31 ოქტომბერი, 2018
"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება არ შეიძლება!"
"ამ ხელისუფლებას ნამდვილად ჰქონდა ხალხის დიდი ნდობა და პროცესების არასწორად წარმართვამ გამოიწვია ის, რაც მოხდა"

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან. ბევრისთვის პირველი ტურის შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა გადალახა, შედეგად, მე-2 ტურში გავიდნენ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერილი კანდიდატები: სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე. ჩვენ შექმნილი ვითარების შეფასება ცნობილ ადამიანებს ვთხოვეთ:

სალომე ზურაბიშვილის აქტიური მხარდამჭერია ცნობილი მსახიობი - კახი კავსაძე... არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეფასება პირველად მას ვთხოვეთ, რაზეც ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ეს გვითხრა - ქართველი კაცი ყველაფერს მაშინ მიხვდება, კარგად რომ მოხვდება თავშიო... ამ სიტყვებში იგი "ნაციონალური მოძრაობის" შესაძლო რევანშს გულისხმობდა...

ჯემალ ჭკუასელი, ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი:
- არჩევნების პირველი ტურის ამ შედეგით დასრულებაში ხალხში განათლების დეფიციტს ვხედავ... პოლიტიკაზე არ მსურს ლაპარაკი, მაგრამ აქ პოლიტიკა კი არა ჩვენი სამშობლოს ბედი წყდება და ამაშია საქმე! რა მოხდა, ვერ ვიგებ, ასე სწრაფად დაგვავიწყდა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილი დანაშაულები?!

ჯემალ ჭკუასელი

ზურა ყიფშიძე, მსახიობი:
- მეორე ტური გაიმართება, ჯერ არაფერი დასრულებულა და ვერაფერს ვიტყვით! პირველი ტური რა შედეგითაც დასრულდა, ამას გარკვეულწილად ველოდი, რადგან არასწორად წარიმართა წინასაარჩევნოდ ყველაფერი... ავიღოთ თუნდაც - კანაფის კულტივაციაზე ლაპარაკი, კანონ-პროექტის მომზადება, რა შუაში იყო, რაში სჭირდებოდათ ეს, ვერაფრით გავიგე! მეორე ტურში გასამარჯვებლად სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა დაიწყება, ძალიან რთული იქნება ეს ბრძოლა ხელისუფლებისთვის! ხომ ვიცით, რომ სახელის გატეხვას, თავის გატეხვა სჯობია! ამ ხელისუფლებას ნამდვილად ჰქონდა ხალხის დიდი ნდობა და პროცესების არასწორად წარმართვამ გამოიწვია ის, რაც მოხდა! არადა, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება არაფრით არ შეიძლება და წარმოდგენაც არ მინდა, რა საშინელება შეიძლება დაატრიალონ...



გია როინიშვილი, მსახიობი:
- სამი თვის განმავლობაში თითქმის მთელი საქართველო მოვიარე - კახეთი, იმერეთი, აჭარა, გურია, სამეგრელო... ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდით და მათში ისეთი განწყობა იყო, რაც არჩევნების პირველი ტურის შედეგში გამოჩნდა! კიდევ მეტს გეტყვით: ხალხის განწყობა კიდევ არ ჩანს მთლიანად, რადგან ეს არის ციფრები, რომლის უკანაც ხელისუფლების ძალიან დიდი ზეწოლა დგას! ადგილი ჰქონდა ძალიან დიდ გაყალბებას, მოსყიდვას, დაშინებას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და რაც კი ბუნებაში არსებობს...

ამ დილით მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენელი იძახდა, შეცდომები უნდა გამოვასწოროთო... - ჩემო ძვირფასებო, ახლა თქვენთვის ყველაზე კარგი გამოსავალია, რომ მოემზადოთ და საკუთარი ნებით გადახვიდეთ ოპოზიციაში, ისიც ყველაზე კარგ შემთხვევაში... ძალიან მშვიდად და წყანარად უნდა მოიქცნენ, მათ უკვე აქვთ მაგალითი, თუ როგორ მიდის ხელისუფლება ოპოზიციაში. წინა ხელისუფლებისგან უნდა აიღონ მაგალითი! არანაირი შურისძიება და რევანში არ იქნება! ის, რაც ჩვენ გავიარეთ ამ 6 წლის განმავლობაში და პირადად მე რაც გავიარე! ძალიან დიდი ტკივილი იყო და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში შურისძიება აღარასოდეს დაიწყოს! დაიღალა ქვეყანა! განაგრძეთ კითხვა:

სალომე ზურაბიშვილის სელებრითი მხარდამჭერები

ჩემი საქართველო აქ არის - ვინ უმღერის სალომე ზურაბიშვილს
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მალინა პერტია
ისინი იყვნენ....... მეტად არ არის იმათი ყოფნა საჭირო ხელისუფლებაში..... თქვენ ოცნება მეტად ქმედითი გახდით..... აჯობებს ჩვენი ქვეყნისთვის....
17:52 / 31-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS