18 თებერვალი, 2014
დათო ფორჩხიძე ''რუსთავი 2''-მა გადაიბირა?!. - იქნება თუ არა ''X-ფაქტორის'' ჟიურის წევრი
რადგან შეჯიბრება ერთგვარად ჟიურის წევრებს შორისაც მიმდინარეობს, ფაქტია, რომ სკანდალებს ვერ ავცდებით ''საქართველოს ვარსკვლავის'' შემდეგ ''რუსთავი 2''-მა ამჯერად მუსიკალური კონკურსებიდან ''X ფაქტორზე'' შეაჩერა არჩევანი. რამდენიმე კვირის წინ დაანონსებულ კასტინგებზე უამრავი ადამიანი მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყველა სეზონზე მინიმუმ ერთი მუსიკალური პროექტი მაინც გადის, როგორც ჩანს, პატარა ქვეყანაში ნიჭი არ ილევა.

შოუ ბრიტანულია და წლების განმავლობაში რეიტინგს არ კარგავს.
პროექტის წესები სხვა მუსიკალური შოუებისგან განსხვავებულია. ჟიური ოთხი წევრისგან შედგება და თითოეული მათგანი, კასტინგების მიხედვით, საკუთარ
ჯგუფს აკომპლექტებს და გამარჯვებისთვის თავადაც იბრძვის. ფინალში ჟიურის ერთ წევრს ერთი მონაწილე დარჩება.

''ახალი ხმისგან'' შოუ იმით განსხვავდება, რომ ჟიურის გუნდები ერთმანეთისგან გამოირჩევა. ჟიურის ერთ წევრს შესაძლოა, გუნდში მხოლოდ გოგონები ჰყავდეს, მეორეს - ბიჭები, მესამეს მუსიკალური ჯგუფები, მეოთხეს - დუეტები, თუმცა რა და როგორ იქნება ქართულ ''X ფაქტორში'', ამის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს, რადგან პროექტის ხელმძღვანელები ყველა დეტალს მკაცრად ასაიდუმლოებენ.
რადგან შეჯიბრება ერთგვარად ჟიურის წევრებს შორისაც მიმდინარეობს, ფაქტია, რომ სკანდალებს ვერ ავცდებით. ყოველ შემთხვევაში, უცხოურ ანალოგებში მსგავსი ფაქტი ხშირია.

საქართველოში მუსიკალური კონკურსები ყველაზე რეიტინგულია, მით უმეტეს, თუ კარგად არის გაკეთებული. შოუს გამორჩეულ ხიბლს ჟიურის წევრებიც მატებენ, ამიტომ ხალხს ძალიან აინტერესებს, ვინ იქნებიან ქართული ''X ფაქტორის'' ჟიურიში. თანაც, ''რუსთავი 2''-ს ამ მხრივ ფანტაზია არასდროს ღალატობს.

ერთი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟიურის ერთ-ერთი წევრი მუსიკოსი დათო ფორჩხიძე იქნება. დათო მაყურებელს თავისი გულწრფელობისა და, გარკვეულწილად, კარგი მსახიობური ნიჭის გამოც ძალიან უყვარს, მან ''ახალი ხმის'' სამი სეზონი მოიგო და რასაკვირველია, ეს არა მხოლოდ მისი კონკურსანტების, არამედ თავად მწვრთნელის დიდი დამსახურებაც არის.

დათოს კარგი შოუს გაკეთება შეუძლია, ამიტომაც არ გაგვკვირვებია, როცა ჩვენმა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თავად ნახა ''რუსთავი 2''-ში მისული დათო ფორჩხიძე, რომელიც ტელეფონით რაღაც კონტრაქტის დეტალებს ათანხმებდა.
ინფორმაცია დათოსთან გადავამოწმეთ.

- დათო, საინტერესო სიახლე გავიგეთ თქვენ შესახებ. პირველ რიგში, გკითხავთ, ჩვენი ინფორმაციით, ''ახალი ხმის'' ახალ სეზონზე პროექტში აღარ იქნებით.
- არ ვიცი, ზუსტად... ვინ გითხრათ?
- როგორც შევიტყვეთ, მაყურებელი ''X ფაქტორის'' ჟიურიში გიხილავთ.
- არ ვიცი, პირველად თქვენგან ვიგებ. ჭორის დონეზე ვიცი ეგ ამბავი. ჩემთვის ნამდვილად არავის დაურეკავს.
- ჩვენ ვკითხეთ ახალი ხმის მუსიკალურ პროდიუსერ სოფო ტოროშელიძეს და მან არც უარყო და არც დაადასტურა ეს ინფორმაცია. ამბობენ, რომ იმდენად კარგად აჩვენეთ საკუთარი თავი ''იმედზე'', რომ ''რუსთავი 2''-მა გადაგიბირათ.
- არავის არ გადავუბირებივარ, შვილებს გეფიცებით, დასამალი არაფერი მაქვს.
- ''რუსთავი 2''-ს თუ სტუმრობთ ხოლმე?
- დიახ, ჩემს მეგობრებთან მიშა მშვილდაძესა და გიორგი ლიფონავასთან, ''ფორმულა კრეატივში'' დავდივარ ხოლმე. ხან ''პროფილში'' მიმიწვიეს, ხან ''ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში''... სოფო ტოროშელიძე არის ჩემი გაზრდილი შვილი. ვინმეს რომ დაერეკა ჩემთვის და ეთქვა, ჟიურიში ვიქნები, მსგავსი არაფერი მომხდარა. დასამალი მართლა არაფერი მაქვს. ჩემთვის ოფიციალურად არავის უთქვამს.
- ისე დათანხმდებოდით, თუ მიგიწვევენ?
- რა პრობლემაა, ჩემი პროფესია და საქმიანობა ეს არის. ყველა კონკურსს თავისი პირობები აქვს, თუ მისაღები იქნება ჩემთვის, რატომაც არა.
- სიამოვნებით გნახავდით კიდევ ერთ კონკურსში. წარმატებებს გისურვებთ.
- დიდი მადლობა. თუ მსგავსი რამ მოხდა, აუცილებლად თქვენ მოგცემთ პირველ ინტერვიუს (იცინის).

გიორგი ხაბურზანია ''X ფაქტორის'' მთავარი პროდიუსერი გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ მისგან პროექტის დაწყებამდე რთულია რაიმე სიახლის გაგება, ჟიურისა და პროექტზე რამდენიმე შეკითხვა მაინც დავუსვით.

- გიორგი, როდის მთავრდება ''X ფაქტორის'' პრეკასტინგები?
- ბოლო ტური ბათუმში გვქონდა და შემდეგ კიდევ ერთ კასტინგს ჩავატარებთ თბილისში, მათთვის, ვინც ვერ მოასწრო მოსვლა. გვინდა, შანსი მაქსიმალურად ყველას მივცეთ. თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება შერჩევის პროცესი და მარტიდან გადაცემა ეთერში გავა. პირველ ეტაპზე გავა კასტინგის საინტერესო ეპიზოდები, ისეთი, როგორიც ''რუსთავი 2''-ს ახასიათებს. დიდ დარბაზში წარდგებიან მონაწილეები ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე. ოღონდ პირველი ორი-სამი გადაცემა ჩანაწერი იქნება.
- მაყურებელს ყველაზე მეტად ჟიურის ვინაობა აინტერესებს.
- ოთხი წევრი იქნება ჟიურიში, ჯერ არ შეგვირჩევია.
- რატომღაც ყოველთვის ტკბილ ლუკმად ინახავთ ჟიურის წევრების ვინაობას...
- ჯერ მოლაპარაკება არ დაგვიწყია.
- ამბობენ, რომ შესაძლოა, დათო იყოს ჟიურის ერთ-ერთი წევრი.
- არაფერი არ არის გამორიცხული, ვერ ვიტყვი, რომ კონკრეტულად ვინმე განიხილება ამ ეტაპზე. ეგ საუბარი, რომელიც ჟიურის წევრებს ეხება, მიმდინარე კვირისთვის გადავდეთ. ოფიციალურად არავის კანდიდატურა არ განგვიხილია. პროექტი რამდენიმე ეტაპად იყოფა. ახლა ჯერ ტექნიკურ სტადიაზე ვართ, ერთი მხრივ, პრეკასტინგს ვაკეთებთ და, მეორე მხრივ, დეკორაციაზე ვმუშაობთ. ლამაზი გაფორმება პროექტისთვის აუცილებელია. ამის გარდა, არც წამყვანსა და არც ჟიურის წევრებზე არ გვილაპარაკია. თან ახლა ლონდონში მივემგზავრებით. ''ვორქშოფია'' სპეციალურად ''X ფაქტორისთვის''. ვისიც არის პროექტი, მასთან კიდევ ერთხელ გავივლით კონსულტაციას.
- რეკლამაში აცხადებთ, რომ მსურველებს 12 წლის ასაკიდან შეუძლიათ მონაწილეობა. მაქსიმუმი რამდენია? შეიძლება, 60-70 წლის მონაწილეც გამოვიდეს?
- ასაკზე შეზღუდვა არ გვაქვს. ჯერ ასაკიანი არავინ მოსულა, მაგრამ თბილისში ველოდებით, ისიც ვიცით, ვინ აპირებს მოსვლას. ამ ეტაპზე სათქმელი არაფერი გვაქვს, გარდა იმისა, რომ ვმუშაობთ, რათა მაყურებელს მაქსიმალურად კარგი შოუ შევთავაზოთ.
- ლაივები ფილარმონიაში გაიმართება?
- ჯერ არ ვიცი, ამას დეკორაციიდან გამომდინარე გადავწყვეტთ. ისეთი აპარატურა და დეკორაცია ჩამოგვაქვს, რაც შოუს განსაკუთრებულ სიმდიდრეს შესძენს. ჯერ გვაქვს დრო და გადავწყვეტთ.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS