ცნობილი ადამიანების მიერ ზოგჯერ ცხელ გულზე დაწერილ სტატუსებს ხშირად მათი კარიერა შეუწირავთ. ამის ცოცხალი მაგალითი გახლდათ ხათუნა ხუნდაძე, რომელიც კულტურის მინისტრის მოადგილე მხოლოდ იმიტომ ვერ გახდა,
ხშირად დავობენ, აქვს თუ არა ჟურნალისტს უფლება, ცნობილი ადამიანების სტატუსები მათი ნებართვის გარეშე ნიუსებად აქციოს, თუმცა ფაქტია, რომ როდესაც სოციალურ ქსელში მინიმუმ 3000 მეგობარი გყავს, შენს კედელზე შემოსვლა და სტატუსების წაკითხვა ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია. სივრცე საჯაროა და ჟურნალისტებზე გადაბრალების ნაცვლად მეტი დაფიქრება მართებთ.
ამჯერად ყურადღებას მინისტრების მეორე ნახევრებზე და სოციალურ სივრცეში მათ აქტიურობაზე შევაჩერებთ.
პრემიერ-მინისტრის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილის გარშემო ინტერესი საზოგადოებაში განსაკუთრებულად დიდია. მიუხედავად იმისა, რომ მათი სიყვარულის ამბის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, ნუნუკა არასოდეს ლაპარაკობს პრესასა და ტელევიზიასთან. არ ვიცით, როგორი ქმარია ირაკლი ღარიბაშვილი, რა სიურპრიზებს უწყობს საყვარელ ქალს, შეცვალა თუ არა თანამდებობამ, რამდენად რჩება დრო ოჯახისთვის.
უცნაურია, მაგრამ ''ნაციონალური მოძრაობის'' ბოლო წლების კარჩაკეტილობის მიუხედავად, სანდრა რულოვსის რამდენიმე ინტერვიუ მაინც გამოქვეყნდა ფავორიტ პრესასა თუ მედიაში. ამ შემთხვევაში ესეც სანატრელი გვაქვს. ნუნუკა ''ფეისბუქზე'' არჩევნებში ''ქართული ოცნების'' გამარჯვების შემდეგ ნაკლებად აქტიურობს. მხოლოდ ოჯახურ ფოტოებს, მეუღლის პოლიტიკურ ინტერვიუებს და პრემიერ-მინისტრის ვიზიტებზე სიახლეებს აქვეყნებს. მთავარ ფოტოდ მეუღლესთან ერთად ინაუგურაციის დროს გადაღებული სურათი აქვს დაყენებული, ''ქავერ'' ფოტოდ კი ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საერთო ფოტო.
ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე დიდი ხანია, ყველაზე გემრიელ ლუკმად იქცა ინეტრნეტსაიტებისთვის. ნათია ყოველდღიურად აქტიურობს ''ფეისბუქზე'' და მისი სტატუსები ხშირად ხდება ნიუსების თემა. სხვათა შორის, არაერთხელ აღმოჩნდა თავის მართლების პოზიციაში, რადგან გულწრფელად და მხიარულად დაწერილი სტატუსები საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა არასწორად გაიგო. განსაკუთრებით სკანდალური აღმოჩნდა მისი ერთ-ერთი ბოლო მოსაზრება ქართველების ''წითელ წიგნში'' მოხვედრის შესახებ.
''იდეა კი არადა, ინიციატივა მაქვს: ხომ არსებობს ''წითელი წიგნი'', რომელშიც იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებია შეტანილი და მათი დახოცვა იკრძალება? მცენარეები, რომელთა განადგურება იკრძალება, ჰოდა, მცირე ერებისთვის მსგავსი კატალოგი მინდა დამუშავდეს და აიკრძალოს ქართველების ხოცვა, ქართველებთან ომი და გაგვიფრთხილდეს მსოფლიო, როგორც უნიკალურ, გადაშენების პირას მყოფ, იშვიათ ადამიანურ სახეობას. ვის მივმართო? (რუსთაველი მკვდარია), უფრო სწორად, პეტიციის შექმნა მინდა და გამომიწოდეთ ხელი'', - წერდა ნათია ფანჯიკიძე.
მისი ერთ-ერთი ბოლო სტატუსი თავდაცვის სამინისტროსთვის ჟილეტების წარმოებაზე ბევრისთვის ღიმილის მომგვრელი აღმოჩნდა.
''სხვა მნიშვნელოვანი და კარგი ამბებიც ხდება, მაგრამ ირაკლი ისე ბედნიერია ამ ჟილეტების საქართველოში წარმოების გამო, რომ დღეში სამჯერ, ჭამის მერე, რეაქციას ითხოვს ჩემგან ყიჟინის სახით, ჰოდა, რომ არ გავაზიარო, არ იფიქროს, რომ მისი სიხარული მნიშვნელოვანი არ მგონია. მოკლედ, ეს ჟილეტები ქართველი მეცნიერის (ხაზს ვუსვამ და ვიმეორებ, - ქართველი მეცნიერის) დამუშავებული ტექნოლოგიით დამზადდა, მსუბუქი, ჰაეროვანი, ლამაზი და, თქვენ ხართ ჩემი ბატონი, წვიმა არ ჩადის, ქარი არ უბერავს, ტყვია არ ხვრეტს და ნაღმი ვერაფერს აკლებს. ჩვენთვის ხომ ჩამოვირიგებთ და სხვასაც მივყიდით, ისე მაგარიაო, მაშ!''
ნათია ჟურნალისტებში დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს, რადგან არასოდეს ამბობს უარს ინტერვიუზე და ყოველთვის გულახდილია.
კახი კალაძის მეორე ნახევარი ანუკი არეშიძე სოციალური ქსელის საშუალებით არაერთხელ გაეხვია სკანდალში. მართალია, ''ფეისბუქზე'' სხვა სახელითა და გვარით არის დარეგისტრირებული, მაგრამ ჟურნალისტებმა მისი სტატუსები არაერთხელ აქციეს ნიუსებად. დიდხანს გრძელდებოდა მისი და ია ფარულავას ინტერნეტომი, როდესაც იამ ანუკის რუსული დაუწუნა.
უკვე დიდი ხანია, რაც ანუკიმ უარი თქვა სოციალური ქსელით ძველებურად აქტიურობაზე და ამჟამად მხოლოდ ოჯახურ ფოტოებს, ბავშვების ვიდეოებს და იშვიათად, ენერგეტიკის სამინისტროზე სიახლეებს აქვეყნებს. სოციალურ ქსელს ასევე აქტიურად იყენებს საკუთარი დიზაინერული ნამუშევრების პოპულარიზაციისთვის.
დავით ნარმანიას მეუღლე თინათინ თინიკაშვილის სოციალურ ქსელში მოძებნა შეუძლებელი აღმოჩნდა, მაგრამ ''მაესტროს'' ეთერში სტუმრობისას მის მიერ ნათქვამი სიტყვები დიდხანს განიხილებოდა სოციალურ ქსელში.
''ჯერჯერობით თბილისის პირველი ლედობისთვის განსაკუთრებული მზადება არ დაგვიწყია. ვამაყობ, რომ დათოსთვის ეს თანამდებობა გაიმეტეს. გაიმეტეს ცოტა ცუდი სიტყვაა, უფრო სწორად რომ ვთქვა, ამ პოსტის ღირსად მიიჩნიეს. ძალიან ამაყი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ის თავს ამ თანამდებობას ღირსეულად გაართმევს. რაც შეეხება მის თბილისელობას, ჩემთვის მოულოდნელი იყო ამ თემის გააქტიურება. თავიდან მეგონა, ხუმრობა იყო, შემდეგ უკვე სერიოზულად დაიწყეს ამ საკითხის განხილვა, გადაცემებიც კი ჩაიწერა. მგონია, რომ საქართველოში ცოტა უხერხულია ამ საკითხის ასე განხილვა. ბოლოს და ბოლოს, ამერიკას ჰყავს კენიელი პრეზიდენტი და საქართველოს რომ ჰყავდეს არათბილისელი მერი, ამაში საოცარი არაფერი არ იქნება," - განაცხადა თინათინ თინიკაშვილმა.
ნოდარ ხადურის მეუღლე ნინო ცირეკიძის მოძებნა სოციალურ ქსელში არ გაგვჭირვებია. სხვათა შორის, არც მისი ცნობა, რადგან ხადურის ოჯახი პრესასთან აქტიურად თანამშრომლობს. ნინო ''ფეისბუქზე'' განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩევა. გამოქვეყნებული აქვს ძირითადად მეუღლესთან სხვადასხვა გარემოში გადაღებული სურათები, ბავშვების ფოტოები და იშვიათად სამთავრობო ნიუსები, ის, რომელშიც ნოდარ ხადური ფიგურირებს. ნინოს ალბომში ჯერ კიდევ გამხდარი მინისტრის სურათებიც აღმოვაჩინეთ.
სოზარ სუბარის მეუღლე თამთა ყუბანეიშვილს ერთ-ერთ ბოლო პოსტად ოჯახური სურათი აქვს გამოქვეყნებული წარწერით - ''ძლივს ერთად და ასეთი გამოვიდა ფოტო''. სურათზე მინისტრის ოჯახი თოვლიან ადგილას, მთაშია გადაღებული. თამთას სტატუსებს თუ გადავხედავთ, მაქსიმალურად ცდილობს, პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავოს. ძირითადად, ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს, სხვათა შორის, რამდენიმე საინტერესო სურათი აღმოვაჩინეთ, თუ როგორ ერთობა შვილებთან ერთად შინ დაბრუნებული მინისტრი.
დანარჩენი მინისტრების მეორე ნახევრები ან საერთოდ არ იძებნებიან სოციალურ ქსელში, ან მათ შესახებ არაფერი ვიცით. გამონაკლისია დავით დარახველიძის მეუღლე - ნინო საგანელიძე. ამ ქალბატონს საზოგადოება კარგად იცნობს, ''ფეისბუქის'' მის პროფილზე კი ძირითადად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან დაკავშირებულ სიახლეებს ნახავთ.
ძალიან დიდი ინტერესია დავით სერგეენკოს მეუღლის ლელა მიგრიაულის მიმართ. პირველად ფართო საზოგადოების წინაშე გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიაზე გამოჩნდა და ჟურნალისტების დიდი ყურადღება დაიმსახურა. სამწუხაროდ, ოჯახურ ინტერვიუზე ჯერჯერობით მისი დათანხმება ვერავინ მოახერხა.
ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''