რამდენიმე დღის წინ ყველასათვის საყვარელ მომღერალსა და მსახიობს, გიო ხუციშვილს დავემშვიდობეთ. ის მძიმე სენს ებრძოდა. გარდაცვალებამდე ათიოდე დღით ადრე ფილარმონიის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ამ დღეს შედგა მისი ბოლო პაემანი მსმენელთან, ამ დღეს 56 წლის გიო ხუციშვილი უკანასკნელად მოეფერა მათ.
ნიკუშა შენგელაია, მხატვარი: "როგორ უნდოდა სიცოცხლე, ვერ წარმოვიდგენდი, ასე ადრე თუ გამოგვაკლდებოდა. მახსოვს, მითხრა: მაინც არ დავყრი ფარ-ხმალს, ბოლომდე ვიბრძოლებო. ყველას დაენანა - მთელ ქალაქს, საქართველოს... გიომ ყველას გული
მოგვიკლა".
თემო გვალია, მსახიობი: "თეატრალურში
ერთად ვსწავლობდით და ჩვენი მეგობრობა შემდგომშიც გაგრძელდა. ბოლოს ფილარმონიაში ვნახე, ვარსკვლავის გახსნაზე. თითქოს ამ დღეს დაემშვიდობა მთელ საქართველოს. უჭირდა, მაგრამ მაინც გვიმღერა. ვარსკვლავის გახსნის შემდეგ ჯოხით ხელში გამოიარა გახარებულმა და ნაღვლიანმა. როცა ჩემ წინ აღმოჩნდა, მინდოდა მოვხვეოდი. დამინახა, თვალი ჩამიკრა, - მაპატიეთ ჩემებმა, ვერც გესალმებით ნორმალურადო. მივხვდი, ძალიან ცუდად იყო... ხელზე მოვეფერე - შემოგევლე, გიო, მაგარი კაცი ხარ, გმადლობ-მეთქი. ისევ გამიღიმა ნაღვლიანმა, თითქოს თვალებით მადლობა გადამიხადა და წავიდა..."
მაია ჯაბუა, მომღერალი: "პირველი კლასიდან ერთად ვართ. ორივე ტანდაბალი და პუტკუნა ერთად დაგვსხეს პირველ მერხთან... კონცერტის წინ დამირეკა, იცი, რატომ მიხარია ვარსკვლავის გახსნა, ეს ჩემი კი არა, ჩვენი თაობის ვარსკვლავი იქნებაო. მერე დასძინა, ჩვენი თაობა გამორჩეული იყო ნიჭიერებით, სილაღით და ყველაზე მეტად სწორედ ჩვენ გვეტკინა, ყველაზე დიდი მსხვერპლი ჩვენმა თაობამ გაიღოო".
განაგრძეთ კითხვა: