08 თებერვალი, 2014
რატომ დატოვა ''ახალი ხმა'' რუსა მორჩილაძემ
მომღერალსაც უნდა შეუთანხმო, მოსწონს თუ არა ესა თუ ეს სიმღერა, შეძლებს თუ არა თავის წარმოჩენას ამ სიმღერით. მარტო მუშაობა არ შეიძლება. ვისაც მარტო მუშაობა და ''მე, მე''-ს ძახილი მოუნდა, ყველა მოხრიალდა კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე თურქეთის კომპოზიტორთა კავშირში გააწევრიანეს. ჰქონდა შეთავაზება, მეზობელ ქვეყანაში გადასულიყო საცხოვრებლად და მათთვის შეექმნა მუსიკა. რუსამ ამ წინადადებაზე ''იმედის'' მუსიკალური პროექტების გამო უარი თქვა. ის დღეს ამ ტელეკომპანიის მუსიკალური პროდიუსერია. კომპოზიტორთან საუბარი ''ცეკვავენ ვარსკვლავებით'' დავიწყეთ, რომლის გამოც ინტერვიუ არაერთხელ გადავდეთ.

- ეს
იყო საგიჟეთი, ყოველდღე ოთხი ლოკაცია მქონდა. დილას მოვდიოდი ''იმედში'', მერე სარეპეტიციო დარბაზში, შემდეგ - ცირკში და ბოლოს - ქორეოგრაფებთან სახლში. დილის 5 საათზე ვბრუნდებოდი შინ და დილის 10-დან ეს ყველაფერი თავიდან იწყებოდა. უამრავ ადამიანთან გიწევს ურთიერთობა. მონაწილეებთან, მათ მეწყვილეებთან. ვიღაც ავად არის, ვიღაცას პრეტენზია აქვს...
- მუსიკალურ ნომრებს გიწუნებდნენ მონაწილეები?
- არა (იღიმება). საერთოდ, მეც ვუსმენ მონაწილეებს და ისინიც მენდობიან. იციან, რასაც ვურჩევ, კარგია. უბრალოდ, არის მომენტი, როცა ის მუსიკალური ნომერი მათ სულიერებასთან არ არის ახლოს ან იმ მომენტში ოდნავ სხვანაირი განწყობა აქვთ. ასეთ შემთხვევაში ვუწევ ანგარიშს, მაგრამ იმ ხარისხის ქვემოთ, რომელიც მე არ დამაკმაყოფილებს, არ ჩამოვალ.
- ყველაზე რთული რომელი მონაწილე აღმოჩნდა ამ მხრივ?
- ამ სეზონში არ გამჭირვებია, ნამდვილად უნდა ვაღიარო.
- გია სურამელაშვილიც არ იყო ამ მხრივ პრეტენზიული?
- გია? ჩემთან გია ისეა, როგორც კარაქიანი პური. ვერც ვიგებ, რატომ არის გია რთული, ოქროა ჩემთან.
- მთლიანობაში კმაყოფილი ხარ? გადარბენები, უძილო ღამეები დაგიფასდა?
- არ ვიცი, როგორ უნდა დამიფასდეს. უკეთესზე უკეთესი არ დაილევა, მაგრამ ნამდვილად წარმატებული პროექტი იყო. სხვა ქვეყანაშიც კეთდება ეს პროექტი, გადართეთ და ნახეთ, რა უბედურებაა, ქვეყანას არ დავასახელებ. შეიძლება, მაგარი პროექტი აიღო, რეიტინგული სხვა ქვეყანაში და მკვდარი გამოვიდეს, არანაირი ემოცია არ მოიტანოს, არც ისე პოპულარული და რეიტინგული პროექტი კი ისე გააკეთო, ყველასთვის სასიამოვნო სანახავი გახდეს. ყველაზე მთავარი ამ ყველაფერში არის ჯგუფი, რომელთან ერთადაც ვმუშაობ. დისკომფორტი რომ მქონდეს, ვერაფერს გავაკეთებდი. ჩვეულებრივი ოჯახი ვართ. ერთმანეთი გვიხარია, სერიოზული უთანხმოება არასდროს გვქონია.
- თუმცა ბევრს ლაპარაკობენ შენს რთულ ხასიათზე.
- არ მაქვს რთული ხასიათი, ეს წლებმა დაამტკიცა. არ უნდა მომატყუო, იმიტომ, რომ მე არასდროს გატყუებ. არ უნდა მოგინდეს დამაზიანო და მთელი ცხოვრება შენი ერთგული ვიქნები. ძალიან ადვილია ჩემთან ურთიერთობა, რასაც ვფიქრობ, იმას გეუბნები. ნეტავ, ასეთი ხალხი ბევრი იყოს ჩემ გარშემო.
- აფეთქება ხომ იცი?
- კაი ახლა, ერთი აფეთქება რა მოხდა მერე. სამაგიეროდ, მავიწყდება, რაზე ავფეთქდი. ფურცელზე თუ არ დავიწერე, აღარ მახსოვს, რაზე გავბრაზდი (იცინის), ბავშვობიდან ასე ვარ. მაგრამ მახსოვს, რამდენიმე ადამიანი რომ არ მიყვარს. ღმერთო, მაპატიე.
- ეს რამდენიმე ადამიანი შენი კოლეგაა თუ...
- (მაწყვეტინებს. ავტ.) არა, არა, მე მათ კოლეგებს ვერ დავარქმევ. მათ ჰქვიათ, მე მინდა ვიყო მუსიკოსი.
- ისინი მხოლოდ არ გიყვარს, თუ?
- იმის იქით არ მივდივარ. ზიზღი არ ვიცი. არ ვიკადრებ, ჩავუსაფრდე და სამაგიერო გადავუხადო. ღმერთის მეშინია. ღმერთმა აპატიოს ყველას და მეც.
- ''ახალი ხმის'' მუსიკალური პროდიუსერი იყავი. რატომ წამოხვედი ამ პროექტიდან?
- ახლა გაჩერდი (იცინის). ზუსტად ვიცოდი, რომ მკითხავდი, სანამ მოხვიდოდი, დამამშვიდებელი დავლიე (იცინის). ვიცოდი, რომ მშვიდი თემებით არ მოხვიდოდი ჩემთან. აღარ მინდოდა და წამოვედი. მორჩა.
- შენნაირ მუსიკალურ პროდიუსერებს ასე ადვილად პროექტიდან არ უშვებენ.
- მე გავაკეთე პირველი სეზონი, ავაწყვე სისტემა, კარგი რეიტინგი დავდე და წამოვედი ჩემს მეგობრებთან. მათთან ერთად ვაკეთებ ''ცეკვავენ ვარსკვლავებს''. ორ პროექტს ერთად არ გავაკეთებდი, ორივე ხარისხიანი უნდა იყოს და ეს ადვილი არ არის. მართალია, რბილად რომ ვთქვა, ძალიან დავაკლდი ''ვოისს'', მაშინ სხვა იყო მუსიკალური #5 27
ხარისხი, მაგრამ ასე მოხდა.
- ვინ ჩაგანაცვლა?
- არავინ. მუსიკალური პროდიუსერი აღარ ჰყავთ.
- ეგ როგორ?
- აი, ასე, სისტემა დავუტოვე და ინერციით მიდიან. ღმერთმა ხელი მოუმართოთ. მეტს არაფერს ვიტყვი. ვიმეორებ, პირველის გაკეთება ყოველთვის რთულია. გავაკეთე, დავდე რეიტინგი და წამოვედი. გააკეთონ თვითონ. მე ახალ-ახალი სირთულეები მელოდება წინ. ჩემს მეგობრებთან პირველსაც გავაკეთებ, მეორესაც და ოცდამეთვრამეტესაც.
- ''ახალ ხმაში'' დარჩნენ ის ადამიანები, რომლებიც ზუსტად გახსოვს, რომ არ გიყვარს?
- საერთოდ არ მახსოვს ეგ ადამიანები, არც სახელები და არც გვარები.
- ასე მგონია, ნაწყენი ხარ მათზე.
- არა, მე შეიძლება, მეწყინოს ჩემი მეგობრისგან. როგორ შეიძლება, მეწყინოს ადამიანებისგან, რომლებიც არ მაინტერესებს. ამით თავს არ ვიმძიმებ. უარყოფით ემოციებს არ ვიტოვებ, სულ კარგ ხასიათზე ვარ.
- რა ნაკლი ჰქონდა წლევანდელ ''ახალ ხმას''?
- არ მინახავს. ჩემი პროექტით ვიყავი დაკავებული. საერთოდ, ''ვოისი'' ძალიან მაგარი პროექტია, ნაკლი არ აქვს. ჩემს არხზე გადის და გულწრფელად მინდა, მაღალრეიტინგული იყოს. წარმატება მინდა ვუსურვო.
- ზოგის აზრით, წლევანდელ სეზონს ბევრი წუნი ჰქონდა, რეჟისურა, მუსიკალური გაფორმება, მოუმზადებელი მონაწილეები...
- მწყინს, ეს თუ ასეა.
- და მიზეზი?
- ალბათ, ის, რომ მე იქ არ ვიყავი. მართლა ვერ შევაფასებ, რადგან არ ვიყავი მისი მაყურებელი. ჩემი ორი მეგობარი, ლელა და სტეფანე იყვნენ მწვრთნელები და მათგან თუ ვიგებდი ამბებს ფრაგმენტულად.
- როცა შენ იყავი ამ პროექტის მუსიკალური პროდიუსერი, ვინ არჩევდა რეპერტუარს?
- ბრმა კასტინგზე მე ვარჩევდი. მერე, როცა უკვე მწვრთნელები შემოდიან, მათთან და მონაწილეებთან ერთად ვარჩევდით, რა ემღერათ ბავშვებს რინგზე, ლაივკონცერტებზე. მე ყოველთვის გუნდურ მუშაობას ვემხრობი, მომღერალსაც უნდა შეუთანხმო, მოსწონს თუ არა ესა თუ ეს სიმღერა, შეძლებს თუ არა თავის წარმოჩენას ამ სიმღერით. მარტო მუშაობა არ შეიძლება. ვისაც მარტო მუშაობა და ''მე, მე''-ს ძახილი მოუნდა, ყველა მოხრიალდა. ზოგჯერ პატარა ადამიანებს დიდი ამბიციები უჩნდებათ. ბევრი ადამიანი დამიდგა ახლა თვალწინ.
- ''მოხრიალება'' მითარგმნე ახლა...
- თარგმანი არ სჭირდება, თვითონ ამოიცნობენ მოხრიალებულები საკუთარ თავს (იცინის).
- გული არ გწყდება, იქ რომ აღარ ხარ?
- არა. პირიქით, ახალ-ახალი პროექტებით ვარ დაკავებული და ეს უფრო საინტერესოა ჩემთვის.
- ახალს რას აკეთებ?
- ''იმედი'' ახალ მუსიკალურ პროექტს ამზადებს, ჯერ დეტალებს ვერ გაგიმხელთ, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ პროდიუსერი ნოე სულაბერიძეა და იმასაც გპირდებით, რომ ექსკლუზივს ამ პროექტზე თქვენ მოგცემთ.
- ფავორიტები გყავდა ''ცეკვავენ ვარსკვლავებში''?
- არა. სხვა შემთხვევაში ყველას ერთნაირად ვერ მივაქცევ ყურადღებას. არავის ვათქმევინებ, რომ რუსა თავის ახლობელს გადაჰყვა. პირიქით, უყურადღებოდაც კი ვტოვებ ახლობელს, ისე, რომ ზოგჯერ ვაწყენინებ კიდეც.
- ყოფილან შენი ახლობლები შენს პროექტებში?
- ლელა ვინ აყო აბა, ხომ ცეკვავდა პირველ სეზონზე. მაგაზე ახლობელი ვინ მყავს?! მაგრამ აბა, ჰკითხეთ ვინმეს, ზედმეტი ყურადღება თუ მიმიქცევია მისთვის. ლელა პროფესიონალია და ამის გამო საყვედურს არასდროს მეტყვის. ვინც არ იცის, იმის გასაგონად ვამბობ, ლელას მსგავს კარგ ადამიანებს იშვიათად შეხვდებით.
- არაერთი მუსიკალური პროექტი ვნახეთ ბოლო დროს სხვადასხვა არხზე.
- მე ვარ ისეთი მუსიკალური პროდიუსერი, რომელიც ყველა არხს უსურვებს წარმატებას. კონკურენცია კარგია, ეს რომ არ იყოს, დავიღუპებოდით, უხარისხო პროდუქციას მივიღებდით. კონკურენტი თუ არ მყავს, ვის შევეჯიბრო?
- ''ნიჭიერის'' მუსიკალურ ნომრებზე რას იტყვი?
- ეს ის პროექტია, რომელსაც მე არ ვუყურებ, ჩემი გემოვნების პროექტი არ არის, მაგრამ ვიცი, რომ რეიტინგულია და ამისთვის ტაში უნდა დავუკრა მათ პროდიუსერებს. ვიცნობ ამ ადამიანებს და ნამდვილად იმსახურებენ აპლოდისმენტებს.
- ''ერთი ერთში'' როგორ მოგეწონა?
- კარგი პროექტია. რატომ უნდა ვიყო ბოროტი და ვთქვა, რომ არ მომეწონა? მადლობასაც ვეტყვი მათ შემქმნელებს, მერე რა, რომ მე ''იმედზე'' ვმუშაობ? ვიყავი კიდეც ერთ-ერთ კონცერტზე და ამ ადამიანებისგან დიდი სითბო ვიგრძენი.
- ვის საგულშემატკივროდ იყავი მისული?
- ნუცა ბუზალაძისა და ანრი ჯოხაძის.
- სალომე ქათამაძე რატომ გიხდიდა მადლობას სცენიდან?
- არ ვიცი.
- რუსა, ვიცი, რომ არ გიყვარს პირად თემებზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც უნდა გკითხო. ჩვენს მკითხველს აინტერესებს, ვინ არის რუსა მორჩილაძის ქმარი, რას საქმიანობს...
- რუსა მორჩილაძეს ფანტასტიკური ქმარი ჰყავს, უყვართ ერთმანეთი და თავისთვის არიან წყნარად. ჰყავთ 15 წლის გეგი. მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.
- ამბობენ, დიდი ხნის წინ სწორედ მეუღლის თხოვნით თქვა რუსამ უარი სიმღერასა და სცენაზეო...
- ნამდვილად ასე მოხდა. მაშინ სხვა დრო იყო. ჩემი ქმრის ადგილას მეც რომ ვყოფილიყავი, ჩემი ცოლის მომღერლობა არ მომინდებოდა. ისეთივე მენტალიტეტი მაქვს, როგორიც ჩემს ქმარს, ამიტომაც დავთმე ადვილად. თან, ქმარი ძალიან მიყვარდა და მთავარი იყო, არაფერზე არ გვეკამათა. ცუდი დრო იდგა. იყო შემთხვევები, როცა კონცერტზე სრულიად არაადეკვატური მსმენელი მოდიოდა და დარბაზში შეუფერებლად იქცეოდა. ამ დროს მომღერალი თავს უხერხულად გრძნობდა. ვინც გარისკა და ამ გზას გაჰყვა, ის ჩემს თვალში გმირია. მე ვერ შევძელი. მაშინ მომღერალი რომ ვყოფილიყავი, ყოველდღე პოლიციაში ვიქნებოდი. სულ ჩხუბი მექნებოდა.
- დღეს ხომ სხვა დროა.
- დღეს უკვე დავბერდი სცენისთვის. არც არანაირი სურვილი არ მაქვს. საავტორი საღამოს თუ მოვაბი თავი, კარგი იქნება.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS