13 თებერვალი, 2014
რატომ დაშორდა ჩელე მეუღლეს - ''დიეტაზე ვარ...''
რა აზრი აქვს სკანდალებსა და ჭურჭლის ლეწვას, როცა შედეგი მაინც ის იქნება, რაც არის და არ ჯობია, ყოველგვარი ჩხუბისა და წივილ-კივილის გარეშე დამთავრდეს ურთიერთობა? ''ჯეო-ბარის'' გამარჯვებული დათო გელაძე, იგივე ჩელე, ''ჯიდიესის'' დილის ეთერში მუშაობს, წლების წინ ''რუსთავი 2''-ში დილის გადაცემაში მუშაობდა. პროფესიით მსახიობი თეატრს ჯერჯერობით ჩამოშორდა, მაგრამ იმედს არ კარგავს, რომ თავის საყვარელ საქმიანობას აუცილებლად გააგრძელებს.

- ბოლო დროს, სამწუხაროდ, მსახიობობას ვეღარ ვახერხებ.
- მახსოვს, ''ჯეო-ბარის'' დამთავრების შემდეგ თავიდანვე ჟურნალისტიკაში ჩაერთე აქტიურად.
- სრულიად შემთხვევით
მოვხვდი ჟურნალისტიკაში. არც ვაპირებდი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, სწავლისთვის თავი არ დამინებებია. ჟურნალისტობასა და მსახიობობას შორის არჩევანის წინაშე არასდროს დავმდგარვარ. ახლა, რადგან ''ჯიდიესში'' ვარ, თეატრს ცოტა ჩამოვშორდი, მაგრამ ამით არ მინდა, ვთქვა, რომ თეატრს თავი დავანებე. დადგება დრო და თეატრშიც ჩვეულებრივ რეჟიმში ჩავჯდები.
- ''რუსთავი 2''-ის დილის ეთერში ნატო ნიჟარაძესთან ერთად გქონდა ჩართვები. მახსოვს, ამბობდნენ, რომ ნატო ჩართვებზე ბევრს ლაპარაკობდა.
- ნატო ძალიან ბევრს ლაპარაკობდა და მე ძირითადად ჩუმად ვიყავი. ნატო ნიჟარაძე ძალიან კარგი ადამიანია. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. თქვენ არ იცით, მას რამდენი ისეთი რამ გაუკეთებია, რაც მგონებია, რომ არ გამოვიდოდა. ბევრს ლაპარაკობდა და არ მინდოდა, ეთერში ჭიდაობა გამოსულიყო და ვჩუმდებოდი. ჩემი მეგობრები სულ მეუბნებოდნენ, გჩაგრავსო. ვმეგობრობდით და ოჯახებით ძალიან ახლოს ვიყავით. ახლაც ვმეგობრობთ.
- ''ჯიდიესში'' როგორ აღმოჩნდი?
- დილის ეთერის წამყვანებზე კასტინგი ჩატარდა. დამირეკეს და მითხრეს, ვიცით, რომ ტელევიზიაში მუშაობდი და კასტინგს ხომ არ გაივლიო. მაშინ ნაკლებად ვიყავი თეატრში ჩართული. თავიდან მეგონა, რომ ვისვენებდი, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ვუსაქმურობდი. ჩემი დასვენება დიდხანს გაგრძელდა. კასტინგობანაში დიდი დრო გავატარეთ, მაგრამ, სხვათა შორის, ამან კარგი შედეგიც გამოიღო, ჩატარდა ტრენინგები. ''ჯიდიესი'' ძალიან საინტერესო ტელევიზიაა, რადგან ბევრი ახალგაზრდა მუშაობს და აქ დიდი მუხტია.
- ღია ეთერში გქონია გაუთვალისწინებელი შემთხვევები?
- ღია ეთერში ''ჩეპეების'' მეტი რა არის. სულ გგონია, რომ ბომბზე ზიხარ, მაგრამ სერიოზული არაფერი მახსენდება. ჩვენი ეთერი კიდევ იმითაა საინტერესო, რომ ბევრი გათამაშებაა და მინდა ხოლმე, რომ სულ მოვაგებინო. ახლა ამიკრძალეს ასე მოქცევა, რადგან მაყურებელი უკვე მიხვდა, რომ მათ მხარეს ვარ და რომ რეკავენ, პირდაპირ ჩემთან იწყებენ ლაპარაკს.
- ბერა ივანიშვილი გაგიბრაზდა?
- არა, ბერა მხოლოდ ტელევიზიის მფლობელია. ჩვენს საქმიანობაში არ ერევა.
- მასთან არ გაქვს ურთიერთობა?
- ჩვეულებრივ ვმეგობრობ, ძალიან ახლოს ვარ და კარგი ურთიერთობა მაქვს. დილის ეთერს თავისი პროდიუსერი ჰყავს, რომელიც შენიშვნებს გვაძლევს. სერიოზულად არ მოუციათ შენიშვნა, ხუმრობით გამიბრაზდნენ. შემდეგი ეთერი რომ მქონდა, ისევ მოვაგებინე. წარმოიდგინეთ, ადამიანი რეკავს, ვთქვათ, გორიდან და შეიძლება მოიგოს მაისური. რასაკვირველია, მისთვის უკეთესი იქნება, რომ გაზქურა მოიგოს. ერთხელ მაყურებელმა სამტრედიიდან დარეკა, მაისური მოიგო და გახარებული იყო. თბილისში მაისურის გამო ჩამოვიდა და ჩვენთან ფოტოები გადაიღო, მაშინ მივხვდი, რომ ჯობდა, უფრო დიდი საჩუქრისთვის ჩამოსულიყო.
- მახსოვს, ''ჯეო-ბარის'' გამარჯვებულს ბინა რომ გაჩუქეს, ძალიან გაგიხარდა. გადახვედი ბინაში?
- ჯერ არ გადავსულვარ. ცოტა რაღაცები დარჩა გასაკეთებელი. არ ვაჩქარებ საკუთარ თავს. შეიძლება, იმიტომაც ვეხმარები ხალხს, რომ გამარჯვებისა და საჩუქრის გადმოცემის გემო კარგად ვიცი.
- ''ჯეობარელებს'' ხვდები?
- არავის ვხვდები, მათთან არ მიწევს ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებთანაც ძალიან ახლოს ვიყავი. ამბობდნენ, ასეთ შოუებში დამეგობრება საეჭვოაო. არ მჯეროდა და აღმოჩნდა, რომ ასეა. ვხვდები იმ ხალხს, რომლებიც ამ პროექტზე მუშაობდნენ. ძალიან ცუდია, მათთან რომ არ მიწევს ურთიერთობა, მაგრამ ჩვეულებრივი მომენტია. ისინი ცხოვრობენ თავიანთი ცხოვრებით, მე - ჩემით. თუ გვიწევს შეხვედრა, მეგობრულად მოვიკითხავთ ერთმანეთს.
- რამდენი წელი გავიდა, რაც იმ შოუში მიიღე მონაწილეობა?
- მეშვიდე წელია. მაგას რომ ვიხსენებ, ვხვდები, რომ უკვე ძალიან დიდი ვარ. მაშინ ცხრამეტი წლის, გამხდარი ბიჭი ვიყავი. ახლა უკვე რამდენიმე დღეა, დიეტაზე ვარ. ლამაზ გოგოს რომ დავინახავ, შესუნთქული დავდივარ. ძნელია, დიდხანს შესუნთქული მუცლით სიარული და გადავწყვიტე, გავხდე და ვარჯიში დავიწყო.
- როგორც ვიცი, შეყვარებული გყავს.
- შეყვარებული მყავს, ერთი პერიოდი ცოლიც მყავდა და ყველაზე კარგი ისაა, რომ შვილი მყავს, სალომე. ძალიან კარგი გოგოა. იცის, რომ მაგრად მიყვარს და მასაც მაგრად ვუყვარვარ. რაღაცები ხდება ცხოვრებაში ისე, როგორც ჩვენ არ გვინდა და სამწუხაროდ, მე და ჩემი მეუღლე დავშორდით. მერე გავიცანი ადამიანი, რომელთან ერთადაც უკვე დიდი ხანია, ვცხოვრობ. ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს და ესაა ყველაზე მთავარი. ცხოვრებაში მთავარი ისაა, რომ ბედნიერი იყო, ადამიანს შენი ესმოდეს და შენ გესმოდეს მისი. ჩვენ უკვე ორი წელია, ერთად ვართ.
- ვინ არის ის გოგონა, რომელთანაც თავს ძალიან კარგად გრძნობ?
- სოფო აზნაურიშვილი. თეატრალური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, სამსახიობო ფაკულტეტი, მაგრამ ტელევიზიასა და თეატრთან ახლა შეხება არ აქვს. ძალიან ბედნიერები ვართ, ხანდახან ვკინკლაობთ, მაგრამ მაინც ვიღიმით.
- გეგმები როგორია? ოფიციალურად როდის აპირებთ დაოჯახებას?
- ოფიციალური ოჯახი რას ნიშნავს, ეგეც არ მესმის. ჯვრისწერა აუცილებელია, მაგრამ ხელის მოწერის დამადასტურებელი საბუთი არაფერს მაძლევს. ურთიერთობისთვის არავითარი საბუთები არაა საჭირო. ყოფილ მეუღლესთან ბევრი საბუთი მქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ოჯახი დამენგრა. ახლა სოფოსთან არავითარი საბუთი არ მაკავშირებს და კარგად ვარ. ოფიციალურობა გვიყვარს ქართველებს. ეს ნათესავებისა და ახლობლებისთვის უფროა. ალბათ, ამ ყველაფრის დროც დადგება და მე და სოფო ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც წესი და რიგია.
გეგმებზე საუბარი ზოგადად ძალიან ძნელია. ხვალინდელი დღე როგორი იქნება, მაგასაც ვერ იტყვი. დიდი ხანი ვგეგმავდი რაღაც გადაცემების გაკეთებას, მაგრამ ვერ მოვაბი თავი. რაც უფრო ვაძალებ ხოლმე საკუთარ თავს რაღაცებს, მით უფრო არ გამომდის. ცხოვრების დინებას რომ მივყვები, მაშინ უფრო გამოდის ხოლმე რაღაცები. შეიძლება, ზარმაცი ვარ და ასე იმიტომ ხდება. ყველაზე ძალიან ის მსიამოვნებს, რომ ამ ტელევიზიაში ვმუშაობ.
- ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობ?
- ერთმანეთს ცივილიზებულად დავშორდით. ავდივარ მასთან სახლში და ბავშვს ვნახულობ. ყოფილ მეუღლეს მოვიკითხავ ხოლმე. რა აზრი აქვს სკანდალებსა და ჭურჭლის ლეწვას, როცა შედეგი მაინც ის იქნება, რაც არის და არ ჯობია, ყოველგვარი ჩხუბისა და წივილ-კივილის გარეშე დამთავრდეს ურთიერთობა? ჩემი აზრით, ასეთი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ ადამიანებს, რომლებიც ნორმალურად აზროვნებენ.
- ერთად რამდენ ხანს ცხოვრობდით?
- წელიწად-ნახევარი, მაგრამ მანამდე ორი წელი შეყვარებულები გახლდით. საბოლოო ჯამში სამწელიწად-ნახევარი ვიყავით ერთად. ისეთ დროს დავშორდით, როცა ერთად მარტო ცხოვრება გადავწყვიტეთ. ეტყობა, მივხვდით, რომ არ იყო ყველაფერი ისე, როგორც ჩვენ გვეგონა. ძალიან ცუდია, მაგრამ ცხოვრებაში არასდროს არაფერს არ მივტირი. წარსულს განსაკუთრებით.
- მას აქვს პირადი ცხოვრება?
- არ ვიცი, არ ვერევი მის პირად ცხოვრებაში. უნდა ჰქონდეს და ალბათ, აქვს კიდეც. ერთადერთი, რაშიც ვერევი, არის ჩვენი საერთო შვილი, რომელზეც ვგიჟდები, ისე მიყვარს. დიდ პატივს ვცემ ჩემს ყოფილ მეუღლეს.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS