11 თებერვალი, 2014
ვინ აჩუქა მერაბ სეფაშვილს ''რენჯ როვერი''
მისი სწავლა დააფინანსეს და არა მხოლოდ მისი, 2000 ადამიანის, მაგრამ რადგან ჩემი შვილი იყო, ამიტომაც ატყდა აჟიოტაჟი და ხაზი გაესვა მომღერალი მერაბ სეფაშვილი არც საახალწლო კონცერტზე გვინახავს და ბოლო ხანს არც ჟურნალისტები გაუნებივრებია ინტერვიუებით. როცა დავინტერესდით, რატომ არ ჩანს არსად, შევიტყვეთ, რომ გარკვეული ხნით ბატონი მერაბი საზღვარგარეთ გახლდათ წასული, ისრაელში მეგობრის შვილის ქორწილს დაესწრო და ორიოდ კვირის განმავლობაში იქ არაერთ კორპორატიულ საღამოში მიიღო მონაწილეობა. მერაბ სეფაშვილს ბევრ საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ.

- საახალწლო კონცერტზე გამოსვლა ვერ
მოვახერხე, თუმცა შემოთავაზება მივიღე. 31 დეკემბერს მქონდა პრივატკონცერტები და ეს შემოთავაზებები ბევრად უფრო მომგებიანი იყო ფინანსურად, ვიდრე ახალი წლის კონცერტზე გამოსვლა. ყველაფერი საბოლოოდ მაინც ფინანსებამდე მიდის ხოლმე. ახალი წლის შემდეგ, ორ იანვარს, მეგობრის შვილის ქორწილზე დასასწრებად გავფრინდი ისრაელში, ჩემი ვიზიტი საქმიანიც გახლდათ, რადგან იქ რამდენიმე კერძო კონცერტი მქონდა. ისრაელის გარდა ევროპის ქვეყნებშიც დავდივარ ხშირად, იმ ქალაქებში, სადაც ქართული დიასპორაა. არის მოთხოვნილება, რომ ჩახვიდე. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმიწვიეს ახლახან, მაგრამ პირადი მიზეზით ვერ გავემგზავრე. თვითმფრინავში დიდი ხნით მომიწევდა ყოფნა და აღარ შემეძლო (იცინის). მანამდე ოთხ-ხუთჯერ ვიყავი ამ ქვეყანაში და ახლა აღარ წავედი.
- ასეთ დროს რა ხერხს მიმართავთ, ალკოჰოლს ეძალებით თუ დამამშვიდებლებს?
- ესეც თავისებური ფობიაა და არ არის ნორმალური. თუ ჯდები თვითმფრინავში, მაშინ ისიც უნდა გაითავისო, რომ არაფერი მოხდება. შენ გარდა ხომ კიდევ ბევრი ადამიანია. ერთ ანეკდოტს მოგიყვებით. ორი ებრაელი ზის თვითმფრინავში და აფრენის მომენტში ერთი გადახედავს მეორეს: მოშე, ხომ არ გეშინიაო. კიო, პასუხობს მოშე. მეორე ეუბნება, რისი გეშინია, ხომ იცი, შუბლზე რაც გაწერია, ის არ აგცდებაო და მოშე პასუხობს, გასაგებია, მაგრამ მე რა ვიცი, პილოტს რა აწერია შუბლზეო.
- ამ ანეკდოტს იხსენებთ ხოლმე, თვითმფრინავში ფეხს რომ შედგამთ?
- (იცინის) ისე ძალიან აღარ მეშინია, როგორც ადრე. დამაწყნარებლებს ვიღებ ხოლმე. ალკოჰოლს აღარ ვსვამ. ამდენი სმა არ არის კარგი.
- ისრაელში იმდენი წელია დადიხართ, ალბათ, ძალიან კარგად გხვდებიან.
- მთავარი მაინც ის იყო, რომ ჩემი მეგობრის შვილი დაქორწინდა. ასე რომ, ცოტა ქეიფიც იყო, სამუშაოს გარდა. როცა ისრაელში ჩავდივარ, იქაური ბენდი არსებობს, რომელიც ხშირად მუშაობს ჩემთან. რაც შეეხება პროგრამას, ძირითადად, უყვართ ჩემი ძველი სიმღერები, რომლებიც კარგად იციან. აქაც ასე არ არის? ზოგი დიდი ხანია წასულია და ის სიმღერები ახსოვს, მაგალითად, ''თეთრი რაში'' ყველას უყვარს. მაქვს რამდენიმე ''შაბათიას'' ტიპის სიმღერაც, რომლებზეც გიჟდებიან. როდესაც ქეიფის სიტუაციაა, ამ სტილის სიმღერებზე მოლხენა ყველას უყვარს. გარდა ამისა, ''გამარჯობა, ჩემო თბილის-ქალაქო'' და მსგავსი სიმღერებიც ძალიან მოსწონთ.
- საქეიფო სიმღერები საქართველოშიც ძალიან პოპულარულია.
- მგონია, რომ ძალიან დიდი დოზითაც. როგორ გითხრათ, ეს რისი ბრალია? ეს გემოვნების საკითხია. მე, მაგალითად, არ ვუსმენ, მაგრამ ვიცი, რომ ბევრს მოსწონს. ალბათ, საქართველოში მუსიკალური კულტურა იმ დონეზე ვერ განვითარდა, რომ უფრო წინ წავიდეთ. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, ახალგაზრდებში ეს ჟანრი ნაკლებად პოპულარულია. საქეიფო სიმღერას უნდა უსმინო ქეიფის დროს და არა მანქანაში. ისე, ყველას ახალისებს. არ თქვას არავინ, რომ ხუთი-ექვსი ჭიქის შემდეგ დიმპიტაური არ მოსწონს. მაგრამ ამ ჟანრის სერიოზულად აღქმა ღიმილის მომგვრელია, ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში. მეც მაქვს რეპერტუარში, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მსგავსი სიმღერა.
- სიახლე გაქვთ შემოქმედებაში?
- მე სულ ვმუშაობ. დაწყებული მქონდა ალბომი, უბრალოდ, ვეღარ გავაგრძელე. ვფიქრობ, რა ტიპის ახალი რეპერტუარი უნდა მქონდეს.
- დღეს შოუბიზნესში თქვენთვის რა არის საინტერესო?
- მგონია, რომ არც ჩემთვისაა საინტერესო და არც ბევრი ჩემი კოლეგისთვის. მგონი, ხალხიც ასე ფიქრობს, ბევრი მეკითხება, რატომ არაფერი ხდება ახალიო. ეს საქმე რომ განვითარდეს, ადამიანს უნდა ჰქონდეს კონცერტზე მოსვლის საშუალება. ანუ იყიდოს ბილეთი და შეგიფასოს ნამუშევარი. შენ კი ჰონორარი აიღო და სხვა სიმღერა ჩაწერო, კლიპი გადაიღო.
- მახსოვს, თქვენ სხვადასხვა დროს მეცენატები გეხმარებოდნენ.
- მეხმარებოდნენ მეგობრები, მაგრამ გაუთავებლად ხომ არ შეიძლება, დახმარების იმედად ყოფნა? მგონი, თქვენც ატყობთ, რომ მეცენატობა არ არის და არც არაფერი ახალი არ იქმნება. სამლარიან და ხუთლარიან კლიპებს ახლაც ყველა გადაიღებს, მაგრამ იმხელა ინფორმაცია გვაქვს მუსიკალური თვალსაზრისით და ისეთ უცხოურ კლიპებს ვუყურებთ, რომ ასეთი მიდგომა არასერიოზული იქნებოდა.
- ''ახალი ქართული ხმის'' მეორე სეზონზე უარი თქვით თუ არ მიგიწვიეს?
- სამწუხაროდ, ვეღარ ვადევნებდი თვალს ისე აქტიურად, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ პირველი ნაკადი ცოტათი უფრო ძლიერი გახლდათ. თავისთავად კარგია, რომ მუსიკალური პროექტები არსებობს, მაგრამ მერე რა? ბავშვები წვალობენ, უნდათ გამოჩენა, მაგრამ მათი კარიერა არ ვითარდება.
რაც შეეხება მიწვევას, თავად გადაწყვიტეს, რომ პროექტში მწვრთნელები უნდა შეცვლილიყვნენ, ალბათ, ასეთი ფორმატია. ჩემთვის არც შემოუთავაზებიათ და მართალი გითხრათ, არ მიკითხავს. ყოველთვის მახარებს ურთიერთობა ახალგაზრდებთან, მაგრამ გული დამწყდა და მეწყინა-მეთქი, ასე ნამდვილად ვერ ვიტყვი. ვგულშემატკივრობდი მონაწილეებს. დიმა კობეშავიძე ჩემი ნათლულია და მას - განსაკუთრებით.
- ბატონო მერაბ, ახლო მომავალში მსმენელი სად მოგისმენთ?
- სხვათა შორის, კლუბური მუშაობაც აღარ არის. ადრე რამდენიმე კლუბში გამოვდიოდი და მსმენელს ჰქონდა მოსვლის საშუალება. ეს მომღერლისთვის აუცილებელია, მსმენელთან, მაყურებელთან სულ შეხება გაქვს და საკუთარ თავსაც აკონტროლებ, რა არის კარგი, რა - ცუდი და რაღაცას ცვლი. თავისთავად, ფინანსური დატვირთვაც აქვს. კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც მქონდა კონცერტი რომელიმე კლუბში, ზოგჯერ ორჯერაც. როგორც ვიცი, ბევრ კლუბში აღარ არის ცოცხალი მუსიკა.
რაც შეეხება სოლოკონცერტს, ჯერჯერობით შეუძლებელია ამაზე ლაპარაკი, რადგან ძალიან ძვირი ჯდება. ფილარმონიის არენდა დაახლოებით 20 000 ლარამდე ადის. რა თქმა უნდა, გინდა დეკორაციაც, რომლის ფასიც 5000-დან 10 000 ლარამდე მერყეობს. მუსიკოსებს ანაზღაურება უნდათ, რეპეტიციებია ჩასატარებელი, ტექნიკური პერსონალი უნდა დაიქირავო. შესაბამისად, საკუთარი ძალებით კონცერტს ვერ გააკეთებ.
- წლებია ლაპარაკობენ, რომ ზოგი მომღერალი წინა ხელისუფლების ფავორიტი იყო.
- რას ნიშნავს ეს და როგორ გავიგოთ?
- მათი კონცერტები ფინანსდებოდა.
- მერია აფინანსებდა და კერძო სპონსორებიც იყვნენ. მოგატყუებთ, რომ გითხრათ, ბევრი კონცერტი იმართებოდა-მეთქი, მაგრამ ამაზე შედარებით მეტი იყო. სულ არ მინდა, ეს მთავრობა გავლანძღო და წინა ვაქო. ზოგადად, ეს მთავრობის კი არა, მომღერლების საქმე უნდა იყოს. მთავრობაც ჩვეულებრივად უნდა მოდიოდეს ჩვენს კონცერტებზე და ჩვენ არ უნდა გვიწევდეს დაჯღანვა, ფული მოგვეცითო. არა მგონია, ეს ვინმეს მოსწონდეს. სანამ ხალხს ნორმალური ხელფასი არ ექნება, რომ ბილეთი შეიძინოს, მანამდე შოუბიზნესს არაფერი ეშველება. ბილეთს 50-100 ლარი მაინც უნდა დაადო და ვერ გაიყიდება.
- რუსი მომღერლებისა და სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა კონცერტებზე იხდიან ამ თანხებს.
- აქ სულ ასე იყო... რომ შენსას ვერ აფასებ. ძალიან ბევრი უცხოელი მუსიკოსი ჩამოვიდა, გრანდები, მართლა მაგარი მუსიკოსები, რომლებიც ''ისტერნ პრომოუშენმა'' ჩამოიყვანა. არის ხალხი, რომელიც რუს მომღერლებს უსმენს, ბოდიშს მოვიხდი ამ გამონათქვამისთვის, მაგრამ მათ კონცერტებზე ქუდი რომ შემიგდო, არ შევალ. ეს გემოვნების საკითხია. ეტყობა, არ მოსწონთ და არ ვარგა ქართული ესტრადა. ხალხი იმასაც მიეჩვია, რომ ბევრი უფასო კონცერტი იმართებოდა და ბილეთის შეძენა არ უწევდათ.
- რამდენად ახერხებთ დღეს, რომ თქვენი პროფესიით ოჯახი შეინახოთ?
- ჰა-და-ჰა ვახერხებ. როგორ გითხრათ?!. კარგ მანქანაზე ვზივარ, მაგრამ ესეც მეგობრებმა მაჩუქეს.
- გილოცავთ!
- მადლობა (იღიმის), მაგრამ შეუძლებელია, მე ჩემი შემოსავლით ვიყიდო ''რენჯ როვერი'', გამორიცხულია. ამას არც უნდა დათვლა. თუ ბიზნესი გაქვს, შეიძლება, იშოვო ფული და კარგად იცხოვრო. ღმერთმა ყველას მისცეს ამის საშუალება, მაგრამ სხვა პროფესია არ მაქვს და არც მინდა, მქონდეს.
- ალბათ, ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი და წონიანი საჩუქარი მიგიღიათ.
- როგორ არ მიმიღია. ჩემმა მეგობარმა, ქალბატონმა ჯულია ხოფერიამ სახლი მაჩუქა. სხვათა შორის, მან ბევრ ქართველ მომღერალს დაუფინანსა კლიპების გადაღება. ბინა არ მქონდა, რაღაც პრობლემების გამო გავყიდეთ და ასეთი მადლი გააკეთა. ამას ვერასდროს დავივიწყებ!.. მაგრამ ასე ცხოვრება მეუხერხულება. ჩემი აზრით, არ არის სწორი, შენც გინდა, ვიღაცას საჩუქარი გაუკეთო და არ გაქვს საშუალება.
- მანქანა ახალ წელს გაჩუქეს?
- გერმანიაში შეუკვეთეს და მომაყენეს სახლში. სულ ახლახან მოხდა. ახალი წლის პირველივე დღეებში.
- მინდა გკითხოთ ინფორმაციაზე, რომელიც თქვენს შვილთან, ნიკუშას სწავლასთან დაკავშირებით გავრცელდა. ამბობენ, რომ მისი საზღვარგარეთ სწავლა პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა. გული ხომ არ დაგწყდათ, ასეთი აჟიოტაჟი რომ ატყდა?
- ნიკუშამაც გასცა პასუხი, მაგრამ მეც გიპასუხებთ. მისი სწავლა დააფინანსეს და არა მხოლოდ მისი, 2000 ადამიანის, მაგრამ რადგან ჩემი შვილი იყო, ამიტომაც ატყდა აჟიოტაჟი და ხაზი გაესვა. ხომ იცით, როგორ ხდება? არაფერი საწყენი არ არის, აღარ ვაქცევ ყურადღებას ასეთ რაღაცებს. მადლობელი ვარ, რომ დააფინანსეს. რაც მეტი ადამიანი მიიღებს განათლებას საზღვარგარეთ, მით უკეთესი იქნება. ნიკუშა ინგლისში ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს. საქმიანი და ალღოიანი ბიჭია. ჩემი სიყვარულით არავინ დააფინანსებდა.
- თქვენს გზას რატომ არ გაჰყვა?
- ეტყობა, უყურებს, როგორ ვწვალობ და იმიტომ (იცინის)? ნიჭი აქვს, უფროსსაც და უმცროსსაც, მაგრამ არც ერთმა არ მოინდომა. ახლა, შეიძლება, შვილიშვილმა მოინდომოს. 5 წლისაა ჩემი შვილიშვილი, ნინა, ძალიან კარგად მღერის, ცეკვავს.
- როგორ ბაბუა ხართ? ასეირნებთ ხოლმე ნინას?
- ალბათ, ყველა ბაბუას განსაკუთრებულად უყვარს შვილიშვილი და მეც არ ვარ გამონაკლისი. მინდა ხოლმე გასეირნება, მაგრამ ნინა არსად არ მომყვება. მამა და დედა თუ არ არიან, არსად არ უნდა წამოსვლა (იცინის).

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
ნინო
ეხ ჩემო მერაბ რუსულ ესტრადამდე ძალიან შორს ხართ ყველაფრით, არ იყო საჭირო ნაცებთან პადხალიმობა ძალიან უყვარდი ხალხს,მე პირადად მოჭიდავეების დროს იქ მიცემული ინტერვიუს მერე დამეკარგა შენზე წარმოდგენა, უმღერე ურიებს და იყავი
12:29 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
Vაიიიიი
საქართველოს ესტრადაც ყავს?სასაცილოა
03:55 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
გფ
ღუსების კნცერტზე ეი ვერ აიძუებ შესვლას და ქარტული მაგრი დონეა. Aუ გამაცინა
21:20 / 12-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მე რუსმარმარტლაული ესტრადა დალიან მიყვარს,რა ვერა გჯობიათ თუ რაა?ჩვენებს ხელოვნური გამოსდით კლიპია თუ სხვა,რუსებს ვერ შეედრებიან,აი ჯოხაზე უნუჭიერესია
15:13 / 12-02-2014
გამოხმაურება / 0 /
გია
ანრი ჯოხაზე მართლა მაგარია ყველაზეეე,ცოდოა რომ საქართველოში დაიბადა,
15:09 / 12-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS