12 თებერვალი, 2014
თინა მახარაძეს სიტყვა ბოზის მნიშვნელობა არ ესმის
ადამიანებმა არ უნდა უღალატონ ერთიმეორეს, თორემ როცა ადამიანი თავისუფალია, რატომაც არ შეიძლება, ბევრი სექსუალური პარტნიორი ჰყავდეს მსახიობი თინა მახარაძე ფართო საზოგადოებამ გაიცნო სერიალიდან ''გოგონა გარეუბნიდან'', რომელშიც თამუნას როლს თამაშობდა. სერიალის შემდეგ ბევრ საინტერესო საქმეს შეეჭიდა და დღესაც ძალიან დაკავებულია. რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა პარიზიდან, სადაც დაასრულა მუშაობა ფრანგი რეჟისორის მიერ გადაღებულ ფილმზე ''თბილისი პატარა თეატრი''. ეს გახლავთ ერთ-ერთი ადამიანი იმ ჯგუფიდან, რომლის მიწვევითაც ნიუ-იორკში უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ამერიკის ნაცვლად სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში
გაემგზავრა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ზემოხსენებული რეჟისორიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა, შეხვდა თინას და შესთავაზა მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში გადაღება, რომელშიც მისი პერსონაჟი ხსნის ფაბულას და მაყურებელს გმირებს აცნობს.

ამჟამად თინა მუშაობს სპექტაკლზე, რომელსაც გიორგი არაბული დგამს, დეტალების გამხელისგან კი თავი შეიკავა. მისი საქმიანობის ნუსხას 2 წლის წინ ხელნაკეთი ტანსაცმლისა და ნივთების სახელოსნო დაემატა, სადაც, როგორც თავად ამბობს, ხდება სამოსის მოხატვა. თავიდან ეს იყო უფრო ფერწერა ტანსაცმელზე, მაგრამ თანდათან გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, მუშაობენ სამკაულებზე და ქმნიან ახალ ხაზს. თინას ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ.

- ქართველები ტრადიციების მიმდევარი და სტერეოტიპული ხალხი ვართ...
- საშინლად სტერეოტიპული და ფუნდამენტალისტები ვართ ქართველები... ჩვენი პრობლემა არის უკიდეგანო ფანატიზმი, ჩვენ ვაფეტიშებთ ყველაფერს, რელიგიური საკითხებიდან დაწყებული, პოლიტიკური თემებითა და პირადი ინტერესებით გაგრძელებული, და ამას დასასრული არ აქვს. დღევანდელი საზოგადოება გამუდმებით ცხვირს ყოფს სხვის ცხოვრებაში, საქმეებში, პირად ინტერესებში და აქ ჩვენ არ გვაქვს კეთილი ნების ცნება. საქართველოში კეთილი ნების დეფიციტია, ყველა ცდილობს, მოგახვიოს თავისი აზრი, ჩაიჭრას შენს ცხოვრებაში. დიდი გულისტკივილით მინდა, ხაზი გავუსვა 17 მაისის ამბებს, სადაც 17-20 პირს ათიათასობით ადამიანმა აუკრძალა სიყვარული. სიყვარულის უფლების წინააღმდეგ გაილაშქრა სრულიად სამღვდელოებამ და ერმა, რაც, ჩემი აზრით, ძალიან სამარცხვინოა.
- თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დაპირისპირების მიზეზი არატრადიციული ურთიერთობები და სიყვარული იყო...
- რას ნიშნავს არატრადიციული და ტრადიციული სიყვარული. მე სიყვარულს არ ვყოფ დეფინიციებად – ტრადიციულად და არატრადიციულად, სიყვარული სიყვარულია და ყველას აქვს უფლება, უყვარდეს ის, ვინც უნდა. 17 მაისს ადამიანები აღლუმის ჩასატარებლად ნამდვილად არ შეკრებილან, იქ ჩემი ბევრი გეი და ჰეტერო მეგობარი იდგა და ზუსტად ვიცი, რომ აღლუმის იდეა თავში არავის მოსვლია. ეს იყო მცდელობა იმისა, რომ დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია, რომ მათ აქვთ სიყვარულის, ქმედების უფლება და არიან სრულუფლებიანი ადამიანები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერი და სამღვდელოება თავიანთი თავნებობითა და კეთილი ნების გაუთვალისწინებლობით, მათ წინ აღუდგნენ. ჩემი აზრით, ეს იმდენად ამაზრზენი სტერეოტიპია, რომ ზოგჯერ აქედან გაქცევა მინდება. ზღვარი თავისუფლებასა და ამორალურობას შორის გადის იქ, სადაც ადამიანი არღვევს სხვის პირად სივრცეს. ამ შემთხვევაში კი ერი და სამღვდელოება შეიჭრა ოცკაციანი ჯგუფის პირად სივრცეში, რაც დამანგრეველია. სამწუხაროა, რომ ჩვენი ერი აფანატებს დოგმებზე, გაუნათლებლობის გამო ბევრს არ აქვს საკუთარი აზრი და ამ დროს ნებისმიერ იერარქიულ საფეხურზე მდგომმა მღვდელმა რაც უნდა თქვას, უსიტყვოდ ემორჩილებიან...
- ეს ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი რელიგია მორჩილებას მოითხოვს.
- ჩვენი რელიგია ყველაზე ჰუმანური რელიგიაა. მე არ ვარ რელიგიური, მე ვარ მორწმუნე, მწამს ღმერთის და არა სასულიერო იერარქიული საფეხურებიდან წამოსული დოგმების. როცა სასულიერო პირი მოიხმარს ფუფუნების საგნებს და მე მიქადაგებს საპირისპიროს, ეს ნორმალურია?! მე უმეტესწილად არ დავდივარ ეკლესიაში მაშინ, როცა აღევლინება წირვა-ლოცვა, რადგან იქ შეკრებილი ბევრი ფარისეველი გამაღიზიანებელია ჩემთვის, ამიტომ ეკლესიაში მივდივარ მაშინ, როცა მინდა გალობის მოსმენა, მაშინ, როცა ეკლესია არის თითქმის ცარიელი და მაქვს სურვილი, მარტო დავრჩე საკუთარ თავთან. ამ დროს კი, როცა ვიღაც აბსურდულ შენიშვნას მაძლევს, მაპატიეთ, მაგრამ არაა მისაღები. არ მინდა იფიქროთ, რომ ვაკნინებ სასულიერო პირის სტატუსს ან რანგს, დიდ პატივს ვცემ ადამიანს, რომელიც არის ღირსეული - იქნება ეს მღვდელი, პოლიტიკოსი თუ მებაღე. იმდენად მორწმუნე ვარ, რამდენადაც მწამს ღმერთის, რელიგია ჩემთვის კი ისეთივე რაღაცაა, როგორიც პოლიტიკა, დოგმატების მიხედვით ათამაშებენ ადამიანებს და ამის არ მწამს. ჩემი პირველწყარო არის სახარება და ვერავინ მეტყვის, რომ იქ წერია, დაარტყი ადამიანს, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულება, რა საკითხსაც უნდა უკავშირდებოდეს ეს.
ეკლესია არის იმისთვის, რომ მიიღოს ნებისმიერი ადამიანი მისი ცხოვრების წესის განურჩევლად, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს. ქართულ ეკლესიაში ამის ძალიან დიდი პრობლემაა. ვიცნობ სასულიერო პირებს, რომლებთანაც მეგობრობა მაკავშირებს, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ლიტერატურაზე, მუსიკაზე, ერთი გემოვნება გვაქვს, ხშირად ვცვლით წიგნებს, მაგრამ ისინი გამონაკლისები არიან. საპატრიარქოს აქვს ძალიან დიდი დაფინანსება და მით უმეტეს ამის ფონზე მათგან დირექტივები შეურაცხმყოფელია, თუმცა, ვფიქრობ, დიდი პერიოდი დასჭირდება, რომ ერს თვალი აეხილოს. ხშირად ფიქრობენ, თუ ადამიანს ანაფორა აცვია, ის აუცილებლად შეუმცდარია და მესიაა, არადა ათ მცნებაში წერია, არა შეიქმნა თავისა შენისა კერპი, ჩვენ კი ვქმნით კერპებს.
- თინასთვის რამდენად მისაღებია ერთსქესიანი სიყვარული და ურთიერთობები?
- რა არის მიუღებელი, ამას ვერ ვხვდები, თუ ადამიანებს, რომელი სქესისანიც უნდა იყვნენ, უნდათ ერთად ცხოვრება, უნდა გააკეთონ ეს...
- როდესაც სტერეოტიპებზე დავიწყეთ საუბარი, ახსენე პირად ცხოვრებაში ჩარევის საკითხი, გაწუხებს ეს თემა?
- მახსოვს, 5 წლის წინ სამსახურში აქტიურად მეკითხებოდნენ, ვაპირებდი თუ არა ჯვრის დაწერას, ჩემი პასუხი კი იყო, არა. თავს ასეც კარგად ვგრძნობ, რადგან ვფიქრობ, ეს იმდენად სერიოზული ნაბიჯია, რომ ჩემი ასაკი არ მაძლევს საშუალებას, ასეთი გადაწყვეტილება მივიღო, რაც ყველას უკვირდა.
- თუმცა მაშინ და დღესაც ხომ ცხოვრობ საყვარელ ადამიანთან ერთად?
- პირად თემაზე არ მინდა საუბარი, მაგრამ გეტყვით იმას, რომ იმ ადამიანთან ერთად ვარ დღეს, ვისზეც 5 წლის წინაც ვამბობდი. როდესაც ვავსებ სავიზო აპლიკაციას, ქორწინების სტატუსში ვუთითებ ცივილურ ურთიერთობას, რაც ნიშნავს იმას, რომ მყავს ადამიანი, რომელთან ერთადაც ვცხოვრობ და გვაქვს საერთო ვალდებულებები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მასთან ვიმყოფები ქორწინებაში, ამას კი საზოგადოების დიდი ნაწილი ამრეზით უყურებს. ჩემი პოზიცია ყველა საკითხში არის ერთი, ადამიანებმა უნდა გააკეთონ ის, რაც უნდათ.
მოგეხსენებათ, ამნისტიის შედეგად უამრავი რეციდივისტი გამოვიდა გარეთ, რამაც ვითარება საჩოთირო და კატასტროფული გახადა. აქამდე ჩემს მეგობრებთან ერთად, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პირსინგი, ტატუ, შეღებილი თმა ან გახვრეტილი ყური, სადაც მინდოდა, იქ გადავაადგილდებოდი, დღეს კი ახალი ტენდენცია წამოვიდა - უბანში საყურიან ბიჭებს, ან არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს, ლურჯად თმაშეღებილს და მკერდგახვრეტილს საზოგადოებისთვის საშიშად მიიჩნევენ. ეს სიბნელეა და მეტი არაფერი, შესაფასებლად სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ. გარდა ამისა, თუ პიროვნება არ იმყოფება სამოქალაქო ქორწინებაში, რამდენი პარტნიორიც უნდა, იმდენი ეყოლება და რამდენ ადამიანთანაც უნდა, იმდენთან დაკავდება სექსით და ეს მხოლოდ მისი საქმეა. პირადად მე არ მესმის სიტყვა ბოზის მნიშვნელობა, ბოზს ხშირად ეძახიან ადამიანს, რომელსაც აქვს მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრება. არადა, ვფიქრობ, რომ ეს კარგია. რაც უფრო მეტ ადამიანს ექნება მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრება, მით უფრო მეტი ადამიანი ივლის გაღიმებული, ნაკლებად გააფანატებენ სხვა საკითხებზე, გვექნება მშვიდი სოციუმი და საშუალება იმისა, რომ თავისუფლად ვისუნთქოთ. იმის გამო, რომ ჩვენთან ძალიან ფეხმოკიდებულია სიტყვა ბოზი, ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ თავიანთი ინტერესების, სურვილების შესაბამისად, ბოზს ეძახიან. თუ ასეა, ვიტყვი, რომ მეც ბოზი ვარ, მაგრამ ეს მიხარია.
- თუმცა ქართული ტრადიციები მაინც ერთ მამაკაცზე შეჩერებას გვკარნახობს.
- ერთ მამაკაცზე უნდა შეჩერდე მაშინ, როცა ის ერთი გიყვარს, მაგრამ თუ ძიების პროცესში ხარ, რა მოხდა, რომ იყო ჯერ ერთთან და მერე მეორესთან. ადამიანებმა არ უნდა უღალატონ ერთიმეორეს, თორემ როცა ადამიანი თავისუფალია, რატომაც არ შეიძლება, ბევრი სექსუალური პარტნიორი ჰყავდეს. ეს ნორმალურია, სულ ერთი და იგივე ტანსაცმელი ხომ არ გვაცვია, ერთ სეზონზე ერთი პალტო მოგვწონს, მეორეზე - მეორე, თუმცა მე მიყვარს ერთი.
- დასასრულ, გვითხარი, რომელიმე ქართული ტრადიცია თუ მოგწონს?
- კი, აბა, როგორ... ზოგიერთი ტრადიციის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, თუნდაც სტუმრის მიღებისა და დახვედრის კულტურა ავიღოთ. როცა ჩემთან ჩამოდიან უცხოელი მეგობრები თუ თაყვანისმცემლები, დამყავს ქუჩა-ქუჩა და ვუხსნი ყველა მნიშვნელოვან დეტალს, თუმცა ამაში არ ვგულისხმობ იმას, რომ ადრე სტუმარს შეეძლო, შეუთანხმებლად მოსულიყო შენთან და შემოჭრილიყო შენს სივრცეში. ასევე მომწონს საპატრიარქოსგან წამოსული იდეა შობის ღამეს ფანჯარასთან სანთლის ანთების შესახებ, ესთეტიკურად ეს ჩემთვის ძალიან ღირებულია და ვფიქრობ, რომ ეს დახვეწილი ტრადიციაა.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 202 /
ქწერტყ
ძალიამ მაგარი გოგო ხარ და ძალიან ჭკვიანი. ქართველი ხალხის უმრავლესობა რომ ვერ გაგიგებს და სისულელეების წერას დაიწყებს ამას ფიქრი არ უნდა. უნიჭიერესი ხარ და მიხარია რომ ასე აზროვნებ! სწორედ იმიტომ რომ ასეთი ჭკვიანი და ნიჭიერი ხარ ამიტომ სკდება ხალხი, სამწუხაროდ შური არსებობს.
12:09 / 15-02-2014
გამოხმაურება / 0 /
საერთოდ აღიარეთ რომ
თქვენი თავი თქვენ არ გეკუთვნით, საერთოდ რატომ უნდა გაინტერესებდეთ ამერიკაში რას აკეთებენ და რატომ არ უნდა გეკიდოთ? ისინი ამერიკელები არიან, თქვენ ქართველები ხართ(?) ისინი ჩინელები და ა.შ.
22:16 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
გიო
ბევრი ვიცინე... ჯერ ერთი თუ ადამიანი საჯარო სივრცეში მართავს აქციას, მაშინ როგორ უნდა შეიჭრეს სხვა მის პირად სივრცეში? :))) მეორე, აშშ-ში გამოკითხვა ჩაატარეს თუ რამდენი სექს-პარტნიორი უნდა ყავდეს ადამიანს რომ მას ბოზი ვუწოდოთ (ინგლისურად "სლათ"), ანუ ეს ჩვეულებრივი სოციალური კლიშეა ნებისმიერ დასავლურ საზოგადოებაში. მესამე, იქნებ მითხრათ რა უნდა წაიკითხოს ადამინმა სინათლეში რომ შემოვიდეს? :))) მისი არაარგუმენტირებული საუბრიდან გამომდინარე ამ გოგოს არ უფიქრია რომ განათლების მიღება თვითონაც არ აწყენდა? ყოველ წინადადებაზე იჭრება :)))...
20:05 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ავთანდილ ონიანი
ქართველე და მათ შორის მეც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მამაკაცი სანამ ცოლს მოიყვანს, უფლებამოსილია ქალებში იაროს, ხოლო ჯვარს რომ დაიწერს მერე მეუღლეს არ უნდა უღალატოს. ასეთი მამაკაცი იდეალური მამაკაცია. რაც შეეხება ქალს. ქალისაგან მოვითხოვთ, რომ უმწიკვლო ჩაგვბარდეს, და მერეც, ჩვენი ერთგული დარჩეს. ამ იდეალურ შემთხვევაში მამაკაცს უპირატესობა აქვს ქორწინებამდე. მე საკითხს დავაყენებ მამაკაცის პოზიციიდან. დავუშვათ მამაკაცს უნდა თავიდანვე. კანონის დაურღვევლად იცხოვროს. მიპასუხოს გინდ სასულიერო პიროვნებამ , გინდ ექიმმა, გინდ ფსიქოლოგმა და ვისაც შეუძლია, როგორ უნდა მოიქცეს, მომწიფებული მამაკაცი, რომელსაც მინიმუმ დღეში 2 ჯერ მაინც აქვს მოთხოვნილება სექსის. ამ პასუხის გაცემა არავის უნდა, ამიტომ ეს პრობლემები მუდმივად იქნება ექიმი ითყვის რაღაც ტაბლეტების მიღებას, რომ მოთხოვნილება დაეცეს, მაგრამ 0 ზე ხომ ვერ დაეცემა? მაშინ იმპოტენტი გახდები და ვერც შთამომავლობა გეყოლება, სასულიერო პიროვნება და ალბათ ფსიქოლოგიც იტყვის სხვა რამით დაკავებას, ან სხვა რამეზე ფიქრს, ესეც შეუძლებელია გაგრძელდეს მუდმივად რაც გინდა სულიერად ძლიერი პიროვნება იყო. და ამის საბოლოო შედეგიც იმპოტენცია იქნება, ყველა მღვდელი ხომ არ იქნება? ვიღაცამ ხომ უნდა გაამრავლოს კაცობრიობა. თუ ადამიანი თვითონვე დაიკმაყოფილებს თავის თავს, მაშინ რელიგიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ცოდვა ცოდვაა, გინდა ქალთან ჩაიდინო და გინდა შენ თვითონ. ამ კითხვებზე პასუხს თუ გავცემთ, მაშინ გადაწყდება პრობლემა, როგორც კაცის ისე ქალის.
18:55 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
fdvgbsev
საქართველოში რომ ჩაგრავედნენ გეებს, მაგიტომაც გამოვიდნენ გარეთ! როცა ციხეში ქურდებს აუპატიურებდნენ, ყველა გამოხვედით მათ დასაცავად. ვინაა ქართველი ერის მთავარი მტერი, გეები თუ ქურდები? ვინ გაძარცვა საქართველო, ვინ პააზიტირებს მშრომელი საზოგადოების ხარჯზე, ვინ მიიყვანა საქართველო ასეთ დღემდე, გეებმა?
18:27 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
თიკო
რა ლამაზი გოგოა და რა გზააბნეულია! ღმერთი ალბათ დააყენებს ჭეშმარიტებბის გზაზე და არ მისცემს მის სულს ბოლომდე დაღუპვის უფლებას! მეცოდება!!!!!
18:15 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
გრეი
თინას მხარდამჭერ მასას ვგულისხმობ...
16:36 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
სალასარი
რა აბდაუბდას ლაპარაკობს, ხალხს გაბოზებისკენ მოუწოდებს (პათოსი ესაა), მაშინ როცა 1 წუთის წინ იძახის ყველამ თავის ლოგინს მიხედოსო... კომენტარებსაც გადავხედე და იგრძნობა, რომ უფრო ბოზდება ქვეყანა. პრინციპში მე რა, დამაკვდნენ აბრიქინებულზე...
15:59 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ჰარირა
ციტატა სტატიიდან: "ჩემი პირველწყარო არის სახარება", ან თინიკოს სახარება არა აქვს წაკითხული ან რომელიღაც სხვა სახარებაზე საუბრობს, თორემ რასაც თინიკო აქ ქადაგებს დამიჯერეთ რომ სახარებაში ყველაფერი პირიქით წერია, თუ მე ვერ მენდობით თვითონ წაიკითხეთ. რაც შეეხება სხვა ადამიანების ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას და განკითხვას ამაში სრულად ვეთანხმები თინიკოს, მაგრამ ფაქტია რომ თვითონ არ ეთანხმება თავის თავს, რადგანაც სტატიის ბოლოს თვითონვე განიკითხავს სხვადასხვა ადამიანებს თუ ადამიანთა ჯგუფს. "თუ გინდა რომ ხალხმა დაიჯეროს შენი ტყუილი, ნახევარი სიმართლე უნდა თქვა" ეს სიტყვები გერჰარდ გერჰარდს ეკუთვნის და თინიკოც ბეჯითად იყენებს ამ პრინციპს, და ნახევარს სიმართლეს ამბობს, ან შეგნებულად ან შეუგნებლად.
15:41 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მე
საცოდავი :(
12:47 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS