04 დეკემბერი, 2018
ნიკა რურუა გარდაცვლილი იპოვეს - გთავაზობთ ფრაგმენტებს მისი დღიურებიდან აგვისტოს ომზე
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. ნიკა რურუა 50 წლის იყო. ის პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი და კულტურის მინისტრი გახლდათ. ამ თანამდებობას ის 2009 წლიდან 2012 წლამდე იკავებდა.

2013 წელს გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ გამოაქვეყნა ფრაგმენტები ნიკა რურუას დღიურებიდან აგვისტოს ომზე, რომელსაც გთავაზობთ:

"ომის ამბავი შტატებში გავიგე, ვაშინგტონში. იქამდე სამი დღით ლას-ვეგასში ვიყავი ჩემს ორ მეგობართან ერთად. რაღაც უგემური მგზავრობა გამომივიდა, სამდღიანი,
უმიზეზო დაძაბულობის შემდეგ ვაშინგტონში დავბრუნდი.
თბილისიდან დამირეკეს, - უნდა ჩამოხვიდე სასწრაფოდო. 8 აგვისტო იყო. ბილეთის გადაცვლა ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. ამ უშორეს ქვეყანაში მივხვდი, რატომ ვშფოთავდი და კიდევ იმას, რომ წინათგრძნობა ხანდახან სნაიპერული სიზუსტით მუშაობს. ვაშინგტონიდან თბილისში პირდაპირი რეისი არ არის, საჭიროა რომელიმე ევროპულ ქალაქში ჩასვლა და შემდეგ“ "აირზენაზე" გადაჯდომა, ან უკეთეს შემთხვევაში, "ლუფთანზაზე". იმ დღიდან არც ერთ მათგანს თბილისზე ორი კვირის განმავლობაში ბილეთი არ გაუყიდია. გადავწყვიტე, მიუნხენში ჩასვლა და იქიდან თბილისისკენ გამოფრენა. ასეც მოვიქეცი. ჩემთან ერთად იყო ნინო კალანდაძეც, რომელიც წინადღეს ჩამოფრინდა კალიფორნიიდან. მიუნხენში გაფრენის წინ თბილისიდან დამირეკეს, ერთი ნაცნობი მეფიცებოდა, - მე და ჩემი ბიჭები, სადაც საჭიროა, იქ მოვალთო. არ მომეწონა, შორეული უსიამოვნო გრძნობა გამახსენდა.

ჩავფრინდით მიუნხენში. მალე გავიგეთ, რომ თბილისზე ყველა რეისი გაურკვეველი დროით გადაიდო. კალანდაძემ ისიც გაარკვია, რომ ჩვენი ბარგიც დაკარგული იყო. გვითხრეს, რომ ჩვენი ჩანთები ან ვაშინგტონში დარჩა, ან მიუნხენიდან გაურკვეველი მიმართულებით გაგზავნესო. რა დროს ბარგი იყო ვითომ, მაგრამ ნერვები მაინც მომეშალა. კალანდაძეს დაურეკეს. უთხრეს, რომ რუსები შემოდიოდნენ დიდი ძალებით ჯერ კიდევ გუშინდელი დღიდან, ათ წუთში მე დამირეკეს და შემატყობინეს, ცხინვალი გათავისუფლებულიაო(?!). ამასობაში გაირკვა, რომ თბილისზე შესაძლო იყო, ვენიდან რომელიმე კომპანია გაფრენილიყო. უნდა ვცადოთ-მეთქი. კალანდაძე დამეთანხმა. ბილეთები ავიღეთ, აეროპორტის სასტუმროში CNN-ი ჩავრთე. მორბენალი სტრიქონი იუწყებოდა, რუსეთს საქართველოში ჯარები შეჰყავს და რამდენიმე წუთში საქართველოს პრეზიდენტის პრესკონფერენცია ღია ეთერში გავაო. ისევ დარეკეს თბილისიდან - ცხინვალი დავტოვეთ, მაგრამ მის შემოგარენში ვრჩებითო.

თითქმის პარალელურად კალანდაძესაც დაურეკეს და მოახსენეს, - ჩვენები ჯავას იღებენო(?!). უკვე რამდენიმე საათი სიურრეალისტური შეგრძნებებით გავიჟღინთე, მეჩვენებოდა, რომ ეს სადღაც უკვე იყო. აფხაზეთი? - გამიელვა...

CNN-ზე პრესკონფერენცია იწყება. მიშა ბრაზიანად, მაგრამ მწყობრად ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს ჯარებით შემოესია, მის უკან დიდი და ბედნიერი სახელმწიფო დროშა ფრიალებს, ქარი მიშას თმას უწეწავს, ეკრანიდან თავშეკავებული განგაშის განწყობა ასხივებს, ვითომ ყველაფერი მეტ-ნაკლებად კონტროლდება. თუმცა სურათი გულდამძიმებულს მტოვებს, CNN აშკარად ჩვენკენაა, ოღონდ რაღაცნაირად გამაღიზიანებლად, მორიდებულად. ვენის რეისზე ჩასხდომის წინ აღმოჩნდა, რომ ჩვენი ბარგი მიუნხენშია, ანუ არ დაკარგულა. ვენის რეისზე ბევრი ქართველი მხვდება, ბევრი კითხვისნიშნიანი თვალი მომჩერებია, ჰგონიათ, რომ მე მათზე მეტი ვიცი. ვწუხდები, რომ ეს ასე არ არის. ერთი მგზავრი ბედავს გასაუბრებას, ვცნობ - ვაკის აუზზე ერთად დავდივართ. ვეუბნები, რომ ბევრი არაფერი ვიცი. ჩავფრინდით ვენაში. მირეკავენ - ცხინვალის მისადგომები დავტოვეთ, მაგრამ სტრატეგიული სიმაღლეები არაო. გული უკვე კატეგორიულად ცუდს მიგრძნობს. არავითარი წვრილმანი უსიამოვნებების ჯაჭვი - იკვეთება ერთი დიდი და კონკრეტული კოშმარი.

კალანდაძე რეკავს. ეუბნებიან, - ჯავა ავიღეთო. ვენიდან ერთადერთი რეისი კავკასიისკენ - ბაქოშია, ისიც მომდევნო დღეს, ანუ 9-ში, თუმცა ამერიკის დროის გათვალისწინებით ვასკვნი, რომ ეს იგივე დღეა. საბოლოოდ ამერია დავთრები, ბაქოში უნდა ჩავიდეთ და იქიდან რამეს ვიზამთ, - ვეუბნები კალანდაძეს. მორჩილად მეთანხმება, თავი ყოჩაღად უჭირავს, თუმცა ნერვიულობს.

ბაქოში ჩვენი ელჩი ხვდება ქართველებით სავსე თვითმფრინავს. ვიღაც აზერბაიჯანელ ბიზნესმენს მაცნობს, ის თბილისამდე თავისი ავტომობილის თხოვებას მთავაზობს, თან გვერდზე გავყავარ და ხმადაბლა მეუბნება: -Если вы русских накажете, то для нас будет здорово! А если проиграйте, то нам беда! - проигрывать не имеем право!- ვპასუხობ არცთუ დამაჯერებლად. მე და კალანდაძე მანქანაში ჩავჯექით და ბაქოდან სიბნელეში დავიძარით, ღაამე გზაში მალე ილევა"...
ნიკა რურუა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე 2008 წ.

2008 წლის 9 აგვისტოს, დილით, სოხუმის აკვატორიაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი გემი გამოჩნდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ რუსეთმა აფხაზეთში მეორე ფრონტი გახსნა...

"თბილისში 10-ში დილით ჩამოვედით... ნინო კალანდაძე შინ მივიყვანე, ნამგზავრ-ნანერვიულები, წვერგაუპარსავი და მოუწესრიგებელი პირდაპირ უშიშროების საბჭოში მივედი, კახა ლომაიას ნახვა მინდა. მაინტერესებს, რა ხდება. ბედად, ლომაია იქ დამხვდა. გავიგე, რომ რუსეთი უკვე აშკარად არის ჩარეული ამ ამბავში და საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ნაწილებით შემოჭრილა. მე რომ თბილისში ჩამოვედი, იმ დღეს ჩვენები გორიდან გამოვიდნენ. სამწუხაროდ, შეტაკებების ადგილზე ყოფნა არ მომიწევს. ვიცი, როცა ჯარი იბრძვის და შენ პარლამენტის წევრი ხარ, უნდა იყო იქ, სადაც შენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდები, ამ შემთხვევაში დიპლომატიური ომის ველზე. უშიშროების საბჭოდან შინ დავბრუნდი მოსაწესრიგებლად. ამ დროს მობილურის ზარი გაისმა. ვინ ბრძანდებით?

ამერიკის საელჩოდან იყვნენ. მეუბნებიან, თქვენი შვილები ამერიკის მოქალაქეები არიან და თუ მოახერხებთ ორი საათის განმავლობაში მათ საელჩოში მოყვანას, სხვებთან ერთად თურქეთის სამხედრო ბაზაში გადავიყვანთო. იცით, ვის ელაპარაკებით, - ვუთხარი გულმოსულმა, - ჩემი შვილები რომ გავხიზნო, რა ქნან სხვებმა, რომლებიც ამას ვერ ახერხებენ? პარლამენტის წევრი ვარ და წარმოგიდგენიათ, რა რეაქცია ექნება ამ ამბის შემდეგ ხალხს? ბოდიშს მიხდიან - პროტოკოლურია, როცა ქვეყანაში სამხედრო ოპერაცია ხორციელდება, ჩვენს მოქალაქეებზე უნდა ვიზრუნოთო. ამით დიალოგი მთავრდება. მე კი ისევ ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა, ბრძოლის ველზე წავსულიყავი, როგორც ეს აფხაზეთში გავაკეთე, თუმცა მესმის, რომ ომში თვითშემოქმედება ცუდია, რომ დღეს თავდაცვა უფრო კომპლექსურია, ვიდრე თოფის ხელში აღება და სადმე გაქცევა.

დავიწყეთ შეხვედრები. დილიდან საღამომდე ვხვდები უამრავ უცხოელს, ჟურნალისტებს, ვუხსნი, რომ კრეტინობაა საკუთარ მიწა-წყალზე ომის დაწყება, რომ საქართველო ომს არ აპირებდა, ზოგს პირად საუბრებში, ზოგს ინტერვიუში, ზოგს სატელევიზიო ჩართვებში... დღეები საშინლად იწელება... ვიცი, რომ თბილისის დაცვა მიმდინარეობს და სამხედროებს კონკრეტული გეგმაც ექნებათ.

ვიგებ ჭორებს, რომ პოლიტიკოსები სამხედრო ოპერაციის მართვაში მონაწილეობდნენ. თუ ეს მართალია, ძალიან ეშლება იმას, ვინც იქ თავით ეტენება და სამხედროებს საკუთარ აზრს თავზე ახვევს, როცა ომია და თავდაცვა მიდის, მაშინ სამხედროები არიან ბრძოლის ველზე სიტუაციის წარმმართველნი.

ქალაქი პანიკაშია, ხალხს ვერ გაამტყუნებ. როცა ვხვდები, რომ შეიძლება თბილისს შემოუტიონ, ვურეკავ თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეს და ვეუბნები, - თუ საქმე იქამდე მივიდა, რომ ქალაქი დასაცავი გახდა, რა ვქნათ? მოგვეცით იარაღი პარლამენტის წევრებს მაინც-მეთქი. არა, უკანონობა იქნებაო. გავბრაზდი და გადავირიე, - რა დროს უკანონობაა ასეთ სიტუაციაში-მეთქი. მაინც ჯიუტად უარს მეუბნებიან, - უფლება არ გვაქვსო. მე ვხვდები, რომ სახელმწიფო არსებობს. მიშას ეხვეწებიან, ტონი ცოტა შეარბილეო, უარზეა. სხვანაირად არ შეიძლება, მაშინ აქ შემოვლენ და უნდა შევაკვდეთ კიდეცო"...

ვხედავ, ამ დღეებში ბევრი სისუსტე აღმოგვაჩნდა, ილუზიები დაიმსხვრა...
ნიკა რურუა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, 2008 წელი

10 აგვისტოს საღამოს ხმა გავრცელდა, რომ მე-5 ბრიგადა უბრძოლველად ტოვებდა კოდორის ხეობას... გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS