კირა ანდრონიკაშვილს ულამაზეს ქართველ ქალთა სიაში თავისი ადგილი აქვს. პროფესიით ხელოვნებათმცოდნემ
სწორედ გენეტიკურად გადაეცა სილამაზე ლიკა ევგენიძეს, რომელსაც საზოგადოება როგორც ტელეწამყვანს ისე იცნობს, უკვე წლებია, რაც ის გადაცემა "სხვა შუადღის" თანაწამყვანია, თუმცა, პროფესიით მსახიობია. ლიკამ მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი დაამთავრა მსახიობის სპეციალობით. ის მუსიკოს დავით ევგენიძისა და კირა ანდრონიკაშვილის შვილის, ნინა კალანდაძის შვილია.
როგორც ლიკა ევგენიძე იხსენებს, ყველა გოგონას მსგავსად, მასაც ბავშვობიდან უყვარდა ბებიის გარდერობის დათვალიერება და სხვადასხვა კაბის მოსინჯვა, რასაც მზრუნველი ბებია არასოდეს უშლიდა.
ბელა მირიანაშვილი და ირინკა კავსაძე
ირინკა კავსაძე ქართველმა მაყურებელმა მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გაიცნო. გოგონა საოცარი მომხიბვლელობითა და სცენურობით ყველას განსაკუთრებულად შეუყვარდა. ემოციური იყო ეპიზოდი, როცა ირინკა კავსაძემ სცენაზე გააცოცხლა ბელა მირიანაშვილის ცეკვა, ფილმიდან - "დღე პირველი, დღე უკანასკნელი", სადაც მათი მსგავსება აშკარა იყო.
მსახიობმა ბელა მირიანაშვილმა საკუთარი კარიერის განმავლობაში სულ 6 ფილმსა და რამდენიმე სპექტაკლში შეძლო მონაწილეობა, თუმცა, როლების სიმცირეს მნიშვნელობა არ ჰქონდა, მან მაყურებლის უსაზღვრო სიყვარული დაიმსახურა. ბელა მირიანაშვილმა განსაკუთრებული სხივი შემოიტანა ქართულ თეატრსა და კინოში.
დაუვიწყარია მისი და კახი კავსაძის სიყვარულის ისტორია, რომელიც თავგანწირვისა და გმირობის საოცარ მაგალითს გვაჩვენებს.
როგორც ცნობილია, ბელა მირიანაშვილის შვილი, ასევე მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე, ძალიან უფრთხის დედის შემოქმედებასთან მიახლოებას, ვერ უყურებს სპექტაკლის ნაწყვეტებსა და სხვადასხვა ფილმს დედის მონაწილეობით. ირინკა კავსაძის ცეკვის შემდეგ კი მან თვალცრემლიანმა განაცხადა, რომ ირინკამ შეძლო ის, რაც ვერც ერთმა სხვა ოჯახის წევრმა ვერ შეძლო.
არიადნა შენგელაია და ნატალია ჯუღელი
არიადნა შენგელაია ქართველმა მაყურებელმა ელდარ შენგელაიას ფილმში "შერეკილები" შესრულებული სახასიათო როლით გაიცნო, თუმცა, სანამ ამ ფილმს გადაიღებდნენ, მას უკვე უამრავი როლი ჰქონდა შესრულებული საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ საბჭოთა მსახიობად ითვლებოდა. არიადნა შენგელაია 1937 წელს ტაშკენტში დაიბადა. მამამისი წარმოშობით გახლდათ გერმანელი რუსი, რომელსაც გერმანული წარმომავლობის გამო, საფრთხე ემუქრებოდა და მათი ოჯახი ტაშკენტში გადასახლდა. სწორედ მაშინ დაიბადა არიადნა. რამდენიმე წლის შემდეგ, ისინი ტაშკენტიდან მოსკოვში დაბრუნდნენ.
სამსახიობო განათლება არიადნამ მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში მიიღო. სწორედ ინსტიტუტიდან იღებდნენ მას ფილმებში, ითამაშა ისეთი როლები, რომლებზეც ყველა დროის უამრავი მსახიობი ოცნებობს და დღემდე ოცნებობდა. გამორჩეულია - ტატიანა ლარინა, ფილმიდან - "ევგენი ონეგინი" და მრავალი სხვა.
სწორედ კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლისას გაიცნო მომავალი მეუღლე, კინორეჟისორი ელდარ შენგელაია, რომელზეც დაქორწინდა. წყვილმა ერთად 20 წელი იცხოვრა. არიადნამ არა ერთი დასამახსოვრებელი როლი შეასრულა, როგორც ელდარის ისე, სხვა ცნობილი ქართველი კინორეჟისორების ფილმებში. კინოს პარალელურად, არიადნა შენგელაია თამაშობდა გრიბოედოვის სახელობის რუსულ თეატრში, სადაც მრავალი საინტერესო სცენიური სახე შექმნა.
ორიათასიანი წლების დასაწყისში, არიადნამ კარიერა დაასრულა და თბილისში დაბრუნდა, რამდენიმე წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს თეატრალურ უნივერსტეტში. დღეს ის დიდი ქართული ოჯახის ბებიაა და აღარ ცხოვრობს საჯარო ცხოვრებით, უარს აცხადებს საჯარო გამოჩენასა და ინტერვიუებზე.
ფოტოზე არიდნა და ელდარ შენგელაიები მოსკოვში
სწორედ მსახიობის პროფესია აირჩია ნატალია ჯუღელმაც, რომელიც ელდარ და არიადნა შენგელაიების შვილიშვილია. როგორც თავად ამბობს, პირველი როლი, რომლის შემდგომაც საკუთარი თავისთვის მსახიობის დაძახება შეძლო, იყო "ანტიგონე", რომელიც მისი პედაგოგის, ნანუკა ხუსკივაძის სადქოტორო სპექტაკლი იყო.
ნატალიამ ერთ-ერთი როლი ბაბუის, ლეგენდარული ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას ფილმ "სავარძელშიც" შეასრულა, სადაც პარტნიორობა ნიკა თავაძეს გაუწია.
ნატალია ჯუღელმა ჟურნალ "სითისთან" საუბარში ბებიაზე, დაუვიწყარ არიადნა შენგელაიაზე ისაუბრა - „ისევ ისეთი ლამაზია, ოღონდ, როგორ ვთქვა, „ძალიან ბებიაა“, რომელიც არც ნაოჭების დამალვას ცდილობს და ენერგია ყოველთვის ყველაზე მეტი აქვს…
საინტერესოა მის მიმართ სხვადასხვა ეროვნების ხალხის დამოკიდებულება. სოციალურ ქსელში ხან დანიელები წერენ, ჩვენიანია, ზოგი ამბობს, ბერძენიაო, ზოგს ებრაელი ჰგონია და ზოგსაც უზბეკი, რადგან იქ დაიბადა. სინამდვილეში დედა რუსი ჰყავდა, ხოლო მამა გერმანული წარმოშობის, მაგრამ როგორც მსახიობი, საქართველოსთან იყო და არის გაიგივებული, რაც, ვფიქრობ, მართალიცაა, რადგან ადამიანი იმ კულტურას ეკუთვნის, რომელშიც მოღვაწეობს“.
ზაურ მირიანაშვილი