კოტე
კოტე და განო:
- როგორ მიიღეთ შეთავაზება და ხომ არ გაგიკვირდათ, რომ ცოლ-ქმარს ერთად მოგიწევთ გადაცემის წაყვანა? როცა წყვილი ერთ ადგილას მუშაობს, ძირითადად, დიდი ჩხუბები და კონფლიქტებია ხოლმე.
განო:
- სხვათა შორის, ეს ძალიან მაგარი თემაა. ეს დოგმა არსებობს, რომ ცოლ-ქმარი ერთად არ უნდა მუშაობდეს და ეს მათი ერთობლივი ცხოვრებისთვის ძალიან მოსაწყენია, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს გამონათქვამი არ ამართლებს. ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ გვქონდა ერთად მუშაობის პირველი პრეცედენტი. გვანიჭებს სიამოვნებას ის ჩხუბიც, კამათიც, რომელიც ერთად მუშაობას მოსდევს.
- ანუ ჩხუბი მაინც არის.
კოტე:
- ბუნებრივია. არათუ ცოლ-ქმარს შორის, მგონია, რომ კოლეგებს შორისაც მუდმივი კამათია. სწორედ კამათში იბადება ჭეშმარიტება. ჩვენ შემთხვევაში კამათი, რომელსაც ეთერშიც ვაპირებთ, თუკი თემა მოიტანს, უფრო რეიტინგულს გახდის ჩვენს გადაცემას.
- ჭურჭლის ფრენაც ხომ არ იქნება?
- შეიძლება, არამტვრევადი ჭურჭელი დავაწყოთ ახლოს (იცინიან).
განო:
- გვაქვს ორნაირი გამოცდილება, მე რომ ვიყავი ბოსი და კოტე რომ იყო ბოსი, თუმცა კოტე უფრო მეტჯერ ყოფილა.
- მთავარია, ოჯახში ვინ არის დირექტორი.
კოტე:
- ოჯახში მთავარი თარაშია.
- დიპლომატიურ პასუხებს არ მივიღებ.
- მაშინ ასე გიპასუხებთ - ნამდვილი დირექტორი ხომ არასდროს იტყვის, რომ ის დირექტორია (იღიმის).
განო:
- ისევ ჩვენს ერთად მუშაობას რომ დავუბრუნდეთ, ტელევიზიიდან შემოთავაზება იმის გამოც იყო საინტერესო, რომ აქამდე არ გვქონია კამერის წინ ერთად მუ-შაობის საშუალება. გვქონდა სარეკლამო კომპანია, როდესაც ბევრ რამეს ვაკეთებდით ერთად, მაგრამ ეს განსხვავებულია. გაგვახარა ამ წინადადებამ, იმიტომ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობის დრო გვექნება, არა, გაკ?
- „გაკ“ ეს კოტეს მეტსახელია?
- ერთმანეთს გაკოს ვეძახით. ჩვენს სტუდიასაც ეს სახელი დავარქვით, ანუ განო და კოტე. ერთ დღეს კოტემ მომიყვანა სახლში ბიჭი და მითხრა, რომ კარგ ტატუებს ხატავდა. შედეგად ორივეს ხელზე გვაქვს ამოტვიფრული ჩვენი მეტსახელები.
კოტე:
- განოს ძალიან ეშინია ნებისმიერი ტკივილის და ტატუს გაკეთებისაც ეშინოდა.
განო:
- გაუტკივარების გარეშე რომ ვიმშობიარე, ეს არ გაგახსენდა?
კოტე:
- მერე, რამდენი ტყუილის მოფიქრება დამჭირდა, რომ სამშობიარომდე მიმეყვანე, ეგ აღარ გახსოვს?
- გადაცემა, როგორც ვიცი, ძალიან უშუალო უნდა იყოს.
- ბევრი ვიფიქრეთ იმაზე, რით უნდა იყოს ჩვენი გადაცემა განსხვავებული. პირველ რიგში, იმით არის გამორჩეული, რომ ცოლ-ქმარს მიჰყავს, არ არის მნიშ-ვნელოვანი, ცნობილი სახეები არიან თუ არა. მაყურებლის თვალით რომ შევხედო, მისთვის დამატებითი მოტივაციაა, რომ ასეთ გადაცემას უყუროს. ორი საპირისპირო სქესის წარმომადგენელი სხვადასხვა მოსაზრებას გამოთქვამს. მე, როგორც მაყურებელს, დამაინტერესებდა, რამდენად გულწრფელები იქნებოდნენ ისინი ღია ეთერში და რამდენად არ ითამაშებდნენ.
- შენ შემთხვევაში არალეგიტიმური კითხვაა, მსახიობი ხარ.
- სწორედ რომ ეს არის საინტერესო...
განო:
- მე არ მივცემ მას საშუალებას, რომ მოიტყუოს. რაც შეეხება გადაცემის ფორ-მატს, თუ თემა მოითხოვს და ეს ალბათ, ხშირად მოხდება, გვეყოლება სტუმარიც, რომელიც იმ თემაში ჩვენზე კომპეტენტური იქნება.
კოტე:
- და მნიშვნელობა არ ექნება, ის ცნობილი სახეა თუ არა.
- იქნება თემები, რომლებსაც ადამიანები სამზარეულოში არჩევენ, ყვითელი თემებიც?
განო:
- რა თქმა უნდა, ანუ ის თემები, რომლებსაც თქვენ, მე და ბევრი სხვა ადამიანიც ვარჩევთ ქმრებთან, მეგობრებთან ერთად, იქნება გადაცემაში. შევეხებით ყვითელ თემებსაც.
კოტე:
- ძალიან გამიხარდება, ბედნიერი ვიქნები და ჩავთვლი, რომ გადაცემამ გაამართლა, თუკი დავეხმარებით ადამიანებს, გამოვიდნენ და გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ნებისმიერ თემაზე. ანუ ჩვენთან ტაბუირებული საკითხები არ იარსებებს.
განო:
- მეორე მხრივ, მაგალითსაც მივცემთ სხვა წყვილებს, ბევრ რამეზე გულახდილად ისაუბრონ.
კოტე:
- ჩვენ შვიდი წელია ცოლ-ქმარი ვართ. ეს არ არის ცოტა დრო, მანამდე შეყვარებულები ვიყავით, შვილები გვყავს და ურთიერთობის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ქორწინების მესამე და მეშვიდე წლები ყველაზე კრიზისულია. ეს გადაცემა, შესაძლოა, ჩვენც დაგვეხმაროს ამ პერიოდის გადალახვაში. აქამდე არ გვქონია დრო, რომ ლანჩზე ერთმანეთს შევხვედროდით. მგონია, რომ ეს გადაცემა დაგვეხმარება ჩვენი ურთიერთობის გამყარებაში, რადგან აქამდე მხოლოდ საღამოობით გვქონდა ერთმანეთის ნახვის საშუალება. ახლა კი შევძლებთ, თუნდაც ის ერთი საათი დავსხდეთ, ჩვენც გავუზიაროთ ერთმანეთს აზრი და მაყურებელსაც გავაგებინოთ ბევრი რამ.
განო:
- ამოისუნთქე, კოტე (იცინიან).
- სულ მეგონა, რომ თქვენს წყვილში კოტე იყო შედარებით მშვიდი და განო - უფრო ენერგიული, და პირიქით ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილები ხართ, ბევრი რამ არ ვიცით თქვენ შესახებ.
კოტე:
- ჯერ სადა ხართ (იცინიან). მე მეტსაც გეტყვი. დღეს შენ გგონია, რომ მე ვარ აქტიური და განო - მშვიდი. ხვალ შესაძლოა, აზრი შეგეცვალოს. ეს მომწონს ჩვენს წყვილში. ჩვენ ერთი დღით ვცხოვრობთ. არ ვიცი, ეს რამდენად კარგია და შეიძლება არ ვურჩიო სხვა წყვილებს, სხვათა შორის, მათგანაც მოვისმენდი სასარგებლო რჩევებს. მე ისიც ძალიან მაინტერესებს, თუ არსებობს სტატისტიკა, დღეში რამდენი წყვილი შორდება საქართველოში, იქნებ, ნაჩხუბარ წყვილს მივცეთ რჩევა, რომ ქმარმა მოჰკიდოს ხელი ცოლს და სადმე წაიყვანოს დასას-ვენებლად ან სიურპრიზი მოუწყოს.
- შენ ბოლოს როდის მოუწყვე სიურპრიზი მეუღლეს?
განო:
- სხვათა შორის, რომანტიკული საღამოს მცდელობა გვქონდა ძველით ახალ წელს. ცოტა მძიმედ შევხვდით 2014 წელს, რადგან ჩემი მამამთილი დაიღუპა, ამიტომ განსაკუთრებულად არ აღგვინიშნავს. 13 იანვარს ვიფიქრეთ, რომ შედარებით მხიარულად შევხვედროდით ძველით ახალ წელს მაინც. მე ჩავიცვი კოტეს ნაჩუქარი მწვანე კაბა. ბავშვებს ეძინათ. კოტემ დაიწყო თავისი საფირმო კერძის მომზადება. ღვინოც მოვიმარაგეთ, მაგრამ ვახშმის დაწყებას რომ ვაპირებდით, ბავშვებს გაეღვიძათ და გამოვიდნენ (იღიმის).
კოტე:
- დედამთილის ხსენება დაგავიწყდა (იცინიან).
- ამ ოჯახურ ურთიერთობებსაც შეეხებით?
- ჩვენ არანაირი თემის არ გვეშინია და ამით ბედნიერი ვარ, რომ არ გვეშინია კონფლიქტების, საიდუმლოებების, რომლებიც არც გვაქვს. ვფიქრობ, რომ ჩემი ოჯახი იდეალურად დავალაგე და ამ „პალაჟენიის“ დირექტორი თავად ვარ.
განო:
- თუმცა არ მინდა, ხალხს ეგონოს, რომ ჩვენს პირად, ინტიმურ თემებს გამო-ვამზეურებთ. მინდა, მკითხველმა სწორად გაიგოს, რას გულისხმობს კოტე გულახდილობაში. იმ სიტუაციებს, რომლებშიც, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ჩვენი წყვილი აღმოჩენილა. თუმცა მხოლოდ ეს არ იქნება ჩვენი გადაცემის თემა. ეს მხოლოდ ერთ-ერთია. მაგალითად, შემიძლია, ვასწავლო მაყურებელს, გაცხარებული ჩხუბი როგორ უნდა გააჩერო, გვიცდია დათვლის მეთოდი, უცბად გაცინების, გაბუტვის.
- ერთი პროვოკაციული კითხვა მაქვს. ტომ კრუზისა და ნიკოლ კიდმანის წყვილი სტენლი კუბრიკის ფილმში ერთად მონაწილეობის შემდეგ დაშორდა ერთმანეთს. ყოველდღიურად ამდენ კამათს გაუძლებთ?
განო:
- (იღიმის) ეს ჩხუბი ძალიან ორგანულია ჩვენთვის. ჩვენ ვკამათობთ ყოფით, შემოქმედებით თემებზე, ამ გადაცემის ფორმატზეც, მათ შორის. ეს ჩვენი ცხო-ვრების ნაწილია. ორივე ძალიან ემოციური და შემოქმედებითი ტიპი ვართ და ჩვენი ურთიერთობა „ექსელივით“ არ არის აწყობილი. ძალიან ბევრი პრობლემა გადავლახეთ. კოტეს ჰკითხეთ, გათხოვების წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მადლობა კოტეს, რომ მან შემახედა ამ საკითხისთვის სხვანაირად. თუმცა ეს ჩვენი ურთიერთობა ყოველდღიური მცდელობების შედეგია.
სხვათა შორის, 2014 წელს ახალი აღმოჩენა გავაკეთე და კოტესაც ვუტარებ ხოლ-მე ფსიქოლოგიურ ტრენინგებს ამ კუთხით. აღმოვაჩინე, რომ შესაძლოა, შენი გარემო არ მოგწონდეს, მაგრამ არსებობდეს კუთხე, საიდანაც შეხედავ დადებითად ამა თუ იმ სიტუაციას. გავაკეთე სია 2014 სურვილისა, რისი შესრულებაც ამ წელს მინდა. სამი უკვე შევასრულე. მოკლედ, შეგიძლია, ზოგ შემთხვევაში რეალობას გაემიჯნო და საკუთარი შექმნა.
კოტე:
- თუმცა მე ვუდგავარ გვერდზე და არ ვაძლევ საშუალებას, რეალობას ბოლომდე გაემიჯნოს. რეალობას მე მივხედავ.
- პოპულარულები ხართ და ამ ფენომენზე რას ფიქრობთ?
- ეს დამატებითი მოტივაციაა, რომ გახდე უკეთესი, რათა მეტ ადამიანს შეუქმნა დღესასწაული, თუ ეს შეგიძლია. ასევე არის დიდი პასუხისმგებლობა. „ჩემი ცოლის დაქალების“ თუ ჩემ შემთხვევაში „შეგირდის“ პოპულარობა ყოველთვის დროებითია და ამ ყველაფერს გამყარება სჭირდება. პოპულარობა რომ გაქვს, თავზე მეტი უნდა იმუშაო.
- საეჭვიანო არ არის კოტეს პოპულარობა?
- ძალიან მიხარია, რომ გვერდზე მყავს მამაკაცი, რომელიც ყველასთვის სასურველია. პირიქით, ბოლომდე მხარში დავუდგები, რადგან თვითონ „შეგირდის“ დროს ძალიან დამიდგა მხარში.
კოტე:
- ჩემს პროფესიას ახლავს აღმავლობაც და მარცხიც. ძალიან პარადოქსული იყო, როცა განო „შეგირდიდან“ გამოვიდა და ქუჩაში მივდიოდით, მას ბევრად მეტი ადამიანი ცნობდა, ვიდრე მე, ვინც წლებია მსახიობი ვარ. კაციშვილი არ მიყურებდა ზედ, განოს კი ავტოგრაფებს სთხოვდნენ. მიხარია, რომ განიკომ ამ პროექტს არაჩვეულებრივად გაართვა თავი.
განო:
- დაბოლოს, არ დავიღლები იმის თქმით, რომ „პალიტრა“ მიდის ამ ნაბიჯზე, ძალიან საინტერესოსა და მათთვისაც მოულოდნელზე. მიხარია, რომ ჩვენზე შეაჩერეს არჩევანი, თუმცა მანამდე კოტესთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ. მოგეხსენებათ, კოტეს ამავე არხზე უკვე მიჰყავს „წიგნების ტელემარკეტი“. რაც შეეხება ჩვენს ახალ გადაცემას, მისი მეშვეობით ბევრ ისეთ თემაზე ვილაპარაკებთ, რომელიც უამრავ ადამიანს აწუხებს.
ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“