წლების შემდეგ, პირველად დაბრუნდება „იქს ფაქტორის“ სცენაზე, პროექტის 2014 წლის გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი. ის ალექს კიკვიძესთან ერთად, ირაკლი ჩარკვიანის „საქართველოს“ შეასრულებს.
ალექსიმ და თორნიკემ ერთმანეთი წლების წინ, მიწისქვეშა გადასასვლელში გაიცნეს და დამეგობრდნენ. დიდ სცენაზე ერთად პირველად გამოვლენ.
ალექსი: მე და თორნიკე წლებია ვმეგობრობთ, როცა ამის შესახებ პროექტის პროდუსერებმა გაიგეს, გადაწყდა, რომ დღევანდელ ლაივ-შოუზე ერთად გვემღერა. ირაკლი ჩარკვიანის „საქართველოს“
- თორნიკე, წლებია, დიდ სცენაზე აღარ გამოჩენილხართ, როგორ ემზადებით დღევანდელი დღისთვის?
- როცა დამირეკეს და მითხრეს, აქ უნდა მემღერა, ძალიან გამეხარდა, მითუმეტეს მე და ალექსის წლების მეგობრობა გვაკავშირებს. მე და ალექსი „რეფრეშთან“ ერთად ვიმღერებთ ირაკლი ჩარკვიანის „საქართველოს“.
- ეს სიმღერა არაერთმა ადამიანმა იმღერა, რითი იქნება თქვენი შესრულება გამორჩეული?
- გამორჩეული იქნება ყველა ვერსიისგან. სიმღერა ახლებურად აჟღერდება, შენარჩუნებული გვაქვს პირვანდელი ვერსიაც, თუმცა, სხვადასხვა ინსტრუმენტები დავამატეთ და უფრო მარავალფეროვანი გახდა ეს გენიალური სიმღერა.
- რა რჩევებს აძლევთ ალექს?
- ვეუბნები, რომ არ ინერვიულოს და გულწრფელი იყოს სცენაზე. ალექსი ისედაც ასეთი - გულწრფელი ადამიანია. ვურჩევ, წვერი გაიპარსოს, თმა შეიჭრას და როგორც შემიძლია მის გვერდით ვდგავარ.
- როგორ განვითარდა თქვენი ცხოვრება „იქს ფაქტორში“ გამარჯვების შემდეგ?
- ვსწავლობდი, ელექტრონულმა მუსიკამ გამიტაცა და ყველაფერი ვისწავლე, რაც ამ მუსიკის შექმნას სჭირდება. ასევე ცოტა ხნის წინ, ჩამოვაყალიბე ჩემი ჯგუფი „რეფრეში“, შიმშილით რომ არ მოვკვდეთ, კომერციულ მუსიკასაც ვუკრავთ. დროდადრო გამოვამზეურებ ჩემს სიმღერებს.