- უკბილო ბებერივით გამომივიდა ყოფნა, მაგრამ ძალიან არ მემჩნეოდა. რაღაც მინდოდა შემეცვალა. სცენა მოითხოვს, რომ ფორმაში იყო. არ მიყვარს, როცა რაღაცას იკეთებენ და ამას მალავენ. ყველას გახსოვთ ალბათ, როგორი ცხვირი მქონდა, მჭირდებოდა ოპერაცია, გავიკეთე და მგონი, ნორმალურ ადამიანს დავემსგავსე. პრობლემური კბილები არ მქონდა, მაგრამ მინდოდა, უფრო თეთრი და სხვა ფორმის მქონოდა. არის რაღაც პათოლოგიები, რაც შეიძლება გამოასწორო და ვასწორებ. ცოტა დისკომფორტია, მაგრამ არა უშავს. როგორც იტყვიან, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.
ჩემი აქ ყოფნის უპირველესი მიზეზი კი, კბილების გარდა, რა თქმა უნდა, დედაჩემია. შარშან გრანდიოზული დაბადების დღე გადავუხადე, წელს კი კატეგორიულად არ ისურვა ასეთი რაღაცები. სახლში, მის სამეგობრო წრეში აღვნიშნეთ. ფულს ვჩუქნი ხოლმე, რომ თავისი სურვილით რამე იყიდოს. ბევრი რამ შეიძინა და ძალიან ბედნიერია, მეც უფრო ბედნიერი ვარ, როცა მას რაღაც უხარია.
- აჩი, შარშან შეყვარებულთან ერთად იყავი ჩამოსული, წელს რატომ ხარ მარტო?
- შარშან შეყვარებულთან ერთად ვიყავი ჩამოსული, შეყვარებული ახლა მეუღლე გახდა და მოსკოვში დარჩა. პრობლემები ჰქონდა, იქ უნდა ყოფილიყო და ამიტომ. დროის ფაქტორი იყო და თავისი საქმეები გასაკეთებელი ჰქონდა. მომავალში ჯვრისწერა გვაქვს დაგეგმილი. ხელი იქ უკვე მოვაწერეთ, მაგრამ ქორწილი აუცილებლად თბილისთან უნდა იყოს დაკავშირებული.
- ამჯერად შენმა თბილისში ყოფნამ შენსა და თამუნა მუსერიძეზე ბევრი ჭორი გაავრცელა, ამბობენ, სულ ერთად არიანო...…
- საზოგადოებას, რამდენადაც მივხვდი, გაუკვირდა ჩემი და თამუნას ურთიერთობა. თან ჩემი თამუნასადმი დამოკიდებულება კი არა, თამუნასი უკვირთ, მაგრამ რატომ, ვერ გავარკვიე. მას 10 წელია ვიცნობ, აქედან ერთი წელი ერთად ვიყავით. ყველა ვარიანტში ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილია, ძალიან მიყვარს და ჩემი მეგობარია. რაღაც კომენტარებში წავიკითხე, როგორ შეიძლება, ყოფილმა ცოლ-ქმარმა ერთმანეთზე მეგობარი თქვასო და ძალიან ბევრი ვიცინე. ვინც გიყვარს, ის, პირველ რიგში, მეგობარი უნდა იყოს. ჩვენ თავიდან შეყვარებულობის მომენტი გვქონდა, მერე ვითომ ცოლქმრობა იყო და მერე წამოვიდა უკვე მეგობრობა. თავიდანვე მეგობრობით რომ დაგვეწყო, არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა. მერე შეიძლება ინანო, რომ გინდოდა და არ გამოგივიდა, მაგრამ იმას არ ვნანობ, რაც ახლა მაქვს. მიყვარს, ჩემია და ზუსტად ვიცი, ვუყვარვარ და მაგისიანი ვარ. წელიწადში ერთხელ ჩვენი შეხვედრა ყოველთვის გიჟურად ხდება. ან უკნიდან მახტება ისე, რომ ვერ ვხედავ, ან რაღაც საოცრებას აკეთებს. გიჟივით მორბის, თან იცის, რომ მე მენისკის პრობლემა მაქვს... ამ ყველაფერმა ცოტა აჟიოტაჟი გამოიწვია, გამიკვირდა, მაგრამ ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, უკვე აღარაფერი მიკვირს. ფასეულობები იცვლება და ძალიან მწყინს ეს ამბავი. რასაც შეიძლება, საღად შეხედო და გიხაროდეს, რომ ადამიანები დაშორების შემდეგ ერთმანეთს სახეში არ აფურთხებენ და ლანძღავენ, რატომ არ უნდა შეხედო და დააფასო? თამუნა ამას აკეთებს, რადგან ყოველ ჩამოსვლაზე მასთან ვარ ეთერში ან რადიოში, და ცდილობს, რომ თავისი მხრიდან რაც შეუძლია გამიკეთოს, მეც, შესაბამისად, რაც შემიძლია მისთვის, ვაკეთებ.
- როგორც მახსოვს, შარშან ამბობდი, ჯგუფ "ნი პარა"-ს სოლისტობას მთავაზობენო?
- მე ხომ ბედი მაქვს ასეთი კარგი, ჯგუფში მათი სოლისტი საშა დაბრუნდა. არა, ძალიან გამიხარდა ეს ამბავი. იმიტომ კი არა, რომ მივიჩნევდი, ან მე უნდა ვყოფილიყავი ან საშა, მაგრამ თვითონ ამ ჯგუფის დაშლა ცუდი იყო. გამოვიდა ისე, რომ უკვე დავიწყეთ მუშაობა, სიმღერა ჩავწერეთ და კლიპზე იყო ლაპარაკი, რომ საშაც დაბრუნდა.
- რატომ იყო წასული?
- სოლოკარიერა უნდოდა. მიხვდა, რომ ვერ გამოუვიდა და ამიტომაც მიბრუნდა. როცა 10 წელი და მეტი ერთ ჯგუფთან ხარ, მერე გამოდიხარ და შენსას ვერ აღწევ, ძალიან გიტყდება. ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო, რომ დაბრუნდა. ძალიან მიყვარს, აფხაზია, კარგი ბიჭია და ჩემი ჯიგარია.
- ახლა რა გეგმები გაქვს მოსკოვში?
- ახლა სოლოკარიერას ვაწვები. სოლოალბომის ჩაწერას ვიწყებ. ჩემი ძმა და მეგობარი გიგა კვენეტაძე მეხმარება, რომელიც მოსკოვშია და იმედი მაქვს, ჩვენი სიზარმაცეებიდან გამომდინარე, მაქსიმუმ 6 თვეში უკვე მზად იქნება. ეს იქნება ჩემი პირველი ოფიციალური ალბომი, რომელსაც ჯერ არ ვიცი, რას დავარქმევ, მაგრამ მასში ძალიან კარგი 12 სიმღერა შევა, უფრო რუსულები.
- ნინი ბადურაშვილის ყოფილი მეუღლის, ირაკლი კუტალაძის კარაოკებარში ისევ მღერი?
- წელიწადზე მეტია, უკვე აღარსად ვმღერი. სახლში ვარ, მთავაზობენ საღამოების წაყვანას და ა.შ. ანუ მე ის პოზიციები დავიბრუნე, რაც აქ მქონდა. რადიოშიც ვიმუშავე და ტელევიზიაშიც. მიდის რაღაც საუბრები და ვნახოთ, რა გამოვა.
- ნინი ბადურაშვილისა და ირაკლის სკანდალში შენც გაგრიეს, რამე ხომ არ მოხდა თქვენ შორის?
- ნინისა და ირაკლის ამბავში რომ გამხვიეს, არც მიკვირს. ორივე მხარესთან ვმეგობრობ და ჩემიანია. თან, მათი ქორწილი მიმყავდა. იკასთან კარგად ვარ, ვძმაკაცობ და ძალიან მიყვარს. ვიცი, რომ რაც ბავშვის სანახავად იყო ირაკლი ჩამოსული, მას და ნინის კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ და ამას რა სჯობს. თვითონ ირაკლისაც შეემჩნა, ბავშვი რომ ნახა, აბსოლუტურად სხვანაირი ჩამოვიდა. მამობა მაინც სხვა მომენტია. ნინისთანაც ისევ კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩემი მხრიდან ნინისთან ურთიერთობის გაფუჭება სისულელე იქნებოდა და მისი მხრიდან - მით უმეტეს. მჯერა, ვიცი და მწამს, რომ ნინი ძალიან ჭკვიანი გოგოა და არ არის "შტერაძე". მადლობა ღმერთს, რომ თუ მიყვარს ადამიანი, მიყვარს და ვუყვარვარ. ვიღაცის მობანაკე ტიპი არასდროს ვყოფილვარ, არც მაშინ, სპორტის სასახლეში კონცერტები რომ იმართებოდა ხოლმე და დაჯგუფებები იყვნენ. მე ნებისმიერ კულისში და საგრიმიოროში თავისუფლად შევდიოდი. თუ ვამბობ გამარჯობას, ე.ი. იქ ყოველთვის მიმესვლება. თუ ვმეგობრობ, ე.ი. გიცნობ და თუ არ გიცნობ, მაშინ გავიცნოთ ერთმანეთი და ვიმეგობროთ. ასე რომ, ნინი მიყვარს თავისი ოჯახით და ირაკლი - თავისით.
- შენს ოჯახზე რას გვეტყვი? შვილს ხომ არ ელოდები?
- ჯერ არა, გმადლობთ.
ეკა ჩიკვაიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''