22 მაისი, 2013
ვინ და რატომ სთხოვდა ცხვირის ოპერაციის გაკეთებას გვანცა ჯაფარიძეს
ქართულ შოუბიზნესში არაფერი ხდება, ასეთი კონკურსები კი არა მარტო ახალბედა მომღერლებისთვის, არამედ პროფესიონალებისთვისაც ძალიან კარგი საშუალებაა გამოცდილების მისაღებად და საკუთარი თავის რეალიზებისთვის. სანამ გვანცა ჯაფარიძეს ფართო საზოგადოება ახლოს გაიცნობდა, უამრავი გატაცება ჰქონდა, ძალები მოსინჯა ცეკვაში, ხატვაში, სამოდელო ბიზნესში, ასევე სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში, მათ შორის „ჯეოსტარსა“ და „ახალ ხმაში“, საიდანაც იმედგაცრუებული გამოუშვეს, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაყარა და დღეს უკვე „საქართველოს ვარსკვლავის“ ერთ-ერთი წარმატებული მონაწილეა. მიუხედავად ბევრი ფიქრისა, პროფესიული არჩევანი ჟურნალისტიკაზე გააკეთა და არ ნანობს, მოსწონს ეს
პროფესია. დღევანდელი გადმოსახედიდან ამბობს, რომ შეყვარებული ერთხელ იყო. მოსწონს ინტელექტუალი, თავმდაბალი და იმავდროულად სიმპათიური, ოღონდ არა „კრასავჩიკი“ ბიჭები.


- დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ბავშვობიდან ვმღეროდი, მაგრამ ამ საქმისთვის ხელის სერიოზულად მოკიდება არ მიფიქრია, რადგან სხვა ბევრი გატაცება მქონდა. მე და ჩემი და დედამ გაგვზარდა, მე 3 წლის, ჩემი და კი 6 წლის გახლდათ, როცა მამა ლეიკემიით გარდაიცვალა, დედამ კი მთელი ცხოვრება ჩვენ მოგვიძღვნა და პირადი გვერდზე გადადო, მას შემდეგ ოჯახი აღარ შეუქმნია.
გერმანული სკოლა დავამთავრე, ვერ ვიტყვი, კარგი მოსწავლე ვიყავი-მეთქი, მაგრამ ბოლო წლებში, აბიტურიენტობისას სერიოზულად მოვკიდე ხელი სწავლას და გამიმართლა კიდეც. სკოლაში არსებობდა გუნდი და იქ ვმღეროდი, ასევე დავდიოდი ყველანაირ ცეკვაზე, ქართულზე, ლათინურზე, მოკლედ ყველაფერს ვედებოდი, კონკრეტული მიზანი არ მქონდა. ბავშვობიდან ვხატავ, როცა დრო მაქვს, ახლაც ვუბრუნდები ამ საქმეს, რადგან მომწონს. პროფესიის არჩევაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე, თავიდან სამედიცინოზე მინდოდა ჩაბარება, მა-გრამ მერე გული ამიცრუვდა, შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება გადავწყვიტე, სერიოზულად დავიწყე მომზადება, ხატვაზეც დავდიოდი, მაგრამ ბოლოს ამაზეც უარი ალბათ უპერსპექტივობის გამო ვთქვი. ჩემი შემდეგი გადაწყვეტილება თეატრალურ ინსტიტუტს დავუკავშირე, მინდოდა, მუსიკისა და დრამის ფაკულტეტზე ვოკალის განხრით მესწავლა, დავიწყე ვოკალში მომზადება, თან „ჯეოსტარში“ მონაწილეობის სურვილიც მქონდა, გავიარე კასტინგი, მაგრამ არ ამიყვანეს, ჟიურიმ ძალიან სწორად შემაფასა, პატარა ხარ და დახვეწა გჭირდებაო. იმ ეტაპზე ეს ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის, მოტივირებული გავედი კასტინგზე, შედეგმა კი გული დამწყვიტა, ისე განვიცადე, ერთი თვის განმავლობაში სერიოზულ დეპრესიაში ვიყავი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ასე ჯობდა. რაც შეეხება ჩემს პროფესიულ არჩევანს, ბევრი ფიქრის შემდეგ, ბოლოს ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე. ძალიან მომწონს ეს პროფესია.
- გარდა იმ გატაცებებისა, რომლებიც ზემოთ ჩამოთვალე, ვიცი, რომ აქტიურად იყავი ჩართული სამოდელო საქმიანობაშიც.
- კი, ასეა. მოდელობაზე არასდროს მიფიქრია, რადგან ბავშვობაში ჩემი ტანი არ მომწონდა, ზედმეტად გამხდარი გახლდით და დაკომპლექსებული ვიყავი ხალხის რეაქციით - ვაიმე, შვილო, რა გამხდარი ხარ (იღიმის). აქედან გამომდინარე, თავში აზრად არ მომსვლია პოდიუმზე დგომა, თუმცა რომ წამოვიზარდე, ჩემი დისა და მისი მეგობრის თხოვნით მიმიყვანეს სამოდელო სააგენტო „ამსაში“, ჯიჯი რეჯინისთან და სოფო ჭყონიასთან, სადაც ძალიან კარგად შემხვდნენ და მითხრეს, კარგი მონაცემები გაქვს და ბევრს მიაღწევო, ამან, რასაკვირველია, ჩემზე იმოქმედა და ამ საქმეში ჩაბმა გადავწყვიტე. დროთა განმავლობაში საუბარი დაიწყო ჩემს საფრანგეთსა დ მილანში გამგზავრებაზე, მაგრამ საამისოდ სოფო ჭყონიამ პირობა წამიყენა, ცხვირის ოპერაცია უნდა გაიკეთოო. ბავშვობაში ცხვირი გავიტეხე და კეხი მაქვს, სწორედ ამის გამო მთხოვდა სოფო ცვლილების შეტანას, რაც ჯიჯის არ მოეწონა, ამბობდა, საოპერაციო არაფერი სჭირს, სახასიათო ცხვირი აქვსო. როგორც ხელოვანი, სხვაგვარად უყურებდა, სოფოს კი თავისი არგუმენტი მოჰყავდა, პოდიუმსა და ფოტოებზე ეს ცუდად გამოჩნდებაო. საბოლოო ჯამში ვერ გავიკეთე ეს ოპერაცია, რადგან საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდებოდა. თუ სააგენტოს უნდა, რომ წაგიყვანოს უცხო ქვეყანაში და გაგაპიაროს, თავადვე უნდა იზრუნოს იმის შეცვლაზე, რაც შენს გარეგნობაში არ მოსწონს, მე არ ვიყავი ვალდებული, ეს გამეკეთებინა, მოკლედ, საზღვარგარეთ ვერ გავაგრძელე საქმიანობა. საქართველოში ჩვენებებსა და რეკლამებში ვმონაწილეობდი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნელ-ნელა ჩამოვშორდი ამ საქმეს, რადგან უპერსპექტივოა, მოდელებს კაპიკებს უხდიან.
Rating- როგორც ვიცით, „საქართველოს ვარსკვლავამდე“ „ახალ ხმაში“ მონაწილეობდი. როგორ დაძლიე „ჯეოსტარით“ მიყენებული იმედგაცრუება და როგორ გადაწყვიტე ისევ კონკურსში მისვლა?
- იმ პერიოდში უკვე სერიოზულად ვფიქრობდი „ჯეოსტარის“ ახალ სეზონში ბედის ცდას, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ „ახალი ხმა“ ქართული რეალობისთვის მართლაც ახალი პროექტი იყო, გამიჩნდა მონაწილეობის სურვილი, წარმატებითგავიარე რამდენიმე ტური, მაგრამ არ მეგონა, თუ ბრმა კასტინგზე არავინ შემოტრიალდებოდა, ეს დიდი შოკი იყო ჩემთვის, წინასწარ ავაგე ოცნებები, მეგონა, ჩემი ცხოვრება ამით შეიცვლებოდა, მაგრამ... მართლა ძა-ლიან დამწყდა გული, იმდენად, რომ ვთქვი, სიმღერას თავს დავანებებ-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამით არაფერი მთავრდება, პირიქით, ასეთმა დაბრკოლებებმა ადამიანებს სტიმუ-ლი უნდა მისცეს და ასეც მოხდა, არ გავჩერდი, მივედი „საქართველოს ვარსკვლავში“ და გამიმართლა. სხვათა შორის, ამ პროექტის შესახებ „ახალი ხმის“ სცენარისტმა, ჩემმა მეგობარმა მანანა დოიაშვილმა შემატყობინა, მითხრა - იწყება, წინანდელთან შედარებით უკეთესი იქნება და აუცილებლად გადი კასტინგზეო. ასეც მოვიქეცი და გამიმართლა. ქართულ შოუბიზნესში არაფერი ხდება, ასეთი კონკურსები კი არა მარტო ახალბედა მომღერლებისთვის, არამედ პროფესიონალებისთვისაც ძალიან კარგი საშუალებაა გამოცდილების მისაღებად და საკუთარი თავის რეალიზებისთვის...
- დეჟა გომესთან მუშაობაზე და მის მიერ ჩატარებული მასტრეკლასის მოსმენაზე ალბათ ნებისმიერი მომღერალი ოცნებობს, მათ შორის პროფესიონალებიც კი. როგორია დეჟა პირად ურთიერთობებში?
- ამ ადამიანზე გაცნობის წამიდან დავაფანატე, ყველა კონკურსანტს თან გადაგვყვა, თითოეულთან იმუშავა მანამ, სანამ ის შედეგი არ დაინახა, რაც თავად სურდა. გულთან ახლოს მიიტანა პრობლემები, რაც იმ მომენტში გვაწუხებდა. საოცარი იყო მასთან მუშაობა.
- შენთვის მეტად წარმატებული აღმოჩნდა სტივ ვანდერის ტური, ზაზა შენგელიამ გითხრა, ამ ტურის ჩემპიონი ხარო.
- უბედნიერესი ვიყავი იმ წამებში, დეჟამაც დაინახა ის, რისთვისაც მუშაობდა. სიმართლე გითხრათ, თავის კარგად წარმოჩენა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგად მოირგებ სიმღერას, სტივი ვანდერის Moon Blue მართლა თავიდან ბოლომდე შევიგრძენი და ასევე გადავეცი მაყურებელს. წინა ტურზე ადელის სიმღერა შევასრულე, რომელიც ჩემი არანაირად არ არის, ამიტომაც კარგად ვერ წარვდექი მაყურებლის წინაშე, მაგრამ რას ვიზამთ, კონკურსია და ყველანაირი სიმღერის შესრულება გვიწევს.
- რაც შეეხება შენს საკონცერტო იმიჯს, ალბათ სამოსს დიზაინერი სიმღერის მიხედვით გირჩევს, მაგრამ იმის საშუალება თუ გეძლევა, რომ ცვლილებები შეიტანო?
- კი, კოსტიუმის შექმნის დროს დიზაინერი ტატიანა მეფარიძე ჩვენს სურვილებსაც ითვალისწინებს. შეიძლება, მე მინდოდეს, რომ გავიკეთო კონკრეტული ყელსაბამი, ან შიგნით ჩავიცვა სხვა ზედა, ამ ყველაფერს ითვალისწინებს და ცდილობს, ჩვენს გემოვნებაზე ააგოს სამოსი, არადა, ბევრი დიზაინერი ამის უფლებას არ იძლევა, ბევრ მათგანთან მქონია შეხება და ვიცი, რომ ასეთ დათმობებზე იშვიათად მიდიან.
Rating- კონკურსის მერე, რა თქმა უნდა, ქუჩაში გცნობენ...
- კი, ასეა. კონკურსის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, ქუჩაში გასულს თბილად მხვდებიან, მაგრამ იმავდროულად ცუდ რაღაცებსაც წერენ ჩემზე, ჰგონიათ, რომ ამბიციური, ცანცარა გოგო ვარ, არადა, ასე არ არის, ეს ის თვისებებია, რომლებიც ძალიან მაღიზიანებს, ადამიანში უპირველესად თავმდაბლობასა და უშუალობას ვაფასებ.
- რაც შეეხება პირად ცხოვრებას, გყავს საყვარელი ადამიანი?
- არა, არ მყავს.
- თუმცა ალბათ თაყვანისმცემლები მრავლად გეყოლება...
- (იღიმის) კი და მგულშემატკივრობენ კიდეც.
- როგორია შეყვარებული გვანცა ჯაფარიძე?
- სრულიად განსხვავებული, ამ დროს ისე ვიცვლები, ზოგჯერ ჩემი თავის მიკვირს ხოლმე, ძალიან დრამატული, რომანტიკული და თბილი ვხდები, არადა, ჩვეულებრივ მდგომარეობაში სითბოს გამოხატვა დიდად არ მახასიათებს.
- სულ რამდენჯერ ყოფილხარ შეყვარებული?
- დღევანდელი გადმოსახედიდან ერთხელ, გატაცება კი მრავლად მქონია. ჩვენს ურთიერთობას პერსპექტივა არ ჰქონდა და ამიტომ დასრულდა, შეგვეცვალა შეხედულებები და მივხვდით, ერთად ვეღარ ვიქნებოდით.
- როდესაც „ახალ ხმაში“ მონაწილეობდი, იქ ამბობდი, რომ გყავდა შეყვარებული, რომელსაც ქორწილამდე ორი კვირით ადრე დაშორდი...
- რეალურად ასე არ იყო, თუმცა ბევრმა ისე გაიგო ეს ამბავი, როგორც შენ. ჩემს პირად ცხოვრებაზე ვყვებოდი იმას, რომ მყავდა შეყვარებული, დავშორდი, გარკვეული დროის შემდეგ ის შეხვდა ჩემს დას და საცოლე გააცნო, რამაც მტკივნეულად იმოქმედა ჩემზე. მონტაჟის შედეგად ჩემი ეს ნათქვამი ისე იყო აწყობილი, რომ მეორე დღეს ხალხი მირეკავდა და მკითხულობდა, არადა, რეალურად საქმე სულ სხვაგვარად იყო.
- გვითხარი, როგორი მამაკაცები იპყრობენ შენს ყურადღებას?
- სერიოზული, თუმცა იმდენად სერიოზულიც არა, გართობა რომ არ უყვართ. არ მიყვარს ინერტული და კომპლექსიანი ბიჭები, ჩემ გვერდით მყოფი ადამიანი ნებისმიერ სიტუაციაში ადეკვატური უნდა იყოს. გარდა ამისა, ბიჭი, რომელიც ჩემ გვერდით იქნება, უნდა იყოს თავმდაბალი და ინტელექტუალი, როცა მამაკაცი თავის ქებას იწყებს, მაშინვე ვუსვამ ხაზს. უნდა იყოს სიმპათიური, ოღონდ არა „კრასავჩიკი“, ვერ ვიტან „კრასავჩიკ“ ბიჭებს, აუცილებლად ხელოვანი უნდა იყოს ბიჭი, ჩემში რაღაც რომ აღძრას და მომეწონოს.

ციცი ომანიძე

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ეთუნა
ძალიან კარგი გოგოა...ცხვირის ოპერაცია დაივიწყეეე,,,სახასიათოა და გიხდება.... :) წარმატებები.
18:47 / 02-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ლამაზი ხარრრრრრრრ
03:14 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მონიკა
ზალიან კარგი გოგონა ხარ.
03:13 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სარა
ნადია შ...დააფინანსე და გაიკეთებს.. გვანც ძალიან ელეგანტური და მშვენიერი გოგონა ხარ, ცხვირზე არ იდარდო, არაჩვეულებრივარდ მღერი და გისურვებ წარმატებებს, გკოცნიიიიიი
01:16 / 26-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნადია შ.
გვანცა სწორი რჩევა მოუცია სოფოს,აუცილებლად უნდა გაიკეთო ცხვირის ოპერაცია,არ გეწყინოს კეთილი რჩევაა:))
00:10 / 26-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგო ხარ,გისურვებ წარმატებებს მომავალში
12:52 / 24-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS