ანრი ჯოხაძე:
- ანრი, რას ფიქრობ, ''საზოგადოებრივი მაუწყებლის'' გადაწყვეტილებაზე?
- კარგის მეტს რას უნდა ვფიქრობდე?! ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. რაც მთავარია, როგორც იქნა, მიხვდა ''საზოგადოებრივი მაუწყებელი'', რომ ვისი გაგზავნაც სურთ, მას საკონკურსო ფსევდომარათონში არ მიაღებინონ მონაწილეობა. ეს ძალიან კარგი ტენდენციაა. ''შინიც''
- შენი პროგნოზი როგორია?
- ვერაფერს ვიტყვი. ყოველთვის ძალიან პარადოქსულია ჩვენი გამოსვლები ''ევროვიზიაზე''. აჟიტირებული ისტერიკა გვქონდა გასულ წელს ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის გამო, ვამბობდით, არიქა, სამეულში მოვხვდებითო, არარსებული პიარი ავაგორეთ და ბოლოს მეთხუთმეტე ადგილი ძლივს მივიღეთ. ჩემ შემთხვევაში, როდესაც ტაშს მიკრავდნენ ''საზოგადოებრივ მაუწყებელში'' და მავანნი მეუბნებოდნენ, კარგადაა საქმეო, ფინალშიც კი ვერ მოვხვდი, პირველივე ტურში გამომაპანღურეს ''ევროვიზიიდან'' (იცინის). ასეთი კონკურსია ''ევროვიზია''. პოლიტიკურ ტონსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რამდენად ევროპულ სახელმწიფოდ მიგიჩნევს თავად ევროპა. მე არ მეგონა, ამ დონეზე თუ იყო პოლიტიზებული ეს კონკურსი, მაგრამ რა გაეწყობა, ასეა.
- შენ ხომ ''ევროვიზიაზე'' საქართველოში ჩატარებული კონკურსის შემდეგ გაემგზავრე და რატომ ფიქრობ, რომ ეს ფსევდოკონკურსია?
- კაი, გეხვეწები, რა გავიმარჯვე, ვიცოდი ზუსტად, რომ მე გავიდოდი (იცინის).
- ხუმრობ?
- ყოველ წელს ასე იყო. მე წინააღმდეგი ვიყავი, რომ ეს კონკურსი ჩაეტარებინათ. რაში სჭირდებოდათ? ანრი ჯოხაძის ''ევროვიზიაზე'' წარგზავნის წინააღმდეგი ვინმე იქნებოდა? უბრალოდ, ჩაატარეს ეს ფსევდოკონკურსი, ისეთი, არავის რომ არ სჭირდებოდა და ტყუილად ვიღაც ადამიანებს ალანძღვინეს ჩემი თავი. ვიცოდი, რომ მე გავიმარჯვებდი. ასევე იცოდნენ სტეფანემ და სამმა გოგომ, რომ ისინი წავიდოდნენ და ასე იყო სოფო ხალვაშის დროსაც. ჯობს, გამოაცხადონ, ვისი გაშვება სურთ. ვინ იტყვის, რომ ''შინ'' და მარიკო ებრალიძე არ იმსახურებენ ჩვენი ქვეყნის სახელით წასვლას? არ მეგულება ისეთი ნაძირალა, ამ ადამიანებზე თქვას, რატომ მიდიანო. უნდა წავიდნენ, აბა, რა უნდა ქნან.
ვერიკო ტურაშვილი:
- მარიკო ებრალიძე, ჩემი აზრით, არის ნიჭიერი მომღერალი, ''შინის'' მუსიკა ძალიან მომწონს და დარწმუნებული ვარ, მათი ერთობლივი ნამუშევარი ძალიან საინტერესო იქნება. ''საზოგადოებრივი მაუწყებლის'' ასეთი გადაწყვეტილება ძალიან მომწონს.
- ზოგიერთმა გაიკვირვა, არის თუ არა მარიკო და ''შინ'' ''ევროვიზიის'' ფორმატი.
- ''ევროვიზიიის'' ფორმატი არ არსებობს. მათი ფორმატია, რომ პროექტი ზოგადად საინტერესო იყოს. კონკრეტული მოთხოვნები არ აქვთ, დარწმუნებული ვარ, არც ფორმატიდან ამოვარდებიან ჩვენი მონაწილეები და საქართველოსაც ღირსეულად წარადგენენ.
ნინო ჩხეიძე:
- ნინო, როგორ ფიქრობ, ''საზოგადოებრივმა მაუწყებელმა'' კარგი არჩევანი გააკეთა, როდესაც მარიკოსა და ''შინის'' ''ევროვიზიაზე'' გაგზავნა გადაწყვიტა?
- მარიკოს შემოქმედებას არ ვიცნობ, არც პირადად ვიცნობ, უბრალოდ, ვიცი, რომ ძალიან ნიჭიერი გოგოა. რადგან მასზე და ''შინზე'' გააკეთეს არჩევანი, ე.ი. საქართველოს ღირსეულად წარადგენენ. მომწონს, ''საზოგადოებრივი მაუწყებელი'' რასაც აკეთებს. ძალიან მომეწონა, გასულ წელს ნოდიკო და სოფო რომ წავიდნენ.
- ამ კონკურსში მონაწილეობაზე გიფიქრია?
- არასოდეს მიფიქრია და არც ვიფიქრებ. ჩემი აზრით, კონკურსის მომღერალი და შემსრულებელი მომღერალი სულ სხვანაირი უნდა იყოს და მე ამის პრეტენზია არასდროს მქონია.
ქეთი ორჯონიკიძე:
- ვფიქრობ, რომ ნიჭიერი საზოგადოება შეიკრიბა და წესით, კარგი ნომერი უნდა გამოვიდეს. სავარაუდოდ, ქართული ნაციონალური ელემენტი იქნება სიმღერაში, რაც ჩემთვის მისაღებია, როგორც მსმენელისთვის. ჩვენ მოვახერხებთ, ჩვენი კულტურა ნაწილობრივ მაინც წარვადგინოთ ევროპაში.
- ანრიმ გვითხრა, რომ ყველამ წინასწარ იცოდა, რომელ წელს რომელი მომღერალი გაემგზავრებოდა.
- როდესაც მე მივიღე მონაწილეობა, ჩვეულებრივი კონცერტი ჩატარდა, სადაც ესემესებით და ჟიურის ხმებით წყდებოდა ყველაფერი. მაშინ მეორე ადგილზე გავედი და პირველი ადგილი სტეფანემ და სამმა გოგომ დაიკავეს. იმ წელს საქართველომ საერთოდ აღარ მიიღო მონაწილეობა ამ კონკურსში. დანარჩენ წლებში რა ხდებოდა, არ ვიცი.
დიჯეი ბუკლე