ჩრდილიდან გამოსვლა ბიძინა ივანიშვილმა 2005 წელს გადაწყვიტა და პირველი ინტერვიუ ჟურნალ "ფორბსს" მისცა.
პირველ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ცხოვრებაზე და იმ წლებზე ისაუბრა, როცა ჭორვილადან თბილისში ჩამოვიდა.
ბიძინა ივანიშვილის 10 წლისწინანდელ ინტერვიუს "რეიტინგის" არქივიდან გთავაზობთ.
- აქამდე საერთოდ არ თანხმდებოდით ინტერვიუებს და ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდით. რას
- მე მართლაც არ ვარ საჯარო ადამიანი, ეს ჩემს ხასიათს უკავშირდება. არ მიყვარს ჟურნალისტებთან შეხვედრა, საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობა, წვეულებებზე დასწრება. იქ ნიღაბი უნდა მოირგო, მე კი ვერ ვიტან ფორმალობებს.
ბუნებით მატერიალისტი ვარ, არ მწამს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის, თვით ცხოვრება კი მეტისმეტად ხანმოკლეა. არ მიყვარს ზეიმები, ჩემს დაბადების დღეებსაც კი არ ავღნიშნავ. არასდროს დამირღვევია კანონი, არც დასამალი მაქვს რამე.
უბრალოდ მშვიდად და უხმაუროდ მიყვარს საქმის კეთება. გაცილებით იოლია ბიზნესის წარმოება, როცა ნაკლებად იპყრობ ყურადღებას.
- გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, რუსეთში მართლაც დაძაბული სიტუაცია იყო, მაგრამ ყველა ბიზნესმენი თქვენსავით საზღვარგარეთ არ წასულა. როდის წახვედით უცხოეთში და რატომ?
- პირველად 1993 წელს წავედი რუსეთიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩემი ძმა გაიტაცეს. მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, თანხას ითხოვდნენ. ერთი თვე ჰყავდათ დატყვევებული, მაგრამ თანხა არ გადამიხდია, რადგან ამ შემთხვევაში ანალოგიური რისკის ქვეშ მოვაქცევდი ჩემს მშობლებს, დებს. მერე საქართველოდან ბევრი ჩინოსანი ჩამოდიოდა, რომლებიც ცდილობდნენ ძმის პოვნაში დამხმარებოდნენ, თანამშრომლობას მთავაზობდნენ.
ჩემს ბიზნესში მათი შეშვება არ მსურდა, ამიტომ მათთან ურთიერთობას რომ მოვრიდებოდი, ფორმალურად ბანკ „როსკრედიტს“ ჩამოვშორდი. გამოვაცხადე, რომ პრეზიდენტის პოსტს ვტოვებდი და 1994 წელს ოჯახთან ერთად, ნახევარი წლით ამერიკაში გადავედი საცხოვრებლად. იმ დროს საქართველოში სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო, უცხოეთში ცხოვრება უფრო მშვიდი ჩანდა. მე და ჩემი ცოლი ვფიქრობდით, შვილების გამო ღირდა უცხოეთში დარჩენა. ავირჩიეთ ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად მოგვწონდა - საფრანგეთი. პარიზთან ახლოს სახლი ვიყიდეთ, თუმცა, მუდმივად იქ არ ვცხოვრობდით, ბიზნესის გამო, მოსკოვში ხშირად მიწევდა ყოფნა.
- რითი იყავით დაკავებული, სანამ ბანკ „როსკრედიტს“ დააარსებდით?
- საქართველოში საჩხერის რაიონის სოფელ ჭორლივაში დავიბადე. მამა ჭიათურმარგანეცში მუშაობდა მეშახტედ. სკოლის შემდეგ თბილისში წავედი, საინჟინრო-ეკონომიურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი. პარალელურად ვმუშაობდი კამოს სახელობის მექანიკურ ქარხანაში დამლაგებლად, მერე მუშის თანაშემწედ, მერე კი მუშად.
უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე და იმავე ქარხანაში დავრჩი სამუშაოდ, შემდეგ სამედიცინო ორგანიზაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელად დამნიშნეს. 1982 წელს მოსკოვში წავედი, ასპირანტურის გასავლელად, რამდენიმე წელიწადში კი შრომის სამეცნიერო ორგანიზაციის და ეკონომიკის სპეციალობით დავიცავი დისერტაცია და თბილისში დავბრუნდი. იქვე დავიწყე პირველი ბიზნესი.
- როგორ გაგიჩნდათ ბიზნესის წამოწყების იდეა?
- რას წარმოადგენდა უფროსი მეცნიერ თანამშრომელი გასული საუკუნის 80-იან წლებში? არც საინტერესო სამუშაო, არც პერსპექტივა. მაშინ არც ბინა მქონდა, არც ოჯახი მყავდა, ქარხნის საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი და ვერც ვიფიქრებდი, რომ ბანკს შევქმნიდი და მილიარდერად ვიქცეოდი, უბრალოდ ფულის შოვნა მინდოდა. გადავწყვიტე, არმირებული შლანგები გამომეშვა, რაც მაშინ დეფიციტი იყო, დავარეგისტრირე კოოპერატივი, კამოს სახელობის ქარხანაში ვიქირავე ფართი და წარმოებისთვის ვემზადებოდი. საღამოობით თვითონ ვაკეთებდი დანადგარებს, ანგარებს, თუმცა, შლანგების გამოშვებამდე საქმე არ მივიდა - კომპიუტერების გაყიდვა დავიწყე.
- რატომ მაინცდამაინც კომპიუტერები?
- დიდხანს ვაანალიზებდი, რა იქნებოდა ყველაზე მომგებიანი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ მომავალი კომპიუტერებისაა. მათზე დიდი მოთხოვნა იყო, მათი შოვნა კი - დიდი პრობლემა. თბილისელ ებრაელებს ვიცნობდი, რომლებიც უცხოეთში იყვნენ წასული. დაველაპარაკე, დიდი სიხარულით შეხვდნენ ბიზნესის წამოწყების იდეას.
სწორედ ისინი მიგზავნიდნენ კომპიუტერებს. პირველი მყიდველი საქართველოს მეცნიერების აკადემია იყო, მაგრამ საქართველოს პროკურატურას ჩემი აქტიურობა არ მოეწონა. მას შემდეგ, რაც პირველივე გარიგების შედეგად ჩემი კოოპერატივის ანგარიშზე 1 მლნ მანეთზე მეტი ჩაირიცხა, ანგარიშები დაბლოკეს. მივხვდი, საქართველოში გასაქანს არ მომცემდნენ და რუსეთში წასვლა გადავწყვიტე. სხვათა შორის, იქ სახელის შეცვლაც მომიწია, ხან ბუძინას მეძახდნენ, ხან ბენზინას.
ჯერ კიდევ ასპირანტურაში სწავლისას გავიცანი ვიტალი მალკინი, რომელიც მაშინ მოსკოვის რკინიგზის ინსტიტუტის ასპირანტი იყო.
ერთი სტუდენტის რეპეტიტორები ვიყავით ორივე, როცა მოსკოვში დავბრუნდი, მალკინი უკვე ბიზნესით იყო დაკავებული. კაფეს გახსნას ცდილობდა, მე უფრო ორგანიზებული ბიზნესი შევთავაზე - კომპიუტერებით ვაჭრობა. მას ჰყავდა თანაკურსელები დოცენტის სერგეი მოსინი და ალექსანდრე ბრიანცევი. ისინი სათბურებს აშენებდნენ.
ეს იყო 1998 წელი, სამოთახიან ბინაში ერთი ოთახი ვიქირავეთ - ეს იყო ოფისიც და საწყობიც. მაშინ ბიზნესი სხვაგვარად კეთდებოდა, ბევრი რამ კეთდებოდა ნდობაზე. არც „კრიშების“ პრობლემა მქონია, არც რეკეტი გვაწუხებდა, მშვიდად ვაკეთებდით საქმეს. პარიზში მაღალტექნოლოგიურ გამოფენაზე გავიცანით ჰონგკონგური ფირმა, რომელსაც ჰონგკონგში ჩავაკითხეთ. 1990 წელს ჩვენი კომპანია უმსხვილესად იქცა, მაგრამ ბევრი მიხვდა, რომ ეს მომგებიანი ბიზნესია და სხვა საქმეზე გადავედით. 1990 წელს დავარეგისტრირეთ „როსიისკი კრედიტი“. დღე-ღამეში 24 საათი ვმუშაობდი, როცა ბიზნესი გაფართოვდა, კოლეგიალური მმართველობა დავნერგე.
- საქართველოში თქვენი დაბრუნება მკვეთრ პოლიტიკურ ცვლილებებს დაემთხვა, როგორ შეაფასებდით ბოლოდროინდელ მოვლენებს?
- ხელისუფლებაში ახალგაზრდული ძალები მოვიდნენ. მე არც ვემხრობი მათ და არც ვეწინააღმდეგები. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. საერთოდ კი ძალიან მწყინს, რომ ქართულ-რუსულმა ურთიერთობებმა ასეთი სახე მიიღო.
- რამდენად საჯარო ცხოვრებას ეწევით საქართველოში, როგორი დამოკიდებულება გაქვთ ადგილობრივ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს?
- არავისთან არ მაქვს ურთიერთობა. განმარტოებით ვცხოვრობ. მხოლოდ ნათესავებსა და ახლო მეგობრებს ვეკონტაქტები. მე არ მაქვს პოლიტიკური ამბიციები, უბრალოდ ჩემს ოჯახთან მშვიდად ცხოვრება მინდა.