14 დეკემბერი, 2018
"სამირის ცხედარი გაგვტაცეს, მისი ბოლო სურვილიც ვერ ასრულდა" - ქუჩის მუსკოსის სევდიანი ამბავი
ქუჩის მუსიკოსის, სამირ (ზაზა) სავჩუკის გარდაცვალებამ ბევრ ადამიანს ატკინა გული. სოციალური ქსელი ტკივილიანი წერილებითაა აჭრელებული. თბილისელები სამირს თითქმის 17 წელი, ყოველდღე ქუჩაში გიტარით ხელში ხედავდნენ. ხალხის ყურადღება მაშინვე მიიპყრო მისმა გარეგნობამ: სწორი შავი თმა ჰქონდა, ჭრელი თვალები. ყოველთვის მოწესრიგებული იდგა მეტროსადგურებში, მიწისქვეშა გადასასვლებში და გულიანად მღეროდა.

ჟურნალ "გზაში" 2016 წელს დაიბეჭდა სამირ სავჩუკის პირველი ინტერვიუ. ჩემი კოლეგა თამუნა კვინიკაძე შეხვდა მას. ნამდვილი გვარიც არ იცოდა, მხოლოდ სახელი ახსოვდა და ის, რომ უკრაინაში დაიბადა. დედა უკრაინელი
ჰყავდა, მამა - ბოშა. 4 წლისა დედამ ტაქსით საავადმყოფოს შენობასთან მიიყვანა, მერვე სართულზე აიყვანა და უთხრა, მალე დავბრუნდებიო, მაგრამ მწარედ მოატყუა. მას მერე დედა აღარ უნახავს.

მერე პატარა ბიჭი თავშესაფარში მოხვდა. მოგვიანებით, უცხო ადამიანებმა იშვილეს და საქართველოში წამოიყვანეს - ასე აღმოჩნდა უკრაინელი ბიჭი ჭიათურის სოფელ თაბაგრებში. სამწუხაროდ, არც მშვილებლებში გაუმართლა. როგორც თვითონ ამბობდა, გამზრდელები ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ. სითბო და სიყვარული მთელი ცხოვრება აკლდა, პატარა ბიჭს ყველა საქმეს აკეთებინებდნენ და ატერორებდნენ.

"ხან სარდაფში მამწყვდევდა დედობილი, ხან საღორეში, ერთხელ ლამის ღორმა დამგლიჯა, მაშინ 11 წლისა ვიყავი. სხეულზე არაერთი ნაიარევი მაქვს, ყველა მისი მოყენებული ფიზიკური დაზიანების გამო. მეზობლებს ვეცოდებოდი, მხოლოდ მათგან ვგრძნობდი მხარდაჭერასა და ყურადღებას", - ამბობდა სამირ სავჩუკი.

მართალია, დედობილისგან თბილი სიტყვაც კი არ ახსოვდა, მაგრამ როცა ის ლოგინად ჩავარდა, ავადმყოფს რამდენიმე წელი უვლიდა. არც ის დაუმალავს, რომ სიკვდილის წინ დედობილმა ბოდიში მოუხადა და პატიება სთხოვა. მამობილმაც ზურგი აქცია, მან სხვა ოჯახი შექმნა და ბიჭთან ურთიერთობა გაწყვიტა. მასთან მისულს კარი მიუხურეს. ასე დარჩა ქუჩაში უპატრონოდ 15 წლის ბიჭი, ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდა და აქ დაიწყო ბრძოლა არსებობისთვის. სამირ სავჩუკი ტელეეკრანებზეც არაერთხელ გამოჩნდა, არაერთ შოუში ისაუბრა თავის უმძიმეს ცხოვრებაზე, ქუჩაში გათენებულ ღამეებზე, მასზე განხორციელებულ ძალადობებზე.

ქუჩის მომღერალს აგრესიულ ხალხთანაც ხშირად უწევდა გამკლავება. ერთხელ სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მარჯვენა ხელზე ხელოვნური ფრჩხილები ჰქონდა. ბიჭი უხსნიდა მოძალადეებს, გიტარაზე ვუკრავ, სუსტი ფრჩხილები მაქვს, ამიტომ მაქვს დაკრული ხელოვნური ფრჩხილებიო, მაგრამ არავინ მოუსმინა. ისე სასტიკად სცემეს, ცხვირ-პირი დაუმტვრიეს. მაშინ სახის ძვლები ჰქონდა დამტვრეული. 2 თვე საავადმყოფოში გაატარა, ოპერაცია ჩაუტარდა. მას მერეც თურმე არაერთხელ დაესხნენ თავს და წაგლიჯეს სიმწრით მოგროვილი თანხა.

ამ ზაფხულსაც, ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის შემდეგ, 4 დღე ინგოროყვას კლინიკაში გაატარა. მაშინ მოძალადეებმა ბიჭს ინსტრუმენტებიც დაუმტვრიეს და ფულიც წაგლიჯეს. როგორც მისი მეგობრები და ახლობლები ამბობენ, ამდენი აგრესიის მიუხედავად, სამირ სავჩუკი არასოდეს გაბოროტებულა.


27 ნოემბერს სახლში მთვრალი მივიდა. დილით საწოლში გარდაცვლილი ნახა იმ სახლის პატრონმა, ვის ბინაშიც თვეები ცხოვრობდა.
ამირმა რამდენიმე თვე იცხოვრა თემქის IV მიკრორაიონში. მეც დეტალების გასარკვევად იმ ბინაში მივედი, სადაც 32 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. სახლში ორი ასაკოვანი ქალბატონი დამხვდა. თვალცრემლიანები ძალიან წუხდნენ, რომ ცხედარი ჭიათურაში გადაასვენეს. სამირის ხელით მოწყობილ სალოცავ კუთხეში, სადაც ხატები და ლოცვის წიგნი იდო, კანდელი ენთო, ოთახში სამირის გადიდებული ფოტოები ელაგა. ქალბატონები მის ტანსაცმელსა და ფოტოებს ეფერებოდნენ. ვერ ეგუებიან, რომ საყვარელ ადამიანს ბოლო სურვილი ვერ აუსრულეს.

- აი, ამ საწოლში, ჩემ გვერდით ეძინა იმ ღამით სამირს, - მეუბნება 70 წელს მიღწეული ქალბატონი და თავის საძინებელ ოთახში შევყავარ. ოთახში ცალ-ცალკე ორი საწოლი დგას. კუთხეში კომოდი, რომელზეც აწყვია სამირის ნივთები, - რამდენი ხანია, ასე გვერდიგვერდ გვძინავს, შვილად ვთვლიდი, მასზე ბევრი ადამიანი ზრუნავდა. ვეუბნებოდით, ყველანი შენი დედები ვართო და ძალიან უხაროდა. დილის 7 საათი ხდებოდა, რომ დავუძახე, - სამირ, სამირ, გაიღვიძე-მეთქი. ხმა არ გამცა, ავდექი და დავხედე, უკვე აღარ სუნთქავდა. ავტეხე ხმაური, კარის მეზობელთან გავვარდი, მიშველეთ-მეთქი. სამწუხაროდ, ჩვენი სამირი ძილში გაიპარა, ვეღარ ვუშველეთ. იმ ღამით ძალიან ნასვამი მოვიყვანე ტაქსით ვაგზლიდან. ისეთი მთვრალი იყო, მანქანიდან ვერ ჩამოდიოდა, მძღოლმა გადმომაყვანინა. სადარბაზოსთან ორი ბიჭი იდგა, ისინი მომეხმარნენ, ლიფტში რომ შემეყვანა. ვეღარ დავიკავე ჯან-ღონით სავსე ბიჭი. წავბორძიკდით ორივე. ხმაური კარის მეზობელმა, ნონამ გაიგო. ის და მისი მეუღლე დამეხმარნენ, სახლში რომ შემომეყვანა. ქურთუკი და ფეხსაცმელი ძლივს გავხადე, შარვლისა და ჯემპრის გახდა ვერ მოვახერხე, ამიტომ ტანსაცმლიანად დავაწვინე. მერე მეზობელი მარიკაც მოვიდა, დაძინებამდე რამდენჯერმე დავხედეთ, მშვიდად ეძინა. როცა დათვრებოდა, სუნთქვა უჭირდა. ამიტომ სულ ვაკონტროლებდი. ხშირად ამბობდა, სუსტი გული მაქვსო. გული სტკიოდა ალბათ. იმას ვნატრობდი, როდის მოიყვანდა ცოლს, როდის ააწყობდა თავის ცხოვრებას.

- როგორ გაიცანით ერთმანეთი?


- გლდანში სიგარეტებს ვყიდი. სამირი და მისი მეგობარი ახმეტელის მეტროსთან მღეროდნენ. იმდენად გულში ჩამწვდომი იყო მისი სიმღერა, მივდიოდი და ვუსმენდი. მერე კარგა ხანი არ გამოჩნდა. ნაცნობ გოგოს შევჩივლე, აქ ერთი კარგი ბიჭი მღეროდა, მგონი ციგანია და აღარ ჩანს-მეთქი. მითხრა, ეს ბიჭი ახლა ვაგზალზე, საბურთალოს გადასასვლელთან დგას და იქ მღერისო. წავედი ვაგზალზე მის სანახავად. მუქი სათვალე ეკეთა, სახე დასიებული ჰქონდა. მითხრა, თითებზე რომ დაკრული მაქვს ფრჩხილები, ამის გამო მცემეს, ცისფერი ვეგონეო. მანამდეც იყო ამის გამო სასტიკად ნაცემი. ორი თვე საავადმყოფოში იწვა. მაშინ არ ვიცნობდი, მაგრამ მისგან ვიცი, არ მოუკითხავს არც მამობილს, არც იმ ბიძაშვილებს, რომლებმაც ჩვენი სამირის ცხედარი მოგვპარეს.

- ცხედარი ვინ მოგპარათ?
- ცხედარი "სამხარაულში", ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მე სამირის მეგობარ ბიჭს, რომელიც მატარებლის ვაგონებში მღერის, მაშინვე დავურეკე, შევატყობინე ტრაგედია და ისიც მოვიდა. პოლიციას ჩვენება მივეცით. მერე სხვებიც მოგროვდნენ. ყველა ერთად წავედით "სამხარაულში" და ველოდებოდით ექსპერტიზის დასრულებას, რომ ცხედარი გადმოგვესვენებინა. გვინდოდა, თბილისში დაგვეკრძალა. მის ბიძაშვილებს ბევრჯერ ავუხსენით, რომ სამირს ჭიათურაში დაკრძალვა არ უნდოდა. სულ ამბობდა, - თუ მოვკვდები, იქ არ წამასვენონო, მაგრამ ამ ხალხმა ცხედარი გაგვტაცა. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS