24 თებერვალი, 2014
''ჩემი გმირების მსგავსი რომ ვიყო, ალბათ ქმარი სახლიდან გამაგდებდა...''
მე და ჩემი მეუღლე კაფეში ვმსხდარვართ და ნახევარი საათის განმავლობაში მიყურებია, როგორ კამათობდნენ შეყვარებულები თათია სულუაშვილს ''რუსთავი 2''-ში ''კომედი შოუს'' ჩაწერის დღეს ვესტუმრეთ. ფოტოსესია ვასო ფხაკაძის კომენტარებისა და ხუმრობების ფონზე გაიმართა, რომელიც თათიას ტუჩების ''დაბურცვას'' სთხოვდა. ამის შემდეგ ინტერვიუს ჩასაწერად ოთახის დათმობა ქუთაისელ დათოიეს, იმავე თემუკა პატარიძეს ვთხოვეთ, თუმცა მიშა ანდღულაძემ იქაც მოგვაგნო და სამჯერ მაინც შემოგვეჭრა იმის თხოვნით, რომ ინტერვიუ მალე დაგვესრულებინა და თათია ჩაწერაზე ''გაგვეშვა''... ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მსახიობს ამ ეტაპზე მის მიერ
განსახიერებულ ყველაზე პოპულარულ გმირზე, ნოდარის დედაზე ვესაუბრეთ, რომელიც შვილს მარადიულად სთხოვს ჭამას და თან ხელის დარტყმასაც არ ერიდება.

- საერთოდ, პერსონაჟებზე ჩვენ თვითონ ვფიქრობთ და ამ შემთხვევაშიც ნოდარის დედის გმირი ჩემი მოფიქრებულია. გეტყვი, საიდან მომივიდა იდეა. რამდენიმე თვის წინ მანქანა დავამტვრიე, დიდი ხანია, მეტროში არ ჩავსულვარ და იმ დღეს გადავწყვიტე მეტროთი მგზავრობა, ორჯერ გავყევი და გამოვყევი, ხალხს ვაკვირდებოდი.
მახსოვს, სტუდენტობისას გვავალებდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას, რადგან ეს ძალიან კარგი საშუალებაა ტიპაჟების აღმოსაჩენად და ზოგადად, ადამიანებზე დაკვირვებისთვის. მრავლად ნახავთ ისეთ ქალს, როგორსაც მე ვასახიერებ, ასევე იქ შეხვდებით ქალებს ყოფითი პრობლემებით დამძიმებული და განადგურებული სახეებით. ჩვენს ქვეყანაში ქალი 40 წლის ზევით საკუთარ თავს ნაკლებ ყურადღებას აქცევს, უფრო შვილის ცხოვრებით ცხოვრობს, ან რაიმე ტრავმა აქვს გადატანილი და ამის თავი და ნერვები არ აქვს, შესაბამისად, საზოგადოების 60% ისეთი სახით დადის, როგორითაც ჩემი გმირი ფისო, ნოდარის დედა, თუმცა მის შემთხვევაში ტრავმის მიზეზი ქმარია, რის გამოც შვილს ჩაგრავს. ზოგადად, ვცდილობ, ისეთ ადგილებში ვიარო, სადაც შეიძლება ადამიანის შესწავლა, ამისთვის კარგი საშუალებაა თუნდაც ქორწილი. უკვე დაავადებული ვარ დაკვირვებით, სენი მჭირს. ყოფილა შემთხვევა, მე და ჩემი მეუღლე კაფეში ვმსხდარვართ და ნახევარი საათის განმავლობაში მიყურებია, როგორ კამათობდნენ შეყვარებულები.
- ნოდარის დედას ფისო რატომ დაარქვით?
- არ ვიცი - რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ ფისო არ არის.
- რაც შეეხება ნოდარის დედის გარეგნობას, ჩაცმულობას, ამაზე ვინ ზრუნავს?
- მე. გრიმიდან დაწყებული, ჩაცმულობით დამთავრებული - ჩემი მოფიქრებულია. ამ ქალს ჩაცმის არანაირი სტილი არ აქვს და ამაში გარდერობიც ''უწყობს'' ხელს. ქუთაისში, ერთ-ერთ კონცერტზე ცეკვის ჩუსტებით გავედი, ანუ რაც მოხვდა ხელში ფისოს, ის ამოიცვა და კონცერტზე გავარდა. სხვათა შორის ნოდარის გარეგნობაზეც მე ვიზრუნე, გავიყვანე ოთახში და ისეთი დავაბრუნე უკან, როგორსაც ეკრანზე ხედავთ. რაც შეეხება ფრაზას – ''ჭამე, ნოდარი'', წინასწარ დაგეგმილი არ იყო, სკეტჩის ჩაწერის დროს მომაფიქრდა. ეს ქალი აწყობილია იმპროვიზაციაზე, არავინ იცის, როდის რა გააღიზიანებს და როდის რას მოიმოქმედებს, მათ შორის არც ჩვენმა მსახიობებმა. რაც უფრო დახუნძლულია სკეტჩი იმპროვიზაციებით, უფრო კარგი გამოდის. ჩაწერის დროს არავინ ელოდა, თუ ვინმეს ჩავარტყამდი და დღემდე არც ერთი მსახიობი არაა დაზღვეული, რომ მას არ მოხვდება ჩემი ხელი.

Rating

- მახსოვს, გიგა ამბობდა, რომ დარტყმის შედეგად თავი სტკიოდა... ვერ აკონტროლებ ამ დროს თავს?
- ვერ ვზომავ, ნელა რომ ვუთავაზებ, მგონია, სასურველ შედეგს ვერ ვაღწევ, მაგრად დარტყმის შემდეგ კი მგონია, მეტი რეიტინგი ექნება (იცინის). სხვათა შორის, მხოლოდ ამ გმირთან დაკავშირებით მემართება ის, რომ ირგვლივ ვერავის ვხედავ, მთლიანად შესული ვარ როლში. მაგალითად, ცისმარიზე მუშაობისას, იყო შემთხვევა, როცა ჩაწერისას მეცინებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში იმდენად გადართული ვარ, რომ მსგავსი რაღაცები არ ხდება. ამიტომაც ვერ ვზომავ და ხან მართლა ვტკენ გიგას, რის გამოც წუწუნებს ხოლმე. ჯერჯერობით მიძლებს, მაგრამ ერთ დღესაც თუ ამოუვიდა ყელში, მერე რა მოხდება, არ ვიცი (იღიმის). მის მშობლებს უნდა დაველაპარაკო, დედის გულის ამბავი ხომ იცით, ძნელია, როცა შენს შვილს ურტყამენ.
- როგორც აღნიშნე, ქუთაისში გქონდათ კონცერტი, სადაც გიგას მშობლები ცხოვრობენ, არ მოგეცა მათთან საუბრის საშუალება?
- არა, სამწუხაროდ. გიგას მამა, რომელიც ''პიკასოს ბიჭების'' წევრი იყო, გავიცანი, მაგრამ ამ თემაზე არ გვილაპარაკია.
- ერთ-ერთ სკეტჩში შენ და გიგა ტაბიძეს როლები გაქვთ გაცვლილი, ანუ შენ ხარ მისი შეყვარებული, სულ გცემს, მაგრამ მაინც გიყვარს. არის ეს ერთგვარი სამაგიეროს გადახდა?
- არა, ჩემგან განსხვავებით, გიგა დარტყმისას ზომავს. ჩემი პერსონაჟის მსგავს ადამიანთან უშუალოდ მქონდა შეხება, მყავდა ახლობელი გოგო, რომელსაც შეყვარებულმა ჩემ თვალწინ სცემა, კბილები ჩაუმტვრია. რამდენიმე დღის შემდეგ კი კბილებჩასმული მოვიდა და იცი, რა მითხრა? ხომ იცი, გოგო, რა საყვარელია, რა ხელფასიც აიღო, ისევ მე დამახარჯაო. ამის მოსმენა იყო და სამსახურში ახალი გმირი ''მოვიტანე'' (იცინის). თუმცა, იმ ადამიანმა არ იცის, რომ მისგან მაქვს აღებული ტიპაჟი და სიმართლე გითხრა, მას შემდეგ არც მინახავს.
- ''ჭამე, ნოდარის'' დიდი გამოხმაურება მოჰყვა, შეიქმნა ვიდეოები, სერიოზულ გადაცემებშიც კი რეკავენ და მეტად მტკივნეულ თემაზე საუბარშიც კი რთავენ ''ნოდარს''.
- ნამდვილად არ ველოდი, თუ ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა. ქუჩაში სიარულისას თვალში მხვდება, რომ ყველა ერთმანეთს ურტყამს, ძირითადად, ბავშვები და ცოტა მერიდება. აბა, როგორია, დედას ორი შვილი რომ მიჰყავს ქუჩაში და ერთიმეორეს ურტყამენ?! უხერხულია, მაგრამ ვიმედოვნებ, ეს დროებითია და გადაუვლით.
- შენი შვილი როგორ აღიქვამს შენს ამ გმირს?
- ადრე ცისმარას მეძახდა და ახლა მანაც დაიწყო ''ჭამე, ნოდარი''. მეკითხება, რატომ სცემ, რატომ ურტყამო... დედა ჰგონია თავხედი.
- მახსოვს, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდი, რომ შენს მეუღლეს დიდად არ მოეწონა შენ მიერ განსახიერებული ''ძველი გოგო'', რომელსაც ვასო ფხაკაძის გმირი უყვარდა. ნოდარის დედას როგორ უყურებს?
- არასდროს გაუპროტესტებია ჩემი რომელიმე გმირი, მაგრამ ეტყობა, იმ სკეტჩებში ნაკლებად ქალური ვჩანდი და ამიტომ დიდად არ ხიბლავდა. ზოგადად, არასდროს ერევა ჩემს საქმეში, თუმცა უყურებს და რჩევებს მაძლევს. ჩემი გმირების მსგავსი რომ ვიყო, ალბათ, მართლა გამაგდებდა სახლიდან (იცინის). სახლში სრულიად განსხვავებული ვარ, ვამზადებ გემრიელ კერძებს და მიხარია დროის ოჯახის წევრებთან გატარება, მაგრამ იმდენად დაკავებული ვარ, რომ სახლში ყოფნა მეხამუშება. ყველაფრის მომზადება კი ვიცი, მაგრამ საშინლად ''ბლადუნა'' ვარ, მავიწყდება, სად რას ვდებ და შეიძლება, მთელი დღე ძებნას მოვანდომო. ერთხელ სარეცხის ''შპილკები'' საყინულეში შევდე, მერე დედაჩემმა იპოვა ''კბილებდაკრეჭილი'' და გაყინული ''შპილკები''.
- რეალურად როგორი დედაა თათია?
- ძალიან კარგი. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახისთვის, ბავშვისთვის, მეუღლისთვის ცოტა დრო მაქვს, ყოველთვის ვცდილობ, როგორც კი ამის საშუალება მეძლევა, მათთან ვიყო. ჩემთვის ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა გართობა და კომფორტია.
- შვილზე მოგვიყევი მეტი.
- 4 წლისაა და უნდა, მზარეული გამოვიდეს. სახლში ვერაფერი მომიმზადებია მის გარეშე, ამბობს, რესტორანში უნდა ვიმუშაოო. ამასთანავე მღერის და ამით მე მგავს. ბავშვობაში ფანჯარას ვაღებდი, გადავდგებოდი და ბოლო ხმაზე ვმღეროდი ''სამშობლოს''. დღეს ჩემი შვილიც ასეა, გადის აივანზე და ბოლო ხმაზე მღერის, რასაც მეზობლები უკვე მიჩვეულები არიან. ხან მსახიობობა უნდა, მოსწონს, ტელევიზორში რომ მხედავს და ამბობს, ''რუსთავი 2''-ში უნდა ვიმუშაოო.
- შენი გმირებიდან ყველაზე საყვარელი რომელია?
- ნოდარის დედა.
- გაგვიმხილე, როგორ განვითარდება თქვენი ეს სკეტჩი?
- რაც ვიცი, არის ის, რომ შესაძლებელია, ნოდარს ცოლი მოვაყვანინოთ, მერე საქმე უფრო გართულდება და როგორი იქნება რძალ-დედამთილის ურთიერთობა, ეგ აღარ ვიცი, რადგან ამ ქალს ყველაფერი აღიზიანებს. შეიძლება, რძლითაც გაღიზიანდეს და მასაც შეეხოს ხელით, მერე ბოდიშს კი მოუხდის, მაგრამ ერთი-ორს წამოარტყამს.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ჯესიკა
ძალიან მიყვარხართ,თქვენ რომ არა ალბათ, ამ დროში გაგვიჭირდებოდა ცხოვრება !
04:58 / 27-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ტეო
ასეტ სჰუხედავს არც 3 გაიცჰირდებოდა გტხოვება.
22:54 / 26-02-2014
გამოხმაურება / 0 /
DODO
ბევრს არ მოეწონება თავისთავს რომ დაინახავს 40წლის კაცს დედა რომ აჭმევს კოვზით სამაგიეროდ ნამდვილი ეროვნული,ქართული იქნება.
21:09 / 26-02-2014
გამოხმაურება / 0 /
კატო
ამათ გადაცემას იუორისტულს ეძახიან და არის კიდეც, თუმცა ამდენი პერსონაჟი შექმნეს..სულ ყველა ჩვენი საზოგადოების წევრების პროტოტიპებია..ამით სხვა ფუნქციაც შეითავსეს, ვიდრე უბრალოდ ხალხის გაცინებაა..უფრო კრიტიკული რეალიზმია..რაღაც ისეთი სტილია, როგორც ილია ჭავჭავაძის ,,კაცია ადამიანში"...თან სასაცილოა..თან სატირელია.
10:24 / 26-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნნმმ
ძალიან მიყვარხარ.
03:06 / 26-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS