგან დაგიფაროს საქართველოს ცამ. მიყვარხარ და გკოცნი ბევრს.
02:52 / 02-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS